ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რატი ქართველიშვილი
ჟანრი: დრამატურგია
7 აგვისტო, 2009


შ ა პ ი ტ ო

რატი ქართველიშვილი





                                            შ  ა  პ  ი  ტ  ო


                    თავშესაქცევი სანახაობა ორ განყოფილებად

დღევანდელი სანახაობა შაპიტოში, ანუ ცირკში ეწყობა, ამიტომაც, არ გაგიკვირდეთ თუ თეატრის შემოსასვლელთან აკრობატს ან ჟონგლიორს შეხვდებით.
დიახ, დღეს ყველაფერი დასაშვებია, რაც საზეიმოა. და თუმცა ჩვენს წარმოდგენას ძნელად  დაერქმის კომედია, იგი მაინც გულისხმობს იმ ზეაწეულ განწყობილებას, რომელიც  მხიარულებასაც მოიცავს და რაღაც იდუმალებით აღსავსე მოლოდინსაც.

მოქმედი პირნი

1. პიანისტი _

ოცდაათიანი წლების მოდის ტანსაცმელში გამოწყობილი ინტელიგენტია. ახლა დაახლოებით ას ოცი წლისაა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც ღალატობს თავის დაახლოებით ას ოცი წლის მეუღლეს. ღამ-ღამობით ის თავისი ხმელი თითებით ვნებააღვსილი ელამუნება ხოლმე ქვეყნად არსებულ და არარსებულ ჰეტერთა შორის უმშვენიერესს _ ფორტეპიანოს. შაპიტოში დიდი ხნის წინათ მოვიდა და მას შემდეგ მისი უცვლელი აკომპანიატორია. ხუმრობაში არ ჩამომართვათ და, სხვათა შორის, დედამიწის ზურგზე ვერ ნახავთ მასზე ვირტუოზულად რეგტაიმის შემსრულებელს. სწორედ ამის გამოა, მაესტროს ყველა მეტსახელად რეგს რომ უწოდებს. თქვენც, დაე, ასე იცნობდეთ მას.

2. შაპიტოს დირექტორი _

სამოც წელსაა გადაცილებული, მაგრამ ისე მხნედ გამოიყურება, ორმოცდაათზე მეტს ვერაფრით მისცემ. მუდამ ფუსფუსებს და ციბრუტივით ტრიალებს, რითაც ძალიან საქმიანი და მოუცლელი ადამიანის შთაბეჭდილებას სტოვებს. დაღლა რა არის, თითქოს საერთოდ არ იცისო, სულ ისეა მომართული და აღტკინებული, რაც მისი თანამდებობის კაცისთვის აუცილებელი თვისებაა. ისე კი ალბათ ყველაფერს დათმობდა, საკუთარი პატარა სახლი რომ ჰქონოდა სადმე მყუდრო სოფელში, სადაც მშვიდად გაატარებდა თავისი ცხოვრების დარჩენილ წლებს.

3. მომთვინიერებელი ქალი _

ორმოცდაათი წლისაა, მაგრამ ცდილობს უფრო ახალგაზრდად მოგვაჩვენოს თავი, რაც ზოგჯერ ღიმილსა და სიბრალულს იწვევს.

4. ნიუფაუნდლენდი "რომეო" _

ადამიანებთან ხანგრძლივი ურთიერთობის შედეგად, ყეფა თითქმის დავიწყებია, თუმცა ადამიანთა ენასაც ჯერ ვერ ფლობს რიგიანად.

5. კლოუნი _

დღევანდელი სანახაობის ამ პერსონაჟის შესახებ, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ავტორმაც ზუსტად იმდენი იცის რამდენიც თქვენ. და რადგანაც ასეა, მოდით, ვისარგებლოთ დედუქციის მრავალგზის გამოცდილი მეთოდით (მით უფრო, რომ ქვემოთ ასახული ამბავი არაა მოკლებული დეტექტივისთვის დამახასიათებელ ინტრიგას) და ამ ხერხით გავიკვლიოთ გზა პერსონაჟის ხასიათისკენ. ამ ადამიანის ჟესტიკულაცია, მიმიკა, საუბრის მანერა ღრმად კულტურული და, ასე განსაჯეთ, არისტოკრატულია. მეტიც, მასხარას სახუმარო სამოსის ნაცვლად, შავ ფრაკსა და ცილინდრში რომ იყოს გამოწყობილი, ინგლისის ლორდთა პალატის წევრი უფრო გეგონებოდათ, ვიდრე კლოუნთა პროფესიის ერთ-ერთი წარმომადგენელი. მაღალ შუბლზე ოდნავ შესამჩნევი ჰორიზონტალური ღარები გასჩენია. სახე ვაჟკაცური, მაგრამ ავადმყოფურად ფერმკრთალი აქვს, რაც საფეთქლებთან გამობერილ ძარღვებს კიდევ უფრო გამოჰკვეთს. უპეებთან შესიებულ მეტყველ თვალებში ცხოვრების პერიპეტიებში დაქანცული ადამიანის სული და გონება ჩანს. დამთრგუნავ ფიქრებს მისი თავის ქალა, თითქოს დასანგრევად გაუმეტებიათ, რაზეც საფეთქლებთან დაბერილი ძარღვებიც  მოწმობს. სასოწარკვეთილების სენით შეპყრობილი მისი სული კი, გატანჯული, როგორც უდაბნოში მოხეტიალე ქანცგაწყვეტილი მაშვრალი, ირონიის ოაზისს შეფარებია.

6. კარმენი, მოხუცი მოცეკვავე _

ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული ეს ოდესღაც მომხიბვლელი ქალი, ხმოვანი კინოს ეპოქაში შემთხვევით მოხვედრილ მუნჯი კინოს ვარსკვლავს მოგვაგონებს. მასზე ფიქრისას, უნებლიედ, ჰაინეს ერთი ცნობილი ნათქვამი მახსენდება: "ყოველი ადამიანის საფლავის ლოდის ქვეშ დამარხულია მთელი ქვეყნიერების ისტორია." დიახ, თითქოს სწორედ მთელი ქვეყნიერების ისტორია დაგორავს ინვალიდის ეტლით სცენაზე ამ მოხუცთან ერთად.

7. უცნობი კაცი _

თუ მოხუც კარმენს დაეჯერება, მას ჯერ კიდევ ლამაზი სახე აქვს. თუმცა, ჩვენს შაპიტოში ადამიანებს სახეები ამინდივით მალე ეცვლებათ.

8. ჯალათი _

შარვალზე გასაღებების აცმა ჰკიდია, რომელიც სიარულისას შინაურ პირუტყვზე გამობმული ეჟვანივით ჟღარუნობს.

9. სიკვდილმისჯილი _

.  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .
.  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .
.  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .

წარმოდგენაში აგრეთვე მონაწილეობენ შაპიტოს სხვა მსახიობები და კიდევ _ ორი აგენტი, რომლებიც ერთნაირ შავ ლაბადებში არიან გამოწყობილი და, საერთოდ, გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს.







პირველი განყოფილება


ჩაბნელებულ დარბაზში საზეიმოდ გაისმის ინტროდუქცია ლეონკავალოს ოპერისა "ჯამბაზები"; რომელიც მუსიკალურ ფონად გაჰყვება პირველ სცენას და მხოლოდ მაშინ შეწყდება, როცა კლოუნი თავისი მონოლოგის კითხვას შეუდგება. სპექტაკლში ეს მონოლოგი უშუალოდ ინტროდუქციის გაგრძელებად უნდა აღიქმებოდეს, ზუსტად ისევე, როგორც ოპერაში პროლოგი.
ნელ-ნელა იხსნება ფარდა. ჩაბნელებულ სცენას უჩუმრად ეპარება მკრთალი ფერები. მოყვითალო ბინდ-ბუნდში იკვეთება დეკორაციის კონტურები. სცენა წარმოადგენს საცირკო სანახაობათა არენას. მარცხნივ _ შავი როიალი და პიანისტის სკამი დგას. როიალზე დამჭკნარი მიხაკები ყრია. როიალის ქვეშ მწოლიარე მამაკაცი მოჩანს, რომელიც დროგამოშვებით, ხვრინვით ახსენებს თავს მაყურებელს. მარჯვნივ, სიღრმეში, შავი ხავერდის ფარდაჩამოფარებული კარის ჩარჩოა. სცენის თავზე ერთმანეთის საწინააღმდეგო მხარეს მიმართული გზის "მაჩვენებელი" ისრები კონწიალობს. მათ გვერდით ცირკისთვის ჩვეული აქსესუარებია: აკრობატული თოკის კიბე, რომელიც იატაკიდან საკმაოდ მოშორებით ჰაერშივეა გაწყვეტილი და რკინის ძელებს შორის გაჭიმული ბაგირი, მასზე მოსიარულეთათვის აგებული პატარა სადგომით. სცენის სიღრმე ნაცრისფერი ტილოთი არის დაფარული, რომელიც ისეა გაწყობილი, რომ სცენას შაპიტოს არენის ფორმას სძენს. ტილოს შუაში ამოჭრილი ხვრელი კი, არენაზე გამოსასვლელად გამოიყენება.

აკრობატული კიბით, ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ტანსაცმელში გამოწყობილი კლოუნის როლის შემსრულებელი მსახიობი ეშვება. მხარზე სპორტული ჩანთა ჰკიდია. პერსონაჟის სცენაზე ჩამოსვლისთანავე კიბე საწყის მდგომარეობას უბრუნდება. მსახიობი ჩანთას ხსნის და იქიდან ამოღებულ კლოუნის სამოსს იცვამს.

კლოუნი _ (მაყურებელს) მაპატიეთ გულახდილობა, მაგრამ მიკვირს სირცხვილით თვალებში როგორ მიყურებთ?! თუმც გიყიდიათ ბილეთი, პატიოსნად გადაგიხდიათ თეატრში შემოსვლისთვის დაწესებული თანხა და რბილ სავარძლებშიც კულტურულად სხედხართ, მაინც უნდა გისაყვედუროთ. გატყობთ, ვერ ხვდებით რაზე ვლაპარაკობ. აკი, მეც გიყურებთ თვალებში, ჰოდა, თვალებმა გაგყიდათ. ალბათ ფიქრობთ, _ რას მიედებ-მოედება ეს კაციო. ზოგიერთი, უკეთეს შემთხვევაში, როლის სპეციფიკურობით თუ ხსნით ჩემს ასეთ გამოხდომას. მაგრამ, არც ერთნი ხართ მართალნი და არც მეორენი. თუ შეიძლება ასე ითქვას, ეს ის შემთხვევაა, როცა მასხარა არ მასხრობს. ან კი რა მემასხრება... აგერ, ამ კიბეს ხომ ხედავთ? რა ხანია, რაც ყოველ დილით, მამალი დაყივლებას ვერ ასწრებს, რომ ფეხზე ვდგები, მოვდივარ მერე აქ და ზედ ვძვრები ხოლმე. ახლა, ალბათ იმასაც იკითხავთ _ რა უნდა, რომ დაძვრება ზემოთ-ქვემოთო. რა უნდა მინდოდეს, მაიმუნი ხომ არა ვარ, დილაადრიან თოკზე ძრომიალი მსიამოვნებდეს. მაგრამ, აბა ავტორს ჰკითხეთ?! - მიზანსცენის აგებაო, საინტერესო გადაწყვეტაო, ავანგარდული ხედვაო. ჩვენი ჯანმრთელობა კი სულ არ აღელვებს. ჰოდა, თქვენი რომ ვიყო, ავიღებდი და პროტესტის ნიშნად, ერთხელაც არ შემოვადგამდი ფეხს ამ დაწყევლილ სპექტაკლზე.
მაგრამ თქვენ ამას არ იზამთ, რადგან მისი თანამზრახველები ხართ და რაც უფრო მძაფრია სიუჟეტი, თუნდაც ჩვენი ჯანმრთელობის ხარჯზე, მით მეტ სიამოვნებას განიჭებთ იგი. (პაუზის შემდეგ) სულ მეშინია, სიძველისაგან გამხმარი ეს კიბე, ერთხელაც იქნება, ჩამოწყდება და ამ მტვრიან სცენაზე ამომხდება მარტოკას სული. (იდუმალი ხმით) სიზმრებს კარგა ხანია აღარ ვნახულობ. ბავშვობის მერე ერთიც არ მინახავს. წუხელ ღამით კი საშინელი რამ დამესიზმრა. ვითომ კიბე ვიღაცამ გადამიჭრა და ძირს ჩამოვვარდი. მიწაზე დაცემისგან ჩემი სხეული ცალკეულ ნაწილებად დაიშალა. ტკივილისაგან სიკვდილს ვნატრობდი, მაგრამ განგებამ, თითქოს დამცინაო, სიცოცხლე შემინარჩუნა. სისხლში ცურავდნენ და წურბელებივით იკლაკნებოდნენ ხელები. თითები მთვრალი კაცივით დალასლასებდნენ. თავის ქალას კი თმა ისე ერთიანად დასცვივდა, გეგონებოდათ, უხილავმა დალაქმა სამართებელით გადაუარაო. უცებ, სრულიად გარკვევით დავინახე ჩემი საკუთარი სული, რომელიც იქვე კუთხეში იდგა და თითქოს თვალებით მემშვიდობებოდა. რამოდენიმე ხანს ერთმანეთს შევცქეროდით. მერე, ზევით, ბაგირზე აიჭრა, არნახული ოსტატობით იშვიათი რამ ილეთი "სალტო მორტალე" შეასრულა და სამუდამოდ განშორდა იქაურობას. დაბლა კი სხეულის ნაწილები განთავისუფლებული ტვინის დიქტატისგან ვნებიანად ეხვეოდნენ ერთმანეთს და ასე ერთიმეორეში გადახლართულნი ბორგავდნენ. უეცრად სხეულის ერთ-ერთი ნაწილი, კერძოდ ხელი, ამოვარდა და დარბაზისკენ აი, ასე გაფრინდა. (მსახიობი ამ ეპიზოდისთვის საგანგებოდ მიმაგრებულ ბუტაფორიულ ხელს სხარტი მოძრაობით პარტერში მოისვრის. რის შემდეგაც, კოსტიუმის სახელოდან თავის, ამჯერად უკვე ნამდვილ ხელს გამოაძვრენს და ყველას დასანახად ფაკირივით აღმართავს). ჰა-ჰა-ჰა-ჰა-ჰა... ძალიან ხომ არ შეგეშინდათ, მძაფრი ემოციების მოყვარულო ბატონებო? არა? მაშ განვაგრძოთ! სხეულის ნაწილები უეცრად ერთმანეთს დასცილდნენ, მერე შეყვარებულებივით დაწყვილდნენ და ცეკვა გააჩაღეს. ჩემი თვალები იატაკზე დაგორავდნენ, ისინიც ცეკვავდნენ ალბათ, მაგრამ უცებ გაშმაგებულმა ფეხთა წყვილმა მათზე გასეირნება ინება და თვალების ადგილას ორი სველი წერტილი გაჩნდა. თითები როიალის კლავიშებზე აცვივდნენ და საკრავმაც, აი, ასე დაიგრგვინა (იგი როიალზე რამდენიმე ხმამაღალ აკორდს იღებს, რაზეც ინსტრუმენტის ქვეშ წამოწოლილი მამაკაცი თავზარდაცემულივით იღვიძებს).
პიანისტი _ რა მოხდა?.. რა ამბავია?.. 
კლოუნი _ (პიანისტის მოულოდნელმა გამოჩენამ ოდნავ დააბნია) თქვენ აქ ბრძანდებით? კი მაგრამ, მოხუცო, ამ გაყინულ იატაკზე რომ დაგიძინიათ, ავად გახდომის არ გეშინიათ? თუ გაცივდით, თქვენი ასაკის პატრონი, კიდევაც გაფშიკავთ ფეხებს. მერე ვინღა ჩაუსახავს მარტო დარჩენილ თქვენს მეუღლეს პატარა შვილიკოებს?
პიანისტი _ შენი ჭკუის სწავლება არა მჭირდება მე! და კიდევ, ერთხელ და სამუდამოდ დაიხსომე, მოხუცი აღარ მიწოდო! თმა რომ მაქვს თეთრი, ეგ არაფერს ნიშნავს. ძალ-ღონე არ მერჩის, თუ ჭკუა-გონება აღარ მიჭრის? შენისთანას ათს გავაკეთებ კიდევ.
კლოუნი _ ვფიქრობ, ძალიან გაგიჭირდებათ. ცოტა ადრე რომ გეფიქრათ, შეიძლება კიდევ შველოდა საქმეს... ისე კი, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. ათი ჩემისთანა, სწორედ რომ დიდი ნუგეში იქნება თქვენთვის სიბერის ჟამს. (მოუტრიალდება მაყურებელს) აქ მცირე განმარტებაა საჭირო. ეს მოხუცი ჩვენი პიანისტია. უნდა გამოგიტყდეთ, დიდი ახირებული და უცნაური ვინმეა. ამაში მგონი თავადაც დარწმუნდით. ამისი ცოლი ორმოცი წლის წინ გარდაიცვალა ოთხმოცი წლის ასაკში, მაგრამ, ამ ვაჟბატონის წყალობით, დღემდე არაა დამარხული, _ არ არის მკვდარი, მხოლოდ სძინავსო. სადღაც წაუკითხავს ლეთარგიული ძილის შესახებ და დაუჩემებია _ სწორედ ეგა სჭირს ჩემს ცოლსო. მეტსაც გეტყვით, შიმშილმა რომ არ შეაწუხოს, ასე ამბობს: ხელოვნურ კვებაზე მყავს გადაყვანილი, მაგრამ მგონი რაღაცამ აწყინა და იხრწნებაო. აბა, რა მოუვიდოდა უბედურს, ხუმრობა ხომ არაა, ორმოცი წელი დაუსაფლავებლად აგდია საკუთარ ლოგინში. ეს გამოპენტერებული კი... ათი შვილი უნდა გავაკეთოო. ღმერთმანი, მეტად რთული წარმოსადგენია, როგორ მოახერხებს. თუმცა, ამისგან ყველაფერს უნდა მოველოდეთ.
პიანისტი _ (იმ დროის განმავლობაში, რაც კლოუნი ლაპარაკობდა, იგი შესაშური მონდომებით ცდილობდა გაეგო მისი საუბრის შინაარსი და რამდენჯერმე მიაყურადა კიდეც, იქნებ ასე მაინც გავიგოო რამე). რასა ბჟუტურობ ე მანდ? ვინ იცის, რა უხამსობა აღარ უამბე ჩემს შესახებ ამ პატიოსან ხალხს. (მაყურებელს) არცერთი სიტყვა არ დაუჯეროთ ამ ცრუპენტელას. გითხრათ ალბათ სხვების დაწერილ მუსიკას თავისად ასაღებსო. ტყუილია ეგ. აგერ დავუკრავ ახლა და ნახავთ, რომ არცერთი არაა ჩემს გარეშე შექმნილი. (მიუჯდება როიალს. გაისმის ფორტეპიანოზე ვირტუოზულად შესრულებული ოცდაათიანი წლების რომელიღაც პოპულარული რეგტაიმი. ყველასთვის კარგად ნაცნობი ეს ძველი მელოდია, კაფეშანტებსა და  ღამის კაბარეებში გამეფებულ ატმოსფეროს უნდა მოგვაგონებდეს და იმ "უდარდელი" წარსულისადმი ერთგვარ ღიმილნარევ სევდას აღძრავდეს. მსახიობი დასაწყისში დაკვრის იმიტირებას ახდენს, შემდეგ ავანსცენაზე გამოდის, მუსიკა კი გრძელდება). სხვისი არ ვიცი და, მე კი, საკუთარი თავის ქება შავი ჭირივით მძულს. ეგეც არ იყოს, არც დრო გვაქვს ახლა ამდენი. ისე კი, რა დასამალია და, დედამიწის ზურგზე ვერ ნახავთ, სანთლითაც რომ ეძებოთ, ჩემზე ვირტუოზულად რეგტაიმის შემსრულებელს. ამიტომაა სწორედ, ყველა, მეტსახელად ბატონ რეგს რომ მიწოდებს. (მისი ლაპარაკის დროს კლოუნი ჩუმად, ფეხაკრეფით იპარება სცენიდან) ახალგაზრდობაში ხომ პიანისტთა არცერთი კონკურსი არ ჩატარებულა ისე, რამე ჯილდოთი რომ არ დავბრუნებულიყავი შინ. მახსოვს, ერთხელ თვით რომელიღაცა სახელმწიფოს რომელიღაცა მეთაურმა საკუთარი თავით დამშვენებული ოქროს მედალი დამკიდა. უფრო სწორად, მოოქრული ვერცხლისა. ეს მაშინ დავადგინე, როცა მედალი ლომბარდში მივიტანე. მიჭირდა იმხანად ძალიან, ცოლი ახალი დაძინებული მყავდა და სადილობა რესტორნებში მიხდებოდა. იქ კი, მოგეხსენებათ, ერთ პატარა საწებელამოსხმულ წიწილაში მთელი თვის ხელფასს გატოვებინებენ კაცს და აბა, როგორ გავწვდებოდი მარტო ჯამაგირით. ჰოდა, ვიფიქრე, მედალს ლომბარდში დავაგირავებ, ფულს მომცემენ და ცოტათი ამოვისუნთქებ-მეთქი. მაგრამ ნუ იტყვით და, ოქროსი მარტო იმ მეთაურის თავი არ აღმოჩნდა?! იმას კი გაუხმეს ის ოქროს თავი ჩემი ასე გაპამპულებისთვის. ვიცი, არ მეკადრება ას ოცი წლის კაცს ასე დედაბერივით წყევლა, მაგრამ, აბა, ჩემს მდგომარეობაშიც ჩადექით. ამ ხნის ადამიანს ერთი შვილიც არ მაღირსა ღმერთმა. თუმცა, ღმერთი რას გიშველის, როცა ცოლი გყავს ქაჯი. აკი ვეუბნებოდი შვილი დროულად გავაჩინოთ, თორემ რა იცი, რა გველის-მეთქი. მაგრამ გაგიგონიათ... შეაყარე კედელს ცერცვი... (ხმითა და ჟესტიკულაციით ცდილობს ცოლს მიბაძოს) _ ჩემს გვარში ყველა ქალი ოთხმოცი წლის შემდეგ იღებს ნაყოფს, მანამდე არცერთი დღით ადრეო. ვაცადე ბატონო, ოთხმოც წლამდე ხელიც არ დამიკარებია სხვანაირად, გაუფურჩქვნელი ვარდის კოკორსა ჰგავდა ოთხმოცი წლის დედაბერი. მერე როგორ გადამიხადა სამაგიერო?! ერთ მშვენიერ დღეს დაწვა და ჩემს ჯინაზე ისე მაგრად დაიძინა, დღემდე თვალიც არ გაუხელია. მეც კი მიყვარს ზოგჯერ თვალის მოტყუება, მაგრამ  ორმოცი წელი ვის გაუგია ლოგინში გორაობა... აღარ შემიძლია მეტი, გავთავდი კაცი. ასე არ შემაწუხებდა ეს ამბავი, ერთი შვილი მაინც რომ მყოლოდა, ერთი მაინც... (თვალზე ცრემლი მოადგება და ხმაც აუკანკალდება) მაგრამ იმედი როდი დამიკარგავს.  იოგებისგან გამიგონია, - ყოფილა შემთხვევები, როცა მძინარე მდგომარეობაშიც ჩასახულა ბავშვი. ასე რომ, მისურვეთ წარმატება. მერე ნახავთ თქვენ, ოთხ ხელში რომ შევასრულებთ რეგტაიმს... ოთხ ხელში (რეგტაიმი უფრო ხმამაღლა და მაჟორულად აჟღერდება, ახლა მას უკვე ოთხ ხელში ასრულებენ. მუსიკის ხმაზე ტილოს ხვრელიდან შაპიტოს დირექტორი გამოდის. მასთან ერთად კულისებიდან მომთვინიერებელი ქალი და ნიუფანდლენდი "რომეო" შემორბიან. ძაღლი მუსიკის ხმაზე ყმუილსა და ცეკვას იწყებს).
დირექტორი _ (ტაშის შემოკვრით ცდილობს პიანისტისა და ძაღლის "შეხმატკბილებული" დუეტის გაჩერებას) გეყოფათ! გეყოფათ-მეთქი! შენ მაინც რაღა დაგემართა, რეგ?! (მომთვინიერებელს) ძაღლი გააჩერე, ქალო! ამოდენა მხეცი ასე თავის ნებაზე რომ გყავს მიშვებული, ერთხელაც იქნება და გადაგვიჭამს მაყურებელს. ვიდრე გვიან არ არის, გირჩევნია გალიაში დაამწყვდიო, თორემ რამე უბედურება რომ მოხდეს, შენ თვითონ დაგამწყვდევენ მერე გალიაში.
მომთვინიერებელი ქალი _ მოთვინიერებულია, ბატონო დირექტორო (ძაღლი უკმაყოფილოდ უღრენს დირექტორს).
დირექტორი _ (შეეშინდება და უკან დაიხევს) ეგ შენთვისაა მარტო, ქალო, მოთვინიერებული. გააჩუმე ახლავე, თორემ გაგაგდებთ ორივეს და დაგტოვებთ ულუკმაპუროდ. მერე არც ტირილი გიშველით და არც კბილების ღრჭენა.
მომთვინიერებელი ქალი _ (ძაღლს თავზე ხელს გადაუსვამს. ძაღლი წყნარდება). ნუ გეშინიათ, კბენას, აბა, როგორ იკადრებს ასეთი ლამაზი, კარგი, ჯიშიანი ცუგო. ბუნებით სულ არ არის ავი, პირიქით, ალერსიანი და მგრძნობიარეა. ერთი-ორჯერ რომ მოუთათუნოთ, იცით, როგორ შეგიყვარებთ.
დირექტორი _ ჰმ, მაგ ბინძურს, ეგღა მაკლია ვეთათუნო.
მომთვინიერებელი ქალი _ რას ბრძანებთ, ბატონო დირექტორო. აბსოლუტურად სუფთაა, გუშინ ვიბანავეთ სწორედ. ერთი რწყილიც ვერ აღმოვუჩინე, ტკიპებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, პატარაობიდან მაგისი მსგავსი არა ჰყოლია-რა.
ნიუფაუნდლენდი "რომეო" _ (შეურაცხყოფილი და გაბრაზებული) ცუდი კაცის დედა ვატირე მე! (წელში გაჯგიმული, ამრეზილი სიფათით სტოვებს სცენას).
დირექტორი _ ხედავ, ეს შობელძაღლი მაგინებს კიდეც. არა, მაგ ძაღლის აქ გაჩერება აღარ შეიძლება. როდემდე უნდა ვითმინოთ ეს თავხედობა?! მორჩა, გათავდა, დღესვე დავწერ ბრძანებას მაგისი განთავისუფლების შესახებ. მაგ ძაღლის ბუნდღა აღარ იქნება აქ.
მომთვინიერებელი ქალი _ თქვენს ადგილას ასე არ მოვიქცეოდი, ბატონო დირექტორო.
დირექტორი _ ვითომ რატომაო?
მომთვინიერებელი ქალი _ ხომ იცით, რომ რომეო ჩვეულებრივი ძაღლი არაა და განსაკუთრებულ მოპყრობას იმსახურებს, მსოფლიოს ნებისმიერ ცირკში სიხარულით მიიღებდნენ და ხელის გულზეც ატარებდნენ. თქვენ კი, თავხედი ხარო, უკიჟინებთ და ლუკმას აყვედრით. არ მინდოდა ამისი თქმა, მაგრამ ახლა კი ვიტყვი: თქვენი ეგრეთ წოდებული შაპიტო ჩვენს გარეშე მარტოხელა ბებრუხანების თავშესაფრად თუ გამოდგებოდა. ჩვენ რომ არა, კარგახნის გაკოტრებულები იქნებოდით. მოგწონთ თუ არა თქვენ ეს, ხალხი აქ რომეოს სანახავად დადის. "მსოფლიოში ერთადერთი მოლაპარაკე ძაღლი"-ო, ქალაქი აფიშებით რომ ააჭრელეთ, მხოლოდ ამით გიდგათ პირში სული.
პიანისტი _ ენას კბილი დააჭირე, რას ბედავ თუ იცი?..
დირექტორი _ მართალი ყოფილა, რომ უთქვამთ: ქვა აღმართში დაეწევაო კაცს. ახია ჩემზე, სულელი ვარ, რომ ველოლიავები, ღამეებს რომ ვასწორებ ამათზე ფიქრში.
მომთვინიერებელი ქალი _ კახპა აისიდორასთან ერთად საწოლში რომ ნებივრობთ, მაშინ ხომ არ ფიქრობთ ჩვენზე?
დირექტორი _ ხმა ჩაიწყვიტე შე მართლა კახპა! არ ვიცოდეთ მაინც...
მომთვინიერებელი ქალი _ მე დასამალი არაფერი მაქვს, დაე, ყველამ იცოდეს... რომეოს ფრჩხილადაც არ ღირხართ არცერთი კაცი აქ.
დირექტორი _ გაეთრიე აქედან!
მომთვინიერებელი ქალი _ ვინ გაეთრევა, მაგასაც ვნახავთ (ამაყად სტოვებს სცენას).
დირექტორი _ ხედავ, რა ღვარძლით ყოფილა სავსე?
პიანისტი _ გველაძუაა ნამდვილი.
დირექტორი _ რატომ გაიგდო ენა ასე, იცი? ჰგონია, მაგის იქით გზა არა გვაქვს. ხომ გაიგონე რა ბრძანა, პირში სული რომეოს წყალობით გიდგათო.
პიანისტი _ რას უგდებ ყურს მაგ ძაღლის ნათრევს?
დირექტორი _ არაფერია, დღეიდან მორჩება მაგათი პარპაში.
პიანისტი _ სწორედაც დროა. აბა, როდემდე უნდა ვითმინოთ მაგათი კუდაბზიკობა? ტუჩებზე რძე არ შეშრობიათ და უკვე ამდენის უფლებას აძლევენ თავს. სად იყვნენ ეგენი, ჩვენ რომ ვარსკვლავებს ვწყვეტდით. ხომ გახსოვს, რა დრო იყო, ხალხი დარბაზში არ ეტეოდა, მტრედებივით ქანდარაზე ისხდნენ.
დირექტორი _ ახლა სხვა დროა, ჩემო რეგ, შენ რომ ამბობ, ის მაყურებელი ჩვენსავით დაბერდა ალბათ. ზოგი იქნებ ცოცხალიც აღარ არის (როიალიდან ფრთხილად იღებს გამხმარ მიხაკს). წლები ქვიშასავით თითებს შორის ისე გაგვეპარა, ჩვენი ოცნების სასახლის აგება ვერც კი მოვასწარით. რომ იცოდე, როგორ დავიღალე. ზოგჯერ მინდა ყველაფერს თავი დავანებო, სადმე მყუდრო სოფელში დავსახლდე და ყვავილები მოვაშენო (ყვავილი ხელებში შემოეფშვნება. წამით შეყოვნდება, შემდეგ კი, ხელებს ჩამოიბერტყავს. კულისებიდან შაპიტოს მსახიობები შემოდიან, მორიგი წარმოდგენის სამზადისში არიან. ჩუმად საუბრობენ).
I მსახიობი _ რატომ არ ვიწყებთ, რაღას ველოდებით?
II მსახიობი _ მოიცა, აქ რაღაც ამბავია.
დირექტორი _ (მსახიობებს) თქვენ რაღა გინდათ?
I მსახიობი _ არ ვიწყებთ, ბატონო დირექტორო?
დირექტორი _ წარმოდგენა არ იქნება... დღეს ყველანი თავისუფლები ხართ.
I მსახიობი _ რატომ, მოხდა რამე?
დირექტორი _ ეგ არაა თქვენი საქმე.
I მსახიობი _ რა ვქნათ, დავიშალოთ?
დირექტორი _ რაც გინდათ, ის ჰქენით.
II მსახიობი _ (გადაულაპარაკებს I-ს) აკი გითხარი, აქ რაღაც ამბავია-მეთქი.
I მსახიობი _ კისერიც უტეხიათ, რას დაეძებ, წამო გამოვიძინოთ მაინც ჩვენს ნებაზე.
II მსახიობი _ არა, სჯობს დავრჩეთ, ვნახოთ რა მოხდება. (მსახიობები სცენიდან გადიან).
პიანისტი _ (დაფიქრებული) წარმოდგენის ჩაშლა არ ივარგებს, ხალხი შეწუხებულა, ფული გადაუხდია.
დირექტორი _ მერედა, ვინ თქვა ჩაიშლებაო?
პიანისტი _ თავად არა თქვი, მსახიობებიც ხომ დაითხოვე.
დირექტორი _ შენ მაგის დარდი ნუ გაქვს.
პიანისტი _ ვერაფერი გამიგია...
დირექტორი _ თავის დროზე ყველაფერს გაიგებ.
პიანისტი _ რა უცნაურად მელაპარაკები?
დირექტორი _ თუ გინახავს, როგორ სჯიან ადამიანს სიკვდილით?
პიანისტი _ ღმერთმა დამიფაროს, სად უნდა მენახა?
დირექტორი _ ზოგ ქვეყანაში კანონი ჯერ კიდევ ითვალისწინებს მსგავს სასჯელს. ხომ გაგიგონია, რომ აცხადებენ: ამა და ამ ადამიანს, ამა და ამ დანაშაულისთვის სასჯელის უმაღლესი ზომა შეუფარდეს, სამართალმა იზეიმაო. არადა, რომ იცოდე, რა მარტივად და გასაგებად შეიძლებოდა იგივეს თქმა: იმ ადამიანს, თქვენ რომ იცნობდით, განაჩენი გამოუტანეს და დღეს, განთიადზე, თქვენ რომ გეძინათ, ტყვია დაახალეს კეფაში. აი, სიმართლე თუ გინდა, სწორედ ეს არის. გაშიშვლებული, ზიზილ-პიპილოების გარეშე.
პიანისტი _ არ მესმის, მე რატომ მეუბნები ყველაფერ ამას?
დირექტორი _ ახლობელ ადამიანად გთვლი. გონიერ და განათლებულ კაცად მიმაჩნიხარ. ცოტა გულჩვილი კი ხარ ზოგჯერ, მაგრამ ეგ შენი მიამიტობით მოგდის. პატარა ბავშვივით ჯერ კიდევ ზღაპრებისა გჯერა. ცხოვრება კი, წითელქუდას მგელზე ბევრად უფრო საშიში და დაუნდობელია, რეგ!
პიანისტი _ მერედა, რა გინდა მაგით თქვა?
დირექტორი _ მინდა, ცხოვრებას საღად შეხედო. კუკუმალულობანას დრო აღარა გვაქვს. სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ, გასაჭირი კარზე მოგვდგომია. ხვალ შეიძლება უმუშევარი დავრჩეთ, ქუჩის მაწანწალებად ვიქცეთ. რა წყალში გადავვარდე, აღარ ვიცი. ვის არ მივმართე, როგორ არ დავიმცირე თავი, ხელი არავინ გაგვიმართა. თქვენი ხელოვნება დღეს არავის სჭირდება, რა დროს ტაკიმასხარაობააო. არადა, უახლოეს ორ-სამ დღეში გადასახადი თუ ვერ დავფარეთ, სულ ნაწილ-ნაწილ გაგვიყიდიან ყველაფერს. გადასახადი კი იმდენი დაგვიგროვდა, წარმოდგენა მთელი თვე ანშლაგით რომ წავიდეს, მაინც სანახევროდაც ვერ დაფარავს.
პიანისტი _ რა ვქნა, რით დაგეხმარო, ხომ იცი, ბევრი არაფერი შემიძლია. თუ რამე შეღავათი იქნება, ერთი თვის ხელფასზე უარს ვიტყვი, როგორმე გავიტან თავს.
დირექტორი _ რას ამბობ, რეგ, ეგ რას გვიშველის.
პიანისტი _ აბა რა ვქნათ?
დირექტორი _ სხვა გამოსავალი არაა, თვალი უნდა დავხუჭოთ.
პიანისტი _ როგორ, უნდა დავიხოცოთ?
დირექტორი _ არა. მხოლოდ ერთ მკვლელობაზე უნდა დავხუჭოთ თვალი, მხოლოდ ერთ მკვლელობაზე.
პიანისტი _ რა მკვლელობა, რის მკვლელობა?!
დირექტორი _ დღეს ადამიანი უნდა მოკლან, რეგ. სახელმწიფო დამნაშავე, სიკვდილმისჯილი. გადაწყვეტილება უკვე მიიღეს. დასჯის ცერემონია სამაგალითოდ, ხალხის თვალწინ უნდა ჩატარდეს. ჩვენი შაპიტო ამისთვის ყველაზე შესაფერისი ადგილი აღმოჩნდა.
პიანისტი _ ღმერთო ჩემო, რა დროში ვცხოვრობთ.
დირექტორი _ ხომ გესმის, სახუმარო საქმე არაა. დიდი სიფრთხილე გვმართებს.
პიანისტი _ შენს ადგილას ასე არ ვენდობოდი მაგათ. თავისას გაინაღდებენ და პირში ჩალაგამოვლებულს დაგვტოვებენ.
დირექტორი _ მაგის დარდი ნუ გექნება, ყველაფერი გავითვალისწინე. კონტრაქტი შედგენილია, დიდ შეღავათს გვპირდებიან; გადასახადს ერთი-ორად შეგვიმცირებენ. ეგეც რომ არ იყოს, სანახაობაც კარგ შემოსავალს მოგვიტანს. მაყურებელი ბილეთებს პირდაპირ ხელიდან წაგვგლეჯს. მერე შეიძლება მომავალზეც ვიფიქროთ. თუ თვალის დახუჭვას ვისწავლით, ჩვენს თანამშრომლობას, იქნებ, სისტემატური ხასიათიც მივცეთ. დამნაშავეებს, აბა, რა გამოლევს ამქვეყნად.
პიანისტი _ ვინ არის  ის საცოდავი, ასე რომ გაუმეტებიათ?
დირექტორი _ ზუსტად არ ვიცი. წინასწარმეტყველი, სასწაულმოქმედი, თუ რაღაც ამის მსგავსიო. ჭკუას ურევს თურმე ხალხს, ქვეყნის მხსნელად მოაქვს თავი. მოკლედ, ნამდვილი შერეკილია.
პიანისტი _ საცოდავი, პატრონი არა ჰყოლია.
დირექტორი _ სამაგიეროდ, სახელმწიფომ არ დააკლო პატრონობა.
პიანისტი _ საცოდავი, რა ასაკისაა ნეტავ?
დირექტორი _ ეშმაკმა იცის მაგის ასაკი. ისე, ახალგაზრდა იქნება. ვერა ხედავ, სისხლი მაჭარივით უდუღს. აბა, კაცი ასაკში რომ შევა და დაღვინდება, ჭკუაც დაუჯდება ხოლმე. ისე შფოთიანიც აღარ არის მერე.
პიანისტი _ საცოდავი ეგ.
დირექტორი _ რა გენაღვლება, მაგის ცოდვა ჩვენ არ გვაწევს _ და... ხეირს კი ვნახავთ. ახლანდელ მაყურებელს სწორედ ამგვარი სანახაობა იზიდავს.
პიანისტი _ გული რაღაც ცუდს მიგრძნობს.
დირექტორი _ შენც ტვინით განსაჯე, გული ასეთ საქმეში ცუდი მრჩეველია.
პიანისტი _ იქნებ ცოტა მაინც გვეფიქრა.
დირექტორი _ რა დროს ფიქრია, საცაა მოვლენ კიდეც.
პიანისტი _ ასე გულის ფანცქალით ვის ელოდები?
დირექტორი _  ჯალათს!
პიანისტი _ ღმერთო ჩემო!
დირექტორი _ აგვიანებს რაღაც.
ჯალათი _ (დარბაზიდან) მე უკვე აქ ვარ! (დგება და სცენაზე ადის). კარგა ხანია, აქ ვარ, დარბაზში ვიჯექი და თქვენს ლაყბობას ვუსმენდი (აცემინებს, ეტყობა გაციებულია).
დირექტორი _ (შემცბარი მისი კილოთი) მაპატიეთ, მაგრამ...
ჯალათი _ ჩათვალე, რომ გაპატიე (ჯიბიდან დიდ, წითელ ცხვირსახოცს იღებს და ხმაურით იხოცავს ცხვირს). ეშმაკმა დალახვროს ეს ორპირი ქარები!.. კარგად დაიმახსოვრეთ, ის, ვისაც თქვენ საცოდავს უწოდებთ, ჩვენი უფროსის თქმით, უაღრესად საშიში ვინმეა. მისნაირები თუ დროზე არ მოვკვეთეთ, შესაძლოა, გარდაუვალი კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდეთ. ხომ გაგიგონიათ, ერთმა დამპალმა ვაშლმა საღი ვაშლებიც რომ დაალპო. ჰოდა, სწორედ ეგრე ყოფილა საქმე. თქვენ კი დამდგარხართ აქ, ამ საქმისა არა გაგეგებათ-რა და ლამისაა ის ლაწირაკი წმინდანად შერაცხოთ.
დირექტორი _ არც მიფიქრია.
პიანისტი _ ღმერთმანი, რაღაც გეშლებათ, პატივცემულო.
ჯალათი _ (პიანისტს) შენ რა, მორწმუნე ხომ არა ხარ?
პიანისტი _ საიდან მოიტანეთ?..
ჯალათი _ გეტყობა ლაპარაკზე. წინადადებას არ იტყვი ისე, ღმერთი რომ არ ახსენო.
პიანისტი _ ეს ისე, სიტყვის მასალად... თქვენ თუ გნებავთ, სულაც აღარ ვახსენებ ამას იქით.
ჯალათი _ ახსენე რა, მე რა მენაღვლება. თუ გინდა, ეშმაკიც ზედ დააყოლე. სულ ცალ ფეხზე მკიდია. შენი ღმერთი რომ არსებობდეს, ასე გაგაწბილებდა ბებერს და უშვილოდ დაგტოვებდა. მაგისთვის ხომ სულ იოლია ერთი შვილი ჩაუსახოს შენს ბებრუცუნას. აკი, ის ებრაელი აბრამიც შენისთანა ბეხრეკი იყო, ბიჭი რომ შეეძინა. შენ კი, ხედავ, როგორ დაგჩაგრა. ღმერთმაც მიგატოვა ამ სიბერეში. მაგრამ ნუ გეშინია... მე ხომ აქ ვარ. აგერ ამ საქმეს მოვათავებ და შენს ცოლს ისეთ ბიჭს გავაგორებინებ, იქნებ სულ ყვერებს მიკოცნიდე.
პიანისტი _ მაგის თქმას როგორ კადრულობთ, პატივცემულო...
ჯალათი _ შენ რა, აბა, ადამიანი ადამიანისთვის მართლა მგელი ხომ არ გეგონა?! (პიანისტი პასუხის გაცემას დააპირებს, მაგრამ მხოლოდ ხელს ჩაიქნევს და გამწარებული გავარდება სცენიდან).
ჯალათი _ (სიცილით) კუდამოძუებული არ გავარდა?!  არ მიყვარს მაგისთანები.
დირექტორი _ დაღლილი იქნებით, თუ გვიკადრებთ, ახლავე გავცემ განკარგულებას ჩემს კაბინეტში სუფრა გაგვიწყონ.
ჯალათი _ ურიგო არ იქნებოდა, მართლაც მგელივით დავიმშიე.
დირექტორი _ გთხოვთ, წამობრძანდით! (ნაჭერში გაკეთებული ხვრელით სცენიდან გადიან. სცენას ვარდისფერი შუქი მოეფინება. კულისებიდან უცნობის ხმა ისმის).
უცნობი კაცი _ ეჰეი, ვინმე არის აქ?! სულიერი არის აქ ვინმე?! (შემოდის სცენაზე, დაბნეული იყურება. მოულოდნელად, სცენის სიღრმეში მდგარი კარის ჩარჩოდან ფარდა მაღლა იწევს და კარის ზემოთ იკეცება. კარის შავ ჩარჩოში ფოტოსურათივით ჩნდება ინვალიდის ეტლში მჯდომი მოხუცი მოცეკვავე ქალი კარმენი, რომელიც კანფეტებს მიირთმევს.)
კარმენი _ რატომ ყვირით, გეთაყვა, ტყეში ხომ არა ხართ?
უცნობი კაცი _ მაპატიეთ, გზა ამებნა. აქედან გასასვლელი ვერ მიპოვნია. რა ხანია ასე დავბორიალებ და სულ უშედეგოდ. ეს რა უბედური ადგილი ყოფილა. კიდევ კარგი, თქვენ მაინც გნახეთ. ხომ მიმასწავლით გზას?
კარმენი _ კანფეტები თუ გიყვართ? (ეტლით უცნობთან მიგორდება). ისე, სხვათა შორის, ეს შოკოლადის კანფეტები გონებისთვის ყოფილა ძალიან სასარგებლო. თქვენი არ ვიცი და მე კი სიამოვნებით გეახლებით კიდევ ერთ ცალს (უცნობი ნერწყვმორეული შესცქერის). როგორა თქვით, უბედური ადგილიო? თქვენ იცით, რა ბედნიერი ადგილი იყო ეს ერთ დროს?.. სულ პენსნეებით დადიოდნენ ჩემს საყურებლად. კარმენი! არაფერს გეუბნებათ ეს სახელი? კარმენი, ჩემი არტისტული ფსევდონიმი! თუმცა, თქვენ აბა რა გეხსომებათ, მაშინ პატარა იქნებოდით. ახლა კი... დილაობით თვალის გახელა აღარ მინდა. მეშინია სიზმარი ცხადში გავცვალო, მენანება.
უცნობი _ მესმის თქვენი.
კარმენი _ ვითომ?..
უცნობი _ უკაცრავად, მე მხოლოდ აქედან გასასვლელს ვეძებ.
კარმენი _ ყველანი საიდანღაც ვეძებთ გასასვლელს. აი თქვენ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხართ, ჩემთან შედარებით სულ მთლად ყმაწვილი. მთელი ცხოვრება წინა გაქვთ; როგორც იტყვიან, - სიცოცხლის ტკბილი კოქტეილი სანახევროდაც არ შეგისვამთ. თქვენს თვალებში კი სიხარული არ კრთის (ექოსავით იმეორებს) არ კრთის...
უცნობი _ მაპატიეთ, მეჩქარება (გასვლას დააპირებს).
კარმენი _ შეიცადეთ, წასვლას ყოველთვის მოასწრებთ. თქვენთვის ხომ ეს ისე იოლია... (ჩამოვარდება უხერხული სიჩუმე).
უცნობი _ თქვენ... თქვენ აქ მუშაობთ?
კარმენი _ მე აქ ვმუშაობ... მე აქ ვმუშაობ...
უცნობი _ (დაბნეული) მაპატიეთ, არ მინდოდა თქვენი წყენა.
კარმენი _ არა, თქვენ არაფერ შუაში ხართ. ზოგჯერ მემართება ასე. თავისებური განტვირთვასავითაა. სამაგიეროდ, მერე კიდევ უფრო მიმძიმს. აი, ხომ ხედავთ ახლაც... მეტირება. მაგრამ, თქვენ ამას ყურადღებას ნუ მიაქცევთ. მე მხოლოდ საკუთარ თავს დავტირი. სხვა არავინა მყავს დამტირებელი.
უცნობი _ არც კი ვიცი, როგორ განუგეშოთ... ამას წინათ, სამსახურიდან რომ დამითხოვეს, თქვენსავით ვიყავი, საკუთარ ნაჭუჭში ჩავიკეტე. მეგონა ცხოვრებას დავემალებოდი. მაგრამ, მერე მივხვდი, ადამიანს არა აქვს უფლება თავი ცოცხლად დაიმარხოს, რადგან ამქვეყნად არსებობისთვის ძალიან ცოტა დრო აქვს მიცემული. დრო კი, შინაური ექიმივით, მართლაც, ყველაფერს ჰკურნავს თურმე. მეც ყველაფერი დავივიწყე და, იცით, მომავალს ახლა უფრო იმედიანად ვუყურებ. მჯერა, ოდესმე ღმერთი მეც გადმომხედავს.
კარმენი _ ღმერთი, ჩემო კეთილო, ისე შორსაა ჩვენგან... თანაც ისე დაბერდა, ალბათ თვალთაც დააკლდებოდა. განა, ჩვენ ვამჩნევთ ჭიანჭველებს, როცა სიარულისას ფეხით ვსრესთ ხოლმე. მაშ, რატომ ხართ ასე დარწმუნებული, რომ ჩვენ შეგვამჩნევენ.
უცნობი _ არა, თქვენ არ იცით...
კარმენი _ მე მხოლოდ ის ვიცი, რომ აქ აღარავის ვჭირდები, გაცვეთილი პუანტებივით მომისროლეს. ამდენ ხანს მხოლოდ ჩემი წარსულის გამო მიტანენ. სამუზეუმო ექსპონატივით მინახავენ (ირონიულად) კანფეტებით მიმასპინძლდებიან. აი, ისეთით, გონებისთვის რომაა სასარგებლო. თქვენ კი ამბობთ, დრო ყველაფერს ჰკურნავს შინაური ექიმივითო. შინაური ექიმი კი არა, ნამდვილი მესაფლავეა, ნამდვილი მესაფლავე... თხრის და თხრის... თხრის და თხრის... თხრის და თხრის...
უცნობი _ გაჩუმდით, გემუდარებით, გაჩუმდით!
კარმენი _ როგორ დაგემანჭათ სახე... ეტყობა, როგორც იქნა თქვენც მიხვდით რაღაცას (ხელს უცნობის სახისკენ გაიწვდის, ნაზად შეეხება) ლამაზი სახე გაქვთ, გაუფრთხილდით.
უცნობი _ (მოხუცის ხელს უხეშად მოიშორებს) არა, თქვენ არაფერი იცით... არაფერი იცით...
კარმენი _ არ მინდოდა თქვენთვის გულის ტკენა. უცნაურია, რატომღაც სიმპათიით განვეწყვე თქვენდამი. თითქოს დიდი ხნის მეგობარი იყოთ, ისე გენდობით (ეშმაკური ღიმილით). ვალსის ცეკვა თუ იცით?
უცნობი _ ვალსის?
კარმენი _ ჰო, ვალსის.
უცნობი _ ერთ დროს ვცეკვავდი.
კარმენი _ ძალიან კარგი. მომიახლოვდით. (უცნობი ფრთხილად მიუახლოვდება). მომეცით ხელი, ამაყენეთ ამ წყეული სკამიდან. გთხოვთ...
უცნობი _ (ხელს შეაშველებს) ასე კარგია?
კარმენი _ მშვენიერია (უცნობს კისერზე მოხვევს ხელებს). აი ასე. აბა, დავიწყოთ. (ისმის  ვალსის მოტივი). მთავარია მუსიკას უსმინეთ და ყველაფერი გამოგვივა. აი ასე. ხომ გაგახსენდათ?  ნაბიჯი წინ,  ნაბიჯი უკან,  ნაბიჯი წინ,  ნაბიჯი უკან...
უცნობი _ (სახეგაბადრული) სულ ეს არის?
კარმენი _ სულ ეს არის, სულ ეს არის...
უცნობი _  ნაბიჯი წინ...
კარმენი _  ნაბიჯი უკან.
უცნობი _  ნაბიჯი წინ...
კარმენი _  ნაბიჯი უკან. თქვენი დახმარება მჭირდება.
უცნობი _ ბრძანეთ.
კარმენი _ (უბიდან დანას იღებს) თქვენ მას მოკლავთ!
უცნობი _ ( მოულოდნელობისგან გაშეშდება) ვის?
კარმენი _ დირექტორს! (დანას შეაჩეჩებს ხელში). ეს სულ იოლია. მთავარია, დრო შეარჩიოთ სწორად. ჩაუსაფრდებით და დანას შიგ გულში ჩასცემთ... ჩასცემთ... (სცენაზე მომთვინიერებელი ქალი და ნიუფაუნდლენდი "რომეო" შემოცვივდებიან. ძალზე აღგზნებულები ჩანან, ირგვლივ ვერავის ამჩნევენ. როიალის ქვეშ შეძვრებიან და ვნებიანად ეალერსებიან ერთმანეთს).
უცნობი _ (გაოგნებული) აქედან როგორ გავიდე!
(მოხუცი მოცეკვავე სადღაც შორს, სივრცეში იცქირება და მის შეკითხვას ვერც კი იგებს. უცნობი კულისებისკენ გაიწევს, სადაც სცენაზე სწორედ ამ დროს შემოსულ კლოუნს შეეფეთება). აქედან როგორ გავაღწიო?!
კლოუნი _ (ხელში დაკეცილი ქოლგა უკავია, რომლის წვერითაც სცენის თავზე ჩამოკონწიალებულ ისრებზე მიანიშნებს). აგერ, ამ ისრებს გაჰყევით. (უცნობი, დანით ხელში, გავარდება სცენიდან. კლოუნი როიალიდან რამდენიმე გამხმარ მიხაკს აიღებს და შორეულ სივრცეს კვლავინდებურად მიშტერებულ კარმენს მიართმევს. შემდეგ, მას ინვალიდთა ეტლში ჩასვამს და კულისებისკენ გააგორებს. მიუტრიალდება მომთვინიერებელსა და "რომეოს") ნუთუ არ შეგიძლიათ ეგ თქვენი სექსუალური ჟინი სადმე სხვაგან დაიოკოთ?!
მომთვინიერებელი ქალი _ (ლაპარაკი უჭირს. სიტყვებს შეყოვნებით, თითქოს სლოკინით წარმოთქვამს) რა განსხვავებაა... რა განსხვავებაა სად დავიოკებთ...
კლოუნი _ ის განსხვავებაა, ჩემო ძვირფასო, რომ აქ ცირკია და არა ბორდელი. მაყურებლისა მაინც შეგრცხვეთ.
მომთვინიერებელი ქალი _ (მოუწყვეტლივ) მაყურებელი... მაყურებელი... ვერა ხედავ, რა ინტერესით გვიყურებენ... როგორ ურცხვად განაბულან. მაგ მორალის კითხვას გირჩევნია, შენც შემოძვერი და ერთად ვისიამოვნოთ.
კლოუნი _ არასოდეს!
ნიუფაუნდლენდი რომეო  (თავს წამოჰყოფს) იმპოტენცია მაც პორიადკა. . .…
(გაისმის ძლიერი ჭექა-ქუხილი, თითქოს ცა გაიხაო. უცებ ჩამოღამდება. დაუშვებს თავსხმა წვიმა. მომთვინიერებელი და "რომეო" თავს გაქცევით შველიან. სცენაზე მარტო დარჩენილი კლოუნი ქოლგას გაშლის. ელოდება. ხმაურით იღება ფოიედან დარბაზში შემოსასვლელი კარი. ორ აგენტს ხელებგაკავებული სიკვდილმისჯილი შემოჰყავთ. სწრაფად გამოივლიან დარბაზს, სცენას გადაკვეთენ და ნაჭერში ამოჭრილი ხვრელით გადიან. კლოუნი კი კვლავ დგას გაშლილი ქოლგით).

პირველი განყოფილების დასასრული


ანტრაქტის დროს

ჩვენს წარმოდგენას ანტრაქტი, ამ სიტყვის ჩვეული გაგებით, არა აქვს. ანტრაქტი აქ უშუალოდ წარმოდგენის გაგრძელებაა და, შეიძლება ითქვას, თავადაა პატარა სპექტაკლი, რომელიც ისევე უნდა იყოს დატვირთული სანახაობრივად, როგორც სცენაზე გათამაშებული ამბავი. თეატრმა ამისთვის, შეიძლება, წარმოდგენის წინ ფოიეში შესრულებული იმპროვიზებული სახუმარო მუსიკალური ნომერი გაიხსენოს, რომელიც მაყურებელს, გამხიარულებასთან ერთად, სპექტაკლის ფაბულას, შეფარულად, ხუმრობისა და თამაშის ფორმით გაუმხელს. ასევე, შესაძლებელია, "შაპიტოს მეფოკუსემ" ყველას თვალწინ თავისი იდუმალი ხელობის დემონსტრირება მოახდინოს და განსაკუთრებით დაინტერესებულებს თითო "ჯადოსნური" მიხაკიც უსახსოვროს.
ამასთან, არც ის მაყურებლები უნდა დაგვრჩნენ უყურადღებოდ, რომელთათვისაც თეატრი ბუფეტით იწყება _ მათ უფასოდ დაურიგდება პურის ნაჭერი თევზით (იმედია, თეატრის ბიუჯეტი ამას გაუძლებს).

მეორე განყოფილება

(მეორე განყოფილების მიმდინარეობისას დროგამოშვებით ისმის წვიმის ხმა)

მესამე ზარი ანტრაქტის დამთავრებას გვამცნობს. მაყურებლები ნელ-ნელა ტოვებენ ფოიესა და თეატრის "ფეშენებელურ რესტორან-ბუფეტს" და თავიანთ რბილ სავარძლებს უბრუნდებიან. ფარდა დახურულია. მის გახსნას რატომღაც არავინ ჩქარობს. როგორც წესი, ასეთ დროს, მაყურებლები მოუთმენლობას ტაშით გამოხატავენ ხოლმე. ჩვენს შემთხვევაში მაყურებლის რეაქციის საპასუხოდ, მოულოდნელად ფარდიდან თავს გამოჰყოფს კლოუნი და გამოჯავრებით ტაშითვე პასუხობს დარბაზს, რის შემდეგაც ასევე მოულოდნელად გაუჩინარდება. სცენიდან ჩუმად შემოიჭრება ფორტეპიანოს ხმა. თანდათან გამოიკვეთება ჩვენთვის პირველი განყოფილებიდან უკვე ნაცნობი რეგტაიმის მოტივი, რომელსაც მხიარული და მაჟორული ჟღერადობის ნაცვლად, ამჯერად მწუხარე და მონოტონური ელფერი დაჰკრავს. როგორც ჩანს, პიანისტი ახლა მას ბევრად უფრო უხალისოდ ასრულებს.
იხსნება ფარდა. დეკორაცია უცვლელია. ფორტეპიანოსთან ზის მოხუცი "რეგი", რომელიც, მართლაც, ისე უხალისოდ უკრავს, თითქოს მხოლოდ მოვალეობას ასრულებდეს. დროდადრო დაკვრას წყვეტს და იქვე, იატაკზე მდგარი არყის ბოთლიდან სასმელს ყლურწავს. შორიახლოს, საქმიანი იერით დირექტორი დააბიჯებს, თან წარამარა ზევით იყურება.

დირექტორი _ (მოთმინებადაკარგული ასძახებს) ხომ არ დაგეძინათ?! რაღას აყოვნებთ, ჩამოუშვით! (განკარგულება სრულდება. სცენაზე ჭრიალ-ჭრიალით ეშვება მსხვილ ჯაჭვებზე დამაგრებული სხვადასხვა ფერის ნათურებით მორთული აბრა, წარწერით _ შაპიტო). ფრთხილად დაუშვით, ფრთხილად-მეთქი, ბრიყვებო, ბებიათქვენის ნიფხავს ხომ არ კიდებთ (აბრა ავანსცენის თავზე ჩამოეკიდება). კარგად დაამაგრეთ. არაფერი დააკლოთ, ხომ ხედავთ რამსიმძიმეა, თუ ჩამოვარდა გაგვსრესს კიდეც. აბა, თქვენ იცით, ბიჭებო! თვალის ჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ. დღეიდან ეს აბრა ჩვენი სავიზიტო ბარათი ხდება მთელს მსოფლიოში (მოუტრიალდება დარბაზს. თითქოს ნიღაბი ჩამოეცალაო. შეცვლილი იერითა და ხმით). არა, მეტი აღარ შემიძლია, მეტი აღარ შემიძლია... სულ უკან დამყვება. ვერსად გავექეცი... ვერსად დავემალე... ნუთუ, თქვენ ვერა გრძნობთ ამ საზიზღარ სუნს. თითქოს საფლავებიდან გახრწნილი გვამები წამოდგნენ და დაეხეტებიან მზეზე, სული მეხუთება... ვიხრჩობი... (პიანისტი სწორედ ამ დროს ჩაბერავს ბოთლს. ბოთლი გემის საყვირის მაგვარ ხმას გამოსცემს, ისეთს, გემის ჩაძირვისას რომ გაისმის ხოლმე. ამის გაგონებაზე დირექტორი სწრაფად მოეგება გონს. საქმიანად შემოჰკრავს ტაშს). აბა ერთი, ნათურებიც გავსინჯოთ (აბრაზე ნათურები აინთება). ჩინებულია... რას იტყვი, რეგ, როგორია?
პიანისტი _ (ირონიაშეფარული სიბრალულით) რა გითხრა, მზესავით კი ბდღვრიალებს, მაგრამ მზე მაინც არაა.
დირექტორი _ მთავარია, ჯიბეები გაგვითბოს და თუ გინდა, ჯოჯოხეთის მუგუზალი იყოს. (გაღიზიანებული ასძახებს) რას დაგიღიათ პირი!.. სინათლეს უფასოდ კი არ გვაძლევენ. გამორთეთ ნათურები. ასწიეთ აბრა ზევით (განკარგულება უმალ სრულდება. დირექტორი ჯიბიდან დაკეცილ ფურცელს ამოიღებს, სათუთად გაშლის როიალზე და კმაყოფილი დასცქერის). ერთი ხელის მოწერა და ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს.
პიანისტი _ (დაკვრას წყვეტს. ხელებს არყით დაიზელს) ეს წვიმა ბოლოს მომიღებს.
დირექტორი _ (კვლავ ფურცელს დასცქერის) ცხოვრებაში მთავარია ერთხელ გაგიმართლოს და მერე, ყველაფერი მძივივით აეწყობა...
პიანისტი _ ეს წვიმა ბოლოს მომიღებს...
დირექტორი _ მთავარია ერთხელ შეგამჩნიონ... საჭირო გახდე... მერე კი, შენს ბედნიერებას მაგრად უნდა ჩაებღაუჭო, ციცინათელასავით მუჭში მოიმწყვდიო, რომ არ გაგიფრინდეს.
პიანისტი _ (ტკივილისგან ხელებს მომუჭავს) ღმერთო, რა აუტანელი ტკივილია, თითქოს მატლები მიხრავენ ძვლებს (კულისებიდან მგლის ყმუილის მსგავსი შემზარავი ხმა შემოაღწევს, რომელსაც შემდგომ შორეული ჭექა-ქუხილის ხმა გადაფარავს. დირექტორი ფურცელს სასწრაფოდ ჩაიდებს ჯიბეში).
დირექტორი _ (თავისთვის) ისევ ბატკნები ელანდება, ძილშიც კი ვერ ისვენებს. (პიანისტს) შენ რა, ისევ რევმატიზმი გაწუხებს?
პიანისტი _ ჰო, როცა ამინდი ფუჭდება, სახსრები მამტვრევს. საინტერესოა, ბატონ ჯალათს თუ აწუხებს რევმატიზმი (სიცილს ვერ იკავებს). ო, რა სანახავი იქნებოდა... არა, შენ მხოლოდ წარმოიდგინე, _ რევმატიზმით დაავადებული ჯალათი!.. ხელისუფლების სწორუპოვარი დედაბოძი ტკივილისგან გამხმარი ტოტივით მოიკრუნჩხებოდა. ხელისუფლება... ჰა-ჰა-ჰა... ბებერ კაციჭამიას კბილები დასცვენია, ლუკმებს დაუღეჭავად სანსლავს... ჰა-ჰა-ჰა! იქნებ ეგ შენი ჯალათი ადამიანი არცაა და მართლმსაჯულების სამსახურში ჩამდგარი მაქციაა. ცხადში ადამიანის სახეს იღებს, ძილში კი, მაგ მგელს, ბატკნები ელანდება.
დირექტორი _ (შეშინებული, ჩურჩულით) რამ გადაგრია. ხომ არ შეიშალე?!
პიანისტი _ როგორ გეშინია, შიშისგან ხმაც კი ჩაგიწყდა. აი, მე კი არაფრის არ მეშინია, (ყვირის) არ მეშინია... არ მეშინია...
დირექტორი _ ხმა ჩაიწყვიტე, სულელო ბებერო!
პიანისტი _ (აქვითინდება) არ შემიძლია, არ შემიძლია, არ შემიძლია...
დირექტორი _ (ოდნავ მოლბება) კარგი, დაწყნარდი. ყველას ნერვები გვაქვს მოშლილი, მაგრამ ასე გადარევაც არ შეიძლება.
პიანისტი _ ...არ შემიძლია, არ შემიძლია... (მიმართავს მაყურებელს) რა ვქნა, მართლა არ შემიძლია. მე კი გავძლებდი, როგორმე გავიტანდი თავს, მაგრამ ცოლი რომ მყავს მისახედი? აქედან რომ გამაგდონ, თქვენ შეინახავთ ჩემს ოჯახს? მერე საცაა ბავშვი უნდა შეგვეძინოს, კვება ხომ უნდა პატარას, დედამისის იმედი სულ არ მაქვს. ვიცი, მთლიანად ჩემს კისერზე იქნება მისი მოვლა-პატრონობა. რძეს რომ მომთხოვს, საიდან გავუჩინო. ქალი ხომ არა ვარ, ძუძუ მოვაწოვო. უფულოდ კი ერთ წვეთსაც არავინ მომცემს. ბავშვი უჭმელი მომიკვდება (გახედავს დირექტორს, ისევ ქვითინით). არ შემიძლია, არ შემიძლია, არ შემიძლია...
დირექტორი _ გეყოფა ახლა, ბავშვი ხომ არ ხარ, რა გატირებს.
პიანისტი _ (ჩაფიქრებული) იქნებ სწორედ ის მატირებს, ბავშვი რომ აღარა ვარ... შეგიძლია იამაყო, შენ გაიმარჯვე. ზღაპრებისა აღარა სჯერა მოხუც რეგს. (გიჟივით მივარდება დირექტორს, საყელოში სწვდება) მკვლელო... მკვლელო... (დირექტორი სილას გაარტყამს. პიანისტი დაეცემა).
პიანისტი _ (ფილოსოფიური სიმშვიდით) საინტერესოა, რატომ არ მიფრინავენ პეპლები თბილ ქვეყნებში...
დირექტორი _ გინდა წყალი მოგიტანო?
პიანისტი _ ნუ გეშინია, ყველაფერი რიგზეა. წადი ახლა და ხელები დაიბანე.
დირექტორი _ რატომ მექცევი ასე?
პიანისტი _ თუ არ იცელქებ, ჩემო ბიჭუნავ, და ჭკუით იქნები, ძია ჯალათი თავის ყვერებს გაჩვენებს.
დირექტორი _ უსამართლოდ მექცევი, რეგ, მარტო ჩემთვის ხომ არ ვზრუნავ. შენ რა, გგონია სიამოვნებას მანიჭებს იმ საცოდავის მკვლელობა?
პიანისტი _ იცი, რატომ არ მიფრინავენ პეპლები თბილ ქვეყნებში?  ვებრალებით!

(კულისებიდან კვლავ შემოაღწევს მგლის ყმუილის მსგავსი ის შემზარავი ხმა, ადრე რომ გაისმა. ამ ხმის გაგონებაზე დირექტორი სასწრაფოდ გავა სცენიდან. პიანისტი მას სიბრალულით აღსავსე მზერას გააყოლებს. შემდეგ, არყის ბოთლს მოიყუდებს და სასმელს ბოლომდე ჩაცლის. სცენაზე კლოუნი შემოდის).

კლოუნი _ მარტო ხართ?
პიანისტი _ (სასმელი თანდათან მოეკიდება) ყველანი მარტო ვართ!
კლოუნი _ (უბიდან ქაღალდში გახვეულ თევზის ბუტერბროდს ამოიღებს, სწორედ ისეთს, ადრე მაყურებელს რომ დაურიგდა უფასოდ). მაქვს პატივი, ეს მცირედი ძღვენი გადმოგცეთ.
პიანისტი _ (ბუტერბროდს დასცქერის) ეს რა ჯანდაბაა...
კლოუნი _ ჯანდაბა კი არა, თქვენთვის განკუთვნილი ჯილდოა. ასე ვთქვათ, დამსახურებული ულუფა ღვაწლმოსილი არტისტისათვის.
პიანისტი _ (ბუტერბროდს შეექცევა) ნეტა ვიცოდე, შენ ვინ დაგნიშნა ჩემს მოახლედ.
კლოუნი _ ცხოვრებამ, ახალგაზრდავ, ცხოვრებამ...
პიანისტი _ (ლუკმა ყელში გაეჩხირება) გჰჰ... გჰჰ...
კლოუნი _ (ზურგზე ხელის დარტყმით) აბა, რა გეგონათ, გემრიელი ლუკმა ასე იოლად შეგრჩებოდათ?..
პიანისტი _ გჰჰ, გჰჰ...
კლოუნი _ ასე სახალხოდ პირის ჩატკბარუნება... გინდა არ გინდა, ყელზე დაგადგება კაცს.
პიანისტი _ გჰჰ, გჰჰ...
კლოუნი _ ღირს კი ეს ერთი ლუკმა იმად, რომ მერე მთელი ცხოვრება ასე ძაღლივით იყეფო? (პიანისტი დუჟმორეული, ცოფიანი ძაღლივით ყელში ეცემა კლოუნს და ცდილობს დაახრჩოს. კლოუნი დიდი გაჭირვებით განთავისუფლდება მისგან. ნატკენ ყელს ხელით მოისინჯავს). გჰჰ, გჰჰ... რა ეშმაკი გეტაკათ! გჰჰ... კინაღამ სული ამომხადეთ! (ცარიელ ბოთლს შეამჩნევს) აი, თურმე რაშია საქმე, მთვრალი ყოფილხართ. არცა გრცხვენიათ, ამ სიბერეში გალოთდით, ხალხს ახრჩობთ. (პიანისტი გამომწვევად იცინის) იცინით არა?! იქნებ ცოლიც როცა დაახრჩეთ, ასე იცინოდით...
პიანისტი _ (სახის გამომეტყველება მკვეთრად ეცვლება) რა სთქვი? გაიმეორე!
კლოუნი _ დიახ, დაახრჩეთ! თქვენ დაახრჩეთ აი მაგ ხელებით! როცა მიხვდით, შვილი არასდროს გეყოლებოდათ, დათვერით და ყელში ეცით მძინარე ქალს. საწყალმა წამებაში დალია სული. მერე კი, ვითომც არაფერი მომხდარიყოს, განაცხადეთ, საღათას ძილით დაიძინაო. უნამუსოდ ადანაშაულებდით, არაკოლეგიალურად მომექცა, უშვილოდ დამტოვაო...
პიანისტი _ გაჩუმდი!
კლოუნი _ ვითომ არ იცოდით, რომ შვილი ვერც გეყოლებოდათ, რადგან ბერწი იყავით.
პიანისტი _ ვაიმე, მიშველეთ (გულწასული დაეცემა იატაკზე).
კლოუნი _ (პიანისტს ზემოდან დახედავს. შემდეგ მაყურებელს მოუტრიალდება). სუსტი ნერვები ჰქონია! (სიცილით ტოვებს სცენას).

(ხმაურზე დირექტორი შემოვარდება. იატაკზე გაშხლართულ პიანისტს რომ დაინახავს, მივარდება და სილის გაწნით მის გონზე მოყვანას ცდილობს).

კარმენი _ (თავისი ეტლით სცენაზე სწორედ მაშინ შემოგორდება, როცა დირექტორი პიანისტს მორიგ სილას აწნის). სცემ არა, მოხუცს მოერიე!.. ვერაგულად დაათვრე, ახლა კი, დაუძლურებულს მიადექი, სული გინდა ამოხადო. არამზადავ! სხვა რა შეგიძლია ამის მეტი! გეგონა, მუხლებზე დაგვაჩოქებდი, შენს ლაქიებად გვაქცევდი? ვერ მოგართვით.
დირექტორი _ (მის ლაპარაკს ყურადღებას არ აქცევს, ცდილობს პიანისტის გონზე მოყვანას, მაგრამ ამას, საკმაოდ დილეტანტურად აკეთებს). წყალი, წყალი...
კარმენი _ წყალი შენდა, ღვთის ცეცხლი. ყველა მონებად გინდა გყავდეს, მოახლეები გჭირდება. აკი გყავს კიდეც მთელი არმია ლაქიებისა. სინდისი სხეულის ფუფუნებაზე რომ გაცვალეს. პატიოსნება კი, ეს წმინდა ქალწული, ფეხქვეშ გაგიგეს და გაგაუპატიურებინეს. რაღას არ სჩადიან, ოღონდ შენი კეთილგანწყობა დაიმსახურონ. უცხოეთში გასტროლები, ბენეფისები უნიჭოთა პრივილეგიად აქციე, იმათ კი, ვინც მაცდური წინადადებით ვერ გადაიბირე, შენს წინაშე მუხლებზე ვერ დააჩოქე, ყურადღებასაც არ აქცევ. ყველანაირად ცდილობ მათ დამცირებას. ახლა კი, აგერ, ფიზიკურადაც სპობ, გინდა ერთხელ და სამუდამოდ თავიდან მოიშორო!
დირექტორი _ (რადგან სილის გაწნით პიანისტი გონს ვერ მოიყვანა, ახლა პირში ჰაერის ჩაბერვით ცდილობს მიაღწიოს შედეგს). ნუ გეშინია, რეგ, ახლავე გიშველი, ახლავე...
კარმენი _ (თვალებზე ხელებს იფარებს) ვაიმე, ეს რას სჩადიხარ, შე გარყვნილო, მხეცო! ჩემი თანდასწრებით, ასე მოურიდებლად... ფუი, შენს კაცობას!
პიანისტი _ (გონს მოეგება. თავზე წამომდგარ დირექტორს რომ დაინახავს, შეეშინდება და განზე გახტება) რას მერჩით, რა გინდათ ჩემგან?!
კარმენი _ ბატონო რეგ, ეს მხეცი, სანამ თქვენ უგონოდ ბრძანდებოდით, ისეთ რამეებს გიშვრებოდათ, ადამიანის ენა რომ ვერ იტყვის.
დირექტორი _ (დაყვავებით) კარმენ, ძვირფასო, ყველაფერს აქვს ბოლოს და ბოლოს საზღვარი.
კარმენი _ (გაკაპასებული) დიახ, ყველაფერს აქვს საზღვარი. ჩემს მოთმინებასაც, სხვათა შორის. არად მაგდებ, გვერდით ისე ჩამივლი, ზედაც არ შემომხედავ ხოლმე. ძაღლი რომ ძაღლია, იმას მეტ ყურადრებას აქცევენ. ვინ არ იცის, ნომრებს როგორ ანაწილებ. უნიჭო აისიდორაც იმიტომ არ აქციე პრიმამოცეკვავედ, ლოგინში რომ ჩაგიგორდა.
დირექტორი _ (გაბრაზებული) ზედმეტი მოგდით!
კარმენი _ არ მოგეწონა სიმართლე? ჯერ სადა ხარ, ისეთებს გეტყვი, დღე ღამედ მოგეჩვენოს და სამოთხე ჯოჯოხეთად. (უბიდან გრაგნილის მსგავსად დახვეულ ფურცელს ამოიღებს. სათვალეს გაიკეთებს და საზეიმოდ კითხულობს) განცხადება-ულტიმატუმი! ბატონო დირექტორო, აივსო ჩემი მოთმინება, მე გეტყვით იმას, რაც აქამდე არავის უთქვამს თქვენთვის. არამზადა ხართ, არამზადებს კი, სწორედ ასე უსწორდებიან! მე თქვენ ბრალსა გდებთ: პირველი _ თანამდებობის პირადი მიზნებისთვის ბოროტად გამოყენებაში. მეორე _ ადამიანის ელემენტარული უფლებების უგულებელყოფაში. მესამე _ პირადი სიმპათიების-და მიხედვით, ხელფასების არასამართლიან განაწილებაში.
პიანისტი _ (კმაყოფილი მისი ნათქვამით) მართალია, მართალი...
კარმენი _ მეოთხე _ შაპიტოს შემოქმედებითი ცხოვრების განზრახ არევაში, მსახიობების ჯგუფებად დაყოფაში, გათიშე და იბატონეს პრინციპით. (დირექტორი უკმაყოფილოდ დააბიჯებს სცენაზე. პიანისტი კი, პირიქით,  ძალიან კმაყოფილია. ეტყობა, რომ მოხუცი მოცეკვავის მხარესაა). მეხუთე _ ადამიანებისადმი არაადამიანურ, უდიერ, სასტიკ და (ხაზგასმულად) ამორალურ დამოკიდებულებაში.
პიანისტი _ (აშკარად აღარაა ფხიზელი, ფეხზე ძლივსა დგას და მოხუცი კოლეგის სითამამით აღფრთოვანებული, უაზროდ იქნევს ხელებს). ნამდვილად, ნამდვილად...
კარმენი _ (პიანისტის მხარდაჭერით გამხნევებული, კიდევ უფრო მეტი შემართებით განაგრძობს) მეექვსე _ ჩვენი ტრადიციების დასამარებასა და შაპიტოს კუთვნილი რეკვიზიტის განიავებაში; მეშვიდე _ დემოკრატიის ნიღბით შემოსილ დიქტატურაში.
პიანისტი _ (ნიშნისმოგებით უმზერს მთლად გაწბილებულ დირექტორს) შენს პირს კანფეტი, ტკბილო!
კარმენი _ მერვე...
დირექტორი _ (გაბრაზებული აწყვეტინებს) ვხედავ, ბრალდებები არ დაგელევათ.
კარმენი _ აქ კიდევ დარჩა წასაკითხი. მაგრამ, მანამდე მინდა ის გითხრა, რაც ამ ფურცელზე ვერ დაეტია.
დირექტორი _ (ქედის მოხრით) დიდად მადლობელი ვარ!
კარმენი _ მაგ თავის მოკატუნებით ვერავის გააცურებ. ვინ ვინ და, მე კი ყველაფერი კარგად ვიცი.
დირექტორი _ ასეთი რა იცით?
კარმენი _ დიდ ცოდვაში რომ გიდგას ფეხი, ის ვიცი.
დირექტორი _ (ირონიულად) ეს რაღაც ახალია...
კარმენი _ ვიცი, უდანაშაულო კაცის სისხლით აპირებ აქაურობის წაწყმედას. მაგრამ კარგად დაიმახსოვრე, შენ და შენნაირებმა როგორი კეთილშობილი მიზნებითაც არ უნდა გაამართლოთ თქვენი ქმედება, ხალხი მაინც არ გაპატიებთ.
დირექტორი _ ეს რომელი ხალხით მემუქრებით?!
კარმენი _ (დარბაზისკენ მიუთითებს) აი, ამ ხალხით!
დირექტორი _ თავს ნუ იტყუებთ. მშვენივრად  იცით, რომ ესენი მაყურებლები არიან და აქ მხოლოდ დროს გასატარებლად მოვიდნენ. ერთი ვიღაც ლაწირაკის გამო თავს არავინ აიტკივებს.
კარმენი _ მაგასაც ვნახავთ...
დირექტორი _ სიმართლე თუ გინდათ, ჩემზე არც არაფერია დამოკიდებული. მე მხოლოდ ერთი პატარა რგოლი ვარ გრძელი ჯაჭვისა და თუ ჩემს ფუნქციას არ შევასრულებ, აქედან მომისვრიან.
კარმენი _ მებრალები.
დირექტორი _ გიჯობთ, საკუთარი თავი შეიბრალოთ. კარგად დაფიქრდით, არ ინანოთ მერე.
კარმენი _ მე დასაკარგი არაფერი მაქვს.
პიანისტი _ (მოხუც მოცეკვავეს გვერდით ამოუდგება და თანადგომის ნიშნად ხელს ჩასჭიდებს. პათეტიკურად) ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს.
დირექტორი _ მაშ, აღარ გეშინია, რეგ, რომ ბავშვი შიმშილით მოგიკვდება?
პიანისტი _ (თითქოს მაზოლზე ფეხი დააჭირესო) გიკრძალავ, გესმის, გიკრძალავ!.. (თვალებზე ცრემლი მოადგება).
კარმენი _ (პიანისტის ხელს მკერდზე მიიკრავს) თქვენ ამ გარეწარს ყურს ნუ დაუგდებთ. დაწყნარდი, შენ შემოგევლე. რამ შეგაშინათ, აგერ არა ვარ? ბავშვის დარდი ნუ გექნებათ. ამ ძუძუებს ჯერ კიდევ შეუძლია პატარა სასწაულების მოხდენა.
დირექტორი _ (გესლიანი სიცილით) თქვენ ფოკუსნიკიც ყოფილხართ! (მოუტრიალდება პიანისტს) შენ კი, ვაჟბატონო, ის გირჩევნია, ჭკუაზე მოპროწიალდე. რწყილივით აქეთ-იქით ხტუნაობას მორჩი და საქმეს მიხედე. ამ ლაყბობაში ისედაც ბევრი დრო დავკარგეთ. (სწრაფი ნაბიჯით კულისებისკენ გაემართება)  ფოკუსნიკები...
პიანისტი _ მოიცა, მეც მოვდივარ.
კარმენი _ (გაოგნებული) ბატონო რეგ... (პიანისტი კარმენს ჟესტით თითქოს მოუბოდიშებს _ რა ვქნა, სხვა გზა არა მაქვსო. დირექტორი დააფიქსირებს რა ამ ჟესტს, კმაყოფილი სიცილით ტოვებს სცენას. პიანისტი მას გაჰყვება).
კარმენი _ (ხმამაღლა) იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის.

(უეცრად ჭექა-ქუხილი ისე შეაზანზარებს სივრცეს, თითქოს სადღაც ახლოს, მეხი ჩამოვარდაო. კულისებიდან "რომეოს" განწირული ბღავილი მოისმის, რომელსაც შემდეგ საერთო ჩოჩქოლის ხმა ფარავს. ამ ჩოჩქოლში გამოიკვეთება მომთვინიერებელი ქალის სასოწარკვეთილი მოთქმა: "ეს რა ჰქენი, შე მხეცო! უპატრონო ხომ არ გეგონა, დანას რომ ურტყამდი, აქვე ჩემი ხელით მიგასიკვდილებ, მაგ დანით აგფატრავ სწორედ, მიმიშვით ხალხო, მიმიშვით-მეთქი!" ჩოჩქოლის ხმა ძლიერდება. სცენაზე უცნობი შემოვარდება. გაფითრებულს ხელში სისხლიანი დანა ჩაუბღუჯავს. ეს სწორედ ის დანაა, პირველ განყოფილებაში კარმენმა რომ შეაჩეჩა დირექტორის მოსაკლავად. მას ფეხდაფეხ მომთვინიერებელი ქალი მოსდევს, რომლის შეკავებასაც შაპიტოს მსახიობები ცდილობენ. მსახიობთა ერთ ჯგუფს დაჭრილი "რომეო" შემოჰყავს.).

უცნობი _ (შეშინებული იქნევს დანას) არ მომეკაროთ!.. არ მომეკაროთ!..
მომთვინიერებელი ქალი _ (გააფთრებული) გამიშვით, გამიშვით!.. მე მაგას ვაჩვენებ, როგორ უნდა დანის ქნევა.
უცნობი _ (კიდევ უფრო შეშინებული) არ მომეკაროთ, არ მომეკაროთ!..(სცენაზე გამოჩნდება კლოუნი, რომელსაც სახე მწუხარების გამომხატველი ცრემლიანი გრიმით დაუფარავს).
კლოუნი _ რა გაყვირებთ, დამშვიდდით! (მსახიობები მონუსხულები ჩერდებიან). რა დროს შუღლია?.. რა დროს ანგარიშსწორებაა?.. ვერა ხედავთ სამყარო იქცევა, დედამიწა იძვრის თქვენი ცოდვების სიმძიმისგან, ზეცაში კი ღმერთი ცრემლად იღვრება თქვენი შემყურე. (მსახიობები გაკვირვებულნი შესცქერიან ერთმანეთს).
I მსახიობი _ რას ბოდავს ეს კაცი, რა იძვრისო?
II მსახიობი _ ღმერთი ტირისო, ღმერთიო...
კლოუნი _ ხმა ჩაიკმინდეთ, თქვე მოღალატეებო, პირსისხლიანო კაცუნებო!
მომთვინიერებელი ქალი _ ერთი ამ მასხარას ვერ უყურებთ, როგორ გაიგდო ენა.
კლოუნი _ (უცნობს, გამომწვევად) თქვენ რაღას მომჩერებიხართ? ჩემი მოკვლა თუ გნებავთ, ამაზე უკეთეს დროს ვერც ინატრებთ. სიტყვასაც არავინ გეტყვით. აბა, თამამად, თამამად! რაღას აყოვნებთ, დამარტყით და მოათავეთ ბარემ.
უცნობი _ (აღელვებული) რატომ უნდა დაგარტყათ, რატომ?!
კლოუნი _ თქვენ მიზეზი გჭირდებათ? კი ბატონო. გახსოვთ რომ მკითხეთ, საით წავიდე, აქედან როგორ გავაღწიოო? მე კი, თუ გახსოვთ, რა გიპასუხეთ? _ აგერ ამ ისრებს გაჰყევით-მეთქი.
უცნობი _ არ მესმის, რა გინდათ...
კლოუნი _ თქვენ რა, მართლა ასე გულუბრყვილო ხართ? ნუთუ ვერ ხვდებით, რომ მახეში გაებით.
უცნობი _ ღვთის გულისათვის, შემეშვით, თავი დამანებეთ. მე ერთი საწყალი კაცი ვარ. ამქვეყნად არც-რა მაბადია, არც-რა გამაჩნია. ჩემი დღე და მოსწრება, ჭაკი ცხენივით აღმა-დაღმა დავეხეტები, _ იქნებ სადმე ლუკმას წავაწყდე, ამ ცხოვრებას რამეს გამოვრჩე-მეთქი.
კლოუნი _ ტყუილად გარჯილხართ. აქ ვერაფერს იპოვით.
უცნობი _ მითხრეს, პურს დაარიგებენო უფასოდ...
კლოუნი _ ვიღაცას მოუტყუებიხართ.
უცნობი _ შეიძლება თევზიც გერგოსო...
კლოუნი _ არა, ბატონო.
უცნობი _ ორი დღეა, არაფერი მიჭამია.
კლოუნი _ სამწუხაროა.
კარმენი _ რას ელოლიავები, ვერა ხედავ, მაწანწალაა ვიღაც. მაგის ადგილი ციხეშია. იქ მიხედავენ, როგორც საჭიროა.
I მსახიობი _ ყოველ შემთხვევაში, უფასო თევზსა და პურს ნაღდად არ მოაკლებენ.
უცნობი _ მაგ ქოფაკის გამო ციხეში მიშვებთ?!
მომთვინიერებელი ქალი _ ხმა ჩაიწყვიტე, შე მართლა ქოფაკო! ნეტა იცოდე, ვიზე აღმართე ხელი, ვიზე... ("რომეოს" მკერდზე მიიკრავს და აქვითინდება).

ხმამაღლა გაისმის საზეიმო მარში, ცირკში სანახაობის დაწყებას რომ გვაუწყებს ხოლმე, სცენაზე ჭრიალ-ჭრიალით ეშვება სხვადასხვა ფერის ნათურებით გაბდღვიალებული აბრა, წარწერით _ შაპიტო. ამას თან ახლავს მორიალე შუქის ეფექტი და შორეული, თითქოს მიწის წიაღიდან ამომავალი, ავის მომასწავებელი გუგუნი. შემცბარი მსახიობები აქეთ-იქით გაიფანტებიან. მარტო დარჩენილ "რომეოს" მომთვინიერებელი ქალი კულისებისკენ მიათრევს. ამ ალიაქოთში მხოლოდ კლოუნი გამოიყურება მშვიდად.

უცნობი _ (კლოუნს მკლავზე ეჯაჯგურება) გემუდარებით, მითხარით, აქედან როგორ გავიდე, ამ ჯოჯოხეთიდან როგორ გავაღწიო?!
კლოუნი _ აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე თქვენ შეძლებთ აქედან გასვლას.
უცნობი _  მაშ, არაა საშველი?..
კლოუნი _ (უცნობს დანას გამოართმევს.) დანის ტარება, აბა, რა თქვენი საქმეა. პარტერში ჩაბრძანდით, მაყურებელს შეერიეთ. ვინ იცის, იქნებ მერე გამოსავალიც იპოვოთ. (უცნობი პარტერში ჩადის და სწორედ იმ სკამზე ჯდება, სადაც ადრე ჯალათი იჯდა. კლოუნი კი, დანით ხელში, ორაზროვანი ეშმაკური ღიმილით ტოვებს სცენას. ნაჭრის ხვრელიდან საზეიმო მარშის თანხლებით, ზოლებიან ფრაკში გამოწყობილი დირექტორი გამოდის. მას უკან პიანისტი შემოჰყვება, რომელიც როიალთან მისთვის განკუთვნილ სკამზე ჩამოჯდება. მუსიკა წყდება).
დირექტორი _ (საზეიმოდ მიმართავს დარბაზს). ბატონებო და ქალბატონებო! ძვირფასო პუბლიკა! მხოლოდ დღეს და მეტი არასდროს! მსოფლიოში პირველად! დაუვიწყარი სანახაობა! იდუმალი სანახაობა! ისტორიული სანახაობა! შემზარავი სანახაობა! ვისაც სუსტი ნერვები გაქვთ, შეგიძლიათ დასტოვოთ დარბაზი. ჰა-ჰა-ჰა!.. ვხუმრობ, რაღა თქმა უნდა, ვხუმრობ, თორემ აბა, რომელი ჭკუათმყოფელი კაცი იტყვის უარს თავისი ნებით ასეთ თავშესაქცევ სანახაობაზე; თუნდაც მერე საკაცეთი დასჭირდეს შინ წაბრძანება. ჰა-ჰა-ჰა... ერთ მწერალს უთქვამს: "ძველმა რომმა ისტორიისაგან მისთვის განკუთვნილი დრო ცირკში გაატარაო". ჰოდა, მეც გეკითხებით, რითი ვართ ჩვენ ახლა იმ ცხონებულ რომაელებზე ნაკლები, ა? ჰა-ჰა-ჰა!..

(წვიმის ხმაური ძლიერდება, კულისებიდან გოროზად მოისმის მოახლოებული ნაბიჯების ხმა. ნაჭრის ხვრელიდან სცენაზე ჯალათი შემოაბიჯებს. მზერას მოავლებს დარბაზს, თვალებს გადმოკარკლავს  კბილებს ერთი მაგრად გააკრაჭუნებს და მშიერი მგელივით დაიყმუვლებს: უუუუუუუუუ... პიანისტი, ამის შემყურე, პირჯვარს გადაიწერს. დირექტორი კი ჯალათის ხუმრობას მლიქვნელური სიცილითა და აღფრთოვანებით შეეგებება).

დირექტორი _ დიდი ხუმარა კაცი ყოფილხართ... დიდი ხუმარა... (მაყურებლისკენ) ხომ ხედავთ, როგორი ლაღი კაცია ბატონი ჯალათი. ხუმრობაც როგორი სცოდნია.
ჯალათი _ (ჯიბიდან რევოლვერს ამოიღებს და თავისი წითელი ცხვირსახოცით აპრიალებს). ჩვენი უფროსი ამბობს, სიცილი და ხუმრობა სიცოცხლეს ახანგრძლივებსო. დაკვირვებული ვარ, სწორედ ეგრეა. (დირექტორს) ამას წინათ, ერთი შენი კოლეგა მომიყვანეს, ცირკის დირექტორი იყო რაღა, შენსავით. იმისთანა ანეკდოტების გუდა აღმოჩნდა, დალოცვილი, კაი ხანი ხელი ვერ გავანძრიე.
დირექტორი _ (შეცბება, მაგრამ არ შეიმჩნევს) სწორედ რომ ღმერთმა გამოგვიგზავნა თქვენი თავი.
ჯალათი _ (სიცილით) ამ ღმერთს მაინც როგორ ვერაფრით შეეშვით, ა?!
დირექტორი _ კუზიანს სამარე გაასწორებსო, ხომ გაგიგონიათ.
ჯალათი _ (კულისებში გასძახებს) შემოიყვანეთ! (ნაჭრის ხვრელიდან აგენტებს ხელებზე ბორკილდადებული სიკვდილმისჯილი შემოჰყავთ. სცენაზე დააგდებენ, თვითონ კი ავანსცენის კუთხეებში დადგებიან და მაყურებელს ათვალიერებენ. დარწმუნდებიან რა, რომ დარბაზიდან არანაირი ხიფათი არაა მოსალოდნელი, დამშვიდდებიან და თანდათან ძილი მოერევათ).
ჯალათი _ (სიკვდილმისჯილს არც შეხედავს) ვუყურებ და მიკვირს პირდაპირ, რას იფიქრობს ეს ხალხი. ან კი ამისთანა რა შემწვარ-მოხრაკული ეგულებათ იმ ქვეყნად, სიცოცხლე რომ ჩირად არ უღირთ. (ჯიბიდან სიგარეტის ღერს ამოაცურებს. დირექტორი სასწრაფოდ ცეცხლს შეაგებებს) თანაც, ეს ოხერი, ამ ბოლო დროს სულ ისეთი გალეულები მოჰყავთ, ინკუბატორის წიწილებივით ყველა ერთ თარგზე აჭრილი გეგონება. (სიკვდილმისჯილს გახედავს, შემდეგ დირექტორს, გვერდიდან რომ არ სცილდება, თვალს ჩაუკრავს). ეტყობა, ვერა აქვთ მთლად კარგად საქმე, ეს ჩხინკი მე და შენ რომ გამოგვიგზავნეს. (პაუზის შემდეგ) ეჰ, უცნაურია მაინც ცხოვრება. (სცენაზე გართხმულ სიკვდილმისჯილზე მიუთითებს) ეს ვაჟბატონი, აგერ ახლა დასაკლავი ცხვარივით რომ გველოდება, საუკუნო სიცოცხლეს პირდებოდა სხვებს. "სასწაულებით" აბრიყვებდა იმ ბნედიანებს, _ თქვენი მხსნელი და გადამრჩენელი ვარო.
დირექტორი _ ამბობენ, ვიღაც ხეიბარი ფეხზე დააყენაო?..
ჯალათი _ (სიცილით) ჰო, იმასაც ამბობენ, ხელის ერთი შეხებით ბრმას თვალი აუხილაო.
დირექტორი _ (აჰყვება სიცილში) ფოკუსნიკი ყოფილა და კიდევაც მოხვდა ცირკში.
პიანისტი _ (თავისთვის) მაშ, ისიც მართალი იქნება, მკვდარი გააცოცხლაო, რომ ამბობენ.
ჯალათი _ (გაპრიალებულ რევოლვერში სათითაოდ აწყობს ტყვიებს. ჩაეცინება, ეტყობა რაღაც გაახსენდა). ამას წინათ, ჩემი ბიჭი მეუბნება, _ მამიკო, აჰა თოფი, ომობანა მეთამაშეო, თან თავის პატარა ხის თოფს მაჩეჩებს. ჰმ, კინაღამ წამომცდა, თოფებით თამაში, შვილო, ცოტა არ იყოს, მომბეზრდა-მეთქი. (უკვე დატენილ იარაღს ხელში შეათამაშებს). ეჰ, უცნაურია მაინც ცხოვრება! (გაისმის ძლიერი ჭექა-ქუხილი. მთვლემარე აგენტები ამ ხმაზე უცებ გამოფხიზლდებიან. ჯალათი ანიშნებს მათ და ისინიც მაშინათვე სიკვდილმისჯილს მიაშურებენ, ხელებს უხეშად ამოსდებენ მკლავებში, ავანსცენაზე გამოათრევენ და მუხლებზე დააყენებენ).

დირექტორი ამის დანახვაზე ჯიბიდან სასწრაფოდ ამოიღებს ფურცელს და ჯალათს გაუწოდებს. 

დირექტორი _ მომიწერეთ ხელი.
ჯალათი _ მერე!
დირექტორი _ ერთი წამის საქმეა.
ჯალათი _ მერე!
დირექტორი _ (თითქმის მუდარით) წმინდა წყლის ფორმალობაა.
ჯალათი _ მერე-მეთქი.
დირექტორი _ კარგით, კარგით, ეგრე იყოს. აბა ხელს აღარ შეგიშლით. (დაბნეული წავა კულისებისკენ. გასვლისას პიანისტს ანიშნებს _ დაიწყეო. გაისმის ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი რეგტაიმი. შემდგომი "სანახაობა" მის ფონზე წარიმართება. სცენაზე გიჟივით შემოვარდება მომთვინიერებელი ქალი და სიკვდილმისჯილის წინ მუხლებზე დაემხობა).
მომთვინიერებელი ქალი _ თუ მართალია, რასაც შენზე ამბობენ, ერთი სასწაული ჩემთვისაც მოახდინე, _ გადამირჩინე ჩემი რომეო!
ჯალათი _ (აგენტებს) მიხედეთ ამ ქალს! (აგენტები მომთვინიერებელს ხელებს ჩაავლებენ და "მისახედად" კულისებში გაჰყავთ).
მომთვინიერებელი ქალი _ (გაყვანისას სიკვდილმისჯილს გასძახებს) გადამირჩინე! გემუდარები, გადამირჩინე! მე ხომ მის გარდა არავინა მყავს. (მოპირდაპირე მხრიდან სცენაზე თავისი ეტლით კარმენი შემოგორდება. თან, როგორც ყოველთვის, კანფეტებს მიირთმევს).
კარმენი _ (სიკვდილმისჯილს) კანფეტები თუ გიყვართ?.. თქვენი არ ვიცი, მე კი ყოველთვის სიამოვნებით გეახლებით... ისე, თქვენზე ამბობენ, სასწაულებს კანფეტებივით არიგებსო. იქნებ ჩემთვისაც მოახდინოთ ერთი სააწაული! ფეხზე დამაყენეთ, რომ ვიცეკვო!.. იცით, რა ბედნიერი ადგილი იყო ეს ერთ დროს, სულ პენსნეებით დადიოდნენ ჩემს საყურებლად. კარმენი! არაფერს გეუბნებათ ეს სახელი? კარმენი! _ ჩემი არტისტული ფსევდონიმი.
ჯალათი _ (ჩაეცინება) კანფეტები მე მიყვარს, ქალბატონო! (კანფეტს გამოართმევს და "უცნაურ" მოხუცს, როგორც სანიტარი ავადმყოფს, ისე გაიყვანს სცენიდან. მოულოდნელად კულისებიდან ორ თოკზე გადებული ფიცრის საქანელათი კლოუნი "შემოფრინდება". საქანელა ავანსცენის გასწვრივ, უზარმაზარი საათის ქანქარასავით მოძრაობს. მასზე შემდგარი კლოუნი კი მამლის განწირული ყივილით აკრთობს არემარეს. შემდეგ სცენაზე ჩამოხტება და სიკვდილმისჯილთან მიირბენს. ფეხზე წამოაყენებს).
კლოუნი _ აბა, სწრაფად, დრო აღარ იცდის, თავს უშველე! (სიკვდილმისჯილი ადგილიდან არ იძვრის). რაღას უყურებ, სანამ დროა გაეცალე აქაურობას! (სიკვდილმისჯილი უხმოდ შესცქერის თვალებში). ღმერთო, ჩემო, ნუთუ ფიქრობ, შენი სიკვდილით რამე შეიცვლება. აქაურობა მაინც დასაღუპადაა განწირული, მე და შენ უკვე ვერაფერს ვუშველით! (წამიერი პაუზა. სიკვდილმისჯილი გაუნძრევლად კვლავ თვალებში შესცქერის) რახან ასეა, მე მოვუვლი მაგათ! (უბიდან "კარმენის დანას" ამოიღებს, ადრე უცნობს რომ გამოართვა. სიკვდილმისჯილი ხელს დაუჭერს, კლოუნს დანა გაუვარდება).
სცენაზე ჯალათი ბრუნდება. შემოდიან აგენტებიც. გზად შარვლის ღილებს იკრავენ. ჩანს, მომთვინიერებელ ქალს მათ უკვე სათანადოდ "მიხედეს". ისინი თავიანთ ადგილს იკავებენ ავანსცენის ორივე მხარეს. კლოუნი, რომელსაც სხვა არაფერი დარჩენია, გაოგნებული მიმართავს დარბაზს: "ბატონებო და ქალბატონებო!"  იგი ავანსცენის მარცხენა მხრიდან კიბით ჩადის პარტერში. შუა გასასვლელით ნელა შემოუვლის დარბაზს, თან ჩაციებით მიმართავს მაყურებელს: "ლეიდიზ ენდ ჯენთლმენ!... დამმენ უნდ ჰერრნ!... დამი ი გოსპოდა!... სინიორი ე სინიორე!.. მედამ ე მუსიე!.." კლოუნის ამ სვლასთან ერთდროულად, კვლავ მუხლებზე დაყენებულ სიკვდილმისჯილს ჯალათი კეფაზე მიუშვერს იარაღს, მაგრამ მისი მცდელობის მიუხედავად რევოლვერი არ ისვრის. დაბნეული ჯალათი იქვე დაგდებულ დანას შეამჩნევს. აიღებს მას და სიკვდილმისჯილს კრავივით გამოსჭრის ყელს. ამ დროისთვის მარჯვენა მხრიდან კიბით სცენაზე უკვე ასული კლოუნი ჩურჩულით წარმოთქვამს: "ბატონებო და ქალბატონებო?!" სევდიან მზერას მოავლებს იქაურობას და კულისებში გავა. სცენაზე გამოვა დირექტორი  და კონტრაქტის ფურცელს ხელმოსაწერად კვლავ გაუწვდის ჯალათს. ჯალათი ფურცელს გამოართმევს, სისხლიან ხელებს შეიწმენდს მასზე, საგულდაგულოდ დაკეცავს და ასე "ხელმოწერილს" ცხვირსახოცივით ჩაუდებს დირექტორს ფრაკის ჯიბეში. ამ მოსწრებული "ხუმრობით" გახალისებული ჯალათი და აგენტები ხორხოცით ჩადიან პარტერში და ფოიეში გასასვლელი კარით სტოვებენ დარბაზს.

დირექტორი _ (სისხლიან ფურცელს გამწარებული მოისვრის. შემდეგ სასოწარკვეთილი მოიგლეჯს პარიკს, მთელი სპექტაკლის მანძილზე საკუთარ თმასავით რომ ატარებდა და "მარადიულ ტუსაღივით" ასე ერთბაშად "თმაგაცვენილს" აღმოხდება) თფუი, ამ ცხოვრებას!.. (ჩვენს თვალწინ მოტეხილი, იგი განადგურებული კაცის იერით სტოვებს სცენას).

პიანისტი, რომელიც აქამდე ყველაფერს უტყვი მოწმესავით ადევნებდა თვალს, სიკვდილმისჯილთან მივა და მუხლებზე დამხობილი ჩუმად აქვითინდება. საზეიმოდ გაისმის ცირკის მარში. ყოველი მხრიდან ყიჟინით შემოცვივდებიან შაპიტოს მსახიობები. აკრობატები თავბრუდამხვევი მალაყებით სერავენ სცენას, ჟონგლიორები ფერად ბურთებს ათამაშებენ, მომთვინიერებელი ქალი და მისი გამოჯანსაღებული "რომეო" ძველებური შემართებით ეალერსებიან ერთმანეთს, სასწაულებრივ ფეხზე დამდგარი კარმენი ახალგაზრდული სიმსუბუქით აცეკვებულა და გაშმაგებული დაჰქრის. ცირკის მარშის ხმას შეეპარება ის შორეული, თითქოს მიწის წიაღიდან ამომავალი გუგუნი, ადრე რომ გაისმა. იგი თანდათან ძლიერდება და შთანთქავს ყოველივეს. სცენას ავბედითი ზარივით დაატყდება ჭექა-ქუხილი. თავზარდაცემული მსახიობები კულისებში გაიფანტებიან. რჩება მხოლოდ ცხედართან მუხლებზე დამხობილი პიანისტი. შაპიტოს ნაცრისფრი უკანა "ტილოს კედელი" ზემოდან ძირამდე შუაზე ჩაიხევა, ჯაჭვებზე ჩამოკიდებული ნათურებით გაბდღვრიალებული აბრა ხმაურით მოწყდება და ძირს დაენარცხება. ჩამოწვება წყვდიადი. დაისადგურებს სიჩუმე. პაუზის შემდეგ სცენას იდუმალი, მკრთალი შუქი მოეფინება. მუხლებზე დამხობილი პიანისტი გაშტერებული დასცქერის იმ ადგილს, სადაც ადრე სიკვდილმისჯილის ცხედარი იყო. ახლა აქ მხოლოდ მისი სამოსიღაა დარჩენილი. შემოდის კლოუნი, რომელსაც სპექტაკლისეული კოსტუმი მხარზე გადაკიდებულ ჩანთაში უკვე შეუნახავს და კვლავ ყოველდღიურ, ჩვეულებრივ ტანსაცმელში გამოწყობილი, გრიმის ნარჩენებს იშორებს სახიდან. შუაზე ჩახეული "ტილოს კედლიდან" მკვდრეთით აღმდგარი პიანისტის ცოლი გამოდის; გრძელი, კოჭებამდე ჩამოსული თეთრი პერანგი, საუკუნეს გადაცილებულ ამ მოხუცს, ორსულობისგან გამობზეკია. იგი, ნელა მიუახლოვდება თითქოს ტრანსში მყოფ თავის მეუღლეს, მხარზე დაადებს ხელს, წამოაყენებს და კულისებისკენ წაიყვანს. პიანისტი მას მორჩილად გაჰყვება უკან. დარბაზიდან წამსვე აიჭრება სცენაზე უცნობი, სიკვდილმისჯილის სამოსს აიტაცებს და, თითქოს ლაბირინთიდან გასასვლელი იპოვაო, ისე დაადგება თავის გზას.

კლოუნი _ (მიმართავს მაყურებელს) ფინიტა ლა კომედია! (ჩანთიდან ამოიღებს "უოლქმენს" და ყურსასმენს მოირგებს. მასთან ერთად ჩვენც გვესმის კანიოს არიოზოს "აქვითინებული დასასრული" ოპერიდან "ჯამბაზები"). ფარდა


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები