ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმო ბაბუ
ჟანრი: საბავშვო
5 სექტემბერი, 2009


ჩანჩურას და ჩოჩორიკას ზღაპარი



რარიგ  მოუქაჩლებიათ
თავი  ჩოჩორს  და  ჩანჩურას!..
რა  ძალიან  გასარჯულან,
რა  ძალიან  დახარჯულან!..

თუ  დაუგდებს  ყურს  ბაჩუნა,
ჩვენი  ბიჭი  პაწაწუნა,
ყველას  წვრილად  მოუყვება
ცის  მეზღაპრე  თვალპაჭუნა.

,, -  თუ  ჩანჩურას  ამბავს  მკითხავთ,
რის  ჩანჩურა,  რა  ჩანჩურა!..
ვერ  მივალო  ბაჩუნასთან
აჩაჩულად,  ჩაჩაჩულად!  -
რიხით  უთქვამს  ჩანჩურას  და
კარგა  კოხტად  ჩაპრანჭულა
წითელ  ჩოხა-ჩაბალახში,
ფეხზეც  ტყავის  ბაჩაჩუნა...
შეუკაზმავს  ჩოჩორიკაც,
ზედ  შემჯდარა  ვაჟკაცურად.

ჩინ-მაჩინი  მოუვლია,
ნამეტნავი  გაქაჩულა  -
ხურჯინი  რომ  გაუძეძგავს,
შიგ  ნემსიც  კი  არ  ჩასულა...

ორივენი  გატიკნულნი  -
ის  ხურჯინიც  და  ჩანჩურაც,
ჩოჩორიკას  საწყალ  ზურგზე
არხეინად  გაჩაჩხულან.

ჩოჩორიკას  რა  მოსვლია?  -
სიმძიმისგან  გაჭაჭულა!
ამოდენა  გზით  და  ტვირთით
გახვითქულა,  გატანჯულა,
მაგრამ  მაინც  ჩვენს  ქუჩამდე
მოაღწია  დაქანცულმა!..

ყველას  ჭიშკარს  ჩაუარია,
ბაჩოსი  კი  აჯაჯგურა...
-  გამოგვხედე,  მაინძელო!
დაიბოხა  ხმა  ჩანჩურამ.
ბაჩო-ბიჭიც  გაეგება,
უცხო  სტუმარს  დახვდა  ძმურად.
ჩანჩურამაც  ღია  კარში
დინჯად  შემოაჩაჩუნა
და  ტვირთმძიმე  ჩოჩორიკაც
შეჰყვა  ფეხებგაჩაჩხულად.

იქით  ფისო  აკრუტუნდა,
მურამ  კბილი  აკრაჭუნა,
აქეთ  გოჭიც  აჭყვიტინდა, 
მაგრამ  ყველა  გააცურა...
-  საჩუქრები  მოვართვითო
მხოლოდ  ჩვენს  ბიჭს,  ჩვენს  ბაჩუნას!
ხურჯინი  რომ  გადმობერტყა,
თოვლის  პაპაც  გაახუნა!..
ბაჩო-ბიჭმაც  თვალი  ჭყიტა,
საულვაშეც  აცმაცუნა...

რა  ჩოხაში  გამოჭიმა!..
რა  ბოხოხი  დაახურა!..
რა  წუღა  და  ქალამნები!..
რა  ქამარი,  რა  ხანჯლუნა!..
რა  ცხენი  და  უნაგირი!..
რა  მათრახი  სატკაცუნა!..
ან  ფაფანაკს,  ან  ჩაბალახს
რას  უპოვნი  დასაწუნარს?!.

ჩოჩორიკაც  კი  გაკვირდა:
-  ვეღარ  ვცნობო  ამ  ბაჩუნას!..
ბიჭია  თუ  მზეჭაბუკი,
ნახეთ,  რარიგ  ჩაკვანწულა!..
შემაჯდეს  და  გავაჭენებ!
კაციაო,  რა  კაცუნა!..

ღმერთმა  თქვენ  კი  გაგახაროთ,
ჩოჩორიკავ  და  ჩანჩურავ!
ქვეყანაზე  სასიკეთოდ
ბედნიერად  გაბაჩუნათ!
რა  ოქრო  და  რა  ხვითო  ხართ,
ვერვინ  იტყვის  ამას  სრულად...
გაგიმარჯოთ,  გადღეგრძელოთ,
კაცურად  და  მამაცურად!

ამას-იმასობაში  კი
გავიხედე  -  მზე  ჩასულა...
ბადრი  მთვარეც  ამოსულა...
ბაჩოს  ძილის  დროც  მოსულა...
ეს  ზღაპარიც  ხომ  გასრულდა?!.
ხვალ  სხვა  გითხრათ,  ამას  ვზრუნავ!..“

თაგვმა 
თხილი
ტიხარს
იქით
აგორა  და
აფხაჭუნა...
დაიძინა  ბაჩუნამ  და
ზღაპარს  მორჩა  თვალპაჭუნაც...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები