ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ემნა ბედნელი
ჟანრი: პოეზია
29 აგვისტო, 2009


ლექსო, ავბედო

თუ გამიგიჟდი, ლექსო, ავბედო,
როგორ ამოგთქვა, როგორ გავბედო? -
ფიქრო ნაფიქრო, უქმად ნაგდებო,
ჩემო ჯალათო, ჩემო დამბნედო.

სევდა-ნისლები როგორ ამყაროს
ამ უნაპირო, უძირო ღამემ? -
ვიწრო სარკმლიდან ვუმზერ სამყაროს,
იქნებ, ცხოვრება კიდევ ღირს რამედ!

აი, თავს იმტვრევს უკვე აღმართიც -
სადღაც წინაპრის ჰბორგავს ძვალები
და ჟამთაჭიდილს ვინმე წარმართი
ვუმზერ მორჩილი ხარის თვალებით.

თუმც ათინათად  დაჰკრთის ნათელი,
სულში ბოროტად მოძვრება ხიჭვიც -
საქართველოსთვის, როგორც სანთელი,
კალას ციხესთან ვდგავარ და ვიწვი...

თუ გამიგიჟდი, ლექსო, ავბედო,
როგორ ამოგთქვა, როგორ გავბედო? -
ფიქრო ნაფიქრო, უქმად ნაგდებო,
ჩემო ჯალათო, ჩემო დამბნედო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები