ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
5 ივლისი, 2009


ცხოვრება-აღთქმის კიდობანი

ვიყავი ბავშვი, გავიზარდე, სიბერეც მოდის,
ღიმილმაც, ცრემლმაც ცას მეხივით გადაიგრგვინა,
სასახლე მქონდა, მონატრება დამქონდა ოდის,
გვირგვინი ოქროს შეიცვალა დაფნის გვირგვინად.…
იყო გზა პირველ ადამიდან, რთული ნოემდე,
იყო გზა წარღვნის ძრწოლასავით არაადვილი,
იქ, ბაბილონის გოდოლშიც კი ვცნობდი პოეტებს,
ჩარჩებს მკლავებით გაეჭიმათ ცა დოლბანდივით…
მოჰქონდათ ღამის სიჩუმეში ოქროს მენორა,
შვიდი რტო მშვიდად ირხეოდა მზის ყვავილებით,
და სიყვარული, უკვდავ იყო რადგან მეგონა,
ვკრიფე და ვკონე ოცნებათა ყარამფილები.
დავუდგი ტაბლად ჩემი გული, საწინაშეო,
საკურთხეველის კრეტსაბმელთან სამსხვერპლო დავსვი,
გრძნობები ჩუმად შემოუსხდნენ ტაბლას გარშემო,
და დაველოდე სასწაულებს მეზღაპრე ბავშვი...
ახლა ჩემს ბაღში ოქროსფერი ფოთოლცვენაა,
ყველა პასუხი ნაპოვნია, არცა მაქვს კითხვა,
მარადიულის ძიება რომ ქარის დევნაა
ამაოების უარაფრო დუმილმა მითხრა...
უთვალავ ცოდვას ეზიდება დაღლილი მიწა,
ბაბილონელთა მხრებზე თითქოს სამყარო კვნესის,
გოდების წიგნი აწერია საგულე ფიცარს
და იავარქმნილ ნანგრევებზე ტერფები მეწვის...
სავანის ეზოს ააფარეს ნაგრეხი ფარდა,
ფილისტიმელნი დაელმებულ მზერას ისვრიან,
ცხოვრება- აღთქმის კიდობანი ბრჭყვიალებს, მაგრამ
უღმერთოდ მისი სიწარმტაცე რის მაქნისია?!
ვიყავი ბავშვი.. გავიზარდე, სიბერეც მოდის
ფიქალებიდან მზე იღვრება ზესავალ გზებად,
მომენატრება სიყვარული, როდესაც ოდეს,
ქერუბიმებთა შორის უფალს დავუწყებ ძებნას..


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები