ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
14 აგვისტო, 2009


ეგ - არაფერი!

ეს ერთი ლექსის ორი ვერსიაა.საინტერესოა,რომელი უფრო მოგეწონებათ და რატომ.იმედია,არ დაიზარებთ აზრის გამოთქმას.

ვერსია პირველი:


ეგ - არაფერი


ფეხი არავის მოუცვლია მოსაცდელიდან.
ისე ვღელავდით,
ვხმაურობდით გაუთავებლად,
რომ  მედპერსონალს
რიდით ვეღარც  დავენახვებით.

თავბრუ გეხვევა?!
-არაფერი.
იცის ნარკოზმა
თავბრუსხვევები,
შიშები და  წარმოსახვებიც.

გინდა,გაცინო?...
(რა ცივი გაქვს თითები თლილი!)
ძალიან კარგი,
საშვილოსნო რომ მოიშორე.
მალე ადგები,
მეც  - შენთან ერთად,
სულ ფეხით ვივლი.
ცოტა  -  სხივური თერაპიაც
და
ზღვაზეც წავალთ,
იქნები ისევ უკარება,
ლაღი და თბილი ...

თმა?!
- არაფერი!
უკვე ისეთი შამპუნებია,
რომ ერთ კვირაში
მოგიტყდება სავარცხლის კბილი.

აი, იღიმი და ცრემლებიც აღარ გემჩნევა,
უკვე ერევი ტკივილებს და უცნაურ შიშებს,
მაგრამ რატომღა  მოგერია უეცრად ბრაზი?
გაიგე განა?
ფანჯარასთან
ვიღაც  ვიშვიშებს.
/გადაღლილია,
რახანია ღამეებს გითევს/.

- ვაიმე, შვილო,
რა უნდა უყო
დიდედაშენის
დანაზოგით მოგროვილ მზითევს.


- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- -

ვერსია მეორე


ეგ  - არაფერი მეგობარო!



ფეხი არავის მოუცვლია მოსაცდელიდან.
ყველამ გაიგო,რომ გადარჩი,
ყველა ღელავდა.

თავბრუ გეხვევა?!
-არაფერი.
იცის ნარკოზმა
თავბრუსხვევაც,
წარმოსახვებიც.

ძალიან კარგი,
საშვილოსნო რომ მოიშორე.
დილდილაობით  -
ერთადერთი აბი-ჰორმონი,
ცოტაც  -  სხივური თერაპია
და
ზღვაზეც წავალთ,
მთაშიც წავალთ,
ისევ ყველაზე მშვენიერი და უკარება,
ისევ ყველაზე ჭკვიანი და ლაღი იქნები.

თმა?!
- არაფერი!
უკვე ისეთი შამპუნებია,
რომ ერთ კვირაში
მოგიტყდება სავარცხლის კბილი.

აი, იღიმი და ცრემლებიც აღარ გემჩნევა,
უკვე ერევი ტკივილებს და უცნაურ შიშებს,
მაგრამ რატომღა  მოგერია უეცრად ბრაზი?
გაიგე განა?
ფანჯარასთან
ვიღაც  ვიშვიშებს.
/გადაღლილია,
რახანია ღამეებს გითევს/.

- ვაიმე, შვილო,
რა უნდა უყო
დიდედაშენის
დანაზოგით მოგროვილ მზითევს. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები