ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როლანო
ჟანრი: საბავშვო
2 სექტემბერი, 2009


პატარა ზღვის ზღაპრული ამბები (სკივრში ნაპოვნი ზღაპრებიდან) თავი მეოთხე


თავი მეოთხე


წყალქვეშ დარჩენილებ, ნელ-ნელა სხვებიც უერთდებოდნენ. ქანელი, უდონი, ტარესი. მოკლედ, ყველა ჩვენი საყვარელი გმირი ზღვისწულის დარბაზში შეიკრიბა. ქალები და ბავშვები გვირაბში გადამალეს, სადაც მათთვის საგანგებოდ, საწოლები შეეტანათ. მამაკაცები მაგიდას მიუსხდნენ და საბრძოლო გეგმის შემუშავებას შეუდგნენ.
- მონჩო, რაც კი ჩვენს ზღვაში დელფინები და ვეშაპებია შეკრიბე, მდგომარეობა აუხსენი, სრულ მზადყოფნაში იყვნენ. საღამოს მე და ქანელი დაველაპარაკებით. - დაიწყო საუბარი ზღვისწულმა. - მანჩი, შენ გვირაბით სოფელში გადი, იქაური ვაჟკაცები მოინახულე, ყველაფერი მოუყევი, არ დაუმალო, უნდა იცოდნენ, ვისთან მოუწევთ ბრძოლა. იარაღი არ სჭირდებათ, ჩვენ დავურიგებთ.
- იარაღი საიდან გაქვს ზღვისწულო? შენ ყველაზე მშვიდობიანი მეფე ხარ სამყაროში. თავს არავინ გესხმის და შენ მითუმეტეს არავის ემტერები. - იკითხა ეფროსმა.
- მე არავის ვემტერები ეფროს-ბატონო, მაგრამ ჩემს პატარა ზღვაზე იყო თავდასხმის რამოდენიმე მცდელობა.
- კი მაგრამ, შენ რას გერჩოდნენ? - დაინტერესდა ქანელი.
- პირადად მე არაფერს, ჩემს პატარა ზღვაში კი დიდძალი განძია. მსოფლიოში საუკეთესო, სხვადასხვა ფერის მარგალიტი, (ზოგიერთი მათგანი, მამაკაცის მუჭისხელაა) თეთრი და წითელი მარჯნები, ფოსფორი, (რითიც მთელი ზღვისქვეშეთი გვაქვს განათებული). როგორც თქვენთვის უბრალო კენჭებია, ასევეა ჩვენთვის მარგალიტები. განსხვავება ისაა, რომ ჩვენთვის ისინი ცოცხლები არიან. მეკობრეებისათვის კი, ვინც თავს გვესხმოდა, ფულის შოვნის საშუალება. სწორედ მაგ მეკობრეებისაგან გვაქვს დარჩენილი იარაღი.
- ხმლები და ხანჯლები? - ერთხმად იკითხეს მამაკაცებმა.
- არა, უცნაური იარაღია, ცეცხლს აფრქვევს. თოფი ჰქვია.
- თოფი? ეგეთი იარაღი არც გამიგია. - გაიკვირვა ქანელმა.
- სასწაულია, თითს გამოჰკრავ და ცხოველს ან ადამიანს ნაკუწებად აქცევს. - სიამაყით წარმოსთქვა ზღვისწულმა.
- კი მაგრამ, ეგეთი ძლიერი შეიარაღების მქონე ხალხი როგორ დაამარცხე, შენ ხომ იარაღი საერთოდ არ გქონდა? შენ ხომ ყოველთვის ძალადობის წინააღმდეგი იყავი. - არ ეშვებოდა ქანელი. დანარჩენები, სულგანაბული უსმენდნენ.
- მე არ დამიმარცხებია, პოსეიდონმა გადაგვირჩინა ზღვა. სიმართლე გითხრათ, პოსეიდონი დამნაშავედ თვლიდა თავს ჩემი ოჯახის წინაშე. დედ-მამაჩემს ზღვა მოუკლა, მე აქ გადმომისროლა, გიშრიას უკვდავება ვთხოვე, არ შემისრულა, მაშინ მე გამხადე უბრალო ადამიანივით მოკვდავი-მეთქი, არც ეგ შემისრულა. სამაგიეროდ მეკობრეებისაგან გვიხსნა. რის შემდეგაც, ჩემს დაუკითხავად ვერავინ ბედავს აქ შემოჭრას.
- ევპრისმა ხომ გაბედა. - შეაწყვეტინა სიტყვა ქანელმა.
- გაბედა და ძალიანაც ინანებს, თუ ცოცხალი გადარჩა. - წამოიძახა ზღვისწულმა და ზღვისფერ თვალებში სისასტიკე ჩაუდგა.
სანამ მამაკაცები ზღვისწულის დარბაზში საუბრობდნენ, ლილიას შავი დღე ადგა. მართალია, სიზმრის ქვეყნის საზღვარს უკვე ხედავდნენ, მაგრამ ცეცხლისფერ-მწვანე ურჩხული საოცარი სისწრაფით უახლოვდებოდა მათ. ზურგსუკან, მისი ამაზრზენი ქშენაც კი ესმოდათ.
აი, გალავანიც გამოჩნდა. ის იყო ურჩხულმა ცეცხლის ამოსაფრქვევად პირი დააღო, რათა ჩვენი გმირები ფერფლად ექცია, რომ სიზმრის ქვეყნის გალავნიდან, დაახლოებით ასი ფერია აფრინდა და ურჩხულსა და ლილიას შორის დაიკავა ადგილი. ლილია, იანგულთან ერთად მშვიდობიანად დაეშვა მიწაზე. ჰაერში მყოფ ურჩხულს კი, პირის დაღებისთანავე შეაყარეს ფერიებმა სიზმრის ქვეყნის დედოფლის მიერ დამზადებული სურნელოვანი მტვერი. ევპრისმა კი, ნაცვლად ცეცხლოვან-მყრალი ამოსუნთქვისა, თვალები ზანტად გადაატრიალა, ერთი ნაზად ამოიხვნეშა და პეპელასავით, ნარნარით დაეშვა სიზმრის დედოფლის ფეხებთან.
- შეიტანეთ. - ბრძანა დედოფალმა. - ფერიები ურჩხულს მისცვივდნენ, ბუმბულივით აიტაცეს ხელში და ერთ-ერთ ყველაზე ბნელ ოთახში მოათავსეს, რომელსაც ფანჯარა არ ჰქონდა. კარი კი, მხოლოდ სიზმრის დედოფლის ბრძანებით იღებოდა.
- დედოფალო, გთხოვ სამი დღე მაინც გამიჩერე ეს ნაგავი. - სთხოვა ლილიამ.
- ლილია, ხომ იცი როგორ მიყვარხარ. ორ დღეში, სურნელოვანი მტვერი ძალას დაკარგავს, რის შემდეგაც კაცი-გველის გაჩერება ძალიან გამიჭირდება. თანაც ევპრისი ეფმადორას შვილია. ეფმადორას გადამტერებას კი, არავის ვურჩევდი. - უპასუხა დედოფალმა. - იჩქარეთ, ორი დღე არც ისე ცოტაა.
ლილიამ ფრთები გაშალა და იანგულთან ერთად პატარა ზღვისაკენ აიღო გეზი. მალე ორივენი, დარბაზში მოთათბირე მამაკაცებს შეუერთდნენ.
უცაბედად შორიდან, სირინოზის ულამაზესი, გულშიჩამწვდომი სიმღერა გაისმა. ეს უნაზესი ხმა, თანდათან ძლიერდებოდა, ნელნელა იჟღინთებოდა შიშისმომგვრელი ჟღერადობითა და ამავე დროს, მუდარის ბგერებით.
მამაკაცებს ტანში გააჟრჟოლათ.
- საიდან ისმის ეს საოცარი სიმღერა, გულის ყველა კუნჭულში რომ ატანს? - იკითხა გრძნეულმა ეფროსმა. - სირინოზია?
- არა, ეს ქალღმერთი თაიაა, ჩვენი უახლოესი მეგობარი. ძალიან იშვიათად გვსტუმრობს, მხოლოდ მაშინ როცა გვიჭირს. დელფინომ პატარაობისას გაპარვა იცოდა და თაიამ რამოდენიმეჯერ გადაგვირჩინა ჩვენი ბიჭი. - უპასუხა ზღვისწულმა, რომელიც ძალიან ააღელვა ქალის სიმღერამ. ამ დროს გვირაბიდან დელფინო გამოვიდა და სირბილით მიიჭრა მამასთან.
- მამა, თაია მეძახის, უნდა ავიდე და გავიგო რა ხდება. ვფიქრობ ვჭირდები. როგორც იქნა, მეც მომეცა საშუალება ქალღმერთს დავეხმარო. - არ ცხრებოდა ვაჟი.
- მარტო არ ახვიდე შვილო ზღვის ზედაპირზე, ნათლიასთან ერთად ადი. მანჩი, დაუძახე დელფინთუხუცესს. - მიმართა ზღვისწულმა მსახურს. მანჩი სასწრაფოდ გასრიალდა და რამოდენიმე დელფინთან ერთად დაბრუნდა.
- ესენი ჩემი ვაჟები არიან, - ჩაიდუდუნა დელფინთუხუცესმა. - წამოდი დელფინო. ვიცი რაც ხდება, თაია გველოდება. -  წუთიც და ზღვის მაცხოვრებლებმა, წყლიდან ამოყვინთეს. რაც მათ თვალწინ გადაიშალა, ვერც ერთ ზღაპარში ვერ იხილავდა ვერანაირი სულიერი
ზღვის ზედაპირი ოქროსფრად ლივლივებდა, შუაში, არაამქვეყნიური სილამაზის ქალის გამოსახულება ირეკლებოდა და გარშემოც ოქროსფერი სხივებით გარშემორტყმულიყო. ლამაზ შუბლს, შვიდი დიდი ბრილიანტი უმშვენებდა, თავზე კი ალმასების დიადემა ედგა.
ქალღმერთი დელფინოსაკენ შემობრუნდა. უძირო, ზღვისფერი თვალები შეანათა ვაჟს და შეშფოთებული ხმით განაგრძო სიმღერა-საუბარი. სიტყვები მხოლოდ დელფინოს ესმოდა, სხვები კი როგორც მელოდიას ისე აღიქვამდნენ.
- ჩქარა, გოგონა ამოიყვანეთ, გოგონა. ქვემოთაა ზღვის ფსკერზე. - განაგრძობდა თაია.
დელფინომ, მეგობრებთან ერთად ჩაყვინთა წყალში. რამოდენიმე წუთში კი, გოგონა ამოატივტივა და დელფინის შავი, ლაპლაპა ზურგიდან ნავისაკენ გაასრიალა.
ქალღმერთი თაია ერთი წამით შემობრუნდა დელფინოსაკენ და კვლავ სიმღერით მიმართა.
- დელფინო, ყველაფერი ვიცი, გასაჭირში ხართ. ჩემი იმედი გქონდეს, ორ დღეში დავბრუნდები. არ იდარდო დელფინოოოოოოოოო...... - ქალღმერთის გამოსახულება, ამ სიტყვებთან ერთად გაქრა.
- მიყვარხარ, - ჩაიჩურჩულა ბიჭმა და მეგობრებთან ერთად ზღვისქვეშეთს დაუბრუნდა.
დარბაზში მყოფ მამაკაცებს, სოფლის მაცხოვრებლებიც შემატებოდნენ. ყველანი შეიარაღებულიყვნენ.
- დელფინთუხუცესო, დელფინები მზად არიან? - იკითხა ზღვისწულმა.
- დიახ მეფეო, მზად არიან. ზვიგენებმაც გამოთქვეს ბრძოლაში მონაწილეობის სურვილი. დავთანხმდეთ?
- არ ვიცი, არ ვიცი. ზვიგენებს ბოლომდე ვერ ვენდობი.
- ზვიგენებიც ხომ ამ პატარა ზღვის ბინადარნი არიან, განა არა აქვთ უფლება თავიანთი სახლკარი დაიცვან?
- კარგი, ოღონდ მეთაურად შენი უფროსი ვაჟი დაუყენე. - ხელი ჩაიქნია ზღვისწულმა.
- კი მაგრამ, რა მოხდა, რატომ ემზადებით ასე სასწრაფოდ? - იკითხა დელფინომ, - ორი დღე ხომ არ გასულა?
- სიზმრის ქვეყნიდან პეპლებმა ამბავი მოგვიტანეს. ურჩხულების არმია დასხმია სიზმრის ქვეყანას, მიწასთან გაუსწორებია, ურჩხული ევპრისი როგორღაც გაუღვიძებიათ და ახლა აქეთ მოემართებიან. - აღელვებული ყვებოდა ზღვისწული.
- თაია, თაია, რა დროს წახვედი, - ჩურჩულებდა დელფინო.
შორიდან კი გუგუნი, ხეების ლაწა-ლუწი და ურჩხულების შემზარავი ღრიალი ისმოდა.
მიწა ზანზარებდა, უზარმაზარი ტალღები კი მიწას ეხეთქებოდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები