ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როლანო
ჟანრი: საბავშვო
13 ივლისი, 2009


საქარია-3 (თავი მეოთხე)




თავი მეოთხე

ქანელი საქარიის გათავისუფლებას ცდილობს

- წადი ირი, დაღლილი იქნები, დაისვენე, ისადილე და შემდეგ წვრილ-წვრილად მოგვიყევი ყველაფერი, რათა გამოსავალი ერთად მოვნახოთ. - მიმართა ეფროსმა პეპელას. ირიმ გაუღიმა და სასახლის კიბეებს აუყვა. ეფროსი ეზოში მარტო დარჩა. მზეს აჰხედა, ხელები აღაპყრო და მიმართა:
- მზეო, ჩემო მამობილო, ძმაო და მეგობარო, როგორც ყოველთვის, გაჭირვების ჟამს შენ მოგმართავ. ჩემი ძმები მინდა შემოვირიგო. მაგრამ არ ვიცი, იმათ უნდათ თუ არა. გრძნეულებს რომ გადაუსრიალებ თავზე, ეგებ სთხოვო. არა, უბრძანო საქარიაში ჩამოვიდნენ. გააგებინე, რომ საქარია იღუპება, მეც ვიღუპები და მათთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი, მათი გაზრდილი, მათი შვილობილი, ჩვენი მხედართმთავარი ქანელი დაისჯება ყველაზე მეტად. ეს ვიცი და გთხოვ მათაც გააგებინო.
- არა ეფროს, ეგ მისია შენ უნდა შეასრულო. მე რომ მათ სხივს ვტყორცნი, ეს იქნება ბრძანება იმისა, რომ უნდა შერიგდეთ. დანარჩენი შენ უნდა გააკეთო. ხვალ გამენიისას ქანელთან ერთად გაემგზავრე და შენი ძმები წამოიყვანე.
- მეფე როგორ დავტოვო? - გაიკვირვა ეფროსმა.
- საღამოს უკვე აქ იქნებით.
- ცუდად მაქვს დაცდილი საქარიის დატოვება.
- სისულელეს ნუ ლაპარაკობ, აქ ჯდომით და მოთქმა-გოდებით დაეხმარები? გააკეთე რასაც გეუბნები, საბოლოო გამარჯვება თქვენი იქნება. - მკაცრად უპასუხა მზემ და გასრიალდა.
ეფროსი კარგა ხანს იდგა ეზოში გაოგნებული. შემდეგ შეტრიალდა და სწრაფად აუყვა სასახლის კიბეს.
- ქანელ, ხვალ დილით მივემგზავრებით.
- სად?
- გრძნეულების ქვეყანაში. შენი ნათლიები უნდა ჩამოვიყვანოთ.
- დარწმუნებული ხარ, რომ წამოგყვებიან?
- დავითანხმებთ, მზეც დაგვეხმარება. საქარია დაღუპვის პირასაა და მათი დახმარება დაგვჭირდება. გათენებისას გავალთ. - მიმართა ეფროსმა. - პეპელა ირი სად არის? დაწვრილებით გვიამბოს ყველაფერი.
- ახლა ჩამოვა, შორი გზიდან მოვიდა და თავს იწესრიგებს. აი ისიც.
პეპელა-ირი კიბეზე ჩამოფარფატდა და სავარძელზე დაეშვა. ეფროსი და ქანელი აღტაცებული შესცქეროდნენ მშვენიერ არსებას. ირი მიხვდა, რომ მამაკაცების მოწონება დაიმსახურა და გრძელწამწამიანი თვალები ნაზად ააფახულა.
ცოტა ხანში იანგული და ელინიც შემოვიდნენ და დასხდნენ. პეპელა-ირიმ წვრილ-წვრილად მოყვა, ჯერ თავისი მოგზაურობის ამბავი, (რომელიც, დამსწრეთ დიდათ არ აინტერესებდათ), შემდეგ ქამეხის მკვლელობა. მართალია ირი ქამეხის მკვლელობას არ დასწრებია, მაგრამ ევპრისმა დაწვრილებით და თანაც ტრაბახით მოუყვა ჯურხანს თავისი “გმირობის” ამბავი, რაც პეპელამ თავისი ყურით მოისმინა. თხრობა დაამთავრა ევპრისი-ურჩხულისა და ჯურხანის საიდუმლო გეგმით საქარიის დაღუპვის შესახებ.
- მოვკლავ მაგ გველის ნაშიერს - წამოვარდა ფეხზე ქანელი. - არა, ეფმადორას დავიჭერ და მისი თანდასწრებით წავაჭრი რიგრიგობით ევპრისს იმ აყროლებულ თავებს. - ქანელი ასეთ მდგომარეობაში არავის ენახა. - ბოლო თავი რომ დარჩება, ეფმადორასაც მივაკლავ ზედ, რათა დედა-შვილმა, ამ სიბინძურის ბუდემ ერთმანეთის სიკვდილს უყურონ.
- ეფმადორას თავი დაანებე, - წამოიჭრა ეფროსი - ეგ დედაჩემიცაა და შენი გამზრდელების დედაც. ადამიანი არა ხარ?
- მე ადამიანი ადამიანებთან ვარ, ურჩხულებთან კი ურჩხულად გადავიქცევი. ისეთ ურჩხულად რომ, ჩემ დანახვაზე დედა შვილის ტირილს ვერ გაიგებს. წავედით ეფროს, დილას რაღას ველოდოთ.
- არა ქანელ, მზე უნდა ამოვიდეს და გრძნეულები მოინახულოს, შემდეგ ჩვენც მივალთ.
- მე არ მინდა, რომ ჩვენი შვილი შენ დაგემსგავსოს. - გაისმა ქალის სასოწარკვეთილი ხმა. ყველამ მიიხედა. კარებში სელინა იდგა და ტიროდა. - შენ მე მგონი უკვე გადაიქეცი ურჩხულად.
- სელინა, ქამეხი მამაჩემი იყო, მამაჩემი და ასე საცოდავად, ულმობლად გამოასალმა სიცოცხლეს იმ ცხოველმა. სწორედ ამ დღეებში ვაპირებდი მასთან შესარიგებლად წასვლას, მაგრამ დამაგვიანდა. განა შური არ უნდა ვიძიო? - არ ჩერდებოდა ქანელი.
- სწორი ხარ ქანელ, შური უნდა იძიო, ამდენი კი არ უნდა იყვირო ქვეყნის გასაგონად. - წყნარად მიმართა ეფროსმა. შემდეგ სელინას მიუბრუნდა, - სელინა, შენ უნდა იოცნებო, რომ შენი შვილი მამამისს დაემსგავსოს. შენი ქმარი ისეთი კაცია, ვისაც შეიყვარებს, თუ დასჭირდა, გულს ამოიღებს და ყორნებს გადაუგდებს საჯიჯგნად. მაგრამ ვინც უბოროტებს, იმას ვერ დაინდობს და სასტიკი იქნება მისი შურისძიება. ეს ყველამ კარგად დაიმახსოვროს. მე ას წელზე მეტია ამ მიწას ვამძიმებ. იმედია იანგულს არ ეწყინება, მაგრამ ქანელისნაირი ვაჟკაცი არ შემხვედრია და ალბათ არც შემხვდება სამწუხაროდ. რაც შეეხება მამამისს. ევპრისმა პასუხი უნდა აგოს თავის საქციელზე. სისხლი სისხლს ითხოვს.
ქალები ტიროდნენ, სელინა გაიქცა, ქანელს მიუახლოვდა, თითის წვერებზე აიწია, კისერზე მოხვია ხელები და ჩაეხუტა.
- მაპატიე ქანელ, მაპატიე - ქვითინებდა სელინა - მაპატიე - სხვა სიტყვებს ვერ პოულობდა და უფრო მეტად ეკვროდა ქმარს მკერდზე.
- ეფროს, გათენებისას გაგაღვიძებ. - ქანელი ნაზად ეამბორა ცოლს ტუჩებზე, ხელში აიტაცა და ოთახიდან გავიდა.
- ჰმ, გაგაღვიძებო, ვნახოთ ვინ ვის გააღვიძებს. - ღიმილით ჩაილაპარაკა ეფროსმა. - მეც წავალ, დავისვენებ, ხვალ მძიმე დღე მაქვს. იანგულ, ვინიცობაა ჩვენს დაბრუნებამდე რამე მოხდეს და ჯურხანმა მართლაც შეასრულოს მუქარა, სასახლიდან ფეხი არავინ გაადგათ. კარები და ფანჯრები ჩარაზეთ. ახლავე შიკრიკები დაგზავნე საქარიის ყველა კუთხეში და მთელი მოსახლეობა გააფრთხილე, ცხვირი არ გამოყონ გარეთ. ჩვენ მალე დავბრუნდებით. - ეფროსი შებრუნდა და თავისი ოთახისაკენ გაემართა.
იანგულმა განკარგულება გასცა. ასი შიკრიკი გაემგზავრა საქარიის მოსახლეობის გასაფრთხილებლად, რომ საჭმელი მოემარაგებინათ და კარ-ფანჯრები ურდულით ჩაეკეტათ.
- ელინ, ძვირფასო შენ დაიძინე, მე ღამეს აქ გავატარებ, შენს ძმებს ველოდები, რათა ერთად შევიმუშავოთ თავდაცვის გეგმა. - ელინმა იანგულს აკოცა და პეპელა ირისთან ერთად დარბაზიდან გავიდა.
გათენებული არ იყო, ეფროსი და ქანელი გზას რომ დაადგნენ. მალე გრძნეულების სამფლობელოს მიუახლოვდნენ.
- მომენატრა აქაურობა, - ჩაილაპარაკა ქანელმა. მიახლოებისთანავე დაინახეს, ცხენებზე ამხედრებული შვიდი მამაკაცი. შვიდივეს ერთიმეორეზე ლამაზი, მედიდური, ძლიერი და მტკიცე შესახედაობა ჰქონდა. მათ შემხედვარეს ერთი წუთით ეჭვი არ შეგეპერებოდა მათ ყოვლისშემძლეობაში.
- გამარჯობა ძმებო! - მიმართა ეფროსმა.
- გაგიმარჯოს, ცოტა გვიან კი გაგახსენდით. ადრე რომ დაგეძლია შენი პატივმოყვარეობა, საქარია შეიძლება გადაგვერჩინა, ახლა კი ძალიან მეპარება ეჭვი, რომ რაიმე შევძლოთ. - მიმართა ეფროსს, ძმებში უფროსმა. -  ქანელ, მოდი აქ შვილო. - ქანელი მიუახლოვდა და რიგრიგობით მხარზე ემთხვია ნათლიებს. - აბა წავედით ეგებ გაგვიმართლოს და მივასწროთ. - მხედრები საქარიისაკენ დაიძრნენ.
კარგა ხანს მიდიოდნენ, გზას ბოლო არ უჩანდა, ეფროსმა ირგვლივ მიმოიხედა, ცხენი შეაჩერა და ჩამოვიდა.
- საქარია აღარ არსებობს. - ჩაილაპარაკა მან.
- როგორ არ არსებობს, იქ ხომ სელინაა - სასოწარკვეთით წამოიძახა ქანელმა.
- არა მარტო სელინა, ჩემო ქანელ, იქ ჩვენი სისხლი და ხორცია. საქარია კი, აი აქ არის აქ, მიწისქვეშეთში.
საცოდავი შესახედი იყო ქანელი, ვერაფრით მოეფიქრებინა, როგორ დახმარებოდა ძმადნაფიცს, თავის ცოლ-შვილს და საერთოდ საქარიას. უცებ წელში გაიმართა და გრძნეულებისაკენ შებრუნდა. თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა თითქოს.
- ჩემო მამებო, ჩემო გამზრდელებო და უსაყვარლესო ადამიანებო. სათხოვარი მაქვს თქვენთან. უარს ვერ მივიღებ. თუ არ შემისრულებთ, შეიძლება უარესი რამ ჩავიდინო.
- რა გინდა შვილო,ან ამხელა შესავალი რად გინდა. ჩვენც გამოსავალს ვეძებთ და გვთხოვე, ეგებ გთანხმდებით.
- ჯურხან-მახრჩობელას ხომ იცნობთ?
- ჯურხანს ვინ არ იცნობს, გაიძვერების ერთია, - უპასუხა ერთ-ერთმა გრძნეულმა.
- ძლიერია?
- უძლიერესია. - იყო პასუხი.
- მე უფრო ძლიერი უნდა გავხდე.
- შენ ძალიან ძლიერი ხარ, ვერ გავიგეთ რას გვთხოვ?
- მე გთხოვთ დახმარებას. ურჩხულებს ურჩხული უნდა ებრძოლოს და შესძლოს კიდეც მათი დამარცხება, დამეხმარეთ.
- ქანელ, თუ ხვდები რას გვთხოვ? შეიძლება შენი თავი ვეღარ დაგიბრუნოთ და ისეთივე ურჩხულად დარჩე, როგორებიც ევპრისი და ჯურხანი არიან.
- მაგაზეც ვიფიქრე. მე თუ ადამიანის სახე აღარ მეღირსება, იმ წუთას გამანადგურეთ. სასწორზე ჩვენი მომავალი დევს, ჩემი შვილების მომავალი. ერთი კაცის სიცოცხლედ მე ვფიქრობ უნდა ღირდეს.
გრძნეულები მდუმარედ შესცქეროდნენ ქანელს. ხვდებოდნენ, რომ სახვა გამოსავალი მართლაც არ არსებობდა, მაგრამ როგორ გაეწირათ ადამიანი, რომლის გარეშეც მათ სიცოცხლესაც აზრი ეკარგებოდა.
- კარგი, შენი გადასაწყვეტია, მოემზადე. ქვესკნელში მოგიწევს ჩასვლა და ჯურხანთან შებრძოლება. რაც, მე ვფიქრობ ძალიან რთული იქნება. - მიმართა ქანელს უფროსმა გრძნეულმა, თვალებში კი ცრემლები ჩაუდგა.
- ევპრისი? - იკითხა ქანელმა.
- ევპრისი თვითონ გაინადგურებს თავს და თანაც სამუდამოდ. - უპასუხა ეფროსმა. - მალე მისი დაღუპვის ამბავს გავიგებთ. - შუათი სად არის? (შუათი, ეფროსის ერთ-ერთ ძმას ერქვა, რომელიც ძმებში უმცროსი იყო).
- ელექსირის მოსატანად წავიდა, წუთი-წუთზე აქ იქნება. - სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო უფროსმა ძმამ, რომ შუათიც გამოჩნდა. ქანელს მიუახლოვდა და ელექსირი გაუწოდა.
- დალიე, ღმერთი იყოს შენი მფარველი. - ქანელმა შუშა გამოართვა და არც დაფიქრებულა ისე გადაჰკრა.
- სულ ეს არის? - გაკვირვებით იკითხა მან. ამავე დროს, თანდათან სიგრძე და სიგანე ემატებოდა. უცებ თითქოს აფეთქდა და ცეცხლის ალში გაეხვია. ცეცხლი მალევე ჩაქრა და გრძნეულების თვალწინ შემზარავი არსება წამოიმართა. ეს არ იყო არც ურჩხული, არც მონსტრი, არც დრაკონი. ეს იყო ყველა ზემოთ ჩამოთვლილის ნაზავი, რომლის მსგავსი, თვით გრძნეულებსაც კი მხოლოდ საშინელ სიზმარში ენახათ.
- სიზმრის ურჩხული! - წამოიძახეს გრძნეულებმა ერთხმად.
- ჯურხან, ჯურხან - არაადამიანური ხმით აღრიალდა ქანელი. - ამ დროს მიწა გაიხსნა და ქანელი, სიზმრის ურჩხულად წოდებული, ქვესკნელში ჩაიტანა.
 











კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები