ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაზი
ჟანრი: პოეზია
2 სექტემბერი, 2009


სინემა

სინემა. სინემა. სინემატოგრაფი. ერთნაირად ტკბება გლეხიცა და გრაფიც. უხმო ეკრანი. ჩაპლინი და ეიზენშტეინი. ანტონიონი. რა თქმა უნდა, დიდი ფელინი. ჰოლივუდი და განგსტერების დავიდარაბა. ინტიმი. სექსი. ევროპული ფრაზა-ქარაგმა. ვარსკვლავები და დოლარები. ტკბილი ფილმები - შოკოლადები. ქიციც იციან და ქიცმაცურიც. დროსტარებაც და ჩუმ-ჩუმ შმაშურიც. სინემა. სინემა. სინემატოგრაფი. ერთნაირად ტკბება გლეხიცა და გრაფიც. საშინელება. ურჩხულები. ძველი კინგ-კონგი. თავის გახლეჩა. სისხლი და გონგი: დიდი ტარკოვსკი. ახლა ბერგმანი და ფელინის დიდი გემბანი. შედევრები. შედევრები. მაგრამ, ღმერთმანი, ქართულ ფილმთან ვერვინ მივა. ღმერთი იყო მწყალობელი: „იყო შაშვი მგალობელი” აბულაძის სამება და ელდარის ხომ ვთქვა რომელი? ყურდაღება, ხალხო! ეკრანზეა ქართველი - გარდასახვის ნიჭი. პოეტური ჰანგი. კომედია თითქოს: სიყვარული მართი. ან, უფრო სწორად ვერტიკალური და თანაც ბრუნვადი. შერეკილები. „შერეკილები” - ქართული სურათი. პიპინია ერისთავი. დამარხული გველისთავის საფლავიდან ამოთხრა და ესპანელი ერისთავის გადმოქართულება. კომედია თითქოს - ტრაგედია უფრო. პიანინოც. ვირიც. ხანჯალიც და უთოც. ახლა ძველად უფრო: „მაგდანას ლურჯა”, ჯარისკაცის მამის ცრემლები, სესილია, ვერიკო, კვანტალიან-ჟორჟოლიანი, ხორავა და ყველა ძველები... ნიჭიერება ქართული გენის - ეკრანის ენით... ლაზარე ჩემი: „გშია, ლაზარე? იცეკვე!” „აბი-გლუკოზა”. აბი-გლუკოზა ისეთებს, ვისაც ჰგონია ვერ გავფრინდებით. ოღონდაც, ძმებო, თუ დავფიქრდებით - „მაყანყალებს” - „გაყანყალებს”. მოკლედ, ყველას გვაყანყალებს, თავს გვენგრევა შენობა და მაინც ყველას გვაკანკალებს არავიძის შიშით. არქიფოა ძველი. სეთურია. ვიცით. რეხვიაშვილი. ბაბლუანი. ღოღობერიძე. ამერიკელი გენერალი უყურებს. იგებს. შერეკილები. შერეკილები იღებენ გიჟებს. ფუფალ, ფუფალ, ჩუმად ნუ ხარ, ელიოზი ღმერთს ხომ უყვარს, ფუფალ, ფუფალ, მოუსმინე, ბიჭმა გოგოს როგორ უთხრა: „ბოროტი მძიმეა”....რატომ არის მძიმე? ციციკორე, ნაბიჭვარო, რაც ტალახი ზილე, სულ უკანვე დაგიბრუნდა.... ქართულ ფილმებს ძვირებს თაყვანისცემა ჩემი, რადგან არიან მჩენნი ივერთ შვილთა ნიჭიერების. ანშლაგია. ანშლაგი. ზღაპრული ფერების სამყაროში გეპატიჟებით. სინემა. სინემა. სინემატოგრაფი. ერთნაირად ტკბება გლეხიცა და გრაფიც.....






რატომ გაწამეს ასე, მარიტა?


რატომ გაწამეს ასე, მარიტა? რად გაფურთხეს ფიქალ სახეში? რატომ შეგსვეს უკუღმა ვირზე? ვისზეა, ღმერთო ეს ცოდვა? ვისზე? ან მაცხოვარი რატომ აცვეს  ჯვარზე კაცებმა? რად დაადგეს ეკლის გვირგვინი? ან რად დასჭირდა გურამიშვილს წანწალ-სირბილი უცხო მხარეში? ბარათაშვილი რატომ მიდის მოუსავლეთში? ან, რატომ მოკლეს, ღმერთო, ილია? სიცოცხლე რატომ ასე ძვირია მართალისათვის? გამაგებინე, სად ვარ, ნეტავი? ცხადში? სიზმარში? რა ხდება ჩემს თავს?  რატომ გაწამეს ასე, მარიტა? რად გაფურთხეს ფიქალ სახეში? რატომ შეგსვეს უკუღმა ვირზე? ვისზეა, ღმერთო, ეს ცოდვა, ვისზე? ციციკორე! შენ, შენ ვიღა ხარ? წესრიგი? გონი? შენ ხარ თავკაცი ნუთუ ამ სოფლის? რა გინდა, მითხარ, რატომ ებრძვი მშვენიერებას? ნუთუ გგონია, ამა სოფლის მთელ ძლიერებას ვერ აჯობებს ცის სილამაზე? ა, პატივს არ სცემ შენ სილამაზეს?  ნუთუ ვერ ხვდები, ვით ალამაზებს ამ ჩვენს სოფელს მშვენიერება. თუმც, თქვენ რა იცით, თქვენ, ძლიერებმა, თქვენ ტირანებმა, ღონიერებმა სილამაზის ნამდვილი ფასი, ვერცა ტალახი და ვერცა ხალხი, უსახური, მახინჯი ხალხი (ავტორი ჯვარცმის) მას ვერასოდეს ხომ ვერაფერს ვერ დააკლებენ. ჰო, არ აკლებენ  ფურთხსა და ტალახს, მაგრამ სიზმარიც ციციკორე, ხომ გავა, წავა... შენ რას აპირებ?  რატომ გაწამეს ასე, მარიტა? რად გაფურთხეს ფიქალ სახეში? რატომ შეგსვეს უკუღმა ვირზე? ვისზეა, ღმერთო, ეს ცოდვა, ვისზე? ფუფალ, შენა? შენი შიოლა რა იქნა, გოგო? შენაც გეტკინა მარიტას სისხლი?  სიმარტოვეში სად იპოვე, ანდა როგორ დარჩი ასე ანკარა? არც სოფლის ბოზმა არ გააკარა სულს მძიმე ცოდვა, ცოდვა მონური. და აჰა ისიც. ნახევარგიჟი. ბრდღვინვა ლომური. მოდისო, მოდის (ნეტავი, როდის?). შეაქცია ზურგი მანც სოფელს... მე აღარ ვიცი, ბოზი ჰქვია ამ სოფლად რომელს, რომელს კიდევ პატიოსანი.... ან ვინ გიჟია, ვინ კი ჭკვიანი?.....  სადა ვარ, ღმერთო, რა ხდება ჩემს თავს, გამაგებინე?.... რატომ გაწამეს ასე, მარიტა? რად გაფურთხეს ფიქალ სახეში?  რატომ შეგსვეს უკუღმა ვირზე?  ვისზეა, ღმერთო ეს ცოდვა, ვისზე?....





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები