 | ავტორი: პეტრე ჟანრი: პროზა 9 აპრილი, 2008 |
ეს ამბავი იმერეთში, სოფელ ფუთიდან იწყება, რომელიც ზესტაფონის რაიონს ეკუთვნის და იქვე სოფელ კიკნაველეთში მთავრდება, რომელიც ბაღდადის რაიონს ეკუთვნის. ეს სოფლები იმით განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ დაახლოებით რვა-ათი კილომეტრით არიან დაშორებული, კიდევ იმით განსხვავდება, რომ სოფელ კიკნაველეთში წისქვილი იყო. ბიკენტია კაკნაველიძის, წყლის წისქვილი, კაი გამოწყობილი, ე.ი. ერთდროულად შეეძლო ხორბლის და სიმინდის დაფქვა, ამიტომ ახლო მახლო სოფლებიდან ყველას ბიკენტიას წისქვილში მიჰქონდათ თუკი რამე საფქვავი ჰქონდათ. იმ წელიწადს სოფელ ფუთში სავლე სარალიძემ ძვირფასი მოსავალი მეიწია, რვა მეშოკი სიმინდი. ჰოდა ეს სიმინდი უნდა წაეღო ბიკენტია კიკნაველიძის წისქვილში დასაფქვავად, ერთი სიტყვით სავლე სარალირიძე ბედნიერი კაცი იყო იმ სეზონზე. ინათხოვრა მეზობლიდან ხარები, ცოლს მოამზადებინა საგზალი: მოხარშული ქათამი, ხაჭაპურები და რვა ლიტრიანი დოქით ცოლიკაური. დილით ადრე გამოეწყო გამოსასვლელ ტანსაცმელში, გააწყო ურემი და გაუდგა გზას. საღამოლერე სავლე სარალიძე დანიშნულ ადგილზე იყო. ვერ წარმოიდგენთ ბიკენტია კიკნაველიძის სიხარულს სარალიძე რვა მეშოკიანი ურმით რომ დაინახა. ისე სწრაფად გადათვალა თავში რამდენი მინდი (ასე ეძახიან დაფქვილი სიმინდის ნატურით გადასახადს, რომელიც მეწისქვილეს ეკუთვნის) დარჩებოდა რომ კანტორის ანიჩკა ბუღალტერი ვერ მოასწრებდა ხელის საანგარიშო მანქანით. დაიწყეს იმერული მოკითხვები, რავა ბრძანდებით, რავა იმგზავრეთ,გზამ ხომ არ დაგღალათ, ოჯახში ხომ კარგად ხართ, მერე გადმოალაგეს “მეშოკები” და შეიტანეს წისქვილში, დაიწყო ბიკენტიმ სიმინდის ჩაყრა და "ააბრუნა" წისქვილი კიკნაველიძემ .ახლა უკვე ისე იქცევა, წყლის წისქვილის კი არა წისქვილკომბინატის გენერალური დირექტორი გეგონება კრებაზე, ყვება წისქვილის ხარჯიანობასთან დაკავშირებით ზღაპრებს და აგრეთვე თუ როგორ განსხვავდება მისი წყლის წისქვილით დაფქვილი, სხვა წისქვილების დაფქვილისგან, ვინაიდან ბიკენტიას რომ ქვები აქვს, ასეთი ქვები მეორე არ იქნება საქართველოში. ეს ქვები ბიძაშვილი რომ ჰყავს გერასიმე კიკნაველიძე, მეზღვაური როა, იმას ჩამოატანინა ადესიდან ფოთში და ფოთიდან ურმით წამოუღია ბიკენტიას კიკნაველეთში. კიდევ აპირებდა ბიკენტია წისქვილის ხარჯიანობაზე საუბრის გაგრძელებას, მარა სარალიძე ნამგზავრი იყო, რაც არ უნდა იყოს და მოშიებულმა საგზლის ამოლაგება დაიწყო, დადო ტაბლა მაგიდაზე მოხარშული ვარია, ხაჭაპურები და დოქით ცოლიკაური. ამის დამნახავმა ბიკენტიმ თემა შეცვალა, არა კი არ შეცვალა, გაჩუმდა. ახლა სარალიძემაც ააზღაპარა ენა და დაპატიჟა კიკნაველიძე მისი ცოლიკაურის დასაჭაშნიკებლად, რომელიც მამამისს- კაპიტონ სარალიძეს, პირველი მსოფლიო ომის დროს, გერმანიიდან, რომელიღაც გერმანული ვაზის ჯიში ჩამოუტანია სოფელ ფუთში და დაუმყნია ჩვენ ცოლიკაურზე, ჰო და ზუსტად, ის დამყნილი, გერმანულ-იმერულ ღვინო წამეიღო წისქვილში. დალიეს თავიანთი გამარჯვების სადღეგრძელო, მშობლების შესანდობარი ოჯახების, დედმამისშვილების, ღვინის მომყვანის, დამწურავის, დამლევის, მშვიდობის. მოხარშული ვარიიდან, ფრთები დარჩათ მარტო და ორი ნაჭერი ხაჭაპური. როცა აუცილებელ სადღეგრძელოებს მორჩნენ, ბიკენტიმ ქალის სადღეგრძელო შემოაგდო სუფრაზე. -ახლა, ჩემო ბატონო, ქალს გოუმარჯოს! თქვა და ტუჩების დაბოლოებებზე მოისვა ხელი... -რომლის გარეშე, ჩვენ კაცები, ვერ გავჩნდებოდით ამ ქვეყანაზე! (ეს აზრი ბიკენტის წისქვილში გათენებული ღამეების ნაფიქრალის შედეგი იყო და აინტერესებდა მოეწონებოდა თუ არა სარალიძეს.) - მართალია, ხო იცი შენ, მოეწონა სარალიძეს, ბიკენტის ღამეების ნაფიქრალი -მართალია, აპა არა!! მარა, მაგენიც ვერ გაჩნდებოდნენ უჩვენოთ!!! გააგრძელა ბიკენტიმ თავისი აღმოჩენებით გათამამებულმა. - ქალზე კაი ღმერთს არაფერი მოუგონია, საჩვენებელი თითის ქნევით გაამტკიცა სარალიძემ ახლა მისი ნაფიქრალი. - მე, ჩემო ბატონო, -აგრძელებს ბიკენტი-ბებიაჩემ, ცხონებულ ფედოსიას გაკეთებულ ატმის კამპოტზე გემრიელი თუ რამე იყო ამ ქვეყანაზე არ ვიცოდი, სანამ ქალს გოუგებდი გემოს, ღიმილით თქვა ბიკენტიმ. მარა რუსებს რო ქალები ყავს, იმნაირი ნიქვით. “ნიქვით” ისე თქვა ბიკენტიმ რომ სარალიძეს ეჭვი არ შეპარვია ბიკენტის რუსულის ცოდნაში. ჰმმ, ჰმმ, ბეჭების თამაშით დაეთანხმა წყალგაუვალ სიმართლეს სარალიძე. - მე რო წისქვილის ქვები ჩამევიტანე, ადესის, - (არ ავიწყდება ბიკენტის წისქვილი ქვები) ფოთში, მაშინ გევიცანი ერთი რუსი გადამდგარი გენერლის ცოლი, ოლიმპიადა ერქვა. ისე გენერალი მთასავით კაცი ქე იყო, მარტო ულვაშები ჰქონდა ისე დაცქვეტილი თითო ულვაში ფუთიან გირას გოუძლებდა რო ჩამეგეკიდა ზედ. მარა, ეტყობა მარტო ულვაშები უცქვიტინდებოდა... რო გადამეკიდა ოლიმპიადა ხო ვერ მევიცილე, წევიდეთ და წევიღოთ ეს ადესის ქვები ჩემთან ვორკუტში, გამოვაწყოთ წისქვილი და იმუშავე რამდენიც გინდა საფქვავი ყელამდეაო. - სადო, სადო?- პირველად გაიგონა სარალიძემ ვორკუტა. - ვორკუტა! ვორ-კუ-ტა,დაუმარცვლა ბიკენტიმ.- ხო იცი რას ნიშნავს ქართულად ვორკუტა? -რას? – იკითხა რუსულის არმცოდნე სარალიძემ. - რას და კუტას ქურდს! აუხსნა რუსულის მცოდნე ბიკენტიმ!- ისე, ქე იყო კუტას ქურდი ოლიმპიადა- ჩაიქირქილა ბიკენტიმ. - მერე, მერე?- დაინტერესდა სარალიძე - რა მერე?! კიკნაველეთს მივატოვებდი და ვიღაცა გენერლის ნახმარ ქალს წავყვებოდი ვორკუტაში?- ფელდმარშალივით გეიმართა ბიკენტია წელში, რავა მკადრეო. კი მართალია კაი კაცის ნახმარი ქალი ქე იყო მარა, ხო გაგიგია, სოფელში ჯობია პირველი იყო, ვიდრე ქალაქში მეორეო!- სიბრძნე გადმოაფრქვია ბიკენტიმ. - ამას წინეებზე- აგრძელებს ბიკენტი- ჩვენთან, ქორწილში შევხვდი ერთ ჩემ ფოთელ ნაცნობს, ჯვებე კუკავას და რა მითხრა იცი? - რა? შეეკითხა სარალიძე - რა და, იმ გენერალს და მის ოჯახობას ბიჭი გაჩენიათო, არ ყავდათ მანამდე, ახლა მე კი ვერ დევიბრალებ თლა ბოლომდე მარა, ჭადს ჭამს ბაღანა თურმე ბევრს და შენი იქნება აუცილებლადო, მითხრა ჯვებემ! - მერე, შე კაცო! არ ნახავ ბოვშვს?- შეწუხდა სარალიძე. - რამდენი მე ქალებთან მივლია - აგრძელებს ბიკენტი, მერე ბავშვის ნახვის ამბავი არ მოეწონა და მოკლედ მოჭრა- რავა! მე უთხარი გააჩინე თქვა? - მაგიც მართალია.! – დაეთანხმა სარალიძემ. ახლა სარალიძე დაიწყო მოყოლას, არ უნდა ჩამორჩეს ბიკენტის.
- ჩვენთან, ოთხკლასიან სკოლაში, აბაშიძის ქალი მუშაობდა, ქალი კი არა, წკნელი იყო, რო დადიოდა ნაპერწკლებს ყრიდა უკნიდან. ხოდა... იმ ქალს გოუშვებდი მე, სავლე სარალიძე ხელიდან? - ხო,ხო, გამიგია მეც მაგი ამბავი - გაიხსენა ვითომ ბიკენტიმ. მოკლედ,ისე გაშალეს ბაქები, ქალი არ "დატოვეს" ზედა თუ ქვედა იმერეთში, ცოლს იქეთ უნახავებმა. თითო ჭიქაც გადაკრეს. - არა, არა ჩემო ბატონო, მაინც სხვანაირია გერმანული ცოლიკაური- ჯობია ჩვენსას!-შეუქო ბიკენტიმ რვამეშოკიან სარალიძეს ღვინო. ამ დროს,წისქვილის ფანჯრიდან ქალი შეამჩნიეს წისქვილს უახლობდებოდა. - ეს ჯაფარიძის ქვრივია, სოფელ ტაბაკინიდან. იცნო ბიკენტიმ. - რაცხა არ დადის კაი ამბები ამ ქალზე და შენ რომ წეღან თქვი, ღმერთს, ქალზე კაი არაფერი მოუგონიაო, ის გამოგვიგზავნა ახლა მგონი... ფეხზე წამომდგარი დაელოდნენ სარალიძე და კიკნაველიძე ღმერთის საჩუქარს. ქალს, ნახევარი მეშოკი სიმინდი ეჭირა ხელში, მეორეში, შავი ლაკის რედიკული, ფეხზე შავი ლაკის ფეხსაცმელი ეცვა, ტუჩებზე წითელი პომადა ჰქონდა წაცხებული. გამოსასვლელი შავი კაბა ისე გახუნებოდა, არ იყო ძნელი მისახვედრი რომ კაი ხნის ქვრივი იყო და ისე გამომწვევი სიარულით უახლოვდებოდა, ეს ორმოცს არმიტანებული, ჟიშხა ტყემლის, ტყლაპის ნერწყვები ყლაპეს სარალიძე კიკნაველიძემ. ქალი წისქვილში შემოვიდა, მიესალმა კაცებს. მერე ბიკენტის სთხოვა ნახევარი მეშოკის დაფქვა, რაზეც მეწისქვილემ უარი უთხრა, რიგში პირველი სარალიძეაო და ვერ გადაურევ მის სიმინდს შენსაშიო. მაშინ ამომიცვალეო ე.ი. სიმინდი გამიცვალე ფქვილშიო - აქაც უარი მიიღო, არადა სოფელ ტაბაკინში ვეღარ დაბრუნდებოდა, შემოაღამდებოდა. შეწუხდა ჯაფარიძის ქვრივი. - დამშვიდდით ქალბატონო, დააწყნარა ბიკენტიმ, - სადაცაა ჩემი ოჯახობა, ლუბა მოვა, ვახშამი უნდა მომიტანოს და იმას გაგაყოლებთ ჩემთან, სახლში მოსასვენებლად. მიიპატიჟეს ქვრივი სუფრასთან. ჩამოჯდა ქალი, სხვა რა გზა ჰქონდა და დაიწყო თავის მოწესრიგება. თმები გადაივარცხნა, ტუჩები უფრო მეატად გაიწითლა პომადით და უფრო მეტად აუდუღა სისხლი გერმანული ცოლიკაურით გაწითლებულ სარალიძე კიკნაველიძეს. ახლა ქალის სადღეგრძელოს მეორეჯერ წვდა ბიკენტი და ისეთი სადღეგრძელო უთხრა “ღმერთის საჩუქარს”, გათხოვილ ქალს ქმარს დაავიწყებდა. არ ჩამორჩა სარალიძე ბიკენტიას სადღეგრძელოში და ამ ორმოცს არმიტანებული, რედიკულ, ლაკისფეხსაცმელ, წითელპომადიანი ჯაფარიძის ქვრივი, ბებიამისს პისტიას შეადარა, ბაბუამისმა რო მეიტაცა ხონის ბაზრობიდან, თორმეტი წლის რო იყო მაშვინ. როგორც იქნა გამოჩნდა ბიკენტიას ოჯახობა ლუბა და გადაარჩინა ჯაფარიძის ქვრივი ფრთების ამოსვლას. თავწაკრულმა, გამხმარმა, კეხიანცხვირიანმა ლუბამ, შიშისგან ენაჩავარდნილ სარალიძეს, ბავშვობაში კუდიანებით რომ აშინებდნენ ის გაახსენა. მერე, კარგად რომ დააკვირდა, უფრო ჩხართვს მიამსგავსა, კი! ნამდვილად ჩხართვს გავდა! (ფრინველია ასეთი, არც ყვავია, არც ჩხიკვი, ყვავის და ჩხიკვის ბიცოლა უნდა იყოს, ბუჩქებში ცხოვრობს). თქვენ წარმოიდგინეთ, თვით ბიკენტისაც კი მოუნდა ფუი ეშმაკსო ეთქვა, მარა, მედგრად შეიკავა თავი და პატივი სცა ოცდახუთწლიან უღელს. ლუბა სტუმრებს მიესალმა. მერე კალათიდან ვახშიმი ამოალაგა: ორი კბილი ნიორი, ერთი თავი ხახვი, ერთი ჭადი, ლობიო ქოთნით და პიმპილა ბლომად. მართალია ლუბას დაწყებითი განათლება არ ჰქონდა მიღებული, მარა, ათამდე თვლა იცოდა და თვალი ირმიცულად “მეშოკებისკენ” გააპარა. - ლუბა! შე ქალო!- გამოვიდა ბიკენტი სიტყვით. რავა აწყვეტილი ფოლაქივით იცი დაკარგვა! სად ხარ ამდენ ხანს? თქვა ფოლაქის ნახვით, ვითომ გახარებულმა ბიკენტიმ. ახლა, - აგრძელებს სიტყვას წისქვილკომბინატის შეზარხოშებული დირექტორი,- ამ ქალბატონს წეიყვან ჩვენთან სახლში და ბალკონზე მოასვენებ! (ამას ბიკენტი იმ გამონაკლის შემთხვევაში აკეთებდა, როცა ორ ‘მეშოკს’ მაინც მოიტანდნენ დასაფქვავად.) ხოლო მე და ამ ბატონს დილამდე საქმე გვაქვსო! ისე დამაჯერებლად იყო ნათქვამი "საქმე გვაქვსო", ლუბას, კიკნაველეთის სოფლის კლუბში, ბიკენტიამ რო წეიყვანა ახალგათხოვილზე, მაშინ ჰქონდა არტისტებიდან მოსმენილი ასეთი ინტონაცია. დაემშვიდობნენ ჯაფარიძის ქვრივი და ლუბა კაცებს. ბიკენტის სახლი წისქვილიდან სამი წუთის სავალზე თუ იქნებოდა. ამ ხნის განმავლობაში ლუბამ, სოფელ ტაბაკინის მოსავლიანობის ამბები მეიკითხა, გვალვიანობის, წვიმიანობის, პროდუქტის ძვირიანობის, მოკლედ, გახარებულია ლუბა და არ იცის რით ასიამოვნოს რვამეშოკიან, ფრიად პატივსაცემ სტუმარს. -ჰოდა, იმას გეობნებოდით ჩემო ბატონო,აგრძელებს ლუბა - წელს ჩვენთან ნამეტანი კაი მოსავალი მევიდა. უკაცრავად პასუხია მარა, სიმინდმა, - მარჯვენა ხელი მარცხენა იდაყვს მოკიდა, მუშტი შეკრა და 90 გრადუსით მოხარა - ამხელა ტაროები მეისხა, აა!. ამასობაში სახლს მიუახლოვდნენ, ეზოს შესასვლელთან ძაღლი შემოეგებათ კუდის ქნევით, ქვრივმა უკან დაიხია. - ნუ გეშინია ჩემო ბატონო, ეს ჩვენი ძაღლია, წანწალა ქვია, სტუმრებს არ კბენს!- დაამშვიდა ლუბამ. ქვრივი ძაღლს დააკვირდა, მარცხენა თვალი გაფუჭებული ჰქონდა. - წანწალა რატო ქვია? - იკითხა ქვრივმა. - უი, მაგას გოუხმეს თავი,- მიაწყევლა ძაღლი ლუბამ, -წანწალა იმიტომ დავარქვით რომ სულ გარე-გარე დეეთრევა მაგ სასიკვდილე! - თვალზე რა მოუვიდა? ალბათ მონადირეა და საფანტი მოხვდა? - კი, მონადირეა! მეზობლების ქათმებზე ნადირობს, მაგის კუბო ვნახე მე! ამასობაში ეზოში შევიდნენ და ბჟოლის ძირას, სამფეხა სკამზე მოსვენება შესთავაზა ლუბამ ქვრივს. ქალი სკამზე ჩამოჯდა. - თქვენ არ მოიწყინოთ, მე ახლავე მოვალ, ხილს მოგართმევთ პირის გასასველებლად,- უთხრა ლუბამ. ქვრივმა ეზოს თვალი გადაავლო, ეზოში სამი ქათამი, ერთი “კიტაია” მამალი და ღორი დასეირნობდა. არ ცილდება წანწალა ჯაფარიძის ქვრივს, წინ ჩამოუჯდა, კუდს აქიცინებს და ისე დაჟინებული მზედით აშტერდება ცალი თვალით რომ აშკარად მოეწონა. იძულებული გახდა ქვრივი მოფერებოდა. ქალმა წანწალას თავზე ხელი გადაუსვა, წანწალამ ხელის გადასმა არვიცი რად ჩათვალა, უკანა ფეხებზე წამოდგა, წინა ფეხებით ქვრივს მარცხენა მუხლზე ღონივრად მოუჭირა, თავი კალთაში ჩაუდო და დაიწყო უკანა ტანის ისეთი მოძრაობა, მიხვედრა რომ არ ჭირდებოდა. უხერხულობაში ჩავარდნილმა ქვრივმა, ჯერ ნელა-ნელა დაიწყო ფეხის ქნევა, თან აქეთ-იქით იყურებოდა. წანწალა ფეხის ქნევამ მთლად გააგიჟა, ეგონა რიტმში ამყვაო და ისე მაგრად მოუჭირა წინა ფეხები ქვრივს, კინაღამ სისხლი გაუჩერა. იძულებული გახდა ჯაფარიძის ქვრივი ფეხზე წამომდგარიყო და ისე დაეწყო მარცხენა ფეხის ქნევა, ახლა უკვე მიწას მოწყვეტილი წანწალა, ცოცხალი თავით არ ცილდებოდა, ოთხივე ფეხით ჩაფრენილი ქვრივს. ამასობაში ლუბაც მოვიდა თეფშზე ოთხად გაჭრილი ვაშლით. ამ ამბის დამნახავმა - უი-ო იკივლა და ისე ამოარტყა წანწალას სასქესო ორგანოებში უკნიდან ფეხი, რომ თითქმის უსულოდ ჩამოაგდო ძაღლი ფეხიდან. ვერ გაერკვა წანწალა, რა მოხდა, ტკივილისგან გამწარებულმა და სასტიკად შეურაცხყოფილმა (აქტის არ დამთავრების გამო) კუდი ფეხებშუა ამოირჭო და უკან მოხედული, გაოცებული, წკავილით გარბოდა და ვერ მიმხვდარიყო, რა ქნა ასეთი. - შე გათახსირებულო!შე ოჯახის შემარცხვენელო! შე ტუტუცო! შინაურის და გარეულის გარჩევა არ უნდა იცოდე?- გამოენთო ნამეტანი შეწუხებული ლუბა ფეხების ბაკუნით. - შე, შე,შე მეიცა! მევიდეს ბიკენტი სახლში და მოუყვე, რა ქენი?! ნახე რას გიზამს! მომიკვდეს თავი, რამე ხომ არ გატკინათ ქალბატონო? - ჰკითხა ლუბამ. - არა, ტკენით არაფერი უტკენია. - უთხრა ქვრივმა. - ისე, ლამაზი ქალების ამორჩევა ქე იცის, მაგ სასიკვდილემ, უშნო ქალებს არ ეკარება, - ღიმილით ასიამოვნა ლუბამ, ჯაფარიძის ქვრივი. - დაბრძანდით, ქალბატონო. - შესთავაზა ლუბამ. ქალი ისევ ჩამოჯდა, ლუბა გვერდით, ქვაზე ჩამოუჯდა, ქვრივს ვაშლი მიაწოდა, - გასინჯეთ, აუცილებლად გესიამოვნებათ, ჩემი ცხონებული მამამთილის დარგულია და ნამეტანი გემრიელია. - ქვრივმა ერთი ნაჭერი ვაშლი გამოართვა და ეზოში კვანჭალით მოსიარულე მამალს მიაქცია ყურადღება. - ეს მამალი კოჭლი რატოა? - იკითხა ჯაფარიძის ქვრივმა. ლუბას სალაპარაკო მიეცა და დაიწყო მოყოლა. - ეს “კიტაია” მამალი (ასე იმიტომ ქვია რომ კისერზე ამ ჯიშის ქათმებს ბუნდღა არ ეზრდებათ. ეტყობა ჩინეთიდან არიან შემოყვანილები) ყვინჩილა რო იყო, ბიკენტის მიცეს მინდის მაგიერ. ჰოდა, მეიყვანა სახლში. ეტყობა, წანწალამ, მაგი მოუკვდა მის პატრონს, არ ვიცი რა იფიქრა, გემო ექნება სხვა ამ ,,კიტაია” მამალსო თუ რა, ქე ეცა ბარკალზე. კიდო კაი, ბიკენტი იყო სახლში და ძლივს გამოგლიჯა პირიდან, მაშინ მოტყდა ფეხი. არტახები ქე გოუკეთეთ, მარა, არ გეიჩერა და ცუდად შეუხორცდა, მას მერე კოჭლობს. ისე, თავის საქმეში ხელს არ უშლის კოჭლობა. - ყივილში? - იკითხა ჯაფარიძის ქვრივმა. - ყივილშიც და... - მისახვედრი ღიმილით აუხსნა ლუბამ. - ჩვენ სოფელში ერთი ფოსტალიონი გვყვავს, ვალიკო ქვია, პირველ მსოფლიო ომში ფეხი დაკარგა და ხის ფეხი აქვს, ისე ერთნაირად კოჭლობენ რო მამალსაც ვალიკო დავარქვით. ჰოდა, წეღან რო მკითხე წანწალას თვალი რატო აქვს გაფუჭებულიო, ახსოვდა ვალიკო მამალს წანწალას ნამოქმედარი და რო გეიზარდა და დამამლდა, ისე ჩოუნისკარტა ერთხელ რო, ქე გოუფუჭა თვალი, მას მერე მამა-სისხლად არიან ერთმანეთზე გადაკიდებული. რო დეიწყებს ვალიკო ყივილს, აყვება წანწალა ყეფით და ყმუილით. ეტყობა, მის ენაზე წყევლის ვალიკოს თვალის დაფსებისთვის. არც ვალიკო მამალი აკლებს ხელს, ყოველ სამ საათში ყივის, მაგ ენაჩასავარდნი, თანაც ისეთი ხმით ყივის, აუცილებლად წანწალას წყევლის მისი დაკოჭლებისთვის. კი ნამდვილად ასეა! მუნჯის ენა დედამ იცის! - თქვა ლუბამ დამაჯერებლად. - ყოველ სამ საათში ყივილი, ნამეტანი ხო არაა? - იკითხა ჯაფარიძის ქვრივმა. - ნამეტანია, აპა არა?! მარა, ვერაფრით ვერ გადავაჩვიეთ, პირს ხო არ ოუკრავთ ვალიკოს. - თქვა ლუბამ. წარმოიდგინა ქვრივმა პირაკრული ვალიკო, შეეცოდა და რჩევა მისცა ლუბას. - მესაათეს რო აჩვენოთ? - ვერ მიხვდა ლუბა, რა შუაში იყო მესაათე, მარა ფრიად პატივსაცემი სტუმარი იყო რვა მეშოკიანი ქვრივი, თანაც რედიკულ, ლაკის ფეხსაცმელ, წითელპომადიანი და ამას ეცოდინება რასაც ამბობსო. - გაიფიქრა. - არა, მესაათესთვის არ გვიჩვენებია. - ალალად უპასუხა ლუბამ. მერე საუბარი ღორზე გადაიტანა, რომელიც ქვრივს მიუახლოვდა, ეგება რამე გადმომიგდოსო. - გადი, აგრაფინა აქედან! - ხელი აუქნია ლუბამ. - ამ ღორს რომ უყურებთ ჩემო ბატონო, გერმანული ჯიშისაა, - ამაყად თქვა ლუბამ, - ბიკენტიმ იყიდა, სამტრედიის ბაზრობაზე, გოჭი რო იყო მაშვინ. მარა, რად გინდა, რო გეიზარდა და მომწიფდა, ვერაფრით ვერ დაამაკა ბიკენტიმ. - რავა, ბიკენტის უნდოდა ღორის დამაკება? - გაოცებული იკითხა ჯაფარიძის ქვრივმა. - არა, ბატონო, რავა გეკადრებათ! ბიკენტის დაყავდა დასამაკებლად, სად არ ატარა, ჩვენ სოფელში ტახი არ დატოვა, მარა, არაფერი გამევიდა. მერე მეზობელ სოფელშიც გვყვავდა წაყვანილი, მარა, იმ სოფლის ტახებმაც ვერაფერი უქნეს. ეტყობა, გერმანულ ღორს ქართველი ღორები ვერაფერს ვერ უშობიან და გერმანიაში ხო არ წევიყვანთ მაგისთვის. - ახტალის ტალახები თუ სცადეთ? - კითხა გამოცდილმა ქვრივმა. - სულ ტალახში არ წევს, მაგ საშო გასახმობი! – მიაწყევლა ლუბამ. - ერთი მეზობელი გვყვავს, ოთხჯერ გათხოვილი, ისიც არ ფეხმძიმდება, აგრაფინა ქვია და ამასაც აგრაფინა დავარქვით. - გათვალული ხო არაა? - შევიდა აგრაფინას მდგომარეობაში უშვილო ჯაფარიძის ქვრივი. - კი, შეიძლება! ბოროტს და შურიანს რა დალევს ამ ქვეყანაზე! ბოროტის მოგონილია, რაც აგრაფინას მოუგონეს, აპა, ვისი მოგონილია! - რა მოუგონეს?- დაინტერესდა, ბოროტ ენებს შეჩვეული ქვრივი. - რა და, - ლუბამ გაიხედ-გამოიხედა, ვინმე ხომ არ გვისმენსო, - ვითომ წანწალა, აგრაფინას ჩუმად ყვარობსო. - აჰ, არ იქნება მაგი მართალი! - თქვა ქვრივმა, კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ მარცხენა ფეხის ამბავი გაახსენდა და გაჩუმდა. -იმე, ჩემო ბატონო! რავა იქნება, ჩემ ოჯახში დედ-მამისშვილებივით გაზრდილები, მაგას აკადრებენ ოჯახს?! მოკლედ, ოჯახობა ლუბა, გაოთხმაგებული ცემდა პატივს რვა მეშოკიან სტუმარს. უკვე ვალიკომაც იყივლა, ძილის დრო იყო. ლუბამ ქვრივს ლოგინი გაუშალა და ძილინებისა უსურვა. წისქვილში კი, გერმანულმა ცოლიკაურმა, თავისი საქმე გააკეთა. ბიკენტიმ, მისი საყვარელი სიმღერა - “მინადორა ბიცოლა” წამოიწყო: “მინადორა ბიცოლა, ვინ გასწავლა მიწოლა, მიგაჭირეს-მოგაჭირეს, ურემივით გაჭრაჭუნეს, მინადორა ბიცოლა.” რა თქმა უნდა, აყვა სარალიძე და ისე მღეროდნენ, თითქოს თვითონ იყვნენ მინადორას "მეურმეები". ბიკენტის, სიმღერამ “ბალკონზე” დაწოლილი ჯაფარიძის ქვრივი გაახსენა. ფეხზე წამოდგა და სარალიძეს მოუბოდიშა: - სავლე, ძამიკო, (“ჩემო ბატონო” უკვე ზედმეტი იქნებოდა, ერთ ურემზე რიგრიგობით მომუშავე მეურმეებისთვის.) შენ არ მოიწყინო, მე საქონელს დავხედავ და მალე დავბრუნდები. ჯაფარიძის ქვრივზე რაცხა კაი ამბები რო არ დადის ყველამ იცის და რაღა მე უნდა მითხრას უარი?! - ფიქრობდა გზაში ღიღინით მიმავალი. ეზო ჩუმად გაიარა, სახლთან წანწალა იწვა, ძაღლს ფეხი გადააბიჯა და კიბეზე ფხიზელივით ავიდა. “ბალკონზე” საწოლი გაშლილი იყო... - მალადეც, ლუბა! -გაიფიქრა ბიკენტიმ. საწოლს მიუახლოვდა, ეხლა მთავარი იყო, სიბნელის გამო ის გაერკვია, თავი რომელ მხარეს ედო ჯაფარიძის ქვრივს. (არაა მაინც ლამაზი, თავშექცევით რომ მიუწვები ქალს პირველად.) საბანი აწია... ხმას არ იღებს ჯაფარიძის ქვრივი, გაიხადა და ეცა! ეცა, მარა რა ეცა, დაიღალა თვითონ და დაღალა ქვრივიც. დიდხანს დარჩენა აღარ შეიძლებოდა, თორემ, ახალ ურემსაც და თავსაც დაკარგავდა. საწოლიდან წამოდგა და ჩუმადვე გამოიპარა. ერთი სული აქვს წისქვილში როდის მივა და როდის მოუყვება სარალიძეს, ჯაფარიძის ქვრივის ურემზე, მეურმედ დანიშვნის ამბავს. წისქვილში მისულმა, ხმამაღლა დაუწყო მოყოლა ნახევრად ჩაძინებულ კიკნაველიძეს: - რა არ მინახავს ამ ქვეყანაზე, რამდენი წისქვვილის ქვები არ დატრიალებულა ჩემ თავზე, მარა... ამნაირი არაფერი არ მინახავს! - რა, კაცო! რა ნახე ამნაირი?- შეეკითხა უკვე ნახევრად გამოღვიძებული სარალიძე. - რა და... ჯაფარიძის ქვრივი როა, მაგნაირი არაფერი მინახავს! ჩემ ქვებზე მაგრა ტრლიალებს! და ჩემი მინდი მაგისთვის მიმიცია ჩემო სავლე. ამ ამბის მომსმენი უცებ გამოფხიზლდა სარალიძე. - მე რო, ორი ბათმანი ფქვილი გადევიხადო... გამომივა რამე ჩემო ბიკენტი? ისე თქვა სარალიძემ, რომ მეურმის თანაშემწეობაზეც თანახმა იყო. დათანხმდა ბიკენტი ორ ბათმან ფქვილს, ვითომ თვითონ იყო ქვრივი და ასწავლა სარალიძეს, როგორ უნდა შეპარულიყო ეზოში. აუცილებლად წანწალას უნდა მოფერებოდა, თორემ, ვალიკოს და წანწალას დუეტზე, ოჯახობა ლუბა გამოიღვიძებდა. სარალიძე, წანწალ-წანწალით, რომ არ დავიწყებოდა ძაღლის სახელი, გაუყვა ბიკენტის სახლის გზას. ეზოში შესულმა, წისქვილდან წამოღებული, მოხარშული ვარიის ფრთა გადაუგდო წანწალას. უმ ქათმის ჭამას მიჩვეულმა წანწალამ, პირველად გაუსინჯა გემო მოხაშულ ვარიას და იმის შიშით, რომ უკან არ წამართვასო, სადღაც გაიქცა დასამალად. ზედმიწევნით ასრულებდა სარალიძე, ბიკენტის დანაბარებს. აწია საბანი, გაიხადა და შეძვრა. შეძვრა მარა, რა შეძვრა! დაიღალა და დაღალა ქვრივი. არა! უფრო სწორედ, ქვრივმა აჯობა სარალიძეს! ლასლასით დაბრუნდა სარალიძე წისქვილში. - ბიკენტი, ბიკენტი! ეს რა ვნახე, ჩემო ბიკენტი! ქალი კი არა, კვიჭიჭა მსხალივით დამადნა პირდაპირ. - აპა, რას გეუბნებოდი მე!. - მხარზე ხელი მოუთათუნა “თანაშემწეს” ბიკენტიმ. უკვე თენდებოდა. დალიეს რიჟრჟის სადღეგრძელო. - ლუბას გაღვიძებამდე, ერთს კიდო მოვასწრებთ, ჩემო სავლე. - კაი იქნებოდა, ხო იცი შენ! - დაეთანხმა შეგირდი. პეპელივით გაფრინდა ბიკენტია სახლისკენ. აიპარა კიბეზე, აწია საბანი, შეძვრა და... - რა იყო, შე კაცო! წელიწადი ისე გავა, ერთხელ არ მეკარები და ამ ღამეს რა სიქა გამაძვრე?! - შემოესმა ოჯახობა ლუბას გასავათებული ხმა... თავზარ და წისქვილქვადაცემული წამოვიდა კიკნაველიძე წისქვილში. შემოვიდა თუ არა, გალესილი ემზადება სარალიძე წასასვლელად. - წევიდე ჩემო ბიკენტი? - კითხა ზრდილობისთვის. - სად უნდა წახვიდე... მთელი ღამე ლუბა... ლუბა... – ვეღარ ამთავრებდა ბიკენტი. მიხვდა სარალიძე რაშიც იყო საქმე მარა, რაღა უნდა ექნა და შეწუხებულმა ურჩია ბიკენტის. - ისე... თუ ეშველება რამე ამ საქმეს ჩემო ბიკენტი,თუ გინდა ქე გამოვიმასქნათ უკანო.
სხვისი ყანის მხვნელი და სხვისი ქალის ... ი ერთია!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
28. ოი! სადღაც კი მქონდა წაკითხული ეს. ალბათ, განთავსებული გქონდათ კიდევ სადმე :)) მასე მოუხდება ქვრივების "მაყურებელ" კაცს :))
სახალისო ამბავია ნამდვილად :)
პატივისცემით, ტენდი :) 5 ოი! სადღაც კი მქონდა წაკითხული ეს. ალბათ, განთავსებული გქონდათ კიდევ სადმე :)) მასე მოუხდება ქვრივების "მაყურებელ" კაცს :))
სახალისო ამბავია ნამდვილად :)
პატივისცემით, ტენდი :) 5
27. პეტრე, როცა ცუდ ხასიათზე ვარ შენთან მოვდივარ... აქ ნაწერზე რა უნდა ვთქვა,რაც არ უთქვამთ?
პეტრე, როცა ცუდ ხასიათზე ვარ შენთან მოვდივარ... აქ ნაწერზე რა უნდა ვთქვა,რაც არ უთქვამთ?
26. მაგრად ვიხალისე, მგონი კახეთშიც მოხდა ამგვარი ამბავი მაგრად ვიხალისე, მგონი კახეთშიც მოხდა ამგვარი ამბავი
25. არ ჩამორჩა სარალიძე ბიკენტიას სადღეგრძელოში და ამ ორმოცს არმიტანებული, რედიკულ, ლაკისფეხსაცმელ, წითელპომადიანი ჯაფარიძის ქვრივი, ბებიამისს პისტიას შეადარა, ბაბუამისმა რო მეიტაცა ხონის ბაზრობიდან, თორმეტი წლის რო იყო მაშვინ. როგორც იქნა გამოჩნდა ბიკენტიას ოჯახობა ლუბა და გადაარჩინა ჯაფარიძის ქვრივი ფრთების ამოსვლას. :D:D
ძალიან კარგი იყო :):)
არ ჩამორჩა სარალიძე ბიკენტიას სადღეგრძელოში და ამ ორმოცს არმიტანებული, რედიკულ, ლაკისფეხსაცმელ, წითელპომადიანი ჯაფარიძის ქვრივი, ბებიამისს პისტიას შეადარა, ბაბუამისმა რო მეიტაცა ხონის ბაზრობიდან, თორმეტი წლის რო იყო მაშვინ. როგორც იქნა გამოჩნდა ბიკენტიას ოჯახობა ლუბა და გადაარჩინა ჯაფარიძის ქვრივი ფრთების ამოსვლას. :D:D
ძალიან კარგი იყო :):)
24. კომენტარიც არ ვიცი როგორ უნდა დავწერო?! ისე მაგარია შეფასებას არ ექვემდებარება!:) ;) ხშირად ვკითხულობ შენს პროზას და ახლობლებსაც ვუკითხავ-ვაკითხებ, ან ვურჩევ წაიკითხონ... თქვენს ერთგულ მკითხველად მიგულეთ ;) 555555555555555555555 კომენტარიც არ ვიცი როგორ უნდა დავწერო?! ისე მაგარია შეფასებას არ ექვემდებარება!:) ;) ხშირად ვკითხულობ შენს პროზას და ახლობლებსაც ვუკითხავ-ვაკითხებ, ან ვურჩევ წაიკითხონ... თქვენს ერთგულ მკითხველად მიგულეთ ;) 555555555555555555555
23. ღმერთმა მშვიდობა მოგცეს!!! ჯიგრიანო კაცო!!! ღმერთმა მშვიდობა მოგცეს!!! ჯიგრიანო კაცო!!!
18. ბატონო მიხო! ვერც ძალიან დიდი მწერალი, ბატონი რევაზ ინანიშვილი და მითუმეტეს მე, ვერ დავიბრალებთ სიუჟეტის ავტორობას ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, რაც შეეხება სიუჟეტის დამუშავებას, ძაღლი, ღორი, მამალი და პერსონაჟების საუბრები ეს უკვე ჩემი მოგონილია. შედეგი ბატონო მიხო, ერთია ბატონი რევაზ ინანიშვილი კლასიკოსია! ბატონო მიხო! ვერც ძალიან დიდი მწერალი, ბატონი რევაზ ინანიშვილი და მითუმეტეს მე, ვერ დავიბრალებთ სიუჟეტის ავტორობას ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, რაც შეეხება სიუჟეტის დამუშავებას, ძაღლი, ღორი, მამალი და პერსონაჟების საუბრები ეს უკვე ჩემი მოგონილია. შედეგი ბატონო მიხო, ერთია ბატონი რევაზ ინანიშვილი კლასიკოსია!
17. ისე არც ის არის გამორიცხული ბატონ რეზოს მოესმინა და მერე გადმოემოთხრობებინა სინამდვილეში ხომ ყველაფრის საფუძველი რეალური ისტორიებია ხშირად
ისე არც ის არის გამორიცხული ბატონ რეზოს მოესმინა და მერე გადმოემოთხრობებინა სინამდვილეში ხომ ყველაფრის საფუძველი რეალური ისტორიებია ხშირად
16. ღრმად პატივცემულო ბობო! ეს ამბავი ზუსტად იმ იმერეთის სოფელში მოხდა რაც მიწერია, და თქვენ წარმოიდგინეთ გვარებიც კი არ არის შეცვლილი.(რა თქმა უნდა არ არის ახალი ამბავი) და რაოდენ არ უნდა გაოცდეთ,სარალიძე ნათესავად მეკუთვნოდა. აგერაა ბატონო ფუთიც და კიკნაველეთიც. ამიტომაა იმერეთში მოარული. ასე რომ ეს ამბავი მგონილი არ არის მწერლის მიერ მოარულია ბატონო მოარული. ღრმად პატივცემულო ბობო! ეს ამბავი ზუსტად იმ იმერეთის სოფელში მოხდა რაც მიწერია, და თქვენ წარმოიდგინეთ გვარებიც კი არ არის შეცვლილი.(რა თქმა უნდა არ არის ახალი ამბავი) და რაოდენ არ უნდა გაოცდეთ,სარალიძე ნათესავად მეკუთვნოდა. აგერაა ბატონო ფუთიც და კიკნაველეთიც. ამიტომაა იმერეთში მოარული. ასე რომ ეს ამბავი მგონილი არ არის მწერლის მიერ მოარულია ბატონო მოარული.
15. იქნებ დადოთ ის მოთხრობაც? საინტერესო იქნება ძალიან იქნებ დადოთ ის მოთხრობაც? საინტერესო იქნება ძალიან
14. რაო ბობო, ვერ იპოვნე? არც გიკითხავს? :) რაო ბობო, ვერ იპოვნე? არც გიკითხავს? :)
13. მინდა გითხრა რომ კარგად წერ. 5 დამსახურებული! მინდა გითხრა რომ კარგად წერ. 5 დამსახურებული!
12. მშვენიერია, კარგად გადმოცემული 10 ქულა მშვენიერია, კარგად გადმოცემული 10 ქულა
11. მაპატიეთ,პირველი კომენტარი შეცდომით ცარიელი დავამატე:( მახსოვს ეს მოთხრობა.მართლაც ძალიან სახალისო მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამოვიდოდა.მიყვარს თქვენი მოთხრობები მაპატიეთ,პირველი კომენტარი შეცდომით ცარიელი დავამატე:( მახსოვს ეს მოთხრობა.მართლაც ძალიან სახალისო მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამოვიდოდა.მიყვარს თქვენი მოთხრობები
9. :) შევიფერე :) შემოგევლე შენ :) შევიფერე :) შემოგევლე შენ
8. უჰ, რა გამახარეთ ბოვშებო! დიდი მადლობა ყველას, ანი"მალადეც"რომ შეკრიბე ეს ხალხი. "ტომასს!" ვფიქრობ "ჯერივით" არ გაგაბრაზებთ:))) გეფერებით! უჰ, რა გამახარეთ ბოვშებო! დიდი მადლობა ყველას, ანი"მალადეც"რომ შეკრიბე ეს ხალხი. "ტომასს!" ვფიქრობ "ჯერივით" არ გაგაბრაზებთ:))) გეფერებით!
7. შენ წარმოიდგინე მარტო ეს კი არა ამაზე დატოვებული ჩემო კომენტარიც მახსოვს:))) რა განსხვავებაა თუ ერთმანეთისგან 8-10 კილომეტრით დაშოერბულები არიან ეს მდგომარეობაა მეთქი, ან მდებარეობა:)) განმასხვავებელი კრიტერიუმი არაა ერთმანეთისგან დაშორებულები თუ არიან მეთქი:))))) შენ შემოგევლე მე ნიჭიერი და კარგი მწერალი ხარ. ძალიან კარგი ადამიანი შენ წარმოიდგინე მარტო ეს კი არა ამაზე დატოვებული ჩემო კომენტარიც მახსოვს:))) რა განსხვავებაა თუ ერთმანეთისგან 8-10 კილომეტრით დაშოერბულები არიან ეს მდგომარეობაა მეთქი, ან მდებარეობა:)) განმასხვავებელი კრიტერიუმი არაა ერთმანეთისგან დაშორებულები თუ არიან მეთქი:))))) შენ შემოგევლე მე ნიჭიერი და კარგი მწერალი ხარ. ძალიან კარგი ადამიანი
6. მახსოვს ეს ამბავი :) სალამი პეტრე :) მახსოვს ეს ამბავი :) სალამი პეტრე :)
5. ეს ვიცი, ბევრი ვიცინე როცა წავიკითხე, ეხლა გადავათვარიელე ისევ! ზალიან მიყვარს შენი იუმორი პეტრე! ეს ვიცი, ბევრი ვიცინე როცა წავიკითხე, ეხლა გადავათვარიელე ისევ! ზალიან მიყვარს შენი იუმორი პეტრე!
4. ეს მე წაკითხული და დაჯე ორჯერ დაკომენტარებულიც მაქვს.აი მესამეჯერაც-მომწონს და5.. ეს მე წაკითხული და დაჯე ორჯერ დაკომენტარებულიც მაქვს.აი მესამეჯერაც-მომწონს და5..
3. ეს ხომ წალითხული მაქვს, მქს მერე აზრი არ შემცვლია, ახლაც მომწონს. ეს ხომ წალითხული მაქვს, მქს მერე აზრი არ შემცვლია, ახლაც მომწონს.
2. პეტრე, გილოცავ შენი გვერდის გახსნას! მადლობა ტომასს და ნიკის... პეტრე, გილოცავ შენი გვერდის გახსნას! მადლობა ტომასს და ნიკის...
1. განთავსდა ბატონო პეტრე. მერე წავიკითხავ, ნამეტანი გრძელია ახლასთვის. მადლობა ტომასს
ისე კი, როცა ცდილობთ დააკოპიროთ ტექსტი საიდანმე, ჯერ ნახეთ არის თუ არა "სილფაენ"-ში. თუ არ არის მაშინ კონვერტორის ( პირად გვერდზეა ნაწარმოების განთავსების ღილაკთან ) საშუალებით გადაიყვანეთ "სილფაენში" და შემდეგ იქიდან დააკოპირეთ.
სხვა შემთხვევაში არ დაიდება ( არ გამოჩნდება ). განთავსდა ბატონო პეტრე. მერე წავიკითხავ, ნამეტანი გრძელია ახლასთვის. მადლობა ტომასს
ისე კი, როცა ცდილობთ დააკოპიროთ ტექსტი საიდანმე, ჯერ ნახეთ არის თუ არა "სილფაენ"-ში. თუ არ არის მაშინ კონვერტორის ( პირად გვერდზეა ნაწარმოების განთავსების ღილაკთან ) საშუალებით გადაიყვანეთ "სილფაენში" და შემდეგ იქიდან დააკოპირეთ.
სხვა შემთხვევაში არ დაიდება ( არ გამოჩნდება ).
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|