ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
19 აგვისტო, 2009


ჩემი "კომუნალკა"

ისევ გამახსენდა ჩემი "კომუნალკა",
კარის მეზობლები, არტუშა და ლალი,
ყველა აქ არიან, ვინც კი მომენატრა
და ბავშვობამ ჩუმად გამოაღო კარი...
- დილა მშვიდობისა!- მისურვებდა ერთი,
  მეორე მეტყოდა - წაღმა გევლოს დღესო!-
- შვილო, მომეხმარე, შეგეწევა ღმერთი,
  ძაფი გამიყარე, წინდა დავიკემსო.-
  გრძელი აივანი, დახვეული კიბე,
  მეეზოვე ბასეს შვიდი ცელქი ბიჭი.
  სხვაგან ალბათ, არსად არ არსებობს კიდევ
  ერთი "პედროს" სამზე გადაწელვის ნიჭი.
  სახლის სახურავზე მახსოვს კოშკი ცამდე,
  თურმე ფოსტალიონს იქ ჰქონია ბინა.
  ერთხელ ამ კოშკისკენ როცა მივცოცავდი,
  დედას შიშისაგან სისხლი გაეყინა.
  მოგონებებს უკან ასკინკილით მივსდევ,
  მეთამაშეთ ყველა, ვისი სულიც მსურდა.
  მოდი, ერთხელ კიდევ ავირბინოთ კიბე,
  ოღონდ, ნუ გაქრებით ჩემი კარის ზღურბლთან.
  ჩემს ძველ ქუჩას ისევ იერი აქვს  ურჩი
  და ბავშვობის სუნი შერჩენიათ კედლებს.
  ჩემი ბავშვობიდან მომაქვს სითბო მუჭით
  და საკუთარ თავში მყუდრო ადგილს ვეძებ.
  ახლაც მესმის ყურში ჯადოსნური ხმები:
"ბუხტარ, ბუხტარ მე და აბერ-კამერ-კუმან",
  ვეფიცხები ხსოვნას და ერთ რამეს ვხვდები,
  წლები არ მიდიან, მოგვყვებიან უკან... 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები