ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ ა რ ი
ჟანრი: პოეზია
31 აგვისტო, 2009


სამი

სამი

1.ის რაც იყო


გავაღე კარი.
გაშეშებულ ოთახის ჰაერს
და მტვერდადებულ
ანტიკვარულ, გადაღლილ ავეჯს
გაღიმებული ვუყურებ,
ვფიქრობ,
რომ ეს ნივთები
ჩემს სულშიაც ისე შეგუბდა
და დრო, რომელიც ამ ოთახში ასე ჩავკეტე,
ღრიჭოებიდან თურმე ვეღარ გამოეტია,
ვერც ძველ საკეტებს
გამოექცა
და ახლა ჩემთან
ზის იმ ოთახში,
სადაც ადრე გიწერდი ლექსებს,
სულში მიყურებს,
ჩემში ეძებს იმ პატარა ბავშვს,
სიბნელეს რომ ასე უფრთხოდა,
ზოგჯერ უცხოსთან
ლაპარაკი რომ არ შეეძლო
და ქუხილისას შუშაბანდებს რომ გაურბოდა...
მიყურებს. ვერ მცნობს,
მე ხომ ახლა სხვა თვალები მაქვს
და დილაობით გაღვიძება უფრო მაშინებს,
ვიდრე სიბნელე დაძინებისას,
უკვე მამშვიდებს ის ქუხილიც-
უკვე დიდი ვარ...
ის კი ჯიუტად ჩემს ფოტოებს
ცხვირ წინ მილაგებს...
ეს პერანგი თურმე ჩემია...
სასცილოა,
ჩრჩილის მტრობას გადარჩენია,
თუმცა ოცდაორს ითვლის წლებს და
აღარ ჩერდება...

2. ეს არის

შენ ამას ხვდები,
მოდიხარ და “მე” შენთან ვხდები.
მოგყავს მკლავებით, ჯერ სულმთლად თოთო,
დღეებს რომ ითვლის.
ახლა გაჩნდა და სახელზედაც ვეღარ ვიფიქრეთ.
ისე სუსტია, მაგრამ ჯიუტი,
ცოტ-ცოტა მგონი ორივეს მოგვგავს.
ძილშიც კი შფოთავს
და ეს ჩვევა ჩემი გამოყვა.
ვუმოწმებთ სუნთქვას,
გვეშინია არსად გაგვექცეს,
თუმცა უაზროდ
მიზეზობს ზოგჯერ -შენი თვისება,
ასე იციან გათავისება
შვილებმა მშობლის,ანდა პირიქით.
ახლა მე ისევ მეშინია ,ზოგჯერ ქუხილის,
როცა ძინავს და ვფიქრობ ხოლმე რომ გააღვიძოს
რაღას ვუშველი...
გარდა იმისა,
რომ მკლავებით ახლოს მიგიკრავთ,
მერე დილიდან
ვემზადები-ჩემს ძველ სახლში
რომ წაგიყვანოთ.

3.და ასე იქნება

მაქმანებიან ქუდებსა და
თეთრ ძველ პერანგებს.
ჩემს ტანს შენავლებს,
გულში იხუტებ...
მერე გვიყურებ სევდიანი,
თბილი თვალებით,
მოდიხარ ჩვენთან,
ჯერ შორია დაღამებამდე.
სიყვარულს მართმევ ჩაძინებულს,
რომელიც უკვე
მოვნათლეთ და ასე ვუწოდეთ...
მკლავებში არწევ,
ჯერ მთლად თოთოა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები