ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაზი
ჟანრი: პოეზია
12 აგვისტო, 2009


მონოლოგი ახალგაზრდების

მეხსიერების რეზერვუარი. ღამე. ეული ტროლეიბუსი. წვეროსანი ახალგაზრდები. სახეები ნახვეწი. ფითრი. ღიმილი ოდნავ უცნაური. გრეხია. ფინთი. გარეგნობაში რაღაც მტაცებლის და  რაღაც  გიჟის. ტროლეიბუსი მიჯაყჯაყებს. ჯაყ-ჯაყ-ჯაყ. მიდის. სიგარეტი. ბოლი. ულვაშიანი მგზავრი ობოლი: „არა გრცხვენიათ, ახალგაზრდებო?” მივიდნენ. ცხვირთან რგოლი და რგოლი: „არ მოგწონს, ბიძავ? არ მოგწონს ბოლი? შენს მოსაწონსაც ვნახავთ რამეს, გზა არის შორი....” ვდგავარ. რატომღაც არ მებრალება მგზავრი ობოლი. ტანი ნასუქი. სახე ნაზუქი. თვალში ლიბრი და ყელში ჰალსტუხი. კვლავ დიალოგი. ან, უფრო სწორად მონოლოგი ახალგაზრდების: „ამოირჩიე რაღა ეს ბოლი, უსამართლობა სხვა ვეღარ ნახე? რამდენი ღორი იჩემებს სახელს ძლიერი კაცის, რამდენი კიდევ კაცია და უჩუმრად დადის, რაო, შენ არ ხარ მონაწილე იმ ლამაზ ფარსის, საქართველოში რომ თამაშდება? თუთუნის ბოლი ლამაზ ცხვირს რომ გიღიზიანებს, სინიდისის ხმა რად გიგვიანებს? სულ უსამართლოდ როცა ჭყლეტენ სუსტს ძლიერები, ამა სოფლის ქონით ძლიერნი, როცა ყიდიან მიწას ჩვენები და როცა ვიღაც გადამთიელნი ქართულ  მიწაზე დაპარპაშებენ, როდესაც თესლი და  გამყიდველი პირველი კაცის იჩემებს სახელს, რად მალავ სახეს, რად ივიწყებ მაშინ სიმართლეს?... იმართლე თავი, თუ გაიმართლებ... ამოირჩიე შე დამპალო რაღა ეს ბოლი?... ან არ გინახავს დიდი ბობოლის ლამაზი ცოლი, ქვეყნის საქმეებს რომ წარმართვას დიქტატორივით, ანდა ქორივით ხალხის ლუკმას დამცხრალი ღორი აღარ გინახავს? ან გმირი მაინც არ გინახავს საგიჟეთში გამომწყვდეული? ან იდიოტი პროფესორი, ან ზურგში დანა, უკაცობით კაცი ძლეული... რაღა ეს ბოლი ამოირჩიე, მაგ შენს ნესტოებს ნუთუ წყეული სხვა სურნელება სულ არასოდეს არ შეუგრძვნია ამ სოფლის გზაზე? ახლა, ლამაზო, მოხვედი აზრზე, რატომ ვაბოლებთ ტროლეიბუსში...” და ღერა-ღერა დააცალეს ულვაშები მგზავს გაოგნებულს. მეხსიერების რეზერვუარი. ღამე. ეული ტროლეიბუსი. წვეროსანი ახალგაზრდები. სახეები ნახვეწი. ფითრი. ღიმილი ოდნავ უცნაური. გრეხია. ფინთი. გარეგნობაში რაღაც მტაცებლის და  რაღაც  გიჟის. ტროლეიბუსი მიჯაყჯაყებს. ჯაყ-ჯაყ-ჯაყ. მიდის...







შეგახსენებთ, დაწერილია 87-90-ში.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს