ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მედეა მოლოდინი
ჟანრი: პროზა
27 აგვისტო, 2009


დიახ, ეს მე ვარ! ნაწილი II

.....სახლში ჩვეული რიტმი გრძელდებოდა დედა ისევ მოუცლელი და მოქუფრული ,ხოლო უკვე სრულწლოვანი ჩემზე მზრუნველი,უკვე სამსახურით დაკავებული,მაინც ყველანაირად მივსებდა ერთფეროვან ყოველდღიურობას,მოვლით,ყურადღებით და იმაზე ზრუნვით,როგორ შეიძლებოდა ჩემი განვითარება:ხელოვნების შემსწავლელ წრეებზე ტარებით,თუ ახალი ფილმებით და წიგნებით,ისევ დედის ფარულად.
    უკვე დამოუკიდებლად შემეძლო სკოლაში სიარული,მაგრამ მიხაროდა,როცა მეც მელოდა სკოლის დერეფანში არა დედა,მაგრამ უფრო თბილი ,ახლობელი, ვიდრე დედა.მეპატიოს...კრებაზეც კი რომელსაც "მშობელთა კრება" ერქვა მესამე კლასამდე არა დედა,არა ჩემი სისხლი და ხორცი,მაგრამ ჩემთვის საყვარელი და შეთვისებული ადამიანი ცხადდებოდა.ჩემს შენიშვნასაც და შექებასაც სხვა დედებივით ისმენდა და გზაში მშვიდად მარიგებდა რა მქონდა მოსაწონი და რა-დასატუქსი.სწორედ ამ წუთებში ვფიქრობდი და ვნატრობდი:"ნეტავ დედაჩემი იყო",რადგან ვხედავდი ჩვენს წინ, ან უკან მომავალ თანაკლასელს ყურიც,ლოყაც წითელი ჰქონდა და თავჩაქინდრული,ცრემლების ყლაპვით,ფეხათრევით მიჩანჩალებდა გააფთრებული დედის თანხლებით.ვგრძნობდი,თითქოს,ასეთ დღეში მყოფი რასაც ფიქრობდა,შინ მისულს მეორე განკითხვა ელოდა-უკვე მშობელი მამისგან.
    ასე რეალურად იმიტომ ვხატავდი ჩემს გონებაში სხა ბავშვის ფიქრებს,ვიცოდი, დედაჩემი ორივე მშობლის რისხვას გადაწონიდა მხოლოდ თვითონ.არ ინატრებდით იგივეს ჩემს ადგილას მყოფი?
    მე მშვიდად მიხსნიდა ჩემს დანაშაულს თუ მქონდა ჩადენილი,მაქებდა კარგი ქცევისთვის და სახლში უკვე კარგი გოგო მივყავდი. გააზრებული მქონდა ჩემი ცელქობები,ზარმაცობა და დაპირებაც იქვე იყო-აღარ გავიმეორებდი.ვახერხებდი კიდეც ხანდახან!
    ცის ჩამოქცევა იყო ჩემთვის ის დღე, როცა სკოლამდე მიმაცილა ჩვეული ალერსით და სითბოთი.პირველი გაკვეთილის დაწყებამდე ჩანთა გავხსენი სახელმძღვანელოს ამოსაღებად,იქ კი სახლის გასაღები დამხვდა წერილთან ერთად:"ჩემო ტკივილო,უკვე დიდი ხარ,მჯერა ჭკვიანად მოიქცევი,გაიზრდები და მიხვდები ჩემს ამ ნაბიჯს.მიხვდები ,რა ძნელია სულ მუდამ დაყვედრებით ცხოვრება.მოგისმენია ჩემს მიმართ უსამართლო საყვედურები,გინახავს ჩემი ცრემლები,თუმცა სულ ვცდილობდი შენთვის დამემალა.ის ცრემლები დედის მონატრების იყო,იმ სიტყვების მონატრების,რომლითაც დედა ეფერება შვილს,ცხოვრობენ სხვადასხვა კუთხეში დედმამიშვილები და ვიცი უფრო მეტად უყვართ,ელაციცებიან ერთმანეთს.დროთა განმავლობაში მიმიხვდები რის თქმასაც ახლა ვერ ვახერხებ.ნახვამდის.მიყვარხარ,მუდამ შენად მიგულე. მ ა პ ა ტ ი ე."
  და მე მივხვდი,არანაირი სიბრალული და შეცოდება,რომ მართო დავრჩი,არ დააბრუნებდა.
  უმადურობა დაარქვა მის საქციელს დედამ.დიდხანს გაჰყვა ამ საქციელით გამოწვეული აღშფოთება.მე კი ვხვდებოდი,ის სიმშვიდე დაერღვა,რითაც თავს უფლებას აძლევდა სამსახურში ევლო,ეშრომა,რომ "ლუკმაპური"არ მომკლებოდა,დაეკარგა ჩემი კონტროლი-რა წუთს რას ვაკეთებდი და სად ვიყავი.საღამოობით პატაკივით ბარდებოდა თითოეული ჩემი ნაბიჯი.აწი? ვინ დამბანდა,ვინ გამირეცხავდა,ვინ დამაძინებდა,ვინ ივლიდა "მშობელთა კრებაზე"ან ექსკურსიაზე ჩემთან ერთად?-სწორედ ამას შესჩიოდა მის საკუთარ დას,მე კი ყური მოვკარი და გავამართლე მისი წასვლა ჩვენგან,თუმცა სასტიკად მწყდებოდა გული.
  დედამ გამოსავალი მაინც იპოვა:მისი დიასახლისი "ფრეკენ-ბოკი"და და ჩემი შინამტანჯველი დეიდა.{ესეც მეპატიოს}.მას სხვა მისია ჩემდამი არ ქონია:მხოლოდ შენიშვნების მოცემა,ტუქსვა{ხშირად არ მესმოდა რისთვის},ფაფების ლუკმების თვლა და კარებიდანვე ჩანთის გამოგლეჯვა ხელიდან-დღიური რომ ენახა:რა ჩავიდინე,რა გავაფუჭე.ჩემი ცოდვით სავსე დამრიგებელს ჩვევად ჰქონდა:ყოველდღე კომენტარებს წერდა თითოეული მოსწავლის დღიურში.არ ეზარებოდა ოთხი შვილის და მეუღლის პატრონს!!ჩემი დღიურიც წითლდებოდა სხვადასხვა შენიშვნებით:"დღეს სახელმძღვანელო არ ჰქონდა"არადა როგორი სათრევი იყო ჩანთისხელა გოგოსთვის მინიმუმ 6 წიგნის, ორი ამდენი რვეულის ტარება.რაც ვიცოდი თავით ვატარებდი, ამიტომ არ ვთვლიდი საჭიროდ ხერხემალი დამეტვირთა,ჩანთამოკიდებული უკუღმა დაწერილ კითხვის ნიშანს ვემსგავსებოდი."დღეს გაკვეთილის დამთავრებამდე დარჩენილ წუთებს მაჯის საათით ამოწმებდა","დღეს გაკვეთილზე ქურთუკით იჯდა" "მიაქციეთ ყურადღება,გააკონტროლეთ".თითქოს მაკლდა კონტროლი და საყვედურები.თითქოს იმედი უცრუვდებოდა როცა მხოლოდ ამ წინადადებებს წააწყდებოდა.მალევე მივხვდი:ცუდ ნიშანს ეძებდა! ამაოდ.თუმცა "კარგ"-ზეც არ მცდებოდა საყვედური:არ ინდომებ,ზარმაცი ხარ,რატომ უნდა გაჯობოს სხვამ,გადაყოლილები ვართ შენზე,რა გაკლია?რისთვის წვალობს საწყალი დედაშენი,ეს მარტოხელა ქალი(თითქოს ჩემი ბრალი იყო)საჭმელი გაკლია,ჩასაცმელი თუ დასვენება?მინდოდა მეყვირა,რომ მაკლია სითბო!დედა მაკლია და მისი მოფერება.მინდოდა,მაგრამ ვჩუმდებოდი და როცა დასაძინებლად მიმაბრძანებდნენ,დიდხანს ვტიროდი:დედა მყავდა...მაგრამ მე არ მყავდა.
    ისევ სკოლის არდადეგები იყო ჩემი ხსნა.ოღონდ ხსნა "ფრეკენ-ბოკის"გან.იფიქრეთ დედასთან ერთად ვისვენებდი?არა,ეს ბედნიერება მხოლოდ ორკვირიანი ვადით იფარგლებოდა.მხოლოდ ორი კვირა ვიყავი სამთვიანი დასვენების განმავლობაში მის გვერდზე და მაშინაც დღის გარკვეული პერიოდი უცხო ქალაქში სასტუმროს ფანჯრიდან ველოდი მის გამოჩენას.იქაც სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა,რასაც მივლინება ერქვა.მიყვარდა" მივლინება"მისი წყალობით ვიხილე რუსეთის ღირშესანიშნავი ქალაქები.სამშობლოში დაბრუნებული ულამაზესი ემოციებით ვიყავი სავსე.მხოლოდ ერთხელ ,მახსოვს,"ორკვირიანი დედა" ერთ თვედ გადაიქცა და ...ისევ შუილები და სიცხე..მიზეზი?-ბატონი ნოსტალგია.დიახ,ცხოვრების რიტმი დამერღვა,"კალაპოტიდან ამოვვარდი"-როგორც დედას უყვარდა თქმა.ისეთმა მონატრებამ დამრია ხელი,იძულებული გახდა სასწრაფოდ სახლში დავებრუნებინე.მომენატრა ჩემი ქალაქის სუნი,ქუჩები,ენა,ჩემი ოთახი-სადაც ჩემი სამყარო მქონდა თავისი მუქი მძიმე ფარდებით,წიგნებით,სადაც ჩემი საყვარელი გმირები მყავდა დატოვებული.მაგიდის დასადგამი სანათურით,კარით,რომელსაც მივიხურავდი და მხოლოდ ზემოთჩამოთვლილი ნივთების გარემოცვაში ვრჩებოდი.ენა ვახსენე.იქ, შორს ყურს აკლდა ქართული სიტყვები,ჩემთვის მნიშვნელოვანნი,საოცრად თბილები.ტრაპზე ჩამოსვლა და ეს ყველაფერი უკვე ძალიან ახლოს იყო.
  ზაფხულის სიცხეში,"ქალაქის მტვერში ამოხრჩობის" სასტიკი წინააღმდეგი იყო დედა,ამიტომ ყველანაირად ცდილობდა მოეძებნა სანდო ადამიანი,ვინც მის "ობლად ნაზარდს"მზრუნველობას გაუწევდა.ყველა ხერხს იყენებდა და ასე მოვიარდადეგებდი ხოლმე ხან მთას, ხან ზღვას ადამიანებთან ერთად,რომლებიც ჩემთვის არავინ იყვნენ,ასრულებდნენ დედის ფუქციას,მხოლოდ არ ჭირდებოდათ ჩემი აკადემიური მოსწრების შემოწმება და მართალია ოდნავ,მაგრამ პასუხისმგელობა შემცირებული ქონდათ.
    თორმეტი სანთელი უკვე ჩავაქრე.მშობელი უკვე აღარ თვლიდა დღის განმავლობაში ზედამხედველი მყოლოდა.სკოლიდან მოსულს ჩემით შემეძლო გამეღო სახლის კარი და ჩემს მიკროსამყაროში თავისუფლად მეგრძნო თავი.რაში გამოიხატებოდა ეს თავისუფლება?რაც აკრძალული მქონდა მეკეთებინა,ვაკეთებდი სწორედ იმას!სავალდებულო "გამების" ნაცვლად ჩემს გამოგონილ მელოდიებს ვაჟღარუნებდი,გაკვეთილების ზუთხვის მაგივრად ვკითხულობდი ყველაფერს:დაწყებული გაზეთებიდან,ჩემს მიერ გადანახული,ბუფეტისთვის განკუთვნილი თანხით შეძენილი მცირე ტანიანი წიგნებით დამთავრებული(იცოდა ჩემი შესაძლებლობების-მადის შესახებ დედამ და თანხაც შესაბამისად მცირე იყო)ყველაზე მთავარი:მეგობრების მიწვევა ამ სამყაროში.ბედნიერზე ბედნიერი ვიყავი,როცა ამის შესაძლებლობა მეძლეოდა.ვაწყობდი ეგრეთწოდებულ"სალონურ საღამოებს",მხოლოდ იმ განსხვავებით,რომ ჩვენი საღამოები ჩაისა და ბუტერბროდების თანხლებით მხოლოდ ორი საათი გრძელდებოდა.აბა რა გვექნა,სასტიკად დავისჯებოდით ჩვენ-ჩვენი მშობლებისაგან ამ დროს რომ დავენახეთ,რადგანაც-სწავლა პირველ რიგში!თითქოს ჩვენ რამეს ვაშავებდით!ერთმანეთს ვასწავლიდით იმას,რაც გვაინტერესებდა და სკოლის პროგრამაში შეტანილი არ იყო.ნაწარმოებიდან ამოგლეჯილი ნაკუწი,შუაზე გაწყვეტილი,რომელიც აუცილებლად ზეპირად უნდა მესწავლა,არ მაკმაყოფილებდა,დასასრული მაინტერესებდა.ვიპარავდი იმას რაც მჭირდებოდა.არა,ნივთებს არა,სიტყვებს,წინადადებებს,მათში გაშლილ სითბოს,მზრუნველობას,სიყვარულს,მეგობრობას,სიკეთეს,ტყუილს,ღალატს,ბოროტებას,იმედს.გული მწყდებოდა და მიკვირდა, რატომ არსებობდა შური და ღალატი,ერთმანეთის არგატანა.

  მალე გავხდი ღალატისა და შურის სამიზნე,სწორედ მეგობრისგან.პირველი ტკივილი იყო-სირცხვილი მისი სიტყვების გაგონებისას:ღალატად ჩამეთვალა ის,რომ ვერ ავაცდინე დედის რისხვას გაკვეთილის არცოდნის გამო.მისთვის რა მეკარნახა,მეც არ ვიცოდი:არ შებრძანდა თავში ფორმულა! თურმე რამდენი წელი დასჭირდა ამ სიმართლის გადმოფრქვევას .დამსახურებული დასჯის გამო მე სიმართლე მივიღე სილად.იმ წამს გამანადგურებელი,ტკივილიანი-თურმე თორმეტი წელი არ ვიცოდი ვინ ვიყავი და რატომ ვეძახდი დედას ადამიანს,რომელიც ჩემი მშობელი არ იყო.
  მაინც პირველი გაფიქრება  და სიტყვა "დედა"დამეყვირა...

                                   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები