 | ავტორი: როლანო ჟანრი: საბავშვო 3 ივლისი, 2009 |
თავი მეხუთე.
ქამეხის საიდუმლო მჟღავნდება.
ელინი ოთახში მარტო იმყოფებოდა. ნერვიულობდა, მის მიერ გაგზავნილი შიკრიკები არსად სჩანდნენ, ძალიან იგვიანებდნენ. შიკრიკებიო ვამბობ თორემ, ესენი იყვნენ: ხუთი მოზრდილი ობობა და ჭიანჭველების მთელი ჯარი, რომლებიც ელინს გამოჰყვნენ უმთვარო ღამის სამეფოდან და მეფე აბესალის სარდაფში დაიდეს ბინა. ელინი მათ ძველებურად თავის მეგობრებს ეძახდა. ელინის სურვილი იყო, ქანელს გაეგო, რომ და ჰყავს და თუ მამის ნებას დაჰყვება და საქარიის წინააღმდეგ გაილაშქრებს, საკუთარი ძმების დახოცვა მოუწევს. ასეთი ცოდვა კი თვით ქამეხსაც არ ჩაუდენია. ელინმა წინა დღით შეკრიბა თავისი მეგობრები, დედის ნაჩუქარი ბეჭედი გადასცა [ზუსტად ასეთივე ბეჭედს ატარებდა ქანელიც. ოღონდ ქანელის ბეჭედს დიდი ზურმუხტის ქვა ამშვენებდა, ელინისას კი იგივე ზომის ლალის თვალი] და სთხოვა: ბაო, [ასე ერქვა უფროს ობობას] კარგად დამიგდე ყური, ეს არის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ნივთი. ძალიან გთხოვთ, გაუფრთხილდით, მიუტანეთ ქანელს, ოღონდ ეცადეთ არავინ დაგინახოთ ბეჭდის გადაცემის დროს. - წერილს ხომ არ გაგვატან, ან ეგებ სიტყვიერად გადავცეთ რამე. – დაიწრიპინა ბაომ. ელინს გაეღიმა. - არა, ჩემო ერთგულო ბაო, ქანელი რომ ბეჭედს ნახავს, თვითონ მიხვდება ყველაფერს. ელინის “გულადი რაზმი” გზას გაუდგა და აგერ უკვე ერთი დღე-ღამეა არ გამოჩენილან. დროს უქმად არც გრძნეული ეფროსი კარგავდა. - აბესალ, ქალი-წვიმა გამოვიძახე და ვესაუბრე. მზესთან გავგზავნე, მისი დახმარება გვჭირდება, ცხელი წვიმა გვინდა. სელინა, [ასე ერქვა ქალი-წვიმას] დაბადებისთანავე მოაჯადოვა კაცი-გველმა, ამ ჯადოს მოხსნა კი მხოლოდ დიდ ჯადოქარს, ეფმადორას შეუძლია. ბევრჯერ ვთხოვე ეფმადორას კაცი-გველის განადგურება, მაგრამ ყური არ მათხოვა. რაღაც დიდი საიდუმლო იმალება მანდ და ეს საიდუმლო ეფმადორას მეტი არავინ იცის. ქალი წვიმა ბრძოლის დაწყებისას გამოჩნდება, ასე რომ, გათენებისას შეგვიძლია დავიძრათ, ქამეხის ჯარი უკვე მზადყოფნაშია. ქანელი განმარტოებული იჯდა თავის ოთახში. კარი გარედან ჩაერაზათ. ქანელს კარის განგრევაც შეეძლო და ფანჯრიდან გადასვლაც, ის ხომ თითქმის ყოვლისშემძლე იყო. მაგრამ სად წასულიყო. იანგულთან მისვლის შემთხვევაში, მამის წინააღმდეგ ბრძოლა მოუწევდა. - არა, მე ვერ ვიბრძოლებ, ერთ მხარეს მამაა, მეორე მხარეს კი ძმადნაფიცი. დაე ღმერთმა გაარჩიოს მტყუან-მართალი. – საწყალმა ქანელმა ისიც კი არ იცოდა, რატომ ებრძოდა ქამეხი მეფე აბესალს. ვერაფრით გაეგო, შური, სიძულვილი და ბოროტება, როგორ ეტეოდა ერთი ადამიანის გულში. უცებ კარებთან ჩუმი შრიალის, ფხაკუნის და მსუბუქი ნაბიჯების ხმაც გაიგო, ქანელს ხომ საოცარი სმენა ჰქონდა. ნათლიებმა კი ცხოველების, ფრინველების და ქვეწარმავლების ენაც შეასწავლეს. კარის ღრიჭოდან ოთახში ბეჭედი შემოგორდა, ბეჭედს მოჰყვა ობობების, და ჭიანჭველების მთელი ჯარი. წინ ყველაზე მოზრდილი ობობა იდგა. - ქანელ, ეს ბეჭედი ელინმა გამოგიგზავნა, შენმა დამ. ასე თქვა თვითონ გაიგებს ყველაფერსო. – ბაომ წრიპინი დაამთავრა და წასასვლელად მოემზადა. ქანელმა გაიღიმა. - მოიცადეთ, - ბაო შეჩერდა. – ქანელი დაიხარა, ბეჭედი აიღო და გაოგნებული დააცქერდა. - ეს შეუძლებელია, რა ბედნიერებაა, ესეიგი ელინი, ამ ბეჭდის მფლობელი ჩემი დაა? - დიახ ქანელ, ელინი შენი დაა, თანაც იანგულის ცოლია. – დაიწრიპინა ბაომ. - ოჰ, ღმერთო დიდებულო, აი გამოსავალიც. – ქანელმა თავის ბეჭედს დახედა, თითიდან წაიძრო, ბაოს გადასცა და სთხოვა, ელინთან მშვიდობიანად მიეტანა, ელინის ბეჭედი კი ნეკა თითზე გაიკეთა. – ბაო, მიუტანე ეს ბეჭედი ელინს, უთხარი, პასუხს ამ ბეჭედში იპოვითქო. – ბაო და მისი ამალა კმაყოფილები ნელ-ნელა გაუდგნენ უკანა გზას. ქანელმა კარზე დააბრახუნა. გარედან არავინ გამოეხმაურა “ კარგი მამაჩემო, შენ მე არჩევანი არ დამიტოვე”. ქანელმა მუშტის ერთი დარტყმით გაანგრია რკინის უზარმაზარი კარი და ჩქარი ნაბიჯით გავიდა გარეთ. ეზოში ყინულის მთელი არმია შეკრებილიყო. - ქამეხ! – დაიძახა, უფრო სწორედ დაიქუხა ქანელმა. ქამეხმა მოიხედა, შვილს რომ შეხედა, სახეზე შეშფოთება დაეტყო,, ეს კოხტად აგებული, ლამაზი ყმაწვილი აღარ იყო, რომელიც გრძნეულებისაგან ჩამოიყვანეს. მის წინ აღმართულიყო მრისხანე, რუხი რაინდი. ცეცხლივით ანთებული თვალებიდან შურისძიება გამოსჭვიოდა. მის დანახვაზე უმამაცეს მეომრებსაც კი, შიშის ჟრუანტელმა დაუარა. ქამეხმა ძალდატანებით გაიღიმა. - შვილო, შენ რაც აქ ჩამოხვედი, მამას მეძახდი, სახელით რატომ მომმართე? ან ეს რა სამოსი გაცვია? - არა, ქამეხ. აქ ჩამოსვლამდე მამა არ მყოლია და აღარც მეყოლება. ჩათვალე, რომ შვილი აღარ გყავს. მე მყავდა მხოლოდ დედა, რომლისაგანაც აი ეს სახსოვარი დამრჩა. – ქანელმა ხელი გაუწოდა ქამეხს, რომელზეც ელინის გამოგზავნილი ბეჭედი ეკეთა. - ეს ბეჭედი საიდან გაქვს? – სულ აირია ქამეხი. - ამ ბეჭდის წყალობით გავიგე, რომ მარტოხელა, უბედური ბიჭი კი არა, უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომელსაც ჰყავს და და ძმები. ასეთი მარტოობისათვის როგორ გამწირე? - მე მინდოდა შენ ყოვლისშემძლე რაინდი გამოსულიყავი. – საცოდავად ჩაილაპარაკა ქამეხმა. - ამას მიაღწიე კიდეც, მაგრამ ჩემს ძალას შენ ვერასოდეს გამოიყენებ. – უპასუხა ქანელმა. - აქ რა ხდება? – გაკვირვებული ხმით იკითხა კაცი-გველმა რომელმაც არ იცოდა, რომ საიდუმლო, რომელსაც ასე გულდაგულ ინახავდა ქამეხთან ერთად, ქანელმა უკვე იცოდა. - აი, ელექსირი მოგიტანე, დალიე, ძალას შეგმატებს. – კაცი-გველი ქანელისაკენ შებრუნდა. ქანელი ნელი ნაბიჯით გაემართა ბოროტი გრძნეულისაკენ. კაცი-გველი უკან-უკან იხევდა. - თვითონ დალიე შენი სიცოცხლის ელ ექსირი. – დაიქუხა რუხმა რაინდმა, - დალიემეთქი, ჩქარა, – ნელ-ნელა ხმას უწევდა ქანელი – არა, არა გევედრები. – დალიე, თუ გინდა, რომ სიცოცხლე შეინარჩუნო. – არ ცხრებოდა რაინდი. ქანელი მიუახლოვდა კაცი-გველს, ელექსირი გამოსტაცა, ერთერთ გველს, რომელიც გრძნეულს თავის მაგივრად მხრებზე ება ხელი წაავლო, პირი დააღებინა და მთელი შუშა თავის ელექირიანად გადააყლაპა. – ესეც შენი გველური ელექსირი. კაცი-გველმა ერთი დაასლოკინა, მიწაზე დაებერტყა და სულელივით გაიცინა. უცნაურია, მაგრამ მის სიცილში, ოდნავი სითბოც კი იგრძნობოდა. - ესეც ასე. ამ სიბინძურისა და სიმყრალის გარეშე, თქვენ ვერაფერს შესძლებთ. მე კი წავედი ჩემს ოჯახთან. ქამეხ, იცოდე, გზაზე არ გადამეღობო. მე ხუმრობა არ მიყვარს. ნათლიებმა რაც არ მასწავლეს ეს ხუმრობაა. შენთვის ყველაზე კარგი გამოსავალი კი, აი ეს არის. – ქანელმა ხანჯალი ამოიღო და მამამისის ფეხებთან დააგდო. - შვილო, შენ ამას არ გააკეთებ, არ მიმატოვებ. შვილო! – თითქმის ქვითინებდა ქამეხი. ქანელი კი ცხენს მიაჭენებდა და ცხოვრებაში პირველად, გულიანად ტიროდა.
გაგრძელება იქნება
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მე საერთოდ როლანოს ზღაპრები მომწონს. ჩვენი ანდერსენია! გკოცნი, კარგი ხარ! 5 მე საერთოდ როლანოს ზღაპრები მომწონს. ჩვენი ანდერსენია! გკოცნი, კარგი ხარ! 5
3. საინტერესოა... საინტერესოა...
2. კაცი-გველმა ერთი დაასლოკინა, მიწაზე დაებერტყა და სულელივით გაიცინა. უცნაურია, მაგრამ მის სიცილში, ოდნავი სითბოც კი იგრძნობოდა.
ლმაზი თავი იყო... ...და მომწონს ქანელი ძალიან... :) კაცი-გველმა ერთი დაასლოკინა, მიწაზე დაებერტყა და სულელივით გაიცინა. უცნაურია, მაგრამ მის სიცილში, ოდნავი სითბოც კი იგრძნობოდა.
ლმაზი თავი იყო... ...და მომწონს ქანელი ძალიან... :)
1. ცუდია,რომ პროზაც ცოტა კითხულობს :( +2 ;;) ბოლოში განსაკუთრებით მომეწონა ;;) ცუდია,რომ პროზაც ცოტა კითხულობს :( +2 ;;) ბოლოში განსაკუთრებით მომეწონა ;;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|