ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როლანო
ჟანრი: საბავშვო
11 სექტემბერი, 2009


პატარა ზღვის ზღაპრული ამბები (სკივრში ნაპოვნი ზღაპრებიდან) თავი მეხუთე


თავი მეხუთე


      მიწა ზანზარებდა, უზარმაზარი ტალღები კი მიწას ეხეთქებოდა.
- ბიჭებო, - მიმართა ზღვისწულმა სოფლის მაცხოვრებლებს, - გვირაბით, ისევ სოფლისაკენ გადით და ზღვასა და სოფელს შუა ჩადექით. თოფები ხომ ყველას გაქვთ? თუ ურჩხულები თქვენსკენ წამოვიდნენ, ეცადეთ დაუმიზნოთ მუცელში ან სახეში, ყველაზე დაუცველი ეგ ადგილები აქვთ. ჯობია სოფლის გარშემო განლაგდეთ, ისინი ხომ ფრთიანი ურჩხულები არიან და შესაძლოა, მოულოდნელად მთებიდან გადმოვიდნენ შეტევაზე. - ჩქარ-ჩქარა ლაპარაკობდა ზღვისწული. შემდეგ დელფინებს მიმართა.
- ჩემო ძმებო, ბევრი ჭირ-ვარამი გამოვიარეთ ერთად, მაგრამ მსგავსი უბედურება თავს არ დაგვტყდომია. ზღვის ნაპირი ყველა მხრიდან გამაგრებული უნდა იყოს. ვეშაპებო, თქვენ ზღვის შუაგულში მოთავსდით. ჩვენს მტრებს, ფრენა შეუძლიათ, მაგრამ როგორც ვიცი, წყლის ძალიან ეშინიათ. სწორედ აქ თქვენი შადრევნები ძალიან გამოგვადგება. ზვიგენებო, ხშირად გვქონია ერთმანეთში უთანხმოება. რაც იყო, დავივიწყოთ. თუ რაიმეზე ნაწყენი ხართ, მაპატიეთ. მეც ჩემი მხრიდან, ყველა წყენა წარსულისათვის ჩამიბარებია. დღეიდან, ძმობა შევფიცოთ ერთმანეთს. ზვიგენებო, ჩემო ძმებო. თქვენ მორიგეობა მოგიწევთ. ხან დელფინებთან იქნებით და ხან ვეშაპებთან, საჭიროების მიხედვით. თქვენი ბასრი კბილების იმედი მაქვს.. - ზღვისწულის აღელვებული საუბრის შემდეგ, ზვიგენთწინამძღოლი მიუახლოვდა მას, თითქოს დაიჩოქა და მიმართა.
- დიდო მეფეო, დღეიდან რასაც გვიბრძანებ, უსიტყვოდ შევასრულებთ, ძმებად კი არა, თქვენს მონებად გვიგულე.
- არა, ჩემო მეგობრებო, აქ ჩვენ ყველანი ძმები ვართ და ამიერიდან სულ ასე ვიქნებით. მთავარია, იმ უწმინდურების არმია დავამარცხოთ.. - ლილია და დანარჩენი სტუმრები გაოგნებულნი უსმენდნენ ზღვის მაცხოვრებლების დიალოგს.
- სამწუხაროა, მაგრამ აი, თურმე ვისგან უნდა ვისწავლოთ ადამიანებმა ურთიერთობა. ზვიგენებისა და დელფინებისაგან. -  მიმართა ეფროსმა თავის ნათლულსა და მის მეგობრებს.
- ჩვენ რას დაგვავალებ მეფეო? - ანთებული თვალები მიაპყრო ქანელმა ზღვისწულს. რომელსაც ერთი სული ჰქონდა როდის ჩაებმებოდა ბრძოლაში.
- იანგულ! შენ, ვამეხი და ტარესი ზღვაში ვერ იბრძოლებთ. გვირაბის შესასვლელთან განლაგდით, ვინიცობაა ურჩხულებმა სოფლიდან შემოსასვლელი გზა გამოარღვიონ, აქ მოგიწევთ მათი მოგერიება. იარაღი, თავზე საყრელი გაქვთ. ეფროსიც თქვენთან დარჩება.
- კი მაგრამ, ჩვენ სხვებზე ნაკლები მეომრები ვართ? - გაბრაზებით იკითხა იანგულმა.
- საწყენად არ მითქვამს იანგულ. დაუკვირდი. ქანელი, გრძნეულების გაზრდილია და შენც იცი, მისთვის სიძნელეები არ არსებობს. ზევახი კი, ყოფილი კაცი-ზღვაა. ამ ზღვაშია გაზრდილი და მისი ყოველი კუთხე- კუნჭული ზეპირად იცის.
- სწორი ხარ, მაგრამ თქვენი ამბავი რომ ვიცი, შეიძლება ხმლის გაქნევაც ვერ მოვასწრო და ურჩხულების არმია, უჩემოდ იქნება განადგურებული.
- ჰა, ჰა, ჰა, - გადაიხარხარეს მამაკაცებმა.
- ვნახოთ, ვნახოთ, მაგას რა ჯობია.. - წამოიძახა ქანელმა, - ზღვისწულო, მე მგონი დროა დავიძრათ, იმ უწმინდურების ღრიალი, ძალიან ახლოდან ისმის უკვე.
მამაკაცებმა, ზღვისწულის წინამძღოლობით, წყლიდან ამოყვინთეს.
სოფლის მაცხოვრებლები, თავიანთი დასახლების გარშემო განლაგებულიყვნენ. დელფინები, ნაპირთან ახლოს იყვნენ ჩასაფრებულნი. ვეშაპები შუაგულ-წყალში ტივტივებდნენ. ზვიგენები კი, წყალქვეშ დაცურავდნენ, ზემოთ არ ამოდიოდნენ, რათა საჭიროების შემთხვევაში იქვე დასხმოდნენ თავს მტერს.
ცოტა ხანში ურჩხულებიც გამოჩნდნენ. უხმოდ მოფრინავდნენ, ნელ-ნელა დაბლა ეშვებოდნენ და ერთადერთი რითიც მიხვდებოდი, რომ მტერი უახლოვდებოდათ, საშინლად მყრალი სუნი ტრიალებდა ჰაერში.
უცაბედად, სამი ურჩხული გამოეყო დანარჩენებს და ზღვის შუაგულისაკენ აიღო გეზი. ეტყობა, ზღვისწულის საცხოვრებელში უნდოდათ ჩასვლა, სადაც იანგული ეგულებოდათ. ვეშაპები მშვიდად ადევნებდნენ თვალს მათ მოქმედებას. მოახლოებისთანავე, ოციოდე ვეშაპმა, ერთდროულად ამოასხა წყლის შადრევნები და მოულოდნელად სამივე ურჩხულმა ზღვაში მოადინა ტყაპანი, სადაც კბილებალესილი ზვიგენები დაუხვდნენ.
- ძმებო! თათები, თათები გადაუკვნიტეთ, სუსტი აქვთ. - წამოიძახა ზვიგენთწინამძღოლმა. რამოდენიმე ზვიგენი,  ურჩხულებს თათებში სწვდა, თვით მეთაური კი დანარჩენებთან ერთად, ქვემოდან ეკვეთა მტერს და მუცლები გამოუფატრა.
ურჩხულების შავი სისხლით შეიღება ნახევარი ზღვა. როგორც კი დაინახა ევპრისმა, რომ ზღვის შუაგულიდან ვერ მოახერხებდნენ ზღვისწულის სამფლობელოში შეღწევას, თავის მეომრებს ნაპირიდან შეტევა უბრძანა.
ნაპირზე, თოფებით შეიარაღებული, სოფლის ვაჟკაცები დაუხვდნენ და იმ წამსვე გაუხსნეს ცეცხლი. გეგონებოდა, ცეცხლი ცეცხლს შეებრძოლაო. ურჩხულების პირიდან გადმოფრქვეულმა ცეცხლმა, გადატრუსა სანაპიროზე აშოლტილი ხეები. ბევრ ჩვენს მეომარს, ტანსაცმელიც აუბრიალდა..
ცეცხლმოკიდებული ყმაწვილები, ზღვაში ხტებოდნენ დელფინებთან, რომლებთანაც დასახმარებლად რამოდენიმე ვეშაპიც მოსულიყო. ვეშაპები, თავისი შადრევნებით იქვე უქრობდნენ ცეცხლს ზღვისწულის მეომრებს. უკანასკნელნი კი დელფინებზე ამხედრებულნი ტყვიებით ცხრილავდნენ ცოტა არ იყოს, დაბნეულ მტერს.
ზღვისწული, ქანელი და ზევახიც, დელფინების ზურგზე მოკალათებულნი, თოფებით ხელში, ველური ყიჟინითა და სროლა-სროლით დაჰქროდნენ ზღვის ზედაპირზე და შიშის ზარს სცემდნენ ევპრისის სახელოვან არმიას.
ურჩხულებმა აქეთ-იქით მიმოიხედეს და როდესაც ათიოდე თანამებრძოლიღა დაითვალეს, ნელ-ნელა უკან დაიწყეს დახევა.
- სად მიდიხართ ლაჩრებო, მოღალატეებო, - ხმის ჩახლეჩამდე გაჰყვიროდა ურჩხული ევპრისი და სიბრაზესაგან, ცეცხლის ნაცვლად დორბლებს ყრიდა. - ვერ გადამირჩებით, სულ ცალ-ცალკე ამოგალპობთ დილეგში.
ურჩხულებმა ერთმანეთს გადახედეს, რაღაც გადაულაპარაკეს და ევპრისს თავს დაესხნენ.
ევპრისის, იგივე კაცი-გველის, იგივე მწვანე ურჩხულის ღრიალი, ნელ-ნელა მინელდა და საბოლოოდ კი სრულმა სიჩუმემ დაისადგურა.

დასასრული იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები