მატარებელი, ანუ ფიქრები და სისულელეები
უკვე საკმაო ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც მოხუცი ყარამანი, რომელსაც ბევრი ბებერ ყარამანსაც ეძახდა, თავისი სახლის წინ დაბალ სკამზე დაჯდა. იმიტომ, რომ ასე მოსწონდა. რაც შეეხება დაბალ სკამს, ეს ყარამანსაც მოსწონდა და მის ბებერ ზურგსაც. ყარამანი გაჰყურებდა ხოლმე ჭიშკარს, თუმცა არავის ელოდა, იმიტომ გაჰყურებდა, რომ მის ბებერ თვალებს მოსწონდათ ასე. თვალთ არ აკლდა, სათვალეს არ ხმარობდა, მაგრამ გაზეთებსაც არ კითხულობდა. თუ აქამდე გასაკვირი არაფერი თქმულა, არც ის არის გასაკვირი, რომ მოხუცი ყარამანი ყოველთვის მოხუცი არ იყო, ანუ იყო დრო, როცა მასზე საუბარში მის სახელთან ერთად ასაკის აღმნიშვნელი ეპითეტი არ ფიგურირებდა. მაშინ ყარამანი ჩემპიონი იყო. მართალია, ის ახლაც ჩემპიონია, მაგრამ უკვე სახელივით ამ ტიტულსაც ასაკის აღმნიშვნელი ეპითეტი დაემატა, ანუ ,,ძველი ჩემპიონი”. ყარამანი ბევრჯერ დაფიქრებულა იმაზე, თუ რატომ არ სთავაზობდნენ ახლა ჭიდილს, გულმოსული იმასაც კი ამბობდა თავისთვის: ,,რა, ამ ღლაპებს ჰგონათ, მე, ჩემპიონ ყარამანს, თუნდაც ასეთ მდგომარეობაში, მკლავჭიდში დამამარცხებენო?!”, მაგრამ დრო რომ დაუნდობელი რამაა, ეს კარგად იცოდნენ იმ ,,ღლაპებმა“, ამიტომ არ ენაძლევებოდნენ მოხუც ყარამანს. რომ დაემარცხებინათ კიდეც, ყარამანი მაინც ჩემპიონად დარჩებოდა, მაგრამ დამარცხებულს უკვე არც ერქმეოდა ჩემპიონი. კიდეც ,,ჰო” და კიდეც ,,არა”, უხერხულობასაც შექმნიდა და უხერხულობაზე ცოტა მეტსაც, ამით ბევრი რამ ირღვეოდა და ბევრი რამის დარღვევა ,,ღლაპებს”არ უნდოდათ... ყარამანთან ბოლო დროს გოგლა მოდიოდა ხოლმე. იჯდა მის გვერდით მაღალ სკამზე (იმიტომ რომ ყარამანს მეორე დაბალი სკამი არ ჰქონდა) და იმ თემაზე ლაპარაკობდა, რომელსაც ყარამანი შესთავაზებდა. გოგლა ყარამანს შენობით ესაუბრებოდა, რადგან მაშინ, როცა პირველად დასხდნენ ასე სასაუბროდ დაბალ და მაღალ სკამებზე, ყარამანმა ბრძანებითი კილოთი დართო ნება გოგლას, მისთვის უბრალოდ ყარამანი დაეძახა და არავითარი ,,ბატონო”, ან ,,პაპა” არ გამოეყენებინა. გოგლასაც არც უფიქრია მისთვის ,,პაპა” დაეძახა, ხოლო რაც შეეხება სკამს, რამდენჯერმე, როცა ყარამანთან სასაუბროდ გადმოვიდა, უთხრა: - ეჰ, ისევ დამავიწყდა, ყარამან, წავალ, გადავალ სახლში და ჩემს სკამს გადმოვიტან! - თუმცა, გაბრუნდებოდა თუ არა სკამის მოსატანად სახლში, ყარამანი ისევ უკან მოაბრუნებდა: - არ გინდა, გოგლიკო, დაბრუნდი, როცა ძალიან მოგინდება, თავიდანვე წამოიღებ, თანაც ხომ მოგწონს ამ სკამზე ჯდომა! გოგლაც ბრუნდებოდა და მაღალ სკამზე ჯდებოდა... გოგლა იმ ობიექტს წარმოადგენდა, რომელზეც ყარამანი თავის დასკვნებს ცდიდა, რომელიც დააგროვა მაშინ, როცა ნამდვილი ჩემპიონი იყო და მაშინ, როცა დაბადებულიც არ იყო. ყარამანი ამ დასკვნებს ამუშავებდა, სწორედ ამიტომ დაჯდა სახლის წინ დაბალ სკამზე... დასკვნებს გოგლაც აკეთებდა ხოლმე, მაგრამ იმ ასაკში იყო, რომ საუთარ თავს არ ენდობოდა და აინტერესებდა, სხვაც თუ არსებობდა ვინმე, ვინც დასკვნებს აკეთებდა, ან ფიქრობდა მაინც. ერთი სიტყვით გოგლას, უწვერულ ყმაწვილს და ყარამანს, ძველ ჩემპიონს, ერთმანეთი ძალიან სჭირდებოდათ... ერთხელაც, როცა გოგლა ჩვეულებრივ ყარამანთან გადმოვიდა, ნახა, რომ ყარამანს ხელში რაღაც დახვეული ეჭირა, რომ დააკვირდა, მიხვდა, რვეული იყო. საერთოდ ყარამანი თითქმის არაფერს კითხულობდა ხოლმე, ამიტომ გოგლას ცოტა გაუკვირდა კიდეც მის ხელში რვეულის დანახვა: - ყარამან, რა არის ხელში რომ გიჭირავს? უფრო სწორად, მინდოდა მეკითხა, შიგ რა წერია? - ჰოო, გოგლიკო ჩემო, აქ ის წერია, რის წასაკითხადაც გამზადებდი მთელი ამ ხნის განმავლობაში - თქვა მოხუცმა და რვეული გადაშალა. დანარჩენივით გაყვითლებულ პირველ ფურცელზე შედარებით დიდი ასოებით ეწერა, ყარამანის სახელი და რვეულის სათაური - ,,მატარებელი, ანუ ფიქრები და სისულელეები”. გოგლიკომ ამაზეც თვალები დაჭყიტა. მაშინ ყარამანმა აუხსნა, რატომ დაარქვა რვეულს ეს სახელი: - გოგლიკო ჩემო, ცხოვრება მატარებლით მგზავრობას ჰგავს იმით, რომ სადღაც მიემგზავრები, მაგრამ ცხოვრების და მატარებლის მსგავსებებიდან მთავარი ის არის, რომ როცა ფანჯრიდან გაიხედავ, რაღაცაზე ჩაფიქრდები ხოლმე. ამ მსგავსების გამო დავარქვი ამ რვეულს ეს სახელი. მე სულ ისა ვარ, რაც აქ წერია, ეს არის ჩემი მატარებლის ბილეთი, ანუ ჩემი ბილეთი ისევ მე ვარ. ასე რომ გადავწყვიტე, ბოლომდე გაგეცნო. მე ბევრი არ მიცნობდა და არც ახლა მიცნობს და მივხვდი, რომ კარგი იქნება, თუ შენ მაინც გაგეცნობი, თორემ რატომღაც მგონია, რომ დრო არავის აცლის ჩემს გაცნობას... აჰა, გაშალე და წაიკითხე, უფრო სწორად, წამიკითხე... ძალიან მაინტერესებს, იმას წაიკითხავ თუ არა, რისი თქმაც მინდოდა, იმას მნახავ თუ არა, ვინც ვარ... ყარამანმა რვეული გოგლას მიაწოდა. ბიჭმა გადაშალა, ყარამანმა უთხრა: - არ მინდა, ეს რვეული ჩემი თანდასწრებით წაიკითხო და კითხვისას შიგადაშიგ გამომხედო ხოლმე, მე კი განუწყვეტლივ გიყურო და იმას დავაკვირდე, რა სახეს მიიღებ ამა თუ იმ წინადადების კითხვისას. სახლში წაიღე, იქ წაიკითხე, მერე ისევ გადმოდი და მითხარი, რაც გექნება სათქმელი. სახლში მისული გოგლა საწოლზე წამოწვა და რვეული გადაშალა. კარგა ხანს თავფურცელს უყურა, მეორე გვერდზე კი ეწერა:
სწრაფვა (ჩანახატი, რომელიც ესსესავით იკითხება)
...როცა ბავშვმა იმდენად აუწია ხმას, რომ მოსაუბრეები შეაწუხა, ვიღაცამ კალამი შეაჩეჩა ხელში და პატარამაც ტირილი შეწყვიტა. ამჯერად მას ,,საქმე” გამოუჩნდა - ფურცელზე, რომელიც საკმაოდ უპატრონოდ იყო მიგდებული მან რაღაცის ჯღაბნა დაიწყო. ამას, რა თქმა უნდა, არავინ დაკვირვებია, შედეგად არავის უნახავს, რომ პატარა ნაჯღაბნი წირების თავსა და ბოლოს ერთმანეთთან აერთებდა და ასე გამოდიოდა ძალინ, ძალიან უშნო წრეები... წრე სრულყოფილი ფიგურაა. ეს ისაა, რისთვისაც არცერთი წერტილის არც მიმატება შეიძლება და არც გამოკლება. უფრო სწორად, შეძლებით კი შეიძლება, მაგრამ შედეგად მიღებული რამ წრე აღარ იქნება - თვალს მოატყუებს ფიგურა, რომელიც, უბრალოდ ძალიან ჰგავს წრეს. უნაკლო წრეს ვერავინ დახატავს, რადგან წერტილის შეგრძნებამდე გამახვილებული შეგრძნება არავის აქვს. ადამიანები, უბრალოდ, მეტნაკლებად ზუსტ წრეებს ხატავენ, თუ გნებავთ, ხაზავენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნამდვილი წრე არ არსებობს, არა, ის არსებობს, მაგრამ ჩვენ ვერ ვქმნით, არა გვაქვს. სამაგიეროდ შეგვიძლია, ძალიან, ძალიან ლამაზი, ,,ნამდვილთან” ბევრად მიახლოებული წრეები დავხაზოთ... ადამიანმა წრეს, სრულყოფილებას ღმერთი დაარქვა. დაიწყო სწრაფვა მისკენ... ეს პროცესი დაემგვანა ცასთან კიბის მიდგმას, უფრო სწორად ამ კიბეზე ასვლას. ცა, ანუ ატმოსფერო აქვე, მიწაზე იწყება, თუმცა, როგორც ჩანს მის მეორე ბოლოს ვეძებთ. ამ კიბეზე, გნებავთ, გოდოლზე ავდივართ დაუსრულებლად და დაუსრულებლად ვუახლოვდებით სრულყოფილებას. იმ საფეხურზე, რომელზეც მოვკვდებით, ვტოვებთ მომავალს, ახალ აწმყოს, ანუ შთამომვალს. ეს შთამომავალიც გვგავს, ანუ ასევე იქცევა. საბოლოოდ გამოდის, რომ სრულყოფილება მხოლოდ მიმართულებაა რომლისკენაც დაუსრულებლივ უნდა იარო, მარცხების, წარმატებების, სიცოცხლის, სიკვდილის და სხვა რამეების შემდეგაც. ბევრმა ვერ გაუძლო მიზნისკენ დაუსრულებელ სწრფვას, რადგან ეძებდა შვებას. მათ ეგონათ, რომ მიზნის მიღწევა იყო შვება. მათ არ იცოდნენ, რომ არ არსებობს შვება, არსებობს მხოლოდ შვებისკენ სწრაფვა. ამიტომ მათ გამოიგონეს უამრავი მიზანი და ოცნება, და ჩათვალეს, რომ მათი მიღწევა მიანიჭებდათ ნანატრ შვებას. ასეთი გამოგონება უამრავია - ეს არის ყველაფერი, რასაც წარმატებას ვეძახით, ფულით დაწყებული და ფულით დამთავრებული. როცა მარტივი მიზნები მიღწეულ იქნა, შვება კი ვერმიღებული, ჯერი დადგა უფრო და უფრო რთული მიზნებისა, რომელთაც შეიძლება ფოლადის მიზნები ვუწოდოთ, რადგან თვისებებით ძალიან გვანან ფოლადს - განუზომლად დიდ სიმყარესთან ერთად სიმყიფე, ანუ ზღვარი ახასიათებთ. შედეგად ურთულესი მიზანიც კი მიღწევადია, მისი მიღწევის შემდეგ კი შვება მინც არ ჩანს და ძიება კი გრძელდება... ამ ბევრის გარდა აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც გადაწვიტეს, რომ ,,ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში”, ამიტომ ისევ იმ ერთადერთი მიუღწევადი მიზნისკენ ისწრაფიან, რომელსაც სრულყოფილებამდე მიღწევა ჰქვია. ამ სწრაფვას ბოლო არა აქვს, ის იმისთვის არაა, რომ მიზანს მიაღწიო და ამოცანის პასუხი დასვა, ის იმისთვისაა, რომ ამოხსნის გზა იპოვო და ამ გზაზე სიარულით დატკბე, მიზნის მიღწევის იმედით იყო ბედნიერი და არა მიზნის მიღწევით, რომელიც უკმარისობის გრძნობას იწვევს. ამ გზაზე ყოველი ნაბიჯი სიხაულია, რადგან სრულყოფილებასთან კიდევ უფრო მიახლოებას ნიშნავს. და საერთოდ, ცხოვრება იმიტომ არის სასრული, რომ ის აჩვენო, თუ რას გააკეთებდი, ცხოვრება უსასრულო რომ ყოფილიყო. ...ბავშვი ისევ ხატავდა (თუ ხაზავდა) წრეებს, ოღონდ უკვე ბავშვი აღარ იყო... ახლა ტელეფონზე ლაპარაკობდა და ისე ხატავდა, ქვეცნობიერად... ეს წრეები, ბევრად, ბევრად სრულყოფილი იყო, ვიდრე ისინი, მაშინ რომ ხატავდა, ბავშვობისას, თუმცა სრულყოფილებას კიდევ ბევრი უკლდა....
* * *
- ყარამან, ამაზე მეც მიფიქრია... - გოგლა წამით გაჩუმდა, თითქოს იმას იხსენებდა, თუ როდის ფიქრობდა ამაზე,- ჰო, მიფიქრია, მაგრამ არავისთვის მითქვამს. - მეც, მეც არავისთვის მითქვამს, გოგლიკო ჩემო, შენ წაიკითხე ეს ნაწერი პირველად და მიხარია, რომ სწორედ მას მივეცი ის წასაკითხად, ვისთვისაც ასეთი რამ უცხო არაა. ადრე მე სწორედ იმის მეშინოდა, რომ სხვები ამას ვერ გაიგებდნენ. საქმე ისაა, რომ მივხვდი, სისულელეა, იმაზე იფიქრო, გაგიგებენ თუ არა სხვები. გარშემომყოფთაგან ყველა სხვადასხვა რამეს ითხოვს შენგან, ხშირად ურთიერთგამომრიცხავ რამეებსაც, ამიტომ შეუძლებელია შენით ყველა დააკმაყოფილო, ამაზე არც უნდა იფიქრო. ყველაზე მთავარია, ადამიანმა თავის თავს გაუგოს, თუ მან ეს შეძლო, თუ საკუთარი თავი იპოვნა, მაშინ მას სამყაროსთან კითხვები აღარ ექნება, რადგან სამყარო ისევ ჩვენშია. საკუთარი თავის შეცნობით მთელ სამყაროს შევიცნობთ, უფალს შევიცნობთ, რადგან ღმერთმა ადამიანი ხატად და მსგავსად თვისსა შექმნა. - შენ შეიცანი საკუთარი თავი, ყარამან? - ამ კითხვაზე დადებითი პასუხი არსდროს არ არის სწორი. ჯერ ერთი იმიტომ, რომ პიროვნება ამოუწურავი ფენომენია და მისი შეცნობა შეუძლებელია, მეორეც ერთი იმიტომ, რომ კიდეც რომ მოახერხოს ადამიანმა ამის გაკეთბა, ხმამაღლა ამაზე საუბარი, მარტივად რომ ვთქვათ, ამპარტავნებაა, რაც შეუძლებელს ხდის სულიერი სრულყოფილების მიღწევას. გამოდის, ეს კაცი არაფრის მაქნისი ყოფილა. ასე რომ, არ ღირს იმაზე ფიქრი, შევძელი თუ არა მე ამის გაკეთება, მთავარია, რომ მინდა, მინდა რომ ჭეშმარიტება შემოვიდეს ჩემში, ამიტომ ის აუცილებლად იპოვის ჩემში შემოსასვლელ გზას. გოგლამ ყარამანის ჭიშკართან ჩავლილი მეგობარი დაინახა, ჯერ მხოლოდ ხელი აუწია, მაგრამ როცა მეგობარმა ვიღაცის ადგილსამყოფელი ჰკითხა, გოგლამ კი უპასუხა, ბიჭს მეგობრისკენ გაუწია გულმა და ყარამანს უთხრა: - ყარამან, წავალ ახლა მე. რამე რომ მომაფიქრდება, გეტყვი... ... საღამოს გოგლამ ისევ გადაშალა ყარამანის გაყვითლებული რვეული. მეორე ჩანაწერის კითხვა დაიწყო:
ორი
,,ჩადენილია სისხლის სამართლის დანაშაული, გამოძიების საფუძველზე დაკავებულია დამნაშავე, წაყენებული აქვს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით” - თქვა პოლიციელმა. ,,შემოიყვანეს პაციენტი, ძალიან მძიმე მდგომარეობაში. გულის არეში აღმოაჩნდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული გამჭოლი ჭრილობა. მოვახდინეთ სწრაფი რეაგირება, რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ...” - განაცხადა ექიმმა. ,,- ამას დაუწყია თურმე, უგინებია თუ რაღაცა... მტყუანია მკვლელი, მაგრამ არც ის საცოდავი ყოფილა მთლათ მართალი. - რას ამბობ, შე ქალო, კრავივით ბიჭი იყო ის საცოდავი, ჭიანჭველას არ დაადგამდა ფეხს.” - თავისი თქვეს ჭორიკნებმა. გარშემო ტრამალი. კაცი. ტვინში ხმაც და წითელი ლაქებიც განუწყვეტლივ. ხმა ორნაირი. ხმა პირველი: გასროლა. ხმა მეორე (ჩურჩულით მოლაპარაკე, მაგრამ ბოხი და მთელი ცარიელი გარემოს ამავსებელი): ,,შენ რა გეგონა! ეს სხვაა, სხვა, უფრო საბედისწერო! Mმკვლელობა ადამიანის სულს გლეჯს, ორ ნაწილად, სინდისად და დამნაშავედ გლეჯს! ნახავ, დაგეწევა სინდისი” კაცი გარბის, ხშირად უკან იხედება - თავის ჩრდილს ხედავს. ეშინია, საშინლად ეშინია და გაურბის საკუთარ ჩრდილს - უკვე მიხვდა, რომ ეს არის სინდისი. კიდევ უფრო ჩქარა გარბის, მაგრამ მაინც ვერ უსხლტება, ჩრდილს ვერსად გაექცევა, ჩრდილმა თითქოს წინასწარ იცის, სად წავა... კაცს ეს ჩრდილი ხანდახან ის მსხვერპლიც ჰგონია და კიდევ უფრო ეშინია. მერე გაახსენდება როგორ წარმოიქმნა ჩრდილი და ახედავს მზეს. უსასრულო ტრამალზე უსასრულო ცისფერი ხვიმირია დამხობილი და თვალს აბრმავებს უზარმაზარი, მრგვალი, ჩახჩახა მზე. კაცს მზისა უფრო შეეშინდა და სასოწარკვეთილებაში ჩავარდა - უკან ის იყო, რაც თავს არ ანებებდა და განუწყვეტლივ დასდევდა, წინ კი მზე. კაცი უცებ აფეთქდა, მკვეთრად უკან შემობრუნდა და გიჟივით გამოეკიდა თავის ჩრდილს. ახლა უკვე დამნაშავე მისდევს სინდისს, გათელვას, გასრესას, განადგურებას უპირებს. გადაჯეგავს მკვლელი ტრამალს, ვერ იგრძნობს აჩქარებულ გულისცემას და მაინც ვერ დაეწევა ჩრდილს. მზე უფრო მწვავედ დააჭერს ზურგზე. და მაშინ მივა სინდისსგამოკიდებული კაცი უფსკრულის პირას და მოიხელთებს სინდისს, იმიტომ რომ სინდისს არ უნდა გადაჩეხვა, იცის ეს კაცმა და უფრო და უფრო კუთხეში იმწყვდევს საკუთარი სულის მრისხანე ნაგლეჯს. ბოლოს ფეხს აწევს დასადგმელად, დადგამს, აუსხლტება ფეხი, გადაიჩეხება უფსკრულში, გარემოს კივილი აავსებს, გულშემზარავი, გულისგამაწყალებელი, ყურისწამღები კივილი...
* * * - ყარამან, შენ გინახავს სინდისსგამოკიდებული კაცი? - მე ბევრი ისეთი ,,რამე” მინახავს, გოგლიკო ჩემო, რაზეც შემიძლია ვთქვა, ,,ვიღაც” ვნახე მეთქი, და ბევრი ისეთი ,,ვინმეც”, ვიზეც შემიძლია ვთქვა, ,,რაღაც” ვნახე მეთქი. სინდისსგამოკიდებულიც მინახავს და მზისგან გაქცეულიც. - ცუდი სანახავები იყვნენ? - ადამიანი ცუდი სანახავი არასდროს არაა, ან საერთოდ, სანახავი და დასანახი. სხვა საქმეა თვალები. მზეს გამოქცეული ადამიანის თვალები კი ნამდვილად არაა კარგი სანახავი - უმზეო თვალებში სიბნელეა და სიცარიელე. - ოდესმე მოხდება ისე, რომ ჩრდილი ისევ შეურიგდეს კაცს? - ეს ნიშნავს, რომ ჩრდილი გაქრეს... მივიღებთ, კაცს, ჩრდილის გარეშე, ეს იქნება ზეიმი. ჩრდილი ის არის რითაც მზეს ვფარავთ, იმის ანასახია, რასაც მზე, ანუ ჭეშმარიტება ვერ ანათებს. ჩრდილით მიწას ვაწებივართ, უჩრდილოდ ვიქნებოდით უხორცო, მოვშორდებოდით მიწას. ჩრდილი რომ კაცს შეურიგდეს, ჩამოგლეჯილი სული ისევ თავის ადგილას უნდა დაბრუნდეს, ამას იგივე ძალა სჭირდება, რაც მის გამოყოფას დასჭირდა, ოღონდ საპირისპირო თვისების ძალა. უნდა ქნა მადლი, ცოდვის ოდენი. -ეს საკმარისია? - არა, კიდევ უნდა იცოდე, რომ სწორედ სულის აღსადგენად აკეთებ მადლს და არა იმიტომ, რომ ყველას ჰგონია, ასეა საჭირო. -დამაფიქრე, ყარამან, როგორც ყოველთვის. წავედი ახლა მე... წავიდა გოგლა, იფიქრა იმაზე, რაზეც ყარამანთან ისაუბრა, მაგრამ ბევრი ვერაფერი მოიფიქრა. ოთხი დღე არ გადაუშლია ყარამანის რვეული, მხოლოდ დახედავდა ხოლმე მაგიდაზე დადებულს. მერე ისევ აიღო და გადაშალა. ახალი ჩანანაწერი:
გზით უკეთეს შემთხვევაში ადამიანები კიდეც ,,არიან”, კიდეც ,,ჰყავთ” და კიდეც ,,აქვთ”. ჯანბეგი კი მხოლოდ ,,იყო”, მას არც ,,ჰყავდა” და არც ,,ჰქონდა”. იმ ადამიანს კი, რომელიც მხოლოდ არის, ბევრს არაფერს ეუბნებიან ადმიანები, რომლებიც კიდეც ,,არიან”, კიდეც ,,ჰყავთ” და კიდეც ,,აქვთ”... ამიტომაც არხეინად იყო ჯანბეგი, არც დავალებული იყო ცხოვრებისგან და არც თვითონ ავალდებულებდა მას... ჯანბეგს ადრე ვიღაცები ,,ჰყავდა” და რაღაცებიც „ჰქონდა”. მაშინ მან ნახა, თუ როგორ იკეტებოდა ერთი ქალაქის უზარმაზარი კარიბჭე... ისიც ნახა, რომ ხანდახნ ადამიანები კარგ საქმეს აკეთებენ... კიდევ ის, რომ მთაზე ფეხით ასვლისას, კარგი შეგრძნება მოდიოდა და სუნთქვა მთის ჰაერით ადვილი და სასიამოვნო იყო... ნახა დიდი ჩახჩახა მზე, თაკარას რომ ეძახიან... ამის გარდა ბევრი რამ ნახა და გაიგო ჯანბეგმა და ბოლოს გადაწყვიტა ენახა, თუ როგორ ღელავს ზღვა, მაგრამ სწორედ ამ დროს დაკარგა ის ვიღაცები, ვინც ,,ჰყავდა” და ის რაღაცები, რაც ,,ჰქონდა” - საყოლებელი უფალს მიაბარა, საქონებელი კი თვითონ მიიბარეს ადამიანებმა, რომლებიც ხანდახან ცუდ საქმესაც აკეთებენ... მაშინ გახდა ჯანბეგი ადამიანი, რომლიც მხოლოდ ,,არის”... მას მერე ჯანბეგს არაფერი უნახავს ისეთი, რაც დაამახსოვრდებოდა, ვერ ნახა თუ როგორ რელავს ზრვა და დაკარგა თავი… და ახლა, როცა უკვე ნანახი თაკარა მზის ნახვა არ უნდოდა, ჯანბეგი იწვა ხის ძირში, რომელიც წარმოქმნიდა ჩრდილს და არ ანახებდა ჯანბეგს უკვე ნანახ მზეს.… ჯანბეგს ეძინა, როცა უთხრეს: - ადექი! ჯანბეგს მაშინაც ეძინა, როცა გაუმეორეს: - ადექი! როცა დაუმატეს: ,,ადექი, კაცო, რით ვერ გაიგეო!”, მაშინ გამოეღვიძა და ისე, რომ მზისთვის არ შეეხედა, თვალები მიმართა მთქმელისკენ, გამღვიძებლისკენ - რა გინდა?! - მოსვენება. - მშვიდად უპასუხა ახალგაზრდა კაცმა, მაღალმა, კუნთიანმა და სახით სანდომ. - რატომ?! განა აქ სხვა ადგილი არ არის, თუნდაც ჩრდილიანი, შეგიძლია იქ დაისვენო- უპასუხა ჯანბეგმა, ოდნავ გაკვირვებულმა იმით, რომ მისგან რაღც მოითხოვეს. - ეს იქნება საფასური. - კიდევ უფრო მშვიდად თქვა ახალგაზრდა კაცმა. - საფასური? რის, განა რამე მომეცი? - არა, მოგცემ. Mმე გეტყვი, რა უნდა ქნა. თუ გინდა გითხრა, წამოდექი. ჯანბეგს სწორედ ის აინტერესებდა, რა უნდა გაეკეთებინა. იმიტომ გახდა ასეთი, რომ ეს არ იცოდა... ჯანბეგი მიხვდა, რომ სჭირდებოდა ძალა წამოსადგომად და გაუწოდა ხელი ახალგაზრდას. Aახალგაზრდამ წამოაყენა, - ადრე შენ დადიოდი შენი გზით. Mმერე შენ გაგიცრუვდა იმედი და ისე მიატოვე შენი გზა, რომ ბოლომდე არ მისულხარ და გახდი ისეთი, როგორიც ხარ. არადა ამ გზის ბოლოს შენ იპოვიდი ჭეშმარიტებას, ანუ საკუთარ თავს. შენ ჯერაც არ გინახავს, თუ როგორ ღელავს ზღვა... წადი, ნახე და იპოვი!
ჯანბეგს არაფერი უთქვამს ახლგაზრდა დამრიგებლისთვის, რადგან არც არაფრის თქმას ითხოვდა ეს კაცი მისგან, თუნდაც მადლობის, ჯანბეგი ხვდებოდა, რომ ხალხისთვის ასეთი რამის თქმა ამ კაცისთვის მთავარი და ერთადერთი საზრუნავი უნდა ყოფილიყო. ჯანბეგი გაუდგა გზას, რომელსაც ის საკუთარს უწოდებდა. Mან იცოდა, რომ ამ გზის ბოლოს იპოვიდა იმას, რაც დაკარგა, რადგან გაკეთებული ექნებოდა ყველაფერი, რაც უნდა გაეკეთებინა ცხოვრებაში. ის იქნებოდა ერთ-ერთი იობი, რომელსაც დაკარგული დაუბრუნდა.
* * *
- ამ ბოლო დროს უფრო გულჩათხრობილი გავხდი, ყარამან, ეს ალბათ იმის ბრალია, რომ რაღაცებზე დავფიქრდი, იმაზე, რაც შენს რვეულში წერია. Eეს კარგია? - იმ რვეულში სულ ოთხი თუ ხუთი რაღაც მიწერია. როგორც ადრე გითხარი, ეს მთელი ჩემი ცხოვრების მონაპოვარია, ჩემი კვალი, ჩემი გზა... შენხელა რომ ვიყავი მაშინ ასეთ რამეებზე არ ვფიქრობდი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენთვის რამე ადრეა. შენც იმას რომ დაელოდო, როდის გახდები ჩემხელა, მაშინ ჩემზე უკეთესი არაფრით იქნები, იმიტომ, რომ შენც იმდენივეს მოასწრებ, რამდენიც მე მოვასწარი. თუ უფრო ადრე დაიწყებ, უფრო ბევრის გაგებას მოასწრებ. თუმცა მგონია, ეს რაღაცით საშიშიცაა, მაგრამ ამაზე არ ღირს საუბარი, მალე შენითაც მიხვდები. იცოდე, რომ ასაკი კი არ განაპირობებს საქმეს, არამედ საქმე განაპირობებს ასაკს. Aამქვეყნად არსებულ გაბრიელთაგან ერთმა, გარსია მარკესმა, თქვა: ,,სიყვარულის უნარს მაშინ კი არ ვკარგავთ, როცა ვბერდებით, არამედ მაშინ ვბერდებით, როცა სიყვარულის უნარს ვკარგავთო”. Aა, აგერ მე! Mმოვიდეს ახლა რომელიც გინდა ის ცხვირმოუხოცავი ღლაპი და დამეჭიდოს ერთი მკლავზე - ჭყინტი ყველივით გავუწურავ ბიცეფსებს, როგორც ბევრს დაემართა ჩემგან. მკლავჭიდში გოგლაც მაგარი იყო თანატოლებში, მაგრამ ყარამანისთვს, რა თქმა უნდა, არ გაუბედავს გამოწვევა. - მართალი ხარ ყარამან. მეც მგონია, რომ თუ ფიქრი მოდის, უნდა იფიქრო. ახლა კი ჯანბეგის ამბავზე ვფიქრობ და კიდევ იმაზე, მე რა უნდა ვნახო, რომ ჭეშმარიტება ვიპოვო. - გეტყვი, გოგლიკო ჩემო, გეტყვი. ღმერთმა სამყარო ისე შქმნა, რომ აქ არფერი გამხდარიყო სადაო. დავა ღვთის ნების არასწორი გაგების შედეგია. Uუფალმა ყველას, ვინც კი გააჩინა, თავისი ადგილიც მიუჩინა ცხოვრებაში, საინტერესო ისაა, ვდგავართ თუ არა ჩვენ ყველანი ჩვენ-ჩვენს ადგილებზე. ასე რომ, ცხოვრების მიზანი შენი ადგილის პოვნა გამოდის. ცხოვრება კი უკვე გითხარი, რომ მატარებელს ჰგავს, ერთი განსხვავებით, აქ კუპეს ნომერი შიგნიდან აწერია, შენი ოთახი რომ იპოვო, ბევრი ნომრის გადამოწმება მოგიწევს, თუმცა, ვინ იცის, იქნებ სულაც პირველივე ცდაზე გაგიმართლოს. ამ ადგილის პოვნას ახლა ბევრი ინდივიდუალიზმს ეძახის და რაკი ეს სიტყვა იცის, ინდივიდობასაც იბრალებს თავზე. - ზოგი ასე უბერვს... - წაიღიღინა მოდიდან გასული სიმღერა გოგლამ. - არა ბატონო, არა. ასე და ისე ,,შებერვას” არ მიქვია მე ინდივიდუალიზმი.- შეაწყვეტინა ყარამანმა- ყველა რომ თავისთვის უბერავს, ეს გათიშულობაა, მარტო ცხოვრება, ინდივიდუალიზმი კი ნიშნავს: იცხოვრე მარტო სხვებთან ერთად. იმ საღამოს როცა გოგლამ ყარამანის რვეული აიღო ბოლო ჩანაწერის წასაკითხად, თავში სულ ყარამანის სიტყვები უტრიალებდა, წამოსვლისას რომ უთხრა მოხუცმა: ,,რაღაც, ძალზე გახარებულივით ვარო”. ,,ჯერ ერთი, ასე რამ გაახარა და მეორეც, გახარებულივით რაღა სიტყვააო”. მერე გადაშალა რვეული და წაიკითხა:
შემოდგომა მტვრიანი იყო გზა. ფეხის თითები ქვიშის მარცვლებით მევსებოდა, მაგრამ მეგონა ტუჩები უარეს დღეში იყვნენ, რადგან ენითაც კი ვერ ვისველებდი და ნასიცხარ მიწას მიმიგავდა. მხოლოდ მცენაარეებს შემოჰქონდთ ჩემში მწვანე განწყობა, ოღონდ მოხარშული მწვანე განწყობა, ისეთი როგორსაც გახურებულ ჰაერში დაკიდებული ფოთლები ტოვებენ. იქ სადაც წყაროსკენ ბილიკი იწყებოდა, ორი ხე იდგა, კარიბჭესავით. გადავუხვიე და ორ წუთში წყაროსთან აღმოვჩნდი. იქ უკვე იყო ვიღაც, ერთი მოხუცი, იჯდა და ხელში ჩამქრალი ყალიონი ეჭირა. მე გამარჯობა ვუთხარი. პასუხს არ დავლოდებივარ, ისე შევუშვირე პეშვი წყალს და ხარბად დავლიე, მერე კი ბალახზე გულაღმა გავიშხლართე. ცოტა ხანს ასე ვიყავით მეც და მოხუციც, ხმაამოუღებლად, მერე სიჩუმე ისევ მან დაარღვია. - რა გქვია, ბაბუ, შენ? - ყარას მეძახიან - მივუგე მე და ისე, რომ ზეზე არ წამომდგარვარ, მისკენ გადავტრიალდი. - ჰმ, - თქვა მოხუცმა ცოტა ხნის პაუზის შემდეგ- არადა, არ ჩანხარ შენ შავი კაცი, - მე გაოცებულმა შევხედე- ჰო, ყარა სპარსულად შავს ნიშნავს. რამდენი წლისა ვარო თქვი? მე არ მქონდა ჩემი ასაკი ნათქვამი, მაგრამ გამეორების ტონით ვუთხრი: - თხუთმეტის მეთქი!.. მე კარგა ხანს ვუყურებდი მოხუცს, ველოდი, რაღაცას მიპასუხებს მეთქი, მაგრამ არაფერი არ უთქვამს. ის იყო წამოდგომას და წასვლას ვაპირებდი, რომ მკითხა: - ყარა, შენ თუ იცი მიწა რა არის? ასეთ კითხვას არ ველოდი და ვუპასუხე: - რა ვიცი, მარტივად რო გითხრათ, ის არის, რაზეც ახლა მე და თქვენ ვიმყოფებით. - უკეთეს პასუხს არც ველოდი, მაგრამ ოდესმე დაფიქრდები, ალბათ, ამაზე, ბაბუ! - თქვენ უკვე იფიქრეთ? - ჩემი ხნის ხალხს თითქმის ყველა შემთხვევაში ნაფიქრი აქვთ ამ შეკითხვაზე, სხვა საქმეა პასუხის გაცემა. მე ჩემებურად ვუპასუხე, სხვამ ალბათ კიდევ თავისებურად... მიწა ყველაფერია. აბა, რას ვერ უწოდებ ამ სახელს? მარტო, მზის და ცის შესახებ ვერ იტყვი, მიწააო, სხვა კი რაც დაბლაა, ყველაფერი ეგაა, მიწა. აი, ამ ფოთოლს ხომ ხედავ ხეზე, შემოდგომაზე ჩამოვარდება მაქედან. სად წავა თუ იცი? მიწად იქცევა. ის კი არა, აი, ამ ბუმბერაზ ხესაც კი დაუდგება თავისი შემოდგომა და მიწად იქცევა. ფოთოლიც და ხეც მიწამ მოიყვანა. მაგრამ საქმე ისაა, რომ მარტო მიწამ არა - მიწასთან ერთად ცამაც ასაზრდოვა ორივე. ბოლოს, შემოდგომაზე, ეს ფოთოლი რომ ჩამოვარდება და როგორც გითხარი, მიწად იქცევა, ჩამოვარდნამდე თავის ნაწილს მაღლა, ხეზე ტოვებს. ის ხეზე ტოვებს თავის ენერგიას, რომელიც მზითა და ციური ნამით გამოიმუშავა. ესე იგი, ფოთოლიც ადამიანივით სხეულს მიწას აბარებს, სული კი მაღლიდანა აქვს მონიჭებული. სანამ აქ, სააქაოში ვართ ჩვენ და ფოთლები, მანამ სულიც და სხეულიც ჩვენ გვაბარია, მაგრამ, მოვა შემოდგომა და ორივეს პატრონი მიიბარებს. ამიტომ, ჩემო ბიჭიკო, ასე იტყვიან ჩვენში: ხორცი მიწას, სული ზეცას, სახელი დროსო. კაცი ვერც მიწას შეერკინება, ვერც ზეცას, მაგრამ დროს კი ერჩის. ხორციც, სულიც და სახელიც რომ თავთავის სამყოფელში წავიდეს, მათ შორის მთავარი - სული არ უნდა დაიმძიმო. ამ შემთხვევაში შევძლებთ ვაჯობოთ დროს და ვიპოვით ჭეშმარიტებას. თავი ავწიე და მოხუცს შევხედე. ის მიღიმოდა...
* * * გოგლამ კითხვა დაამთავრა და ფანჯარაში გაიხედა - ჯერ დაღამებული არ იყო, ბინდდებოდა, ის მომენტი იყო, როცა შორს არაფერი ჩანს, მაგრამ ახლოს ხედვისას ხელს არ გიშლის სიბნელე. რაღაც სიამოვნების შეგრძნება დაეუფლა. თითქოს... თითქოს... არა, ვერაფერს ადარებდა ამ გრძნობას. Gადაწყვიტა ყარამანთან გადასულიყო. ადგა და მისი სახლისკენ გაემართა. ყარამანი უკვე აღარ იჯდა თავისი სახლის წინ დაბალ სკამზე, ალბათ, ღუმელზე ჩაის ადუღებდა, რომ მერე ისე ნელა დაელია, რომ დამთავრებამდე ჩაი ფინჯანში გაციებულიყო. გოგლა სახლში შევიდა. - ყარამან! ყარამან! სადა ხარ! – პასუხი არ ისმოდა. იმ ოთახში, სადაც ღუმელი იდგა, ყარამანი არ იყო, ,,ნუთუ ასე ადრე დაწვა”- გაიფიქრა ბიჭმა. საწოლ ოთახში შევიდა. - ოჰ, აქ ყოფილხარ! - თქვა გოგლამ. Yყარამანი საწოლზე იწვა გულაღმა, ხელები გულზე დაეკრიფა და სწორად გაჭიმული ფეხები ტერფებთან ოდნავ გაეშალა. - ყარამან! გესმის ჩემი? ყარამან! - კიდევ მიმართა ბიჭმა და მიუახლოვდა. ყარამანს თვალები ღია ჰქონდა და არ სუნთქავდა... - ყარამან! ყარამან! - მთელი ხმით ჩასძახოდა გოგლა მოხუცის გაქვავებულ სახეს. პასუხად მოხუცის გათეთრებული, მაგრამ მაინც სანდომიანი გამომეტყველება რჩებოდა. ბიჭი მთელი გულით ტიროდა მეგობარს, ისიც კი ვერ მოეფიქრებინა, რომ მიცვალებულისთვის თვალები დაეხუჭა. როცა იმდენად იჯერა გული, რომ ხმის ამოღება შეეძლო, დაბალი ხმით დაიწყო: - ყარამან, მე მოვიფიქრე და სულ ერთია, ცოცხალს თუ მკვდარს მაინც გახარებ ჩემს პირველ ჰიპოთეზას ჭეშმარიტების შესახებ. ყარამან, სიკვდილი უზარმაზარი სიმძლავრის ნაღმია, რომელზეც ჩვენ უნებურად დავაბიჯეთ დაბადებისთანავე, ცხოვრება კი არაფერია, თუ არა გამნაღმელობა, ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა გააუვნებელყო ეს ბომბი, რომელიც არ იცი, როდის აფეთქდება, მხოლოდ ის იცი, რომ იმ დროისთვის, როცა ეს მოხდება, შენ მზად უნდა იყო, არა აქვს მნიშვნელობა, სადენებს ბოლო წამს გადაჭრი თუ თავიდანვე, მაგრამ მთავარია მზად იყო. მაგრამ ის ვინც თავიდანვე გადაჭრის, ფრთხილად უნდა იყოს, რომ სადენები ისევ არ გადაედოს ერთმანეთს და ბოლოს ისევ ფეთქებად მდგომარეობას არ დაუბრუნდეს. სიკვდილი არ გვებრძვის, მაგრამ სიკვდილზე გავიმარჯვებთ, თუ მას ბოლოწამს გავუღიმებთ, ეს კი მაშინ მოხდება, როცა მივხვდებით, რომ სიკვდილი დასასრული არაა და მასზე უარესი რამეებიც არსებობს, როცა მივხვდებით, რომ ის ალამაზებდა სიცოცხლეს. ეს იქნება ზეიმი.
* * * იმ ღამეს სოფელში გაიგეს, რომ ძველი ჩემპიონი აღარ იყო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მომწონს, იმიტომ რომ სტანდარტული არაა, თავისუფალია ეს ადამიანი ჩარჩოებისგან... განსხვავებულია თქვენგან და არა თქვენ თარგზე მოჭრილი... ჰო, რა ვიცი, გემოვნებაზე არ დავობენო ....
მომწონს, იმიტომ რომ სტანდარტული არაა, თავისუფალია ეს ადამიანი ჩარჩოებისგან... განსხვავებულია თქვენგან და არა თქვენ თარგზე მოჭრილი... ჰო, რა ვიცი, გემოვნებაზე არ დავობენო ....
6. უნაკლო წრეს ვერავინ დახატავს, რადგან წერტილის შეგრძნებამდე გამახვილებული შეგრძნება არავის აქვს. ადამიანები, უბრალოდ, მეტნაკლებად ზუსტ წრეებს ხატავენ, თუ გნებავთ, ხაზავენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნამდვილი წრე არ არსებობს, არა, ის არსებობს, მაგრამ ჩვენ ვერ ვქმნით, არა გვაქვს. სამაგიეროდ შეგვიძლია, ძალიან, ძალიან ლამაზი, ,,ნამდვილთან” ბევრად მიახლოებული წრეები დავხაზოთ... ––––––აბა როგორ არ დაგეთანხმო? ოდესმე მოხდება ისე, რომ ჩრდილი ისევ შეურიგდეს კაცს?______არ ვიცი
უზომოდ მომეწონა, უზომოდ :) უნაკლო წრეს ვერავინ დახატავს, რადგან წერტილის შეგრძნებამდე გამახვილებული შეგრძნება არავის აქვს. ადამიანები, უბრალოდ, მეტნაკლებად ზუსტ წრეებს ხატავენ, თუ გნებავთ, ხაზავენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნამდვილი წრე არ არსებობს, არა, ის არსებობს, მაგრამ ჩვენ ვერ ვქმნით, არა გვაქვს. სამაგიეროდ შეგვიძლია, ძალიან, ძალიან ლამაზი, ,,ნამდვილთან” ბევრად მიახლოებული წრეები დავხაზოთ... ––––––აბა როგორ არ დაგეთანხმო? ოდესმე მოხდება ისე, რომ ჩრდილი ისევ შეურიგდეს კაცს?______არ ვიცი
უზომოდ მომეწონა, უზომოდ :)
5. კარგად ჩამეკითხა ნამდვილად.
ჰო, სათაურები მომწონს სულ :) კარგად ჩამეკითხა ნამდვილად.
ჰო, სათაურები მომწონს სულ :)
4. რამდენი ხანი ვეძებდი ამას :) რამდენი ხანი ვეძებდი ამას :)
3. გასაგებია, რომ ამ ბოლო დროს კითხვა გეზარებათ (უმეტესობას გაგება არ გამოსდის, სამწუხაროდ) ეს ამონარიდი მაინც წაიკითხეთ, ადამიანებო. . მე გული დამწყდებოდა, ეს ყურადღების მიღმა რომ დამრჩენოდა.
საქმე ისაა, რომ მივხვდი, სისულელეა, იმაზე იფიქრო, გაგიგებენ თუ არა სხვები. გარშემომყოფთაგან ყველა სხვადასხვა რამეს ითხოვს შენგან, ხშირად ურთიერთგამომრიცხავ რამეებსაც, ამიტომ შეუძლებელია შენით ყველა დააკმაყოფილო, ამაზე არც უნდა იფიქრო. ყველაზე მთავარია, ადამიანმა თავის თავს გაუგოს, თუ მან ეს შეძლო, თუ საკუთარი თავი იპოვნა, მაშინ მას სამყაროსთან კითხვები აღარ ექნება, რადგან სამყარო ისევ ჩვენშია. საკუთარი თავის შეცნობით მთელ სამყაროს შევიცნობთ, უფალს შევიცნობთ, რადგან ღმერთმა ადამიანი ხატად და მსგავსად თვისსა შექმნა. Uუფალმა ყველას, ვინც კი გააჩინა, თავისი ადგილიც მიუჩინა ცხოვრებაში, საინტერესო ისაა, ვდგავართ თუ არა ჩვენ ყველანი ჩვენ-ჩვენს ადგილებზე. ასე რომ, ცხოვრების მიზანი შენი ადგილის პოვნა გამოდის. ცხოვრება კი უკვე გითხარი, რომ მატარებელს ჰგავს, ერთი განსხვავებით, აქ კუპეს ნომერი შიგნიდან აწერია, შენი ოთახი რომ იპოვო, ბევრი ნომრის გადამოწმება მოგიწევს, თუმცა, ვინ იცის, იქნებ სულაც პირველივე ცდაზე გაგიმართლოს. ამ ადგილის პოვნას ახლა ბევრი ინდივიდუალიზმს ეძახის და რაკი ეს სიტყვა იცის, ინდივიდობასაც იბრალებს თავზე. ყარამან, მე მოვიფიქრე და სულ ერთია, ცოცხალს თუ მკვდარს მაინც გახარებ ჩემს პირველ ჰიპოთეზას ჭეშმარიტების შესახებ. ყარამან, სიკვდილი უზარმაზარი სიმძლავრის ნაღმია, რომელზეც ჩვენ უნებურად დავაბიჯეთ დაბადებისთანავე, ცხოვრება კი არაფერია, თუ არა გამნაღმელობა, ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა გააუვნებელყო ეს ბომბი, რომელიც არ იცი, როდის აფეთქდება, მხოლოდ ის იცი, რომ იმ დროისთვის, როცა ეს მოხდება, შენ მზად უნდა იყო, არა აქვს მნიშვნელობა, სადენებს ბოლო წამს გადაჭრი თუ თავიდანვე, მაგრამ მთავარია მზად იყო. მაგრამ ის ვინც თავიდანვე გადაჭრის, ფრთხილად უნდა იყოს, რომ სადენები ისევ არ გადაედოს ერთმანეთს და ბოლოს ისევ ფეთქებად მდგომარეობას არ დაუბრუნდეს. სიკვდილი არ გვებრძვის, მაგრამ სიკვდილზე გავიმარჯვებთ, თუ მას ბოლოწამს გავუღიმებთ, ეს კი მაშინ მოხდება, როცა მივხვდებით, რომ სიკვდილი დასასრული არაა და მასზე უარესი რამეებიც არსებობს, როცა მივხვდებით, რომ ის ალამაზებდა სიცოცხლეს. ეს იქნება ზეიმი.
ძალიან ნიჭიერი ადამიანი ხარ შენ, ამ სიტყვების ავტორო! მე კი ვამაყობ შენთან მეგობრობით მოგიკითხე გასაგებია, რომ ამ ბოლო დროს კითხვა გეზარებათ (უმეტესობას გაგება არ გამოსდის, სამწუხაროდ) ეს ამონარიდი მაინც წაიკითხეთ, ადამიანებო. . მე გული დამწყდებოდა, ეს ყურადღების მიღმა რომ დამრჩენოდა.
საქმე ისაა, რომ მივხვდი, სისულელეა, იმაზე იფიქრო, გაგიგებენ თუ არა სხვები. გარშემომყოფთაგან ყველა სხვადასხვა რამეს ითხოვს შენგან, ხშირად ურთიერთგამომრიცხავ რამეებსაც, ამიტომ შეუძლებელია შენით ყველა დააკმაყოფილო, ამაზე არც უნდა იფიქრო. ყველაზე მთავარია, ადამიანმა თავის თავს გაუგოს, თუ მან ეს შეძლო, თუ საკუთარი თავი იპოვნა, მაშინ მას სამყაროსთან კითხვები აღარ ექნება, რადგან სამყარო ისევ ჩვენშია. საკუთარი თავის შეცნობით მთელ სამყაროს შევიცნობთ, უფალს შევიცნობთ, რადგან ღმერთმა ადამიანი ხატად და მსგავსად თვისსა შექმნა. Uუფალმა ყველას, ვინც კი გააჩინა, თავისი ადგილიც მიუჩინა ცხოვრებაში, საინტერესო ისაა, ვდგავართ თუ არა ჩვენ ყველანი ჩვენ-ჩვენს ადგილებზე. ასე რომ, ცხოვრების მიზანი შენი ადგილის პოვნა გამოდის. ცხოვრება კი უკვე გითხარი, რომ მატარებელს ჰგავს, ერთი განსხვავებით, აქ კუპეს ნომერი შიგნიდან აწერია, შენი ოთახი რომ იპოვო, ბევრი ნომრის გადამოწმება მოგიწევს, თუმცა, ვინ იცის, იქნებ სულაც პირველივე ცდაზე გაგიმართლოს. ამ ადგილის პოვნას ახლა ბევრი ინდივიდუალიზმს ეძახის და რაკი ეს სიტყვა იცის, ინდივიდობასაც იბრალებს თავზე. ყარამან, მე მოვიფიქრე და სულ ერთია, ცოცხალს თუ მკვდარს მაინც გახარებ ჩემს პირველ ჰიპოთეზას ჭეშმარიტების შესახებ. ყარამან, სიკვდილი უზარმაზარი სიმძლავრის ნაღმია, რომელზეც ჩვენ უნებურად დავაბიჯეთ დაბადებისთანავე, ცხოვრება კი არაფერია, თუ არა გამნაღმელობა, ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა გააუვნებელყო ეს ბომბი, რომელიც არ იცი, როდის აფეთქდება, მხოლოდ ის იცი, რომ იმ დროისთვის, როცა ეს მოხდება, შენ მზად უნდა იყო, არა აქვს მნიშვნელობა, სადენებს ბოლო წამს გადაჭრი თუ თავიდანვე, მაგრამ მთავარია მზად იყო. მაგრამ ის ვინც თავიდანვე გადაჭრის, ფრთხილად უნდა იყოს, რომ სადენები ისევ არ გადაედოს ერთმანეთს და ბოლოს ისევ ფეთქებად მდგომარეობას არ დაუბრუნდეს. სიკვდილი არ გვებრძვის, მაგრამ სიკვდილზე გავიმარჯვებთ, თუ მას ბოლოწამს გავუღიმებთ, ეს კი მაშინ მოხდება, როცა მივხვდებით, რომ სიკვდილი დასასრული არაა და მასზე უარესი რამეებიც არსებობს, როცა მივხვდებით, რომ ის ალამაზებდა სიცოცხლეს. ეს იქნება ზეიმი.
ძალიან ნიჭიერი ადამიანი ხარ შენ, ამ სიტყვების ავტორო! მე კი ვამაყობ შენთან მეგობრობით მოგიკითხე
1. ჩემი სკამით მოვედი აქ და ავღნიშნე, რომ ისეთი "რაღაცა" ვნახე, თამამად რომ შემიძლია ვთქვა "ვიღაცა"-ამეთქი :)
წრე სრულყოფილი ფიგურაა. ეს ისაა, რისთვისაც არცერთი წერტილის არც მიმატება შეიძლება და არც გამოკლება. უფრო სწორად, შეძლებით კი შეიძლება, მაგრამ შედეგად მიღებული რამ წრე აღარ იქნება - თვალს მოატყუებს ფიგურა, რომელიც, უბრალოდ ძალიან ჰგავს წრეს.
ძალიან ჭკვიანი ბრძანდებით თქვენ, თუმცა თავში აზრად არ მომსვლია "ბატონო" დაგიძახოთ :)
სურვილი გამიჩნდა არ გებრძოლოთ, თუმცა ბოლომდე გაგიღიმოთ :)
პატივისცემით,
ლუსი
ჩემი სკამით მოვედი აქ და ავღნიშნე, რომ ისეთი "რაღაცა" ვნახე, თამამად რომ შემიძლია ვთქვა "ვიღაცა"-ამეთქი :)
წრე სრულყოფილი ფიგურაა. ეს ისაა, რისთვისაც არცერთი წერტილის არც მიმატება შეიძლება და არც გამოკლება. უფრო სწორად, შეძლებით კი შეიძლება, მაგრამ შედეგად მიღებული რამ წრე აღარ იქნება - თვალს მოატყუებს ფიგურა, რომელიც, უბრალოდ ძალიან ჰგავს წრეს.
ძალიან ჭკვიანი ბრძანდებით თქვენ, თუმცა თავში აზრად არ მომსვლია "ბატონო" დაგიძახოთ :)
სურვილი გამიჩნდა არ გებრძოლოთ, თუმცა ბოლომდე გაგიღიმოთ :)
პატივისცემით,
ლუსი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|