ინტერვიუ ჩაწერილია ლევან ალფაიძის მიერ თბილისში, აიკიდოს სემინარზე, 2009 წლის 17 ოქტომბერს.
მოკლე ცნობა: შვედი ულფ ევენასი 1973 წელს, პირველად შეხვდა მორიჰეი უეშიბას მოსწავლესა და მისი აიკიდოს მემკვიდრეს, აიკიდოს შიჰანს, მორიჰირო საიტო სენსეის, ივამაში (იბარაკის პრეფექტურა, იაპონია) და მისი მოსწავლე გახდა. დღეს, ულფ ევენასი აიკიდოს შიჰანია და ფლობს ივამა-რიუ აიკიდოსა და აიკიკაის 7-ე დანს, ივამა-რიუს ბუკი-ვაზას 5-ე დანს და წარმოადგენს ივამა-რიუს სკოლის ოფიციალურ წარმომადგენელს ევროპაში. იგი ფლობს ივამა-რიუს აიკიდოს სკოლია უმაღლეს წოდებას აიკი-ჯოსა (საბრძოლო ჯოხი) და აიკი-კენში (მორიჰეი უეშიბას მიერ ჩამოყალიბებული, ხის ხმლით საბრძოლო ტექნიკა). ბატონი ულფი მის კოლეგასთან, პაოლო კორალინისთან (იტალია) ერთად, არის აიკიდოს ივამას სკოლის უმაღლესი რანგის მფლობელი. შიჰანი ევენასი ასწავლის აიკიდოს "გიოტებორგის აიკიდოს კლუბში", ქ. გოტენბურგში (შვედეთი). იგი უკვე მეორედ ატარებს აიკიდოს სემინარსა და გამოცდებს თბილისში, საქართველოს აიკიდოს ფედერაციის პრეზიდენტის, ბ-ნი ზურაბ გავარდაშვილის (აიკიკაის III დანი) მოწვევით და კვლავ აპირებს ჩამოსვლას საქართველოში 2011 წელს.
ტერმინების განმარტება: შიჰანი – მთავარი ინსტრუქტორი, უფროსი მასწავლებელი, იაპონურ საბრძოლო სამყაროში ინსტრუქტორის მაღალი ხელოვნების დამადასტურებელი ტერმინი. ძიუდოში შიჰანი ეწოდება ნებისმიერ ოსტატს მე-6 დანის შემდეგ. აიკიდოში, როგორც წესი, ოსტატს შიჰანის წოდებას სხვა შიჰანი ან ორგანიზაცია ანიჭებს დამსახურების მიხედვით (5-ე ან 6-ე დანის მიღების შემდეგ, ლ.ა.).
ლევან ალფაიძე (ლ.ა.) - ბატონო ულფ, მოკლედ წარმოგვიდგინეთ თქვენი თავი. შიჰანი ულფ ევენასი (შ.უ.ე.) - მე გახლავართ ულფ ევენასი შვეციიდან, ვარ 62 წლის, აიკიდოში ვარჯიში დავიწყე ახლაგაზრდამ, დაახლოებით 1968 წელს, ცოტა ხანი კარატეშიც ვვარჯიშობდი. ჩემი პირადი ცხოვრებიდან შემიძლია გითხრათ, რომ ვარ ეკონომისტი. შემდეგ ჩემი კარიერა რამდენიმეჯერ შეიცვალა. ვმუშაობდი და კვლავ ვმუშაობ უსაფრთხოების, კრიზისებისა და კონფლიქტების მართვის საკითხებზე და დღეს ეს არის ჩემი პროფესია. აიკიდოში ვარჯიშის დაწყების შემდეგ, 1973 წელს, იაპონიაში, აიკიდოს უჩი-დეშის (საბრძოლო სკოლაში მაცხოვრებელი სტუდენტი) პროგრამაში მონაწილეობისას, შევხვდი ჩემს მასწავლებელს, საიტო მორიჰირო სენსეის (1928-2002). ამ შეხვედრის შემდეგ, მე დავუახლოვდი მას და წლების განმავლობაში, მის გარდაცვალებამდე, მასთან ახლო ურთიერთობა მქონდა. მან მომცა ყველა ის წოდება, რომელიც მე დღეს მაქვს აიკიდოში, მანვე დამნიშნა მის ოფიციალურ წარმომადგენლად ევროპაში. ეს არის მოკლედ ჩემი ცხოვრება. ლ.ა. – ალბათ ძალიან მოკლედ ბ-ნო ულფ. შ.უ.ე. – ჰო (იცინის). ლ.ა. – თქვენ საინტერესო ადამიანი ბრძანდებით და ასე ვთქვათ, ევროპის აიკიდოში თქვენ გეხებათ ურთიერთობები და წესრიგის დამყარება. ამასთან მეც და აიკიდოს ყველა ტრფიალს სურს თქვენგან გაიგოს ისტორიები საიტო სენსეიზე. გვითხარით როგორი იყო მასთან ერთად სწავლა და მასთან ურთიერთობა. შ.უ.ე. – ეს ძალიან განსაკუთრებული ურთიერთობები იყო. ჩვენს შეხვედრამდე, საიტო სენსეი ჩემთვის ცნობილი იყო , როგორც ფიზიკურად ძლიერი და ძალიან მკაცრი მასწავლებელი. თუმცა პირველივე შეხვედრისას, მასზე ჩემი შთაბეჭდილება, განსხვავებული აღმოჩნდა. იგი იყო ძალიან თბილი და გულიანი კაცი. სწავლებისას იგი ჩვენზე ზრუნავდა – მოდიოდა ჩვენთან ყოველდღე, გვესაუბრებოდა, გვეკითხებოდა როგორ ვართ, თითოეულთან ცალკე საუბრობდა. იგი, კვლავ ვიმეორებ, ძალიან თბილის და კეთილი პიროვნება იყო. ამავე დროს, იგი ძალიან სერიოზული იყო თავის საქმეში. უნდა გვახსოვდეს, რომ მან 23 წელიწადი (!) გაატარა ივამაში აიკიდოს დამაარსებელთან ერთად, როგორ უეშიბას ასისტენტმა. იგი ყოველდღიურად მუშაობდა უეშიბას ოჯახში მასთან ერთად. საიტო თავის მეუღლესთან ერთად ჩართული იყო უეშიბას საოჯახო მეურნეობაში და ორივენი წლების განმავლობაში უვლიდნენ უეშიბასა და მის მეუღლეს. ეს საიტოს ოჯახისათვის ძალიან ძნელი ცხოვრება იყო. უეშიბასთან ცხოვრებისათვის უნდა განსაკუთრებული ადამიანი ყოფილიყავი. ო-სენსეი (უეშიბას სახელი აიკიდოს სამყაროში – დიდი მასწავლებელი, იაპონ.) ბევრი სხვა მასწავლებლისგან განსხვავებით, საიტოს და მის სხვა მოსწავლეებს, ყველაფერს ასწავლიდა. ბევრი სხვა ამას არ აკეთებს და რაღაც ცოდნას თავისთვის იტოვებს, ინახავს. უეშიბასთან ეს სხვაგვარად იყო – მას სურდა ყველაფერი გადაეცა თავისი მოწაფეებისათვის. მე ძალიან გამიმართლა, რომ საიტოსგან ვსწავლობდი. იგი ხშირად გვეუბნებოდა, რომ არის კიდევ ბევრი რამ რაც მას ო-სენსეისგან უსწავლია და კიდევ გადმოსაცემი აქვს ჩვენთვის. მიუხედავად იმისა, რომ საიტო სენსეი 7 წლის წინ გარდაიცვალა, მე დღემდე ვიხსენებ მის საუბრებს, მის სწავლებას და ვცდილობ გავიგო და გავიხსენო, თუ რას და რატომ მეუბნებოდა. ხანდახან, როდესაც ვვარჯიშობ ან ვასწავლი, მახსენდება...ჩემს სხეულს ახსენდება მისგან ნასწავლი ილეთი, მოძრაობა ან განმარტება. ხშირად ძნელიც კია ამ გამოცდილებაზე და მოგონებებზე საუბარი...ცრემლიც კი მადგება თვალზე, როდესაც ამას ვიხსენებ...ეს სხვა სამყაროა. საიტო ხშირად ჩემი სულიერი მასწავლებელიც იყო.
ლ.ა. – კიდევ ერთი კითხვა მაქვს...იგი აღმოსავლურ საბრძოლო დისციპლინებს ეხება. როგორ განასხვავებთ აიკიდოს სხვა საბრძოლო სისტემებისგან, “დოს”-გან (“დო”- გზა, იაპონ.). ბევრი ადამიანი ძიუდოს ან კარატეს მოყვარულია. რატომ უნდა აირჩიოს ან არჩიოს ადამიანმა, ვისაც აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნება მოსწონს, აიკიდო?
შ.უ.ე. – ბევრი რამ ამ საბრძოლო დისციპლინებში საერთოა, თუმცა აიკიდოს აქვს რამდენიმე განსხვავებული თვისება, რაც მას განასხვავებს სხვა საბრძოლო ხელოვნებისგან. საიტო სენსეი ძალიან ნათლად საუბრობდა ამაზე და ორ ძირითად მიზეზს ასახელებდა – პირველი, რასაც იგი აღნიშნავდა, არის სხეულის მდგომარეობა, ან სხვაგვარად “ჰანმი”, დგომი. იგი გაძლევს იმის საშუალებას, რომ ბევრი ილეთი, მოძრაობა, ტექნიკა ისე ჩაატარო, რომ არავინ დააზინო და შენც არ დაზიანდე. მეორე, არის მოწინააღმდეგის მოძრაობაში “ჩაწერა” (მან იხმარა ინგლისური სიტყვა ბლენდინგ, ლ.ა.), “შერწყმა” და პარტნიორის “კი” ენერგიის გამოყენება. სხვა განსხვავებები მოიცავს შემდეგს – ჩვენ აიკიდოში არ გვაქვს შეჯიბრი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ პარტნიორთან ერთად ვმუშაობთ. თუ ერთად ვმუშაობთ, ჩვენ გვიყალიბდება კარგი ურთიერთობები ადამიანებს შორის. შეჯიბრი ამას ხელს არ უწყობს. მე თან მაქვს იაპონიის ბუდოს (საბრძოლო ხელოვნებათა გაერთიანებული დასახელება) დებულება, რომელშიც აღწერილია ის მთავარი პრონციპები, რომელიც აუცილებელია ბუდოს ყველა მიმდევარისათვის. მუხლი 3-ე ამბობს, რომ: ორთაბრძოლისას ან ინდივიდუალური ფორმების (“კატა”) შესრულებისას აუცილებელია ბუდოს ძირითადი პრონციპებისადმი ერთგულება, მათი გათვალისწინება, ღირსეული მოქცევა მოგებისას, გულწრფელი საქციელი დამარცხების აღიარებისას და მუდმივი თვითკონტროლი. ეს არის პირობები ორთაბრძოლის ან შეჯიბრის სულის შესანარჩუნებლად. სამწუხაროდ, ეს ყოველთვის ასე არ მიმდინარეობს. აიკიდოში ჩვენ ეს არ გვაქვს. აიკიდოში შეჯიბრი არ არსებობს. ჩვენ ვმუშაობთ, ყოველდღიურად. ვვარჯიშობთ, რაც გვეხმარება ვიყოთ უკეთესი პიროვნება, ვცდილობთ უკეთესად გავიგოთ ჩვენი სხეულისა და სულის კომბინაცია. “კის” ენერგიასთან ჩვენი სხეულისა და სულის “შერწყმა” გვაძლევს საშუალებას ენერგია გამოვიყენოთ და არ დავუპირისპიროთ ძალა მოწინააღმდეგის ძალას. თუ ვინმე გვაწვება ჩვენ ამას “ვერწყმით” და ვიყენებთ ამ ძალას, თუ ვინმე გვექაჩება, ამასაც სხვაგვარად ვიყენებთ და წინააღმდეგობას ძალით არ ვუწევთ. აიკიდოში არის ბევრი რამ, რისი გამოყენებაც შესაძლებელია ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ლ.ა. – საინტერესოა...ანუ თქვენ ამბობთ აიკიდოს პრინციპები მუშაობს 21-ე საუკუნეშიც? ამ საუკუნის ადამიანებისთვისაც?
შ.უ.ე. – დიახ ასეა. თუ გავიხსენებთ, მენეჯმენტისა და კონფლიქტების შესახებ დაწერილ ათასობით წიგნს და თეორიას, ვნახავთ, რომ მათი უმრავლესობა დამყარებულია აიკიდოს პრონციპებზე. რა თქმა უნდა ეს არ არის მხოლოდ აიკიდოს უნიკალური პრონციპი, ეს პრინციპები ყველაფერშია. აიკიდო უბრალოდ, კარგი გზა არის იმისთვის, რომ დავინახოთ ეს პრინციპი მოქმედებაში. აიკიდოში ჩვენ არ გველის იმის საშიშროება, რომ შეჯიბრმა დაანგრიოს ჩევნი სული და არსება. შეჯიბრში მონაწილეობისას, ადამიანი ვალდებულია დაიხვეწოს განსაკუთრებულ ხერხებში, მოძრაობებში, ტექნიკაში, რომელიც მას გამარჯვებამდე მიიყვანს. აიკიდოში ეს საჭირო არ არის.
ლ.ა. – გმადლობთ, კიდევ ერთი შეკითხვა, ბოლო შეკითხვის დასმამდე. აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნებით დაინტერესებულ მკითხველს (მე ძალიან გამეხარდება თუ ამას ახალგაზრდებიც წაიკითხავენ) აინტერესებს თუ როგორია აიკიდო რეალურ სიტუაციებში, რამდენად ეფექტურია იგი შეტაკებისას? სხვანაირად ჩემი შეკითხა ალბათ ასე ჟღერს – გამოგიყენებიათ ოდესმე თქვენი ხელოვნება და ოსტატობა ვინმეს წინააღმდეგ? “ცუდი” ბიჭების წინააღმდეგ ქუჩაში?
შ.უ.ე. – ჩემი ახალგაზრდობისას მე უფრო, ასე ვთქვათ, “ველური” ვიყავი, არასოდეს გავქცევივარ ჩხუბს და თანაც კარგა ხანი ვმუშაობდი ე.წ. “ვიშიბალად” (მან იხმარა ტერმინი "ბაუნსერი", ინგლ.) დაცვაში. ლ.ა. – ბარებში და ლუდხანებში ალბათ? შ.უ.ე. – დიახ, დიახ...წლების განმავლობაში ვმუშაობდი ასეთ ადგილებში. ამ დროს ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ჩხუბის ან ბრძოლის შესახებ. ეს არის, ასე ვთქვათ, პერსონალური მხარე ამ საკითხისა და მინდა დავძინო, რომ აიკიდო ყოველთვის კარგად “მუშაობს” ზემოთხსენებულ სიტუაციებში. აიკიდოს მოძრაობები, ძალა, რომელსაც ქმნი ორთაბრძოლისას, “კოკიუ” ან “კი” ენერგია, რომელსაც იყენებ, მედამ წარმატებით მუშაობს, რაც გაძლევს შესაძლებლობას ადვილად გაანეიტრალო ოპონენტი. გარდა ამისა, მე დიდი ხანი ვმუშაობდი ციხის უსაფრთხოების სამსახურში, სადაც ვსწავლობდი და ვასწავლიდი იმ ტექნიკას, რომელიც არეულობებისა და განსაკუთრებული სიტუაციების დროს შეიძლება დაგჭირდეს ციხეში. ყოველთვის ვიყენებდი აიკიდოს პრინციპებს და არა აიკიდოს ტექნიკას. ვცდიდი ამ სისტემას ფიზიკურად ძლიერ ოპონეტებზე, მაგალითად მოჭიდავეებზე. ისინი ყოველთვის ყველაზე ძლიერები არიან. მათ წონასწორობის განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვთ. აიკიდოს პრინციპები მათზე კარგად და ეფექტურად მუშაობდა. ამასთან ერთად, აიკიდოს პრინციპებით ბევრი მიმუშავია (და ახლაც ვაგრძელებ) კონფლიქტების მართვისას და ჯგუფის ენერგიის საკითხების შესწავლისას. ეს პრინციპები და მათი “აპლიკაცია’ (გამოყენება) ვნახე ბევრგან - მაგალითად, ჰარვარდის უნივერსიტეტში, აშშ–ში, როდესაც იქ გახლდით მოლაპარაკებების ტექნიკის შესწავლისას.
ლ.ა. – დიდი მადლობა დროისათვის რომელიც დაგვითმეთ, ბოლო შეკითხვა – ეს ტრადიციული შეკითხვაა. როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, ან უფრო კონკრეტულად, თქვენი ძალიან მჭიდრო სამოგზაურო გრაფიკის გათვალისწინებით, რა არის თქვენი უახლოესი გეგმა, რომელსაც ავითარებთ, ან გსურთ რომ გეგმად აქციოთ?
შ.უ.ე. – პირველი ის არის, რომ აიკიდოს ჩემი ცხოვრების უფრო და უფრო მეტი დროს მიაქვს. მსოფლიო აიკიდო ვითარდება იზრდება, ბევრ მოწაფეს სურს, რომ მე მათთან ჩავიდე და ვასწავლო. ამიტომ მე უნდა მივიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რამდენი დრო დავუთმო აიკიდოს. მე გადავწყვიტე მეტი დრო დავუთმო აიკიდოს და ნაკლები - სხვა საქმეებს. ეს იმიტომ, რომ აიკიდო არ არის მხოლოდ სხვებისათვის, აიკიდო სასარგებლოა ჩემთვისაც. აიკიდო მეხმარება მე, ულფ ევენასს, როგორც პიროვნებას, განვითარებაში...და თუ შევძლებ, რომ ეს გავუზიარო სხვებსაც, მაშინ გამოვა, რომ მე სწორ გზას ვადგავარ. ეს იყო ჩემი მასწავლებელის (საიტო მორიჰირო სენსეი, ლ.ა.) ცხოვრება და მან ყველაფერი, რაც შეეძლო – გადმოგვცა. მან ჩვენ თავისი ცხოვრება გაგვიზიარა. თუ ამას მეც შევძლებ – ძალიან ბედნიერი ვიქნები!
ლ.ა. – დიდი მადლობა.
მოკლე კომენტარი: აქ ინტერვიუ დავასრულე, რადგან შიჰანი ევენასი, ორსაათნახევრიანი გამოცდის შემდეგ, საკმაოდ დაღლილი იყო, თუმცა ჩემთან ამის შესახებ სიტყვა არ დაუძრავს. საერთოდ მასთან ურთიერთობისას შესამჩნევია ის, რომ ეს კაცი ძალიან კარგი მსმენელია. იგი მასწავლებლებისათვის დამახასიათებელი ყურადღებით უსმენს ყველას და პასუხებსაც გააზრებულს და მოკლეს იძლევა. მისი განმარტებები, კონკრეტულ საკითხებზე, უფრო გრძელი და დაწვრილებითია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარი აიკიდოს პრინციპებს ან მის ტექნიკას ეხება. ამ ადამიანში დავინახე ხასიათის ძალიან საინტერესო ნარევი: ჩრდილოელებისათვის დამახასიათებელი თავშეკავება, კეთილგანწყობა, სიდინჯე და ამავე დროს, იაპონელებისათვის დამახასიათებელი ემოციურობა ვარჯიშისა თუ საუბრის დროს. დარწმუნებული ვარ, საიტო სენსეისთან დიდი ხნის ურთიერთობამ შიჰან ევენასს შესძინა იაპონელი მებრძოლებისათვის დამახასიათებელი კონკრეტულობა და უზარმაზარი ენერგიის მეყსეულად გაცემის უნარი.
გაიხსენეთ ფანტასტიკური დუელი აკირა კუროსავას უკვდავ ფილმში “შვიდი სამურაი” (იხილეთ ბმული): http://www.youtube.com/watch?v=2GAcB3H9yBM
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მახსოვს როგორ პარალელებს ვავლებდი აიკიდოსა და ქართულ დამწერლობას შორის................ საინტერესოა მომწონს და მიხარია რომ აქ დადე ესეთი ამბავი............ 5
დიდი პატივისცემით დიადი "ბლაგვი" მახსოვს როგორ პარალელებს ვავლებდი აიკიდოსა და ქართულ დამწერლობას შორის................ საინტერესოა მომწონს და მიხარია რომ აქ დადე ესეთი ამბავი............ 5
დიდი პატივისცემით დიადი "ბლაგვი"
6. კარგია +2 რაც დაწერეთ,მაგრამ როცა უკვე სპორცმენი აღარ აგრძელებს ვარჯიშს,ინტენსიურად მატულობს წონაში,ხშირად ვესწრებოდი მეცადინეობას,ჩემი დაკვირვებით დაეს ჩემი აზრია,აიკიდო აზიანებს შინაგან ნაზ ორგანოებს,აიკიდო არ მომწონს,კარეტე სჯობია, ჭიდაობა ან სხვა კარგია +2 რაც დაწერეთ,მაგრამ როცა უკვე სპორცმენი აღარ აგრძელებს ვარჯიშს,ინტენსიურად მატულობს წონაში,ხშირად ვესწრებოდი მეცადინეობას,ჩემი დაკვირვებით დაეს ჩემი აზრია,აიკიდო აზიანებს შინაგან ნაზ ორგანოებს,აიკიდო არ მომწონს,კარეტე სჯობია, ჭიდაობა ან სხვა
5. კარგია ლევან და ბმულიანად საინტერესო. კარგია ლევან და ბმულიანად საინტერესო.
4. ძალიან მაგარი! ძალიან მაგარი!
2. ძალიან საინტერესო იყო ლევან ინტერვიუ. ფილმიც გავიხსენე. საინტერესო ნაწყვეტი ვიხილე. გაიხარე შენა!!! კარგი ჩემგან!!! ძალიან საინტერესო იყო ლევან ინტერვიუ. ფილმიც გავიხსენე. საინტერესო ნაწყვეტი ვიხილე. გაიხარე შენა!!! კარგი ჩემგან!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|