 | ავტორი: ანაბელი7 ჟანრი: პროზა 7 სექტემბერი, 2009 |
დარდიანი დარდი.
ძნელია, როდესაც უამრავი ხალხი გახვევია გარს და მაინც მარტო ხარ. სულ მარტო რომ რჩები, ფიქრობ: მარტოობა ძნელია ძალიან. ზარი რეკავს. ნეტავ ვინ მოვიდა, არ გაცლიან მარტო ყოფნას. ვერ ვიცანი. თვითონ ახლობელივით მიცინის. უცნობი - მოდი ერთად ვიყოთ მარტო. მე - შენ ვინა ხარ? უცნობი- დარდი ვარ. მე - ჩემი? უცნობი - არა, ყველასი, მაგრამ შენთან მოვედი, ორნი იოლას გავალთ. მე - ჩემი დარდი არ მეყოფა, შენ მაკლდი კიდევ. უცნობი - უვიცო. ქალბატონი დაჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო. უცნობი - ჩემზე იცი რამხელა მოთხოვნაა? მთელი საქართველო მე დამდევს. ქვეყანა მყავს ჩაწერილი რიგში. ზოგი ცრემლებს მთხოვს, ზოგი ოხვრას, კვნესას. შენ წარმოიდგინე ყველაზე კარგად ისტერიკა მიდის. მე - მე არც რიგში ჩავწერილვარ, არც ოხვრა-კვნესა მითხოვნია. ასე რომ, თუმცა მოიცა, ღიმილი ხომ არ მოგეძებნება? უცნობი - მწარე. მე - მწარე არ მინდა. გულიანი სიცილი მომენატრა, ეგებ შენი დამითმო. უცნობი - სიცილი? სიცილი შენ კი არა მეც მომენატრა. თუ გგონია დარდი რომ ვარ დარდი არა მაქვს, ძალიან ცდები. დარდისაგან ლამის გული გამისკდეს. სიხარული მინდა ვიყო. ძალიან მშურს, ჩემს მეზობლად ცხოვრობს. იცი რა ძღვენებს ღებულობს? სულ ქეიფის ხმა გამოდის მისგან. ერთხელ გავბედე და ვესტუმრე. დავუკაკუნე, კარი არ გამიღო “შენი მჟავე სახის დანახვა მეჯავრებაო”. აბა მაგას ჰქვია სიხარული? რამოდენიმე წლის წინ მთელი საქართველო ხელში მეჭირა. მერე ზოგიერთები დამისყლტნენ ოფიციალურად და მეზობლად მოუხშირეს სიარულს. მაგრამ იმათ იცი რამხელა დარდი აქვთ? ჩუმ-ჩუმად მეხმიანებიან ხოლმე. სიხარულიც ყალბი გახდა. ისევე როგორც ზეიმი, დღესასწაულები. ყველაფერი ყალბია, ყველანაირი ურთიერთობები, დარდის გარდა. მხოლოდ დარდი არაა ყალბი, დარდს ვერ ითამაშებ. ეგრევე ვატყობ სახეზე ვჭირდები თუ არა კაცს. რომ შევხედავ იბნევა, მოკლედ მძიმე მდგომარეობაში ვარდება. ძალიან მეცოდება ეგეთი ხალხი. მაგრამ რა ვქნა, მე პროფესიონალი ვარ და სახელს ვერ გავიტეხ. მე - წადი, მეძინება. ავდექი ,ფანჯარასთან მივედი, დაბნელებულიყო. გამიკვირდა. ფანჯარა გამოვაღე, ფანჯარამ შავად დაამთქნარა და ხახადაღებულმა ძილს მისცა თავი. მე - წადი, მეძინება მეთქი. უცნობი - რა დაგაძინებს ასეთ დარდიანს, მაინც ღამის-თევა მოგიწევს. მე - მარტო მინდა ყოფნა, მარტო მინდა ღამის-თევა და საერთოდ დარდიც მარტო მინდა. - კარგი, რახან მაგდებ წავალ. შენ რომ იცოდე ჩემი მდგომარეობა, არ გამაგდებდი, მომეფერებოდი. იცი რა ძნელია დღეს ყველას დარდი იყო, მთელი ქვეყნის დარდი იყო, თანაც უიმედო. ქალი წამოდგა, გავიდა და კარი გაიხურა. დავწექი, შუქი ჩავაქრე, ძილი არ მეკარებოდა. ასამდე დავითვალე, შემდეგ ათასამდე და შებრუნებით. დავიღალე. ბურანში ოთახის კუთხიდან ჩუმი ქვითინის ხმა შემომესმა. მივხვდი, რომ არსადაც არ წასულა, ჩემთან იჯდა და ქვეყნის დარდს დასტიროდა, პირველ რიგში თავის თავს ტიროდა. იმ წუთში კმაყოფილმა გავიფიქრე, ჩემ დარდს დარდიც არ ჰქვიებია, ნეტა რა მადარდებს მეთქი და ჩამეძინა. ერთი წუთითაც არ გამივლია თავში, რომ ეს დარდი წესით ჩემიცაა, შენიც და საერთოდ ყველასი. არ გამივლია და არც მინდა, მე ჩემი სამყოფი დარდი მაქვს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ყოჩაღ, მომწონს! თუ არ დაიზარებ ჩემი პროზაც წაიკითხე :) +2 ყოჩაღ, მომწონს! თუ არ დაიზარებ ჩემი პროზაც წაიკითხე :) +2
6. საინტერესო ხარ. 2 საინტერესო ხარ. 2
5. ყოჩაღ,კარგია! ყოჩაღ,კარგია!
4. საინტერესოდ აზროვნებ. თემაც გონივრულად არის შერჩეული და გაშლილი. საინტერესოდ აზროვნებ. თემაც გონივრულად არის შერჩეული და გაშლილი.
3. მეც მომეწონა!!! გაიხარე შენაა!!! მეც მომეწონა!!! გაიხარე შენაა!!!
2. კარგია ანაბელ კარგია ანაბელ
1. ძალიან კარგია! 5 მაგრამ კორექტურაა, გაასწორე:
1. დარდისაგან რამის გული გამისკდეს ------> ლამის 2. დამისყლდნენ ოფიციალურად --------> დამისხლტნენ ძალიან კარგია! 5 მაგრამ კორექტურაა, გაასწორე:
1. დარდისაგან რამის გული გამისკდეს ------> ლამის 2. დამისყლდნენ ოფიციალურად --------> დამისხლტნენ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|