ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ყირამალა
ჟანრი: პროზა
29 ივნისი, 2009


ყირამალა ავადაა... (წერილი, რომელსაც ხვალ უბრალოდ დავხევ...)

    დღეს ყირამალა ავადაა...
  აი ასე უბრალოდ დავიწყებ წერილის წერას და მერე ათას სულელურ, უაზრო ფრაზას დავაბრეხვებ რომ სხვებმა თუ არა ხვალ თვითონვე ვიცინო ჩემს სისულელეებზე... ასეთი ვარ მე, ერთადერთი-მე და ბანალური.

* * *
  ისეთი უფერული ვარ რომ სარკეში აღარ ვიყურები. გამომშრალ ტუჩებზე, როგორც ტროტუარებზე დარბიან ფრაზები, არადა ვდუმვარ... მაშინ როცა უამრავი რამის თქმა შემიძლია. აი ისე უბრალოდ კივილამდე ჩუმად ვარ და ჩამონგრეულ სულის ნაწილებს სხეულში ვაკოწიწებ სიტყვებად... ხვალ კი ალბათ დღევანდელ დღესაც ისევე უბრალოდ შევიძულებ,  როგორც სხვა არცერთი დღე არ შემძულებია.
იმიტომ რომ მე დღეს ყველაზე უფრო მტკივა გრანელი და ის რომ გაფრენა არ შემიძლია. 
იმიტომ რომ მე დღეს ისეთივე სუსტი ვარ, როგორი სისუსტეც სხვისი ყოველთვის გულს მირევდა.
იმიტომ რომ მე დღეს არ შემიძლია ბოლომდე შევიშალო ამ რეალობაში.
იმიტომ რომ მე დღეს ისეთივე დაცლილი ვარ როგორც ჭიქა, რომელიც ახლა წინ მიდგას.
იმიტომ რომ მე დღეს ისეთივე ჩამქრალი ვარ როგორც მამაჩემის თვალები.
იმიტომ რომ მე დღეს გავაცნობიერე როგორ ვებღაუჭები ხელებში ჩამკვდარ ბავშვობას და როგორ მტკივა...
იმიტომ რომ მე დამნაშავე ვარ.
დამნაშავე ვარ რომ უაზროდ მენატრება.
დამნაშავე ვარ რომ ჩემში რეალური მე გამოვკეტე.
დამნაშავე ვარ რომ ნიღბები არ გამომელია.
დამნაშავე ვარ რომ ვერთობი ურთიერთობებით და საკუთარი თავით.
დამნაშავე ვარ რომ უაზროდ ვფლანგავ იმას, რაც საჩუქრად, დაუმსახურებლად გამაჩნია. 
დამნაშავე ვარ...
დამნაშავე ვარ რომ მიყვარს და ამ დროს ვგრძნობ როგორ დავკარგე სიყვარულის უნარი...
 
* * *
  ჩემი თითები კლავიატურას შეეყინა... ვერ ვიტან საკუთარ თავს როცა ასეთი ცინიკრი სახით ვუყურებ ჩემივე ნაწერებს და სამყაროს ნაფლეთებად ქცევა მინდება.
  სიცოცხლეს არტახებს დავახევდი რომ თავისუფლად სუნთქვა შესძლებოდა გარდაცვალებამდე.

* * *
  “არასოდეს შეგეცოდოს საკუთარი თავი”- ჰმ... საკუთარი თავი რომ შეგეცოდეს ალბათ ჯერ სხვისი შეცოდება უნდა ისწავლო ადამიანმა, მაგრამ იმდენად არა რომ საკუთარის უნარი აღარ შეგწევდეს. ამიტომაც დავცინი, დავცინი გამუდმებით და მერე ვეთიშები მომაკვდავი დედამიწის არსებობას.

* * *
  მე სხვა არსებობის სხვა განზომილებაში ვცხოვრობ. ყველა თავისებურად გაურბის რაღაცას, ჩემი გაქცევა ირეალურია. იქ ნაკლებად სტკივათ გიჟებს გრანელი და ფრენაც შეუძლიათ... იქ სიყვარულის უნარი ჯერ კიდევ შესწევთ... მე კი დღეს იმის უნარიც დავკარგე რომ გავქცეულიყავი... იქ... სადაც თავისუფლად სუნთქვა შეიძლება...
  დღეს უუნარო ვარ ადამიანებო და მძულს, იმიტომ რომ დამნაშავე ვარ...

* * *
  ფრთები დაებზარა პეპელას, რომელსაც ცხოვრება სამკაულად დაეკიდა. ნატვრის ხეზე ფერი გაუხუნდა ჩემს მიერ შებმულ თეთრ ნაჭრებს და ფერმკრთალ ტუჩებზე გამუდმებით დარბიან ფრაზები, რომლებმაც კალაპოტი დაკარგეს.

* * *
    მე ხვალ შევიძულებ “დღეს” რადგან მიყვარს და სიყვარულის უნარი არ გამაჩნია...

     
          დღეს ყირამალა ავადაა...
         
          მძიმე ფორმებში დაუდგინეს ფერიცვალება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები