ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სესილიი
ჟანრი: პროზა
9 ივნისი, 2009


აქ ღმერთი მხოლოდ ერთია...

გაცრეცილი და თასმაშეხსნილი კედებით თუ მივფრატუნებ ტროტუარზე ამიტომ უსიტყვო საყვედურით უნდა შემომცქეროდეთ?
ღმერთებად მოგაქვთ თავი და უბრალო გულისხმიერ ადამიანობამდე ვერ ამაღლებულხართ.
რაო? რა არ მოგწონთ?
თუმცა ხო. ვერ ვეწერები საერთო წინასაახალწლო განწყობაში ჩემი კედებით და ჯინსის ქურთუკით.
ცივა.
მერა რა?
უკაცრავად, მაგრამ ასე მინდა.
რას იზამთ. უნდა ამიტანოთ როგორმე. ჩემი კედებით, ქურთუკით და გრძელი, მოღეღილი შარფით, მიწამდე რომ წვდება.
გავცივდები ალბათ.
ძალიან კი იდარდებთ ვინმე.
ყველას თქვენი საზრუნავი გაქვთ. მხოლოდ უსიტყვო საყვედურს თუ გამოიმეტებთ ჩემთვის და ისიც თუ თვალში უშნოდ გაგეჩხირებით. ერთი თბილი გამოხედვა ვერა და ვერ დაგცინცლეთ. ერთი შვებით ამოსუნთქვა სანატრელი გამიხდა ამ გულგრილობით გაჟღენთილ ხალხში.
ვის რაში გედარდებათ, რომ ყელში გამჩხერია ბურთივით, მჩხვლეტავი და ვერაფრით ამოტირებული სათქმელი, დროდადრო ქვის სიმძიმით რომ ვარდება, სადღაც სიღრმეში, იქ რასაც სულს უწოდებენ. ვარდება, მძიმედ და ტკივილით, ოღონდაც თავი შემახსენოს, არ დამავიწყდეს. ვერაფრითაც ვიშორებ ამ საძაგელს. არც ისტერიკა შველის და არც სიგარეტი.
მხოლოდ უსუსური, უხმოდ ამონაკვნესი, ჯანდაბას, ჯანდაბას, ჯანდაბას… არევს,ააფორიაქებს სულს და ყველაფერი სულერთი ხდება.
სიცივეც, ღალატიც, ტყუილიც… ჯანდაბას, ჯანდაბას ყველაფერი.
ვიღაც ცხვირწინ მიტრიალებს ფერადზოლებიან ქსოვილს.
“იყიდე, იაფად მოგცემ”
ხანშიშესული ქალია. ათასი ჭრელაჭრულათი სავსე ხელებით, მხრებზეც ჩამოუფენია ფერადი რაღაცეები, თავად კი გახუნებულ შავებში გამოწყობილა. ღიმილისმომგვრელი კონტრასტია, მაგრამ თვალები? თვალები სევდით და წუხილით სავსე. ალბათ აწუხებს მშიერი ბავშვები, ავადმყოფი მოხუცი სახლში მის იმედად დარჩენილი და რა ვიცი კიდევ რა.
“გმადლობთ. სხვა დროს იყოს”
სათნოება საჩემო ფუფუნება არ არის. ახლა მხოლოდ ერთი აზრი მაქვს_შემეშვით.
მტკივა გული.
აი, ახლაც გაუსაძლისად მტკივა.
რა? რა მოხდა კიდევ?
ხო. გასაგებია. ჩვენი საყვარელი კაფე. არა, არ შევალ. რა დამრჩენია მანდ, უაზრო ზლუქუნის მეტი.
ვიღაცის მზერას შევეფეთე ვიტრინიდან და გულიც ტკივილით იმიტომ შემეკუმშა.
ეშმაკმაც დასწყევლოს… როგორ გავს.
ისეთივე  თვალები. მომნუსხველი ღიმილი… ჯანდაბას… უნდა გადავერთო სხვა რამეზე.
გახსოვს, ზუმუხტისფერი აბაჟურით განათებული პატარა ოთახი. სანთლები მაგიდაზე, შამპანური და ფილა შოკოლადი… რომანტიკას ვეძახდით ამას.
ეეჰ. ხედავ უკვე ვლაპარაკობ შენთან.
ვგიჟდები ნეტა?
სიგარეტი.
სიგარეტი მინდა.
“უკაცრავად. სიგარეტი ხომ არ გექნებათ?”
დაბნეული ჩანს.
რა ვთხოვე ეგეთი?
“სამწუხაროდ არ ვეწევი, ბოდიში…”
სამწუხაროდ.
არც მე ვეწევი.
უბრალოდ მომინდა ახლა.
რა მოხდა? რა, არ შეიძლება?
ყველა ისე ჩქარობს… უარის ნიშნად თავს აქნევენ მხოლოდ. სიტყვის სათქმელადაც არ სცალიათ. ჰმ. ასე სად მიიჩქარიან ნეტა?
ეს რა არის?
თავად შენ მაწვდი სიგარეტს?
ცარიელი სიცივიდან,ისევ ისე, თბილად მიღიმი
“აჰა, აიღე”
ნახევრად სავსე კოლოფიდან, ჩემი ოთახის ღია ფანჯრის რაფაზე რომ დაგრჩენია.
ან ფანჯარა ვინ გამოაღო?
მე?
ამ სიცივეში?
რა მნიშვნელობა აქვს. ღიმილი მიზიდავს შენი.
მგონი გადავხტი ფანჯრიდან, თბილად მომღიმარი სახისაკენ. სულერთი იყო ჩემთვის, რომ მიმატოვე, რომ შეძელი უჩემობა, რომ ისტერიკებით ავიკლე ყველა, რომ მცივა საშინლად. მგონი მართლა გადავხტი. თუ არა?
რა მნიშვნელობა აქვს ახლა ამას, თუ მე ასე ახლო ვარ შენს მოღიმარ სახესთან, თუ ხელში აგიყვანივარ და შენი სხეულის სითბომ ისე გამილღო, რომ თავშეუკავებლად გკოცნი, გკოცნი, გკოცნი…
შენ კი, შენ რა გემართება?
მძიმედ სუნთქავ და თვალები ცრელებით აგვსებია.
სად მიგყავარ, ბავშვივით ხელში ატატებული?
თუმცა რაში მაინტერესებს?
რაკი ჩაგეხუტე, რაკი მოვიმყუდროვე საყვარელ მკლავებში, რაკი ყოველთვის მინდოდა, შენთვის საყვარელი ქალი და ჭირვეული, განებივრებული გოგო ვყოფილიყავი.
და აი...
მე, გაცრეცილ კედებში, ჯინსის კურთუკით და გრძელი შარფით, თითქმის მიწამდე რომ სწვდება. და შენ, სოლიდურ პალტოში და ბზინვარე ფეხსაცმელებით.
უტყვი საყვედურით შემოგვცქერიან გამვლელები.
რაო? რა მოხდა კიდევ?
ჯანდაბამდე გზა გქონიათ ყველას.
აქ ღმერთი მხოლოდ ერთია … და მე მას ხელში აყვანილი მივყავარ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები