ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როლანო
ჟანრი: საბავშვო
7 ივლისი, 2009


საქარია-3 (თავი პირველი)


თავი პირველი 

ეფმადორას სამფლობელო.


ეფმადორა ძალიან ბედნიერი იყო. მისი ყველა შვილი სწორ გზას ადგა. უმცროსი ვაჟი, ევპრისი (ჩვენ კაცი-გველის სახელით რომ ვიცნობთ), თავისთან ჰყავდა. ევპრისი პეპლის საჭერით დარბოდა. პეპელას რომ დაიჭერდა, თავის გაუგებარ ენაზე რაღაცას ეტყოდა, ოდნავ სულს შეუბერავდა და გაუშვებდა. მერე მეორეს დაიჭერდა და ასევე ესაუბრებოდა.
პეპლებს მთელი ქვეყანა შემოფრენილი ჰქონდათ, აქედან გამომდინარე მიწაზე და მიწის ზემოთ რაც ხდებოდა, ყველაფერი იცოდნენ. მათ ძალიან უყვარდათ ევპრისი, სიამოვნებით ესაუბრებოდნენ და ათას საინტერესო ამბებსაც უყვებოდნენ.
ევპრისი სულგანაბული უსმენდა და სახე ბედნიერებისაგან უბრწყინავდა, რადგან ყველგან ყველაფერი კარგად იყო. ერთ მშვენიერ დილას, როდესაც მზის სხივი ევპრისს სახეზე ელამუნებოდა, მოფრინდა მისი მეგობარი პეპელა-ირი, ირის პეპლის საჭერი დიდი ხანია არ სჭირდებოდა. რაიმე საინტერესოს რომ ნახავდა, მოფრინდებოდა ხოლმე ევპრისთან და წვრილ-წვრილად უყვებოდა ახალ ამბებს.
- ძვირფასო ევპრის, - ნაზად დაიწყო პეპელამ. ლამაზი, ცისფერ-ვარდისფერი ფრთები დაიფერთხა და გააგრძელა. - რომ იცოდე რა არაჩვეულებრივი ქვეყანა მოვინახულე. საქარია ჰქვია თურმე. არაჩვეულებრივი იმითაა, რომ იმ ქვეყანაში მხოლოდ გაზაფხული და ზაფხულია. შემოდგომა და ზამთარიც კი თბილია. მთელი წელი სურნელოვანი ყვავილები ყვავის, სამოთხეა პირდაპირ ჩემთვის. - პრანჭვით დაამთავრა ლაპარაკი პეპელამ.
- საქარია? საქარია! - რაღაც მეცნობა, - ცოტა მოიღუშა ევპრისი, - ვინ მეფობს მაგ შენს საქარიაში?
- აბესალს ეძახიან, მეფე აბესალს. მაგრამ ძალიან მოხუცია, ამბობენ მალე მისი ვაჟი, იანგული გამეფდებაო. მხედარმთავრად იანგულს თავისი ცოლის ძმა დაუნიშნავს. - არ ჩერდებოდა ცისფერ-ვარდისფერი პეპელა. ევპრისს ნელ-ნელა სახე ეცვლებოდა, სულ უფრო და უფრო იღუშებოდა.
- იმ შენი სამოთხის მხედართმთავარს ქანელი ხომ არ ჰქვია?
- ჰო, ჰო, ქანელი ჰქვია, ახლა გამახსენდა. ასე თქვეს, ძალიან ბოროტი მამა ჰყავდაო.
- ქამეხი? - შეცვლილი ხმით იკითხა ევპრისმა.
- ჰო, ქამეხი. ძალიან ცუდი კაცი ყოფილა, ბოროტი გრძნეული ჰყოლია. თავზე, მგონი გველები ება. ყველა საზიზღრობა მისი მოფიქრებული და გაკეთებული ყოფილა. ყოველ შემთხვევაში ასე ამბობენ. მაგრამ შეიძლება ჭორიცაა , რა ვიცი აბა?! - კიდევ ერთხელ ააფახულა ფრთები პრანჭია პეპელა-ირიმ.
ევპრისი ქვაზე ჩამოჯდა. უცაბედად ყველაფერი გაახსენდა. მხრებში მოიხარა, ღრმა მოხუცს დაემსგავსა საოცრად.
- ეჰ, ჩემო ძველო მეგობარო, სამწუხაროდ ყველაფერი მართალია. მეტსაც გეტყვი...
- მოიცა, მოიცა. ჰო, კიდევ ამბობენ ქამეხი სადღაც ტყეში ზის მარტოდ-მარტო და ოცდაოთხი საათი ლოცულობს და ტირისო. - ატკრციალდა ისევ პეპელა-ირი და ლამაზი Fფრთები თათებით შეისწორა.
- ლოცულობსო? ქამეხი? ჰა, ჰა, ჰა, - გადაიხარხარა ევპრისმა. მის სიცილში რაღაც ავის მომასწავებელი იგრძნობოდა. პეპელამ ევპრისს გაფართოებული თვალები მიაპყრო.
- ევპრის, რა დაგემართა? - ჰკითხა შეშინებულმა.
- ჩემო ლამაზო, ნაზო და მშვენიერო.  შენ წეღან სიტყვა გამაწყვეტინე. ადრე ჩემთან ასე მოქცევას ვერავინ ბედავდა. იცი ის ბოროტი გრძნეული ვინ იყო? იცი ის ურჩხული, რომელიც ისეთ საქმეებს სჩადიოდა, რომ ყველა სულიერს ძარღვებში სისხლი ეყინებოდა ვინ იყო? იცი ვინ იყო კაცი-გველი? - ნელ-ნელა ხმას უწევდა ევპრისი.
- ააარ ვიიცცი - ხმა აუკანკალდა ირის.
- მე ვიყავი, მე. - სიამაყით დაიყვირა, უფრო სწორედ უკვე დაიქუხა ევპრისმა.
- სახე ნელ-ნელა შეეცვალა. ნაკვთები თითქოს წაეშალა, მხრებში გაიშალა, გაიზარდა, “მეშველა” - ერთი კი ამოიგმინა და პეპლის წინ კეთილი ევპრისი კი არა, ურჩხული იდგა. სამთავიანი ნამდვილი ურჩხული. ისეთი როგორიც პეპელას საშინელ სიზმრებშიც კი არ უნახავს.
- მე წავალ. -ამოიჩურჩულა მან.
- არსადაც არ წახვალ, შენ ჩემი ერთადერთი კეთილი მოგონება ხარ, რომელიც მე არაფერში არ მჭირდება. მშვიდობით. - ევპრისმა მახინჯი თათი დააბიჯა ასაფრენად მომზადებულ პეპელა-ირის და თვალის დაუხამხამებლად გასრისა. ცისფერ-ვარდისფერმა პეპელამ ხმის ამოღებაც ვერ მოასწრო. მხოლოდ თვალები დახუჭა, ალბათ სიკვდილის წინ ამ სიმახინჯისათვის რომ არ ეცქირა.
- ახლა ძვირფას დედაჩემს მივხედო. - ურჩხული-ევპრისი გაავებული შევარდა ეფმადორას სასახლეში, სადაც საოცარი სიმყუდროვე სუფევდა. ეს სიმყუდროვე თვით ევპრისის დამსახურება იყო.
- დედა! დედა! - ღრიალებდა ურჩხული.
- ვაიმე, რა მოხდა? - ეფმადორა დილიდან აწრიალებული იყო, ახლა კი მიხვდა მიზეზს. - ევპრის, რა მოგივიდა? - მშვიდი ხმით იკითხა მან.
- მათრახი! ჩქარა მათრახი მომეცი, მივდივარ.
- სად მიდიხარ შვილო, შენ არსად არ მიგიღებენ ამ სახლის გარდა. ჩემს გარდა შენ არავის სჭირდები. - მოფერებას ცდილობდა ეფმადორა.
- მადლობა მითხარი ცოცხალს რომ გტოვებ. ისიც იმიტომ რომ, ოდესმე შეიძლება დამჭირდე. მათრახი მომეცი, მე სწორედ იქ მივდივარ სადაც ყველაზე უფრო საჭირო ვარ, თორემ ერთმანეთის Fფერებაში ამოხდებათ სული. მე მივეხმარები. - ევპრისს ხმაში აღტყინება დაეტყო.
- შენ რა იცი, როგორი სიამოვნებაა ადამიანის სხეულს სულისგან რომ ათავისუფლებ. - ევპრისმა მათრახი აიღო და ეფმადორას ეტლში ჩაჯდა. - მშვიდობით დედა, თუ დავბრუნდი ესე იგი დავმარცხდი. სჯობს ილოცო რომ არ დავბრუნდე. - ურჩხულმა ცხენებს მათრახი გადაუჭირა და გაქრა.
ეფმადორა მწარედ აქვითინდა, ყველაფერში ისევ თავს იდანაშაულებდა. რომ არა ის პირველი წყევლა, არაფერი მოხდებოდა. ადგა, გარეთ გამოვიდა. ახლა მას სამყაროსთან ყოველგვარი კავშირი უკვე გაწყვეტილი ჰქონდა. ეტლი ხომ ურჩხულმა-ევპრისმა წაიყვანა.
უცებ კვნესის ხმა მოესმა. დაიხედა. იქვე, გასრესილი პეპელა-ირი ეგდო, რომელსაც ჯერ კიდევ სიცოცხლის ნიშანწყალი შერჩენოდა.
- ღმერთო ჩემო, - ამოიოხრა ეფმადორამ, პეპელა ნაზად ხელში აიყვანა და სახლში შევიდა, მაგიდაზე დააწვინა, ჯიბიდან გასაღებების აცმა ამოიღო, ერთ-ერთ კუთხეში მდგარი შეუხედავი კარადა გამოაღო, შუშის პატარა ბოთლი აიღო და რამოდენიმე წვეთი პეპელას დააპკურა. ირი შეიშმუშნა, შეაკანკალა და წამში ფეხზე დადგა. ფრთები ჩამოიფერთხა, თვალები ააფახულა და გაკვირვებული შეაცქერდა ეფმადორას.
- ევპრისი სად... არა, ის ურჩხული სად არის?
- ევპრისი წავიდა. გული ძალიან ცუდს მიგრძნობს. მე თვითონ ვერ მივდივარ. ეტლი მან წაიყვანა. სანამ ელექსირს დავამზადებ, რომ მე თვითონ გავფრინდე, დიდი დრო გავა. ამიტომ შენ გავალებ. - გაუჩერებლად ლაპარაკობდა ეფმადორა.
- ჩახვალ საქარიაში, მოძებნი გრძნეულ ეფროსს. ისიც ჩემი ვაჟია. ყველაფერს მოუყვები, მან იცის როგორ იმოქმედოს, რამეს მოიფიქრებს. ჩემს ვაჟებში ის ყველაზე დიდი გრძნეულია. მალე ალბათ მეც შემოგიერთდებით.
- მადლობას მოგახსენებ ეფმადორა. სიკეთეს, სიკეთით გადაგიხდი. - პეპელა-ირი შებრუნდა და რამდენადაც შეეძლო სწრაფად გასცილდა იქაურობას.



                                                    გაგრძელება იქნება



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები