ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
2 ივნისი, 2008


ღამე _ მოთმინების ალეგორია

მთვარის სონატას მოაჯირზე მთვარე მიკრავდა,
და იდგა ღამე _ მოთმინების ალეგორია,
გაურკვევლობამ სტრიქონში რომ სიტყვა მიჰკარგა,
ახლა ის განცდაც, როგორც ყველა, მონაგონია.

მონაჭორია, თითქოს, ერთურთს არაფრით ვგავართ,
და გზაც, რომლითაც არ გვივლია, თურმე, შორია,
რომ ყველაფერი ნადგურდება ტკივილთა გარდა,
იმ ტკივილების, დაბადებით რაც დაგვყოლია.

სისულელეა, რომ იმ თვალებს, რომლებიც გვიყვარს,
ვხვდებით და ვერ ვცნობთ! უეჭველად ვხვდებით და... მაგრამ,
გარემოება, თუ მიზეზი იქამდე მიგვყავს,
თავსაც ვივიწყებთ, შეგრძნებებსაც ვფლანგავთ და ვკარგავთ.

არ გერჩი ახლა... გადალახავ ფიცხლად ქარაფებს,
ნაწყვეტ-ნაწყვეტად აეწყობი სიგიჟის ზღვართან,
შეუშინდები, დაუფრთხები ვიცი არაფერს,
იქნებ _ ყველაზე ურჩი ტალღა _ გამოსცდე ზღვას და

მზეს სასთუმალი შეუგრილო დილაადრიან...
როგორც ვარსკვლავებს, სხვა ფერი აქვთ სურვილებს ახლა,
მოლოდინები დაღვინებულ მაჭარს გადრიან,
სინამდვილეში შენ შენ ხარ და მე უფრო მგავხარ.

ვიღაცის სულში გარიჟრაჟებს თოლია ითვლის,
მსუყდება ფიქრი, ეტმასნება სიზმარი სიზმარს,
აზრი, ვაზივით, მტევან-მტევან, ნაყოფებს იმკის,
და ყველა, ვისაც დრო გაჰყავდა, მერე დროს მიჰყავს.

ისევე უკრავს მოაჯირზე მთვარე სონატებს,
და შენც, ჩემსავით, წამებს პულსით ზომავ, მგონია,
სიფხიზლეებმა, ძილის ჯიბრზე, რითმა მოგვმატეს,
გრძელდება ღამე _ მოთმინების ალეგორია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები