ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როლანო
ჟანრი: საბავშვო
24 აგვისტო, 2009


პატარა ზღვის ზღაპრული ამბები (სკივრში ნაპოვნი ზღაპრებიდან) თავი პირველი


ძალიან, ძალიან შორს, აქედან თვალიც რომ ვერ მისწვდება და ყურიც ვერაფერს გაიგონებს, ბუმბერაზი მთების ძირში, პატარა და ძალიან კოხტა სოფელი მოკალათებულიყო. სოფელი, პირდაპირ ზღვას გადაჰყურებდა და ქვით ნაშენი პატარა სახლებით, თითქოს ეკეკლუცებოდა კიდეც მას. სოფლის არ იყოს, ზღვაც პატარა გახლდათ. პატარა და მხიარული. პაწაწინა, ნაკადულივით მდინარეები სიმღერ-სიმღერით ჩაედინებოდა ჩვენს პატარა ზღვაში და კიდევ უფრო ამხიარულებდა მას.
როდესაც სოფლის ბავშვები ნაპირთან წყალში ჭყუმპალაობდნენ, ზედაპირი აიქოჩრებოდა და მოცურავე პატარებს ზღვა ცელქი ბავშვივით წუწავდა.
პატარა ზღვას მეფე ჰყავდა. არა ღმერთების სწორი ნეპტუნი და ტრიტონი, არამედ, ჩვეულებრივი, ახალგაზრდა მეფე. სოფლის მაცხოვრებლებმა , პატარა ზღვის მეფეს, ზღვისწული დაარქვეს. ზღვისწული, არასოდეს ეჩვენებოდა ხალხს, მაგრამ ხალხმა იცოდა მისი არსებობა და თავს რატომღაც დაცულად გრძნობდა.
ხალხში ხმა დადიოდა: “ზღვის მეფეს, თვალებიც ზღვისფერი აქვსო. გრძელ, ქერა კულულებს კი წელამდე ატარებსო. სწორედ ამ კულულებშია მისი ძალაო”. იმასაც ამბობდნენ: “ჩვენი ზღვისწული ღმერთივით ლამაზიაო. ას წელიწადში ერთხელ ამოდის ზღვიდან და ყველაზე ლამაზი გოგო თან მიჰყავსო”. მართალია, ამის მოწმე არავინ იყო, მაგრამ ხალხს თქმულების მაინც სჯეროდა. შეიძლება იმიტომ, რომ ადამიანს მოსწონს ყველაფერი, რაც იდუმალებით არის მოცული.
ერთადერთი, როდესაც სოფლის გოგო-ბიჭები დაღამებისას სანაპიროზე შეიკრიბებოდნენ და ცეკვა-სიმღერას გააჩაღებდნენ, კლდის უკანა მხრიდან სასიამოვნო ნათელი იღვრებოდა, აი, მზის ჩასვლისას რომ იცის ხოლმე. მომღერალ-მოცეკვავეები ხვდებოდნენ, რომ კლდიდან მათ ზღვისწული ადევნებდა თავალს და ისინიც მეტი ეშხით აგრძელებდნენ დროის ტარებას.
ახალგაზრდებიდან განსაკუთრებით ერთი გოგონა გამოირჩეოდა როგორც ცეკვით, ასევე სილამაზით. გრძელი კაბის კალთა წამოსწეოდა და შიშველი ფეხებით ქვიშაზე ალქაჯივით ბზრიალებდა. ღამისფერ თმაში კოცონის ალი მზის სხივებივით ეწნებოდა. შავიქლიავისფერი თვალებით კი კლდეს (საიდანაც ნათება მოდიოდა) შესცქეროდა და აღტაცებულ მზერას ვერ აცილებდა. ნათება გოგოს მაგნიტივით იზიდავდა და ისიც ნელ-ნელა, ცეკვა-ცეკვით ზღვისაკენ მიიწევდა.
კლდის ნათება კი, უფროდაუფრო მატულობდა და მალე სრულად აკაშკაშდა. ცოტაც და ზღვის ზედაპირზე არაჩვეულებრივი სილამაზის ყმაწვილი გამოჩნდა, რომელიც კლდიდან ნაპირისაკენ მოსრიალებდა. მას ზღვისფერი თვალები, ბრინჯაოსფერი კანი და გრძელი ქერა თმა ამშვენებდა.
ნათება კი, მის გარშემო სულ უფრო ძლიერდებოდა, რომელიც მალე ცეცხლის ალს დაემსგავსა და ირგვლივ ყველაფერი დღესავით გაანათა.
- ზღვისწული, ზღვისწული, - აჩურჩულდნენ ახალაზრდები და რატომღაც შეშინებულები ნელ-ნელა უკან იხევდნენ. - ზღვისწული გვეჩვენა, ეს კარგი ნიშანი არ უნდა იყოს, - წამოიძახა ერთერთმა, მიბრუნდა და უკანმოუხედავად მოკურცხლა. გაქცეულს დანარჩენებიც მიჰყვნენ და მალე ნაპირზე ერთადერთი გოგონა დარჩა, რომელიც თავდავიწყებით აგრძელებდა ცეკვას და უკვე ისე ახლოს იყო ზღვასთან, რომ შიშველ ფეხებზე ცელქი ტალღების შეხებას გრძნობდა.
ამასობაში ზღვის მეფე ნაპირს მიუახლოვდა და გოგონას ხელი გაუწოდა. გოგონამ ცეკვას თავი მიანება და ყმაწვილისაკენ გაიწია.
- რა გქვია? - ჰკითხა ზღვისწულმა.
- გიშრია, - უპასუხა გოგონამ და თვალებში შეხედა. შეხედა... და ყმაწვილის ზღვისფერ თვალებში ჩაიძირა. ჩაიძირა... და ვეღარც დააღწია თავი სიღრმეს, რომელიც თითქოს ზღვისკენ ეპატიჟებოდა. გოგონა მაშინვე მიხვდა, სად იყო მისი ადგილი.
- ლამაზი ხარ გიშრია, თმაც გიშრისფერი გაქვს და თვალებიც. ასეთი უცნაური სილამაზე ჯერ არ მინახავს. - მიმართა ზღვისწულმა, გრძელი ოქროსფერი თმა მხრებზე გადაიყარა და გოგონა თავისკენ მიიზიდა. - ჩემთან წამოდი!
გიშრიამ ყმაწვილს ხელი ჩაჰკიდა, თვალები დახუჭა და ნელ-ნელა გაემართა ზღვის სიღრმისაკენ. თავს ძალიან მშვიდად და ბედნიერად გრძნობდა, რადგან მისი ნაზი და პატარა თითები ხომ ზღვის მეფეს მოექცია თავის ძლიერ ხელებში. შემდეგ ყმაწვილმა გოგონა პატარა ბავშვივით ხელში აიყვანა და მალე ორივე ზღვამ დაფარა. ნათებაც ნელ-ნელა მისუსტდა და საბოლოოდ  სულ ჩაქრა.
მეორე დღიდან მთელი სოფელი ეძებდა გიშრიას. გოგონა არსად ჩანდა და ერთი კვირის თავზე სოფლის თავკაცებმა იმსჯელეს, იმსჯელეს და ხალხს მიმართეს:
- ხალხნო და ჯამაათნო, ჩვენი გიშრია ზღვისწულმა წაიყვანა. ასი წელი თავისუფლები ხართ. იცეკვეთ და იმხიარულეთ.
მიუხედავად იმისა, რომ გიშრია ობოლი იყო, ცეკვა-სიმღერის თავი არავის ჰქონდა. ტირილით კი, იცოცხლე, ბევრი ტიროდა. განსაკუთრებით ახალგაზრდები.
გავიდა ხანი. ერთ დილას გიშრიას ტოლი გოგონა ზღვის პირას სარეცხს რეცხავდა და თან ღიღინებდა. სარეცხს რომ ავლებდა გაუკვირდა, ასე ადვილად არასოდეს გამირეცხავსო. გაწურვისას კი, სარეცხიდან კაკლისოდენა მარგალიტები გადმოცვივდა. მარგალიტები იმხელა იყო, რომ ადამიანის თვალს, მსგავსი არაფერი ენახა.
- გიშრია, - ჩაიჩურჩულა გოგონამ, შემდეგ აყვირდა, - გიშრია, გიშრია, - თითქოს კისკისიც მოესმა. გაჩუმდა და ყური დაუგდო. ზღვა გასუსულიყო. - მომეჩვენა? - მაგრამ უცებ სახეში ერთი მუჭა მარგალიტი შემოეყარა, ზღვას კი, გიშრიას ხმამ კისკისით გადაურბინა და მიჩუმდა.
წელიწადი წელიწადს მისდევდა. მას მერე, ჩემი ვარაუდით სამასი წელი მაინც გავიდა, მაგრამ სოფლიდან არცერთი გოგონა არ წაუყვანია ზღვისწულს.
უფროს თაობას მაინც სჯეროდა ლეგენდის და ახალგაზრდობას სულ აშინებდა: “ას წელიწადში ერთხელ, პატარა ზღვის მეფე წყლიდან ამოდის და ყველაზე ლამაზი გოგონა თან მიჰყავსო.” აი, ის მეასე წელი როდის დადგებოდა, ამაზე პასუხი კი, არავის ჰქონდა.
სოფლის გოგო-ბიჭები სანაპიროზე ძველებურად იკრიბებოდნენ წელიწადში ერთხელ და კოცონთან ცეკვა-სიმღერით ირთობდნენ თავს. ზღვაში კლდის უკანა მხრიდან კი, უკვე ორი ნათება იღვრებოდა. წყლიდან თითქოს მუჭებით მარგალიტები იპნეოდა და არემარეს გიშრიას კისკისი გადაურბენდა ხოლმე.

გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები