ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როლანო
ჟანრი: საბავშვო
21 ივნისი, 2009


საქარია 2 (თავი მეორე)


თავი მეორე


გაცნობა.







    საქარიაში გაზაფხულის ბოლო თვე ზაფხულთან შესახვედრად ემზადებოდა. ხილი მწიფდებოდა,
მოსავლის აღება ჯერ ადრე იყო, ამიტომ საქარიელები ისვენებდნენ, ერთმანეთს სტუმრობდნენ და ახლობლების სიყვარულით და ფერებით ტკბებოდნენ. მეფე აბესალი თავისი ოჯახით აივანზე ისვენებდა. ისინი ხმადაბლა საუბრობდნენ. იანგული და ელინი გვერდი-გვერდ ისხდნენ და შეყვარებული თვალებით შესცქეროდნენ ერთმანეთს.
- მამა, ხვალ სანადიროდ მინდა წავიდე. – მიმართა იანგულმა მეფე აბესალს.
- საით გინდა წასვლა? - ჰკითხა აბესალმა.
- რაც გარშემო ტყეებია, ასჯერ მაინც მაქვს შემოვლილი, საინტერესო არაფერია. ჩემმა ნათლიამ, გრძნეულმა ეფროსმა შემომთავაზა, ჩემს ტყეებში წაგიყვან და ბევრ უჩვეულო რამეს განახებო.
- ეფროსს ვენდობი, მაგრამ ხომ იცი, მისი სამფლობელოს მეზობლად სხვა გრძნეულებიც ცხოვრობენ. ზოგიერთი მათგანი კი, არც თუ ისე კეთილად არის ჩვენ მიმართ განწყობილი. ასე რომ, ძალიან ფრთხილად უნდა იყო. ეგებ ტარესიც წაიყვანო თან, ტყეებს კარგად იცნობს, ის ხომ წლების მანძილზე კაცი-ტყე იყო. რასაკვირველია თუ შენმა დამ, როსინამ გამოუშვა. – ჩაიცინა აბესალმა.
- გამოუშვებს, ჩვენ მაგაზე უკვე მოვილაპარაკეთ. დილით ეფროსი და ტარესი გამომივლიან და გზას გავუდგებით. დიდხანს არ შევყოვნდებით. რამოდენიმე დღეში დავბრუნდები.
- აბა, უჩემოდ გადაგიწყვეტიათ ყველაფერი, ეტყობა დავბერდი, არავინ არაფერს მეკითხება. – წაიბუზღუნა მეფე აბესალმა.
- კარგი, კარგი აბესალ, გაიხსენე შენი თავი. მაგ ასაკში რომ იყავი, სახლში ვერ გაგაჩერებდა კაცი. – დაუყვავა დედოფალმა.
    ყველამ გაიცინა, ცოტა ხანიც ისხდნენ, ისაუბრეს და დასაძინებლად წავიდ-წამოვიდნენ.
გამთენიისას იანგული ეზოში ელოდებოდა ეფროსსა და ტარესს. ცხენზე იჯდა და როგორც კი თვალი მოჰკრა ორ მხედარს, მათკენ გაეშურა. სამივე მხედარმა ერთად განაგრძო გზა.
- მშია, არ შეგვეძლო ჯერ გვესაუზმა და მერე წამოვსულიყავით? – იკითხა ტარესმა, რომელიც        საკმაოდ ზორბა ტანისა იყო.
- ჩემთან ვისაუზმებთ, მალე მივალთ.- უპასუხა გრძნეულმა ეფროსმა.
- შენი სახლი განა ასე ახლოა?
- არა, ძალიან შორსაა, მაგრამ ჩვენ მალე მივალთ, იმიტომ რომ ჩემი სახლია. - უპასუხა ეფროსმა. მართლაც, ცხენის გაჭენებაც ვერ მოასწრეს მხედრებმა, რომ შორიახლოს ეფროსის საცხოვრებელი გამოჩნდა. მწვანეში ჩაფლული შენობა თითქოს მიწიდან ამოვიდა და მათ თვალწინ საოცარი სასახლე გაჩნდა. ადამიანის აშენებულს არ ჰგავდა, თითქოს შენობაც ბუნების ნაწილი იყო.
- შემობრძანდით, მიირთვით სანამ საუზმე გაციებულა – მიმართა ეფროსმა ბიჭებს.
- საუზმე ვინ გაამზადა?- იკითხა გაოცებულმა ტარესმა.
- მე, - იყო პასუხი.
- როგორ? თქვენ ხომ გზაში იყავით ჩვენთან ერთად.
- ტარეს, შენ ხომ არ გავიწყდება, რომ ეფროსი ჯადოქარია, მას ძალიან არ უყვარს ამას რომ ვახსენებთ ხოლმე, მაგრამ ასეა და რა ვქნათ.
- მგზავრებმა ისაუზმეს. იანგულს ერთი სული ჰქონდა სანადიროდ წასულიყო. ტარესსაც ეჩქარებოდა იქაური ტყეების ნახვა. ცოტა ხანში სამივენი ცხენებს მოახტნენ და გზას გაუდგნენ. გრძნეული ეფროსი, რომელიც ყველას ძალიან მოხუცი ეგონა, თავის სამფლობელოში ახალგაზრდა ყმაწვილივით მიაგელვებდა ცხენს. თმა და წვერიც თითქოს გაუმუქდა, ჭაღარა გაუქრა და ნაოჭებიც გაუსწორდა.
ირგვლივ ზღაპრული სილამაზე იყო, ასეთი ჯიშის ხეები არც იანგულს ენახა და არც ტარესს. სხვადასხვა ცხოველები იქვე დარბოდნენ, მხედრებს არც ერიდებოდნენ. მხოლოდ ერთი წუთით შეყოვნდებოდნენ და გაკვირვებული თვალებით შეაცქერდებოდნენ უცხო სტუმრებს.
- აქ როგორ უნდა ვინადირო, ცხოველი რომელიც არ გარბის როგორ მოვკლა? – დანანებით იკითხა იანგულმა.
- შენც ნუ მოკლავ, უბრალოდ უყურე და ისიამოვნე. - უპასუხა ტარესმა.
- ჩემს სამფლობელოში არასოდეს არავის უნადირია, არც არავინ ყოფილა აქ მოკვდავთაგანი თქვენს გარდა. ცოტა ეჭვიც მეპარება, ხომ არ შევცდი რომ წამოგიყვანეთ. ჩემს მეზობლად სხვადასხვა გრძნეულები ცხოვრობენ, ზოგან ცხოველებზე კი არა ადამიანებზეც ნადირობენ. ამიტომ ჩემო   

იანგულ, ფრთხილად იყავი. ჩემს საზღვრებს არ გასცდე. ნადირობით ვერ ინადირებ, სამაგიეროდ ბევრ საინტერესოს ნახავ. - მიმართა იანგულს ეფროსმა.
  იანგული დაღონდა, ძალიან უყვარდა ნადირობა, მაგრამ ეფროსის წყენა არ უნდოდა და უხალისოდ დაეთანხმა, თვალები კი რატომღაც ეშმაკურად უბრწყინავდა. მოსაღამოვდა. მამაკაცებმა ივახშმეს და დასაძინებლად დაწვნენ. იანგულმა თავი მოიმძინარა. როდესაც მიხვდა, რომ ეფროსსა და ტარესს ღრმად ჩაეძინათ, ადგა, უხმაუროდ ჩაიცვა და სახლიდან ფეხაკრეფით გამოიპარა. ცხენს მოახტა და ნათლიის სამფლობელოს საზღვრისაკენ გააჭენა.
კარგა ხანს მიაგელვებდა ცხენს იანგული, მალე ეფროსის საზღვარს გასცდა, აქ  ბუნება სულ სხვანაირი იყო, უფრო მკაცრი და თითქოს უდაბური. ცხოველებიც არსად ჩანდნენ. უცებ იანგულმა მხედარი დაინახა, რომელიც ცხენს პირდაპირ მისკენ მოაჭენებდა. იანგულმაც მისკენ გასწია. მხედარი შეჩერდა. ძალიან კარგი შესახედი იყო უცნობი, ახოვანი, ლამაზი, რუხი ფერის სამოსი ეცვა, შავ ბედაურზე იჯდა და თვალებიც გიშერივით უელავდა.
- ვინ ხარ?- ჰკითხა უცნობმა.
- მე იანგული ვარ, გრძნეული ეფროსის ნათლული. შენ ვინღა ხარ?
- მე ქანელი ვარ, ამ მიწაწყლის პატრონი. რატომ დაარღვიე საზღვარი. აქ მოსვლას არ იცი, რომ ვერავინ ბედავს?
- უკაცრავად, ნამდვილად არ ვიცოდი, თუ თქვენს ტყეში შესვლა არ შეიძლებოდა. ნათლიაჩემის სამფლობელოში ნადირობა ვერ შევძელი და ვიფიქრე იქნებ აქ მოვინადირო-მეთქი რამე. მაგრამ თუ გნებავთ წავალ, პრობლემას არ შეგიქმნით. - ქანელმა იანგულს ახედ-დახედა, მოეწონა მისი გულღია ნათქვამი, თვალებში სითბო ჩაეღვარა და მიმართა:
- არა იანგულ, შეგიძლია დარჩე და რამდენიც გინდა ინადირო, უფრო მეტიც, თუ გინდა ერთად ვინადიროთ. მეც მიყვარს ნადირობა. მთელი ცხოვრება მარტო ვნადირობ. აქ, ჩემი და ჩემი ნათლიების გარდა არავინ ცხოვრობს. არც სტუმრად მოდის ვინმე და არც მე მაქვს სადმე წასასვლელი. ძმა მე არა მყავს და და. ასე რომ, შენი გამოჩენა ჩემთვის საჩუქარივითაა. წავედით, მე ვიცი კარგი ადგილები, მომყევი.
ქანელი წინ გაიჭრა, იანგული უკან მიჰყვა. გული რატომღაც სიხარულით ჰქონდა ავსებული, ამ ყმაწვილში დაინახა რაღაც ისეთი, რაც მისთვის ძალიან ნაცნობი და ძვირფასი იყო. გათენების ხანს დაბრუნდა ნანადირევით დატვირთული იანგული ეფროსის სახლში, ნათლია შესასვლელთან ელოდებოდა. სად იყავი, დაუკითხავად როგორ წახვედი? – იანგული გახარებული მიუახლოვდა ეფროსს.
-ნუ ნერვიულობ ნათლია, სანადიროდ ვიყავი, ცოტათი გავცდი შენს საზღვრებს და ნადირიც შემხვდა.- -ადამიანი ხომ არ შეგხვედრია ვინმე?- არა, არავინ. – იცრუა იანგულმა. – ეტყობა ისეთი დრო იყო, რომ ყველას ეძინა.
- ხომ არ მატყუებ იანგულ, რაიმე ხიფათს არ გადაეყარო.\
- ხომ გითხარი არავინ მინახავს მეთქი. – დაიძაბა იანგული.
- ჰო, კარგი, კარგი დაწექი, დაისვენე, რომ ადგები ჩანჩქერის სანახავად წაგიყვან.
    იანგულს ჩაეღიმა, მან უკვე ჩანჩქერიც იხილა  და ბევრად უფრო საინტერესო ადგილებიც. სულმოუთქმელად ელოდა იგი დაღამებას, რომ ახლადშეძენილი მეგობრის სანახავად წასულიყო. დრო და ადგილი დათქმული ჰქონდათ.
  ორი დღე და ღამე ხვდებოდა იანგული ქანელს. ისინი ერთად ნადირობდნენ, თევზაობდნენ, შემდეგ ნანადირევს წვავდნენ და მიირთმევდნენ. ძალიან დამეგობრდნენ ყმაწვილები, ერთმანეთს უსიტყვოდ უგებდნენ. მათ შემხედვარეს გეგონებოდა, დაბადებიდან ერთად გაიზარდნენო.
    განშორების დღეც დადგა, წასვლისას იანგულმა სთხოვა ქანელს გრძნეული ეფროსის სახლში წაჰყოლოდა, რათა თავისი ნათლია გაეცნო მისთვის.
--
-        - არ გეწყინოს იანგულ, ვერ წამოვალ, სასტიკად აკრძალული მაქვს ჩემი ნათლიებისაგან ეფროსის სამფლობელოში გადასვლა. მათი თქმით ამას დიდი უბედურება მოჰყვება. მე მათი მჯერა, ისინი ძალიან ძლიერი და ხანდახან ძალიან ულმობელი გრძნეულები არიან. ასე რომ აქ დავემშვიდობოთ                ერთმანეთს, ეგებ ღმერთმაA კვლავ შეგვახვედროს. – ქანელი გადაეხვია იანგულს, ცხენს მოახტა და გააჭენა, თვალებზე ცრემლი უბრწყინავდა. მან პირველად შეიძინა მეგობარი, რომელიც ძმასავით შეიყვარა და ასე მალე, ალბათ სამუდამოდ დაჰკარგა იგი.





                   


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები