ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანაბელი7
ჟანრი: პროზა
3 სექტემბერი, 2009


ჭირისუფალი

ჭირისუფალი

მამაჩემის საფლავზე ხშირად დავდივარ. სკამზე ვჯდები. მახსენდება ბავშვობა და მონატრების გრძნობაც თითქოს მინელდება. თან, ძია არტოს ველოდები. არტო ჩვენი ოჯახის საფლავს ალაგებს. ქვრივია. დალაგებისას საფლავებს ეფერება თითქოს. 75 წლისაა და ალბათ მიცვალებულებისაკენ უფრო მიუწევს გული, ვიდრე ცოცხლებისაკენ.
- გამარჯობა ბაკურჯან, - მესალმება. მე ვუყვარვარ, ყოველ შემთხვევაში ასე ამბობს. - ვონც ეს?
- კამაც, კამაც ძია არტო, შენ როგორა ხარ?
- ეჰ, როგორ უნდა ვიყო, სულ მარტო ვარ. გარიკა მოსკოვში ჩარჩა, ბიზნესი მაქვსო (გარიკა შვილია), შენც წამოდიო. როგორ წავიდე. მე რა, აქ ჩემი ბიზნესი არა მაქვს?
- ასიკა? (ასიკა ქალიშვილია).
- ასიკა ქმართან ცხოვრობს. ბებერი არტო რაღად უნდა.
- ეგრე არაა, ძია არტო. ქმარს ხომ უნდა მიხედოს.
- ჰო, ვაბშე ადამიანებმა წყვილ-წყვილად უნდა იარონ. აი ახლა მე, ერთი კაი ქალი რომ მყავდეს, გავუყრიდი პოდრუჩკს და ვისეირნებდით გალავინსკზე. არ მომიხდებოდა თუ რა?
- მერე მოიყვანე ცოლი, აქ ქვრივების მეტი რაა.
- არა, არა ქვრივი რად მინდა. მე გაუთხოვარი ქალი მინდა. ისე ბაკურჯან, მთელ თბილისს იცნობ. ერთი ნაშა დამაჯახე რა? არა ნაშა არ მინდა. ერთი კაი წესიწრი გოგო მომინახე. აი, ამ მამის საფლავს გაფიცებ იცოდე.
გამეცინა, რა უნდა მეთქვა ამ გამოშტერებული, 80 წელს მიწეული კაცისათვის.
- კარგი, ძია არტო ეგრე იყოს, რამეს მოვიფიქრებ.
- ცავატანემ ბაკურჯან, მაღარიჩი ჩემზე იქნება.
სასაფლაოდან რომ მოვდიოდი, თან მეცინებოდა, თან კი ბოღმა მახრჩობდა. ვეღაც 75 წლის, სომეხ არტოს თურმე ქვრივი არ უნდა. კარგი, წესიწრი გოგო მომინდომა. ფუი, შენი. ჩავილაპარაკე და ეს ამბავი, მეხსიერების სადღაც ყველაზე ბნელ კუნჭულში მივაგდე.
ორიოდე თვე გავიდა. არტო და მისი თხოვნა საერთოდ გადამავიწყდა. სამსახურიდან ვბრუნდებოდი, ის იყო სახლისაკენ უნდა შემეხვია, რომ კუთხეში, ნაცნობ სილუეტს მოვკარი თვალი. ქეთუთა. აუ, როგორ შეცვლილა, რას უშვება ასაკი ქალს? ოცი წელია რაც სკოლა დავამთვრეთ. არა, ეგ არ უნდა იყოს, მაინც გავძახე.
- ქეთი, ქეთი! - სილუეტმა მოიხედა, გაკვირვებული მზერა მტყორცნა და უკბილო პირით გამიცინა.
- ბაკურ, შენა ხარ? - აეცრემლა თვალები. თავი ძალიან უხერხულად ვიგრძენი. ქეთათო კლასში ყველაზე პრანჭია გოგო იყო. უფროსკლასელებიც კი, ქეთის გულის მონადირებასNცდილობდნენ. თვითონ კი ძალიან უკარება იყო.
- მოდი, დაჯექი მიგიყვან. საით მიდიხარ? - შევთავაზე ცალყბად.
- მესამე მასივში, გზას ხომ არ გაგიმრუდებ?
- გზას კი გამიმრუდებ, მაგრამ მესამე მასივში რა გინდა?
-ახლა იქ ვცხოვრობ.
- იქ გათხოვდი?
- არა ბიჭო, ბინა გავყიდე და იქეთ გადავედი. რა მექნა, ვალები მქონდა. ახლა დავისვენე, ღამე მაინც მძინავს წყნარად.
უცებ არტო გამახსენდა. მერე ჩემი თავის შემრცხვა, “ეს გოგო არტოსთვის როგორ გავიმეტო მეთქი”, მაგრამ ჩემდაუნებურად წამოვროშე.
- ქეთათო, რამე რომ იყოს არ გათხოვდებოდი?
- ვინ მითხოვს ბიჭო, ნახე რას დავემსგავსე. პირში კბილი აღარა მაქვს და თმის შესაღებ ფულს ვერ ვშოულობ.
- თმის შესაღებ ფულს მე მოგცემ, კბილებზე კი არ იდარდო. ვიზეც გათხოვებ, კბილები არც იმასა აქვს.
- რა, ასეთი ბებერია?
- შენ რა ბებერი ხარ? - თვალი ჩავუკარი ქეთათოს და მანქანა შემოვაბრუნე. - წამო, ახლავე გაგაცნობ. სასაფლაოს უვლის. მაგარი ტიპია, ძველი თბილისელი.
- სასაფლაოს უვლის???
- ჰო, რა იყო. ეგეთი სამსახური აქვს, კაცი მუშაობს. ხელფასიცა აქვს და ლევი ფულიც.
- არა, ასე ვერ წამოვალ, ხომ უნდა მოვემზადო.
- ხოშიანად გამოიყურები. წამო, წამო, შანსი არაა არ მოეწონო.. - ვლაპარაკობდი და თან ყურებამდე ვწითლდებოდი. არტო და ქეთათო ერთად, წარმოუდგენელი რაღაც იყო თითქოს. მაგრამ უკან ვეღარ ვიხევდი.
- ჰო, კარგი. ოღონდ მე ვითომ არ ვიცი, გაიგე?
- გეკადრება ქეთათო, ეგ შემეშლება ახლა მე?
    ცოტაც და არტოს სახლს მივადექით. ეზოში ხალხმრავლობა დამხვდა. არ მომეწონა, ვიფიქრე, ახლა მთელი უბანი გაიგებს, ბაკურამ არტოს ქალი მოუყვანაო, მაგრამ ეზოში უკვე შესულები ვიყავით. ბინაში შევედით თუ არა, არტოს ქალიშვილი, ასიკა გამოგვეგება.
- ვაიმე, ბაკურჯან რა დაგვემართა. რა უდროოდ წავიდა ჩვენი არტო ჩვენგან. ვიღას შევჩივლო ხოლმე, ჩემი ვირი რომ დათვრება და წიხლებით შემდგებააააა.... - ცხარე ცრემლებით მომატირა ასიკამ. გავშრი. ოთახს გავხედე და შუაში, ძვირფას სასახლეში მოკალათებული არტო არ დავინახე?
გავმწარდი, მაგრამ როგორ. ვიფიქრე, სიკვდილს თუ აპირებდა, ამ გოგოს რაღას ერჩოდა მეთქი. ქეთათოსი შემრცხვა, შევხედე და რას ვხედავ. დგას ქეთათო, ხელში დაჭმუჭნული ცხვირსახოცი უჭირავს და ჩუმ-ჩუმად იცრემლება.
- ეს ვინ არის, ჩემო ბაკურ? - უკვე მშვიდად მკითხა ასიკამ ქეთათოზე. ცოტა არ იყოს დავიბენი.
- მე........ მე საცოლე ვარ.
- ჩემი არტოს საცოლე? შენ შემოგევლე შენა, ვერ მოასწრო ხომ ამ საცოდავმა ქორწილის გადახდა, სულ კი ამბობდა ცოლი უნდა მოვიყვანოო. ასიკამ ხელები გაშალა და ქეთათო გულში ჩაიკრა. ქეთათოც მიეკრო და ორივემ გულიანი ტირილი არ გააჩაღეს? გაგიჟებას ცოტაღა მაკლდა, მაგრამ ვიფიქრე გულჩვილი გოგოა და ნერვებმაც უმტყუნა-მეთქი. ცოტა დავმშვიდდი, ჯიბეში ხელი ჩავიყავი, ხელფასიდან მორჩენილი ასი ლარი ამოვიღე და ასიკას გავუწოდე.
- ასიკ, მართალია ცოტაა, მაგრამ რაღაცაში წაგეშველება. - ასიკას ქეთიზე მარცხენა ხელი ჰქონდა მოხვეული, მარჯვენათი კი ფული გამომართვა და ჯიბეში ჩაიცურა,
- მადლობა ჩემო ბაკურ, შენ ყოველთვის კეთილად ექცეოდი მამაჩემს.
- წავედით ქეთი, ამათ ალბათ ბევრი საქმე აქვთ. - ქეთათოს ხელი მოვკიდე და ასიკას მკლავებიდან ვცადე მისი დახსნა.
- ბაკურ, მე დავრჩები, - ჩაიჩურჩულა “არტოს საცოლემ”. - მივეხმარები.
- დარწმუნებული ხარ? - ქეთიმ თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. გაოგნებული გამოვედი ეზოდან. ნეტა მე გავგიჟდი, თუ ეგენი არიან ყველანი გიჟები?
- ბაკურჯან, გასვენებაში ხომ მოხვალ? - დამაწია არტოს ქალიშვილმა ხმა. უკან არ მიმიხედავს, ჩავჯექი მანქანაში და წამოვედი.
მეოთხე დღეს არტოს გასვენება იყო, ძალიან მეზარებოდა წასვლა, მაგრამ გამახსენდა მამაჩემის საფლავი, რომელსაც ასე დაჰფოფინებდა ეს 75 წლის კაცი. შემეცოდა, ცხოვრების ახლიდან დაწყებას აპირებდა და ბაც! გათავდა.
სამის ნახევარზე მივედი, (სამზე გამოსვენება იყო დანიშნული) ოთახში შევედი. კედელთან ჩამწკრივებულ, შავებში ჩაცმულ ჭირისუფლებს გადავხედე, თვალებით ასიკა რომ მომეძებნა (სხვას, ნათესავებიდან არავის ვიცნობდი) და რას ვხედავ, შუაში ჩემი ქეთათო ჩამჯდარა და ტირის, მარა რას ტირის. მიცვალებულს შემოვუარე და გამოვედი. გამოვედი ეზოში და რომ ამიტყდა ხარხარი, ვეღარ გავჩერდი. მერე მივხვდი, ხალხმა ამრეზით რომ დამიწყო ყურება, გასვენებაში მოსულა და რა უხარიაო.
- ერთი თქვენი, მეთქი, - მივაძახე და წამოვედი.
გავიდა ხანი. ერთი იყო, არტოს გარდაცვალების შემდეგ საფლავის დალაგება მე მიწევდა, რაც დიდად სახალისო საქმე არ გახლდათ.
ერთხელაც მივედი საფლავზე და რას ვხედავ, საფლავი დალაგებულ-დაკრიალებულია. აი ზუსტად ისე, არტომ რომ იცოდა. მივხვდი, საფლავებს ახალი პატრონი გასჩენოდა და ეტყობოდა, ხელიც კარგი ჰქონდა. ჩამოვჯექი სკამზე, სიგარეტს მოვუკიდე და ფიქრებს მივენდე.
- გამარჯობა ბაკურჯან, - არტოს კილოთი, მაგრამ ქალის ხმით მომმართა მოსულმა. ავხედე. ავხედე და თვალებს არ დავუჯერე. ჩემს წინ ქეთათო იდგა.
- ქეთი, შენ აქ რას აკეთბ? - ვკითხე ენის ბორძიკით.
- საფლავებს ვალაგებ ბაკურ, საქმის მეტი რაა. ასიკას ქმარი დაიჭირეს, ბავშვებს მიხედვა ხომ უნდა. ეგეც რომ არ იყოს, ჩემი არტოს საქმე ვინმემ ხომ უნდა გააგრძელოს. ისე, ორი თვისა გმართებს. - ჩაილაპარაკა მკვდარი არტოს, სიცოცხლეში უნახავმა მეორე ნახევარმა. 40 ლარი ჯიბეში ჩაიდო, “იმედია კიდევ გნახავო” ჩაიდუდუნა და გამშორდა.
ჰეჰ..........

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები