ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
26 აგვისტო, 2009


წარმოდგენა იწყება V ნაწილი

                V ნაწილი

დილით კაბინეტში შემოსულმა პეპელა შევნიშნე...
დახურულ ფანჯარას აწყდებოდა, არ ენანებოდა ლამაზი ფრთები...
გარეთ უნდოდა...
გვერდითი ფანჯარა გავუღე: ნეტა, რამდენი მოიხადე? წადი, დატკბი თავისუფლებით-მეთქი...
არაფრით არ გაფრინდა ღია  ფანჯრისკენ...
მაინცა და მაინც იმ ფანჯარას უტრიალა გარშემო, საერთოდ რომ არ იღება. არ იცოდა, ერთი მტკაველის იქით თავისუფლება რომ ელოდა...
ჩარჩოზე დაჯდა...
ფრთებზე თვალები ეხატა და თითქოს, ამ თვალებით მეუბნებოდა, -გამიშვიო...
შველა მინდოდა, მაგრამ ხელი ვერ მოვკიდე, შემეშინდა, ფრთები არ დავუზიანო-მეთქი...
რად უნდა პეპელას თავისუფლება, თუ არ იფრინა?
ისევ დაიწყო მინასთან ჭიდილი... ისევ ამაოდ...
ორმაგ მინებს რას უზამდა...
მაინც გავბედე: ისევ რომ დაჯდა, ფრთხილად  მოვკიდე ხელი და  ღია ფაჯარაში გავუშვი....
გაფრინდა, სამყაროს შეერია პატარა სიცოცხლე... 
რომ  მიფრინავდა, ფრთათვალით გაიღიმა თითქოს... 

`1. შეიცნო ადამმა ევა, თავისი დედაკაცი. დაორსულდა ევა და შვა კაენი და თქვა: კაცი შემეძინა უფლისაგან. 2. მერე შვა მისი ძმა აბელი. აბელი მეცხვარე იყო, კაენი - მიწის მუშაკი. 3. გამოხდა ხანი და მიართვა კაენმა უფალს ძღვენი, მიწის ნაყოფი.  4. აბელმაც მიართვა თავისი ფარის ნათავარი და რჩეული პირუტყვი. მოჰხედა უფალმა აბელს და მის ძღვენს.                                              5. ხოლო კაენსა და მის ძღვენს არ მოჰხედა. ძალზე გამწარდა კაენი და თავი ჩაღუნა. 6. უთხრა უფალმა კაენს: რად გამწარდი, რად ჩაღუნე თავი?                    7. თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენსკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე.~ (ბიბლია, დაბადება).

ვთქვათ და მოეხედა უფალს კაენის ძღვენისკენ...
სულ ერთი წამით...
მაშინ არ გამწარდებოდა კაენი?
კარგი, ვთქვათ და არ მოგხედა. შე კაი კაცის შვილო, ღვთისშვილო, ვის მოხედა, შენ ღვიძლ ძმას არ მოხედა?
ვისი შეგშურდა? შენი ძმის?
თუმცა, არც ერთ კოდექსში არ წერია, არის თუ არა შური Dდანაშაული, მაგრამ ბოროტება რომ არის, ეს კი ნაღდია...
`მწუხარება სხვისა სიკეთესა ზედა~. მწუხარება ძმის სიკეთეზე ბოროტებაა, აბა რა ჯანდაბაა...
და იგრძნო ღმერთმა ამ ორ ძღვენს, კარგი, ასე ვთქვათ – სიკეთეს შორის, ერთი მართლაL სიკეთე იყო, საუფლო...
სიკეთე სიკეთისთვის, ღმერთისთვის...
მეორე კი ანგარებითი...
ანგარებითი სიკეთე, ანუ სიკეთე, იმიტომ რომ მე მეტი კეთილი მომეზღოსო რა სიკეთეა... ქრთამია, რა...
კაენს  მოქრთამვის  მცდელობა გამოუვიდა...


`მუხლი 339. ქრთამის მიცემა
1. მოხელისათვის ან მასთან გათანაბრებული პირისათვის პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის...~ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი)

ითვალისწინებს პირობით სასჯელს ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას... …

ზარია:
- ბაბუ... – სანდროა, ჩემი სანდრო... სამი წლის არ არის  და ტელეფონზე რეკავს უკვე... ერთხელ გაზეთიდან იყვნენ და სიცოცხლის აზრი რა არისო, ახალგაზრდა გოგო მეკითხება, სანდრო, ჩემი შვილიშვილი-მეთქი...
- ხო, ბაბუ!
- მალე მოხვალ ჩვენთან?
- ხო,  ბაბუ, მალე მოვალ!...
- როდის მოხვალ, გუშინ?
- არა,  ბაბუ, გუშინ ხო მოვედი უკვე... – კიდევ კარგი კაბინეტში მარტო ვარ, გიჟივით ვიცინი ეს სამოცი წლის კაცი... სანდრო არის ჩემი ანტიდეპრესანტი და სიცოცხლის ელექსირი...
- დღეს მოხვალ?
- დღეს ვერ,  ბაბუ, მაგრამ მალე ჩამოვალ? მოგეწონა სოფელი?
- კი.
- ბავშვთა ბაღი უნდა აგირჩიო, ბაბუ, ხომ ივლი, ხო არ იტირებ? 
-კი. ისეთი ბაღი აარჩიე, ბევრი გოგოები იყოს! – ამას აშკარად ჩემი ბიჭი კარნახობს...
- კარგი. რა ჩამოგიტანო,  ბაბუ?!
- რაა? ტყვია!
- რომელი ტყვია?
- ტყვია, ხელში რო ტყვია გაქვს...
- კაი ბაბუ... კიდე...
გაითიშა.  არა უშავს.
ხო, რას ვფიქრობდი?
დავიცავდი თუ არა კაენს?…
კი...
ჯერ-ჯერობით კი...
პროკურორი ორ წელს მოითხოვდა...
მე გამართლებას შევეცდებოდი...
ადამიანია... შეცდა...
თან პირველი შემთხვევაა...
რეციდივს არ აქვს ადგილი...
ალბათ, სასჯელს მაინც მიიღებდა...
თუმცა, რა? სიცოცხლეც ხომ სასჯელია, თუმცა, ყველასთვის არა... 
ბოროტი ადამიანისთვის სიცოცხლე სასჯელია,  კეთილისათვის - ჯილდო...
`თუ სიკეთის მქმნელი არ ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან...~
მაინც რა უნდოდა კაენს, რამე თანამდებობა?
სად იყო მაშინ თანამდებობები?
იქნებ დეპუტატობა...
არც დეპუტატობა, სად იყო მაშინ  პარლამენტი?
იქნებ, რაიმე  კარგი ადგილი უნდოდა დასასახლებად და უარს ეუბნებოდა ვინმე?
ვის უნდა ეთქვა?
იქნებ ლატარეაში უნდოდა მილიონის მოგება? სად იყო მაშინ ლატარეა?
თან ყველაზე დიდი პრიზი რაც არის, ის მოგებული  ჰქონდა უკვე – სიცოცხლე...
მოკლედ, რა უნდოდა კაენს, ვერ ვხვდები, შეიძლება თვითონ კაენიც აზრზე არ არის, ღმერთმა იცის მხოლოდ, მაგრამ პირველი დანაშაულის ფაქტი  სახეზეა:  ღმერთის მოქრთამვის მცდელობა...
და მიხვდა ღმერთი...
არა, ბიჭო, და ვერ მიხვდებოდა...
გაკიცხა ღმერთმა...
`შენსკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე...~ - ცოდვაზე ეუბნება...
მერე რაც მოხდა, უფალი უბრალოდ ვერც წარმოიდგენდა, თორემ პრევენცია არ დააყოვნებდა...… ერთ პატარა ციხეს როგორ  არ ააშენებდა და გამოამწყვევდა ცოტა ხნით მაინც ამ ღვთის პირიდან გადავარდნილ კაენს...
შეიძლება, საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი, დაფიქრებულიყო...
მარტო დარჩენილი ადამიანი ხო ფიქრს იწყებს...
თანამშრომელი იყო ერთი, `ცხოველას~ ეძახდნენ, რამდენიმე პატიმარმა რომ მითხრა, - სასტიკად გვეპყრობაო, დავიბარე...
- რასაც აკეთებ წინასწარ თუ ფიქრობ რას აკეთებ-მეთქი...
“კიო, როგორ არაო...”
`კარგი, აბა ახლა მითხარი რაზე ფიქრობ?~
`არ ვიცი რაზე ვიფიქრო, ან ეს საუბარი რას ნიშნავს?~
`უბრალოდ, ამ წუთას რაზე ფიქრობ?~
`ამ წუთას ოჯახზე ვფიქრობ...~
`მარტო ოჯახზე ფიქრი ფიქრი არ არის, ინსტიქტია. ფიქრი იცი, რა არის? -  იმ ოჯახებზეც რომ იფიქრებ, პატიმარი  რომ  ყავთ ოჯახის წევრი...~
მე მისი მოხსნის უფლება არ მქონდა, მაგრამ ჩემი სათქმელი ვუთხარი...
ფიქრი რომ შეძლებოდა კაენს, არა მგონია, ძმა მოეკლა.
არადა, უწყინარი ძღვენით დაიწყო ყველაფერი...
იტყვიან მერე, დედამიწაზე ბოროტება რატომ ხდებაო?
პირველი ადამიანი, ადამიანის ნაშობი, ადამიანით ადამიანში  ჩასახული -  სისხლის სამართლის დამნაშავეა...
თან რა კაი მამისა და დედის შვილი, - ადამისა და ევასი... 
მიწისა (თიხა რა, მიწა არ არის?) და სიცოცხლის...


*  *  *

`ბაბუ, ეს რა არის?~
`ტყვიაა, ბაბუ...~
`ტყვია რა არის?~
`ტყვია, ბაბუ, ჯობია არ იცოდე, რა არის~
`აბა, შენ რატო გაქვს ხელში?~
`ეჰ, ესეც არ იცოდე სჯობს, ბაბუ, მაგრამ უნდა იცოდე, საქართველოსთვის ნასროლი ტყვიაა, საქართველოს მტრის ნასროლი,  აფხაზეთიდან ჩამოტანილი...~
`მტერი რა არის, ბაბუ?~
`მტერი ის არის ვინც სამშობლოს გართმევს და ოჯახი უნდა, რომ დაგინგრიოს...~
`სამშობლო  რა არის, ბაბუ?~
`დედაშენს ხომ ხედავ? - ის არის შენი სამშობლო; მამაშენიც შენი სამშობლოა, მე და ბებიაშენიც შენი სამშობლო ვართ, ეს სახლიც შენი სამშობლოა. ფანჯრიდან რომ გადაიხედავ და მიწას დაინახავ, მაღლა რომ ცას ახედავ - ესეც...!~

* * *

გუშინ ბარამი შემხვდა. სახაზინო ადვოკატი ვიყავი მისი...
სამოცი წლის ვარ და მრცხვენია კაცო, ამ ბავშვის... ციხეს ვერ გადავარჩინე...
წერეთლის პროსპექტზე, გაჩერებასთან იდგა... 
გავაჩერე მანქანა...
- ბარამ, როგორ ხარ-მეთქი.
- ჩემს ადვოკატს Hჰკითხეთო, – გაიცინა... 
- რა, უკვე საკუთარი ადვოკატი გყავს?
- არა, ვიხუმრე...
- წამო, წაგიყვანო, სად მიდიხარ?
- ბატონო ალექსანდრე, თქვენ  ან ციხეში მიდიხართ, ან პროკურატურაში.  გმადლობთ, აქ მირჩევნია... - ისევ იცინის...
- შვილიშვილი უნდა შევიყვანოთ საბავშვო ბაღში. გამოფენასთან რაღაც იტალიური ბაღია... პირობები მაინტერებს. თუ იქეთ მიდიხარ, გაგატარებ-მეთქი...
- სამი Gგაჩერება გამოგყვებით მაშინო...
- აბა, როგორ ხარ? შეეგუე სტუდენტობას?
- შევეგუე, ინსტიტუტში მივდივარ ახლაც.
- ახლა გვიან ხომ არაა... რა დროს ინსტიტუტია?
- ოღონდ, არ გაიცინოთ, ბატონო ალექსანდრე, რეპეტიციაზე  მივდივარო...
- არ გამიცინია, გამიკვირდა - რა რეპეტიცია-მეთქი  და მომიყვა,
- ინსტიტუტში სპექტაკლს დგამენ და ერთ-ერთი როლი  მეც მომცესო...
- ეკონომიკურზე ვსწავლობო არ მითხარი ადრე?
- ხო, მაგრამ საახალწლოდ წარმოდგენას ვდგამთ...
- კარგია, მსახიობის ნიჭი თუ გქონდა, არ ვიცოდი...
- არც მე...
- აბა, პრემიერაზე მოვდივარ? - დავიპატიჟე თავი, არადა მართლა მაინტერესებს...
- კარგით, მობრძანდით.
- რაღაცას მიმალავ. ვიცი, შენ ყოველთვის რაღაცას მალავ...
- მთვარე მალავს უკანა მხარეს, ბატონო ალექსანდრე...
- მთვარის უკანა მხარე საიდან იცი, ასტრონომია გიყვარს?
- არა, `პინკ ფლოიდი...
- გასაგებია... - ასე მაშინ ვამბობ, გაუგებარი რომ არის რაღაც... თუმცა არც იყო აუცილებელი ამ შემთხვევაში ჩემი მიხვედრილობა და ზედმეტიც იყო ალბათ... რაკი თვითონ არ ამბობდა, არც მე ჩავაცივდი... შეყვარებულია ალბათ, თუ არა სხვა რა ძალა აიყვანდა ციხის საკნიდან თეატრის სცენაზე...
- სხვა, რას შვები?
- რავი, ვარ...
- მამაშენს ვესაუბრე...
- ვიცი...
- იქნებ საქმის გადასინჯვას მივაღწიოთ... შეწყალებაზე უარს ამბობს,  თორემ გაიოლდებოდა საქმე...
- ბატონო ალექსანდრე, თქვენ ხომ იცით, რო დამნაშავე არ Aარის და რაზე უნდა მოითხოვოს შეწყალება?
რა მეპასუხა?!
ამასობაში ჩავიდა.  სპექტაკლი როდის იქნება გამაგებინე-მეთქი... კარგიო...
არადა სულ ტყუილ-უბრალოდ ზის ბარამის მამა, ვიღაცას დაურეკავს, -  ბარიგობენ, წამალს ყიდიან ამა და ამ ოჯახშიო. სპეცნაზელებს მისამართი შეშლიათ. ეს მერე  გადავამოწმე, ჩანაწერის წაშლა ვერ მოესწროთ, ან არ წაშალეს, ხო არის კიდევ პატიოსანი ხალხი... შუაღამეზე წამოუყრიათ ცოლ-ქმარი. ბარამი  დასთან ერთად სოფელში იყო. ოპერატიული ინფორმაცია გვაქვსო და ატრიალებენ მთელ სახლს...  დაუწყია ყვირილი ბარამის დედას, ვინ მოგცათ ამის უფლებაო  და ეუბნება თურმე ერთი სპეცნაზელი, - ნუ წიკვინობ ქალოო. გაგიჟებულა ამაზე ბარამის მამა და დაურტყამს სპეცნაზელისთვის... 
ზის ახლა ბარამის მამა...
ხუთი წელი აქვს იმიტომ, რომ ვიღაც უზრდელს ტვინის შერყევა მიაღებინა...
ყველაზე დიდი დანაშაული ის არის, როცა კანონის დამცველი ჩადის დანაშაულს, ორმაგად უნდა ზღოს, იმიტომ რომ  მას კანონის დაცვაში უხდიან ფულს...
ერთი ქალი მეუბნებოდა, - ჩემი თვალით დავინახე, პოლიციელებმა ახალგაზრდა ბიჭს ხელები როგორ გადაუგრიხეს... მერე, ორს რომ დაჭერილი ჰყავდა,  ამ მომენტში მესამემ რაღაცა უკანა  ჯიბეში ჩაუდოო...
ყოველთვის მეგონაო, როგორ შეიძლება ძალად ჯიბეში ვინმეს რამე ჩაუდოო... ახლა ვხვდები, რომ არ იგონებენო...
- თქვი მერე-მეთქი, ვინ იყო ის ბიჭი, ვისაც ჩაუდეს, და ის ვინ, ვინც ჩაუდო-მეთქი...
- გაგიჟდიო, მე დამიჭირონ მერეო?
აი, ასეთი აბსურდი... თითქოს გული ტკივათ, მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მიდგება, ყველა იმალება...
ბარამის ოჯახში წამალი ვერ ნახეს, ჩასადებად წაღება კი დავიწყებოდათ...
ვიღაცა ხომ უნდა დასჯილიყო?
დაისაჯა Bბარამის მამა...
ამ ქვეყანაზე ყველაზე მეტი  უკანონობა კანონის სახელით ხდება...
ამ საქმეს მერე გავეცანი, ბარამის საქმის მერე...
არ გავდა ეს ბიჭი დამნაშავეს...
იმიტომ დავინტერესდი, რატომ იჯდა მამამისი...

*  *  *

`გამარჯობა შენი...~
`გაგიმარჯოს...~
`ალექსანდრე დიდებულიძე.~
`ბარამ ბარამიძე.~
`დამცველი უნდა ვიყო შენი, საწინააღმდეგო ხო არ გაქვს რამე?~
`იყავი...~
`გურული ხარ ძამა?~
`კი...~
`ფირალობა დაიწყე? თექვსმეტი წლისთვის ადრე არ არის? ჰო, თუმცა, არსენა ასე არ იყო...~
`რომელი არსენა?~
`ოძელაშვილი კაცო, არ მითხრა ახლა, - არ ვიციო?~
`კი,  ვიცი, - ბატონს რომ ერთი გოგო ჰყავს, არსენას მოეწონება..~
`ა, კაცი!  რაღაც არ გავხარ შენ დამნაშავეს, მომიყევი აბა ყველაფერი...~
`აბა, ვის ვგავარ?..~
`ახლა ხომ ორი მეტრი გვაცილებს ერთმანეთს?~
`კი.~
`ჰოდა, დამნაშავე ათ მეტრ რადიუსში შემიძლია ამოვიცნო...~
`თუ არ ვარ დამნაშავე, რაღა გინდათ, წავალ!~
`მე არ ვარ წინააღმეგი, წადი!~
`ესე იგი, თავისუფალი ვარ?!~
`გადამრევ შენ, ჩემთვის არ ხარ დამნაშავე, მაგრამ პროკურორს და მოსამართლეს არ ვკითხოთ, თუ გვიშვებს?~
`არ შეიძლება, ბატონო ალექსანდრე, თქვენ იყოთ პროკურორი?~
`რა იყო, ბიჭო, თუ როგორ იციან გურიაში, ბიო,  გაწყენინე რამე?~
`არა...~
`აბა, მომიყევი ერთი რა გვჭირს?!~
`არაფერი, რა უნდა მჭირდეს!~
`თუ არაფერი არ გვჭირს და არ ყოფილხარ დამნაშავე,  ძალიან კარგი, მაშინ ახლა ის მოყევი, ვინც დაგიჭირა, იმას რატო ჰგონია, რომ დამნაშავე ხარ...~
`ვიჩხუბე და პატრულმა ამიყვანა...~
`მარტო ჩხუბზე არ აგიყვანდნენ. ყველა ჩხუბზე რომ პატრულს ხალხი აყავდეს, სად დაატევდი ამ ხალხს, ისედაც არ ეტევიან!~
`დაიჭრა ის ბიჭი, მგონი...~
`მგონი... ესე იგი, დანა შენი არ იყო?~
`არა, არ დავდივარ დანით...~
`ვისი იყო?~
`არ ვიცი. ის ვიცი, რომ ჩემი არ იყო...~
`იცნობდი ადრე იმ ბიჭს?~
`არა.~
`რატომ ეჩხუბე?~
`არ ვიტყვი, საჩხუბარი იყო...~
`მე უნდა დაგიცვა შვილო, მე სიმართლე უნდა ვიცოდე...~
`თვითონ რას ამბობს?~
`ქუჩაში წამაქციაო...~
`რატომ წამაქციაო?~
`ჩემთვის მივდიოდი და წამაქციაო...~
`ჰოდა ასე იყოს!~
`კაცო, შენE თუ ციხეში გინდა წასვლა, მითხარი?!~
`არ მინდა. თქვენ არ თქვით, ყველა ჩხუბზე ციხეში არ მიყავთო?!~
`ახლა აგიხსნი: უბრალო ჩხუბი არის კერძო ბრალდების საქმე. აქ თუ დაზარალებულმა, ანუ გალახულმა საქმე არ აღძრა, ანუ არ იჩივლა, არავინ ისჯება... მაგრამ ამ შემთხვევაში მოხდა დაჭრა. ის ბიჭი, ვისაც შენ ეჩხუბე, ფეხშია დაჭრილი.  თან, ამ დროს აგიყვანა პატრულმა,  ხო? პატრულს რომ არ აეყვანე, მაინც, რადგან დაჭრა მოხდა,  ეს უკვე არის საჯარო სამართლის საქმე. გინდაც არ იჩივლოს დაზარალებულმა, სახელმწიფო ვალდებულია საქმე გამოიძიოს და დამნაშავე დასაჯოს...~
არაფერი უთქვამს...
`რაღაცას მალავ მეგობარო...~
`ყველა რაღაცას მალავს...~
მერე პაემანის ვადა იწურებოდა უკვე. რაიმე სათხოვარი თუ გაქვს-მეთქი. - - დედას უთხარით ჩემზე, რომ კარგად არის და ისიც, რომ არაფერი მჭირდება და  ციხეში ნუ მოვა სანახავადო...
მაშინ ვკითხე,  - მამა სად არის-მეთქი და...
ციხეშიაო...

`8. უთხრა კაენმა თავის ძმას, აბელს: გავიდეთ ველად. და როცა ველად იყვნენ, დაეცა კაენი აბელს და მოკლა.~  (ბიბლია, დაბადება).
არადა კაენი პირველი შვილია ოჯახში. ოჯახში კი არა, მთელს დედამიწაზე  - პირველი შვილი...
რა სიხარული ექნებოდა ადამს, თოფს არ ისროდა,  მაგრამ რა  გაუხარდებოდა?!
რა იცოდა მაშინ ადამმა, წლების მერე რა მოხდებოდა...…
საწყალი ევა...
უფროსმა შვილმა უმრწმესი მოუკლა...
(ჯერ არ ჰყავთ შეთი...)
ერთნაირად უყვარდა ორივე...
რომელი უყვარდეს ახლა?
ეჰ, დედის გულო... რომელი ეტკინოს უფრო, მკვდარი თუ ცოცხალი?!
ადამს კი, დარწმუნებული ვარ, ამ ამბავს რომ გაიგებდა, მიწის ფერი დაედებოდა...
საწყალი აბელი, - პირველი მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლი...
მაინც, რატომ მოკლა კაენმა აბელი?
რა დააშავა აბელმა ასეთი? ის, რომ მისი სუფთა გული იგრძნო ღმერთმა. განა აბელი დამნაშავე იყო კაენის წინაშე?
ანუ კაენი იმაზე გაგიჟდა (აბა, ნორმალური ადამინი ძმას მოკლავს?) კარგი რატომ ხარო...
და აიღო ძმამ ძმაზე ხელი და დაეცა...
ძმას ძმის ხელი ჩაჭიდებული უნდა ჰქონდეს და ისე უნდა იაროს...
ეს კი ადგა და დაეცა...
თან როგორ ეუბნება: გავიდეთ ველად...
დღევანდელი ტერმინით: წამო რა, ერთი გვერდზე გავიდეთო...
ანუ დანაშაული წინასწარ განზრახვით...


`მუხლი 9. განზრახ დანაშაული
1. განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი).

კაენი მიდის განზრახ დანაშაულზე, შეგნებულად, ეს არ იყო დანაშაული აფექტის დროს...
დაეცა, ანუ თავს დაესხა – ეს ერთი. მეორე – მისი რეიტინგი კაცობრიობის თვალში ნულამდე დაეცა...
მაშინდელი კაცობრიობა კი ოთხი ადამიანია სულ და მათ შორის, ერთი დამნაშავე...
დავიცავდი თუ არა ახლა კაენს, როცა ძმა  მოკლა...
არა...
რატომ, იცი? თვალთმაქცობა გამოვიდოდა...
ადამიანს, რომლის საქციელს რაიმე გამართლებას ვერ მოვუძებნი, ვერ დავიცავ...
კაენს კი ვერანაირად ვერ გავამართლებდი...
აი რას ვფიქრობ, მაშინ უნდა აეყვანათ, მოქრთამვის მცდელობა რომ ჰქონდა...
ხო გადარჩებოდა აბელი... და თვითონაც, კაენიც...
მაგრამ არ იყო მაშინ არც ციხე, არც პოლიცია...
თურმე საჭირო კი იყო...

`9. უთხრა უფალმა კაენს: სად არის შენი ძმა აბელი? მიუგო: არ ვიცი. ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ~.  (ბიბლია, დაბადება).

დახე, ამ არამზადას (სახელსაც არ ვიტყვი), რას აბობს, იქეთ საყვედურობს უფალს, ჩემი ძმის დარაჯი ხო არ ვარო...  არადა, მართლა უნდა ყოფილიყო მისი დარაჯი. უკეთესს რას უდარაჯებდა?  გაბრაზებულია უფალი...                                 

`10. უთხრა ღმერთმა: ეს რა ჩაიდინე? შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს~.  (ბიბლია, დაბადება).

სასჯელმაც არ დააყოვნა, პირველი განაჩენი:

`11. ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან, რომელმაც გახსნა პირი, რათა მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან.
12. დაამუშავებ მიწას, მაგრამ აღარ მოგცემს იგი თავის ძალას; დევნილი და მიუსაფარი შეიქნები ამ ქვეყანაზე~. (ბიბლია, დაბადება).

ახლა ვნახოთ, დღეს როგორ დაისჯებოდა...

მუხლი 108. განზრახ მკვლელობა
1. განზრახ მკვლელობა,
- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.
(საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი).

მე დავამძიმებდი...

მუხლი 109. განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში
2. განზრახ მკვლელობა:
გ) ხულიგნური ქვენა გრძნობით;
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე.

თუმცა,  ღმერთის სასჯელი, განა უფრი დიდი სასჯელი არ არის? ჩვიდმეტ წელზე უარესია... სამუდამოა...

`ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან, რომელმაც გახსნა პირი, რათა მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან...~

*  *  * 

`ყმაწვილო, რატომ აირჩიეთ მაინცა და მაინც ადვოკატობა?~
`თემიდას მინდა თვალები ავუხილო~!
`და თქვენი აზრით, რატომ აქვს თვალები ახვეული?!~
`გასაგებია, თვალმა რომ არ მოატყუოს და გონებით განსაჯოს მხოლოდ, მაგრამ თვალი ხომ გონების მსახურია, გულიც, ხელიც და ფეხიც, ყველა გონების სამსახურში არიან... თუ თვალმა გონება მოატყუა, არ ვარგა მაშინ გონება...~
`საინტერესო მოსაზრებები გაქვთ, ახალგაზრდა. ეს წაიკითხეთ სადმე  თუ?..~
`თვალსა და გონებაზე ბიოლოგიის გაკვეთილზე გვიამბობდა ფაცია მასწავლებელი სკოლაში, თვალს გვიხსნიდა  და - ღმერთო დამაყრუე და ნუ დამაბრამავებო... ჩემი შვილიშვილი თუ ვერ დავინახე, სიცოცხლე რად მინდაო... არ ვიცი ვინ აუხვია თემიდას თვალები, მაგრამ მე დიდი სიამოვნებით ავუხელდი...~
`ყმაწვილო, ჰომეროსი გაგიგიათ ალბათ?~
`დიახ, დააშავა რამე?~
`არ ვიცი, არ გვაქვს ფაქტები, მის დაცვას არ გთხოვთ, გინახავთ მისი ქანდაკება ან ქანდაკების რეპროდუქცია?~
`თქვენ ალბათ იმას გულისხმობთ, რომ ჰომეროსს თვალები არ აქვს?!~
`კი ამას ვგულისხმობ, იცი ბერძნები რას ამბობენ ამის შესახებ?~
`კი, წამიკითხავს, ჰომეროსი  იმდენად ბრძენი იყო თვალები არ სჭირდებოდაო, მაგრამ ჰომეროსი არ იყო სამართალდამცავი, პოეტი იყო...~
`ანუ თქვენი აზრით სიბრძნე თვალებსაც საჭიროებს?~
`ჩემი აზრით სამართალს თვალი არ უნდა ავუხვიოთ!~
`თქვენი აზრით, რა არის სამართალი?~
`თავიდან მოვყვე, რაც უნივესიტეტში ვისწავლე ხუთი წელი?~
`მოკლედ ვერ შეძლებთ? რომელიმე მოაზროვნის ფრაზა?~
`სამართალი მოკლედ გზაა, რომელსაც ვერც მარცხნივ წაუხვალ და ვერც მარჯვნივ, სამართალი ჯავშნოსანი მატარებელია, რომელსაც ვერანაირი იარაღი ვერ დააკლებს ვერაფერს~.
გაეცინათ, საგამოცდო კომისიის თავმჯდომარის საყვარელი სიტყვები იყო, ამით იწყებდა ყველა ლექციას...
`....და მაინც ვფიქრობ, თემიდას თვალები ახვეული არ უნდა ჰქონდეს!~
`თქვენ უკვე მალე ადვოკატის ლიცენზიას მიიღებთ, სასამართლო დარბაზში ყოფილხართ, რა თქმა უნდა – პრაქტიკების დროს გიწევდათ იქ ყოფნა, შეგიძლიათ აღწეროთ, იცით რამდენი დაუჯდება სახელმწიფოს თვალღია თემიდა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველა დარბაზში მისი ქანდაკება დგას...~
`მე ვფიქრობ სახელმწიფოს უფრო მეტი უჯდება თვალახვეული სამართალი...~

*  *  * 

ხო, ბარამი...
18 წლისაა, კაცია უკვე...
თავისუფალია ახლა...
ისე, მგონი, მაშინაც თავისუფალი იყო ციხეში რომ იჯდა...
ბარამზე რომ ვფიქრობ, მოსე მახსენდება, ორმოცი წელი რომ ატარა ებრაელი ერი უდაბნოში, ისე, რომ აღთქმულ ქვეყანაში მხოლოდ თავისუფლებაში დაბადებულებს მოუწიათ შესვლა...
ბარამი თავისუფალ საქართველოშია დაბადებული... 
შეიძლება ამიტომაც არ არის მასში არაფერი მონური, არც ქცევა, არც საუბარი...
კაცია... 
მაშინაც კაცი იყო, როცა დაიჭირეს...
და რატომ? მოხუცს გამოესარჩლა, რომელსაც თურმე გაფანტული სკლეროზი აქვს...
ეს მას არ უთქვამს...
მთელი ბაზრობა  გადავჩხრიკე, სანამ ერთს არ ვათქმევინე სიმართლე...
ოღონდ ეს არის, სასამართლო პროცესზე ვერ წამოვიყვანე...
მე ვიცოდი სიმართლე, რომელიც უნდა დამეცვა.…
მაგრამ ბარამი არ მეხმარებოდა თვითონ...
თითქოს სულერთი იყო, მიუსჯიდნენ თუ არა რამეს...
`ბატონო მოსამართლე, ბატონო სახელმწიფო ბრალმდებელო...
ჩვენ შეიძლება მიუტევებელი შეცდომა ჩავიდინოთ,  თუ ციხეში  გავუშვებთ ამ ახალგაზდა კაცს...
იმ ქალს, რომელსაც ბარამ ბარამიძე გამოესარჩლა, სკლეროზი რომ არ ჰქონდეს, გაიხსენებდა, რაც მოხდა იმ Dდღეს. რომ  ამ ვითომცდა მსხვერპლმა, ჩანთა გამოსტაცა ხელიდან...
იმ ხალხს, ვინც მაშინ ბაზარში იყო, სკლეროზი რომ არ ჰქონდეს,  ისინიც გაიხსნებდნენ, თუ რა მოხდა სინამდვილეში, მაგრამ მათ ეშინიათ, რომ სიმართლის გამო ვინმემ მათზე შურია არ იძიოს...
ამ ადამიანმა, რომელიც ახლა დაჩაგრულის როლში მოგვევლინა, მოხუც ქალს წაართვა ჩანთა...
ეს დაინახა ბარამმა, რომელმაც ვერ მოითმინა და ფეხი დაუდო მძარცველს...
შემდეგ მოხდა ჩხუბი, ჩხუბის დროს  მძარცველი იღებს დანას და ძიძგილაობის დროს თავისივე დანით იჭრება...~
`ბატონო ალექსანდრე, მე ვაფასებ თქვენ ღვაწლს ქართული მართლმსაჯულების წინაშე, მაგრამ არ არსებობს მოწმე, არ არის არცერთი დამამტკიცებელი საბუთი, მით უმეტეს, რომ განსასჯელიც არ ამბობს ამას...~
`განსასჯელი არ ამბობს ამას, იმიტომ, რომ თავად გონია სამართალი თავი, მოხუცს კი გამოვესარჩლე, მაგრამ ჩაშვებით ვერ ვიცხოვრებო...~
`თვითონ გითხრათ ეს?~
`არ უთქვამს, თვალებში უწერია...~
`განსასჯელო ბარამიძე, მართალს ამბობს თქვენი დამცველი, მართლა მოხუცს გამოესარჩლეთ?~
`ხუმრობს...~
`იცით, რომ თავისუფლების აღკვეთა გემუქრებათ, და ეს არის ბოლო სიტყვა თქვენი~...
`არა, ბოლო სიტყვა  თხოვნა მექნება: ამ ხის ჩაქუჩს ვერ მაჩუქებთ?!~
`რაა?! და  რად გინდათ?~
`ბაბუაჩემს ვაჩუქებ,  თხილს გატეხს, მადლია.~
`გვაშაყირებს ეს კაცი, ბატონო სანდრო და თქვენ ამბობთ, რომ ის უდანაშაულოა.~…
`ვამბობ და ახლაც ვიტყვი, უდანაშაულოა...~
`სად არის ამის დამამტკიცებელი საბუთი?~
`მე თვითონა ვარ დამამტკიცებელი საბუთი...~
`კარგით რა, ბატონო ალექსანდრე...~
და განაჩენი...
ორი წელი...
გაბრაზებული ვიყავი ბარამზე, თუმცა, რამდენჯერმე ჩემს მზეთუნახავს საჭმელები გავაკეთებინე და დაცვის ხელით შევუგზავნე...
ინკოგნიტოდ...
უკვირდათ დაცვის ბიჭებს, - თქვენი ვინ არისო, - მეკითხებოდნენ...
დისშვილი-მეთქი...

*  *  *

ჰო,  დღეს მირიანს უნდა გავუარო, ვნახო ეს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი...
ჩემი ჯგუფელია...
ოროცდასამი წელია ვძმაკაცობთ. მოსამართლეა...
მაფიცა ყველაფერი, არ წამოგცდეს სადმეო...
ისედაც ეჭვით გვიყურებენ ბოვშვები - ერთად როგორ მოიტეხეთ ხელი და ფეხიო...
კარგი, არსად  არ ვიტყვი-მეთქი...
და მოყვა მერე. მეგონა, სადღაც გაგონილ ძველ ამბავს თუ ანეკდოტს მიყვეოდა...
ის და მარიკა, მისი ცოლი, ერთოთახიანში ცხოვრობენ. ბიჭები დაბინავებულები ჰყავთ უკვე... სადარბაზოს ერთი სამოთახიანი ბინა ერთ ბიჭს უკავია ოჯახით, მეორე - მეორეს და ესენი არიან შუაში... ერთადაც და თავთავისთვისაც ...
წინა კვირაში ჭაღი უყიდიათ,  - 5 წელი ვაგროვებდით თანხასო...
გაუხდია ტანსაცმელი მირიანს და ტრუსებიანი ასულა მაგიდაზე - ბარემ დავკიდებ, თვალს და გულს გავახარებო. მაგიდიდან ვერ მიწვდა ჭერს. რაც მართალია - მართალია,  სიმაღლეს ვერ დააბრალებ მირიანს,  ძალიანაც რომ გინდოდეს... მარიკას ეუბნება, - სკამი მომაწოდე და შენც დამიჭირეო...  კიდებს თურმე ჭაღს,  თან მარიკას ეხუმრება თურმე, - ქალო, კარგად დამიკავე, აწი ვინ წაგიყვანს შენო... თუ კარგად დაგიკავებო და დაულანდია რაღაც ტრუსებში მარიკას და  მოუკიდია ხელი, - ასე უფრო კარგად დავიკავებ ჩემს მეორე ნახევარსო, - იფიქრა თუ არ უფიქრია, ვინ იცის,  არ ამბობს მარიკა...
მირიანი კი სადენებს ამაგრებდა ამ დროს, ჰგონებია, დენმა დამარტყაო და წამოსული თავით ძირს. გულიკოს უფიქრია დავიკავებო და დახვავებულა ორივე იატაკზე. ერთს ხელი მოტეხია, მეორეს – ფეხი... რა მნიშვნელობ აქვს, რომელს რა... და წვანან ახლა ორივე შეხვეულ-შებინტულ-ჩაგიფსულები...
ჭაღი გადარჩა... 
მირიანს ვეუბნები, - აღვძრათ საქმე, ასი პროცენტი ვიგებთ. გაგიჟდი  კაცოო, ბოვშვებმა (ორმოცი წლის ტყუპი ბიჭი ჰყავთ) არ გაიგონ, სირცხვილით სად გამოვყოთ მერე თავიო?
მაფიცა ყველაფერი, - არ უთხრა არავისო...
კაი-მეთქი...

*  *  *

`ბაბუ, მე შვიდი სამშობლო მაქვს?~
`შვიდი რატომ, კაცო?~
`დედა, მამა, ბებო, შენ, სახლი, მიწა და ცა, დავთვალე და შვიდია~
`ააა, ჰო...  არ გავგიჟდი, საიდან შვიდი-თქო, სამშობლო ერთია, სანდრო... ეს ყველაფერი ერთად არის  შენი სამშობლო... მოდი, გინდა ლექსი ვისწავლოთ?~
`მინდა~
`სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ... “

*  *  *

ჩემი თანამეცხედრე უნდა იყოს მოსამართლე...
არ არსებობს იმან ადამიანი დასაჯოს...
ახალი გაცნობილი მყავდა, მიყვება, - სკოლას ვამთავრებდი მაშინო, ჩემს  ყანაში მეზობელი შევნიშნე უცებ, ლობიოს კრეფდაო...
- ყოჩაღ, ალბათ გეხმარებოდათ-მეთქი...
- არაო, არ იყო ისეთი ქალი, ვინმეს მიხმარებოდა, თავისთვის კრეფდაო...
- მერე რა ქენი, შეატყობინე მილიციას მეთქი?
- არა, რო დავინახე, ისე შემრცხვა, სად გავპარულიყავი არ ვიცოდიო...
- და შენ რატომ შეგრცხვა-მეთქი...
- არ ვიციო... შემრცხვა იმ ქალის მაგივრად ალბათო და დავემალე, რომ არ შევენიშნეო...
- არ ხარ მთლად ნორმალური, მაგრამ რა ვქნა, აწი გვიანია, მიყვარხარ-მეთქი...
ასე ავუხსენი სიყვარული...
მეც მომენტი შვურჩიე-ვითომ...
ერთი კვირა ხმას არ მცემდა...
მეორე კვირის თავზე კი ჯვარი დავიწერეთ...
ყველა და ყველაფერი ეცოდება...
მუნჯი კნუტებიც კი...
მოვდივართ ამას წინათ სოფლიდან... მაჩერებინებს მანქანას... 
`რა ხდება?~
`კნუტია გზაზე, ცოდოა...~
`არ გველოდება იქნებ ჩვენ და სხვა მანქანას ელოდება...~
`ნუ იცინი ყველაფერზე...~
გადმოვიდა მანქანიდან... გადმოვდივარ მეც... ვხედავ მართლა კნუტია  და ისე მორბის ჩვენსკენ, თითქოს მართლა ჩვენ გველოდაო...
სახლში იყო აშკარად გაზრდილი და ქუჩაში დატოვეს...
წამოვიყვანეთ... რა დავარქვათო?.. გრიშა-მეთქი... არა, უკვე ჰქვია სხვასო, რამე ისეთი დავარქვათ, არავის რომ არ ჰქვიაო... მოვუფიქრე სახელი... კენტუხ ბაა... ეს რას ნიშნავსო... არაფერს არ ნიშნავს... აი შენს კნუტს ნიშნავს-მეთქი... კარგიო, მოეწონა... კენტუხ ბაას ისეთი მადა აღმოაჩნდა, იმ საღამოს კინაღამ მშიერი დაგვტოვა... მერე შეეცოდა კუჭი არ გაუჩერდესო და წაართვა საჭმელი... რა ღორმუცელა ვიღაცა ხარო...
სანდროს რეაქცია მაინტერესებს, კენტუხ ბაას რომ დინახავს, სოფელშია ახლა, დიდ ბიჭებთან ძმაკაცობს თურმე, ბირჟაზე სხვები რომ ჩაციუცქდებიან, ესეც იმათ ბაძავს თურმე... 
ჩემი ბიჭი მიყვებოდა, ღამით კიბესთან თამაშობდა თურმე და მეზობელი ჩამოსულა ეზოში, ბავშვი რომ დაუნახავს, მორიდებია, არ შევაშინოო და ეზოს გადაღმა გადავალ და იქედან დავიძახებო, უფიქრია... სანდროს მოუკრავს ამ დროს თვალი და, - ვა, შენ რომელი ხარო, - ეკითხება თურმე, იმასაც უთქვამს, მეზობელი ვარ თედოო. მოდი თედო, მოდი, რა  შორსა დგახარო, მოუპატიჟია...
სამიD დღეE ხმა არ ამოუღია ბაას, მეოთხე დღეს დაღლილი მოვედი და კარებთან შემხვდა და პირის მოძრაობით შევატყვე, რომ მიაუს ამბობდა...
მომესალმა რა...
მეც მივესალმე...
ბაა, როგორ ხარ-მეთქი...
მეტი სიტყვა არ უთქვამს...
ცოლს ვეუბნები, - ამან მგონი ლაპარაკი არ იცის, ლოგოპედი ხომ არ ავუყვანოთ-მეთქი...
არა, დამცველი ავუყვანოთ, შენ რომ არ დასცინოო...
მირეკავს ამას წინათ. კაბინეტში ძირითადად მარტო ვარ. მაშინ კი კლიენტი იჯდა,  ვსაუბრობდით და ავტომატურად ხმამაღლა მოლაპაკე ჩავრთე. ჩემი თანამეცხედრე იყო, მეუბნება, - რა გახაროო... რა უნდა მახარო-მეთქი...  კენტუხ ბაამ მიაუ თქვაო...
გაკვირვებული მიყურებს კლიენტი...
გამოვრთე ხმამაღლა მოლაპარაკე.
მივედი სახლში, აცრემლებული დამხვდა. რა ხდება, კენტუხ ბაას ნაწლავების გადახლართავ ხომ არ აქვს-მეთქი... არაფერიო... თურმე რაღაც ფილმს უყურებს...
ნახე, რა  კარგი გოგო კვდებაო... ნუ გეშინია, ეს გოგო გუშინ სხვა ფილმში ვნახე და ცოცხალი იყო-მეთქი... საზიზღაროო...  მე რომ ასე ვიცრემლები, ცოტა შენზეც ხომ უნდა იმოქმედოსო.... არ ვუთხარი არაფერი...
აბა, იმას ხომ არ ვეტყოდი, - ქალო, სასამართლოებზე იარე ჩემთან ერთად, იქ იმდენ ნამდვილ ცრემლს განახებ, შენ თუ ფილმებისთვის ცრემლი დაგრჩება, მაგასაც  ვნახავ-მეთქი...
ისე, გავიფიქრე კი...
ჰო, ბარამს უნდა დავურეკო, პრემიერა არ გამომაპაროს, ჩემს მტირალა მზეთუნახავსაც წავიყვან...


მეხუთე ნაწილის დასასრული
(გაგრძელება იქნება)


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები