ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როლანო
ჟანრი: საბავშვო
5 ივნისი, 2009


საქარია (თავი მეორე)




                      თავი მეორე

          უმთვარო ღამის სამეფო.

ქვეყანაში სიბნელეს და სიცივეს დაესადგურებინა. ეს ის სიცივე და სიბნელე არ გეგონოთ დილას მზე რომ ამოვა, გათენდება და გამოთბება კიდეც. ამ სამეფოში არასოდეს თენდებოდა და მზეც არასოდეს ამოდიოდა, აქედან გამომდინარე, არც არასოდეს თბებოდა ჰაერი. არ ყვაოდა ყვავილი, არ ხარობდა ხეხილი და არასოდეს ჭიკჭიკებდნენ ჩიტები. აქა-იქ გამხმარ, გამოფიტულ ხის ტოტებს თუ წააწყდებოდა კაცი, რომელსაც იმ წუთში ხელს დასტაცებდა და სახლისაკენ გაარბენინებდა, ცეცხლში რომ შეეკეთებინა.
ქვეყანას მართავდა ფიზიკურად ძალიან ძლიერი, მაგრამ ულმობელი, სასტიკი და ძალიან ბოროტი მეფე ქამეხი. ქამეხი მეტად დაუნდობელი კაცი იყო, გარეშე მტრებს კი არა, შინაურებსაც არ ინდობდა. რაც ტახტი ჩაიბარა, ქვეყანაში სისხლის ტბები დააყენა. ვინც მას არ ეთანხმებოდა, ყველას თავს ჭრიდა ან ჩამოახრჩობდა. უფრო, თავის მოკვეთა სიამოვნებდა, რადგან სისხლი უყვარდა.
ქამეხის და აბესალის მამები ძმები იყვნენ. სიამტკბილობაში ცხოვრობდნენ, თავთავიან ქვეყნებს მართავდნენ და ხშირად სტუმრობდნენ ერთმანეთს. ისინი ხომ მეზობლებიც იყვნენ.
უმთვარო ღამის სამეფო ერთ დროს საქარიის ნაწილი იყო, აქაც ასევე ამოდიოდა მზე და ბიბინებდა ბალახი. ხალხი ხვნა-თესვით იყო დაკავებული და ყველა ბედნიერად ცხოვრობდა.
ქამეხის გამეფების შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა. სახელმწიფოში ბოროტება, დასმენა, შური და სიძულვილი გამეფდა. მზემ და მთვარემ ვეღარ გაუძლეს ამდენი სისასტიკის ყურებას, გააფრთხილეს მეფე ქამეხი გონს მოსულიყო, მაგრამ ქამეხმა ყურად არ იღო მათი რჩევა. პირიქით, დაცინვით უპასუხა: “წადით და ჩემი სამეფოს თავზე აღარ დაგინახოთ. მე თვითონ გავანათებ ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს სინათლე არ სჭირდება, ბნელი საქმეები სიბნელეში უკეთ კეთდება. ჰა, ჰა, ჰა” - თან გადაიხარხარა და მზეს ზურგი შეაქცია. ამის შემდეგ ქვეყანას “უმთვარო ღამის სამეფო” ეწოდა.
ქამეხის ოცნება საქარიის დაპყრობა იყო, დიდძალი ჯარი ჰყავდა, მაგრამ თავდასხმას ვერ ბედავდა, იმიტომ რომ, მეფე აბესალს გარდა თავისი ლაშქრისა, ომის შემთხვევაში გლეხებიც და არა მარტო თავისი, მეზობელი ქვეყნის ჯარებიც დაეხმარებოდნენ. ამიტომ ქამეხი კიდევ უფრო გამწარდა და გაბოროტდა, როდესაც პატარა იანგულის დაბადება შეიტყო. გადაწყვიტა თავისი უძლეველი ლაშქარი შეეკრიბა და საქარიაზე თავდასხმა განეხორციელებინა.
ქამეხს ერთადერთი ქალიშვილი ჰყავდა, სახელად ელინი. ელინი რომ დაიბადა, ქვეყანაში უკვე სიბნელე და სიცივე სუფევდა. მას არასოდეს ენახა მზე, მთვარე და არასოდეს შეეგრძნო ყვავილის სურნელი. ელინს ვრც კი წარმოედგინა რომ სამყაროში არსებობს ქვეყნები, სადაც მუდამ არის სითბო, სინათლე და სიყვარული.
ელინს სეირნობა უყვარდა. მიუხედავად სიბნელისა, ყველა ბილიკი ზეპირად იცოდა. საათობით სეირნობდა, ხანდახან შემთხვევით გზააბნეული ობობა ან ჭიანჭველა შეხვდებოდა და მათ ესაუბრებოდა. ელინი მათ თავის მეგობრებს უწოდებდა.
ერთხელ სეირნობის დროს, ელინს გზა აებნა და შემთხვევით ქვეყნის საზღვარს მიუახლოვდა. შორს, რაღაც ბრჭყვიალი შენიშნა, ასეთი რამ არასოდეს უნახავს. გაიქცა იქით, საიდანაც სინათლე მოდიოდა. უცნაური შეგრძნება დაეუფლა, ტანში სითბო ჩაეღვარა, თითქოს ვიღაც მის სულს ეფერებაო. წუთიც და სინათლეში აღმოჩნდა. შემთხვევით მზის სხივი სახეზე მოხვდა.
- ვინ ხარ? - ჰკითხა მზის სხივმა.
- მე ელინი ვარ - უპასუხა გოგონამ.
- ქამეხის ქალიშვილი? - ბრაზიანად ჩაეკითხა სხივი.
- დიახ - იყო პასუხი.
- ლამაზი ხარ, ძალიან მეცოდები რომ შენს სილამაზეს ვერავინ ხედავს. აიღე საჩუქარი, ოღონდ არავის აჩვენო. - მზის სხივი შეტრიალდა და ღრუბელს მიეფარა.
ელინმა ხელისგულს დახედა. ზედ პატარა, ბრჭყვიალა, თბილი და მრგვალი რაღაც ედო. ელინმა პირველად ცხოვრებაში გადაიკისკისა. ცეკვა და სიმღერა მოუნდა, მაგრამ არც ერთი იცოდა და არც მეორე. უმთვარო ღამის სამეფოში ცეკვა-სიმღერა ელინის დაბადებამდე აიკრძალა და ხალხმაც მალე მიივიწყა სიმღერა, სევდიანიც კი. ქვეყანაში ნებადართული მხოლოდ ტირილი და ხმამაღალი გოდება იყო.
ელინმა მზის პატარა სხივი ჯიბეში ჩაიდო, მაგრამ სხივი მაინც ანათებდა.
ელინი შეშინდა ვინმემ არ დამინახოს და არ წამართვასო. მზის სხივი ცხვირსახოცში გაახვია და უბეში დამალა. ეს ისეთი სიამოვნება იყო, რომ ელინმა გაიფიქრა: “ეს რომ დავკარგო, ჩემი სიცოცხლეც დამთავრდებაო”. შემდეგ აქეთ-იქით მიმოიხედა და სასახლის გზას დაუწყო ძებნა.
- ელინ! ელინ! - მოესმა ძახილი, მას უკვე ეძებდნენ. ელინმა ისევ მოწყენილი სახე მიიღო და თავისიანებს შეეგება. ეს მცველები იყვნენ, რომლებმაც სასახლემდე მშვიდობიანად მიაცილეს მეფის ქალიშვილი.
მეფე ქამეხი კი ამ დროს თავის ლაშქარს აგროვებდა და საქარიაზე თავდასხმისათვის ემზადებოდა.

გაგრძელება იქნება



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები