ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმო ბაბუ
ჟანრი: პოეზია
29 ოქტომბერი, 2009


შემოდგომური


ისევ  შეტბორდა  სინანული...
ისევ  ვნებდები
ფერისცვალების  ნაცნობ  შრიალს...
ღელვა  მინელდა...
დღედათვლილ
ფოთლებს
დაეკიდა
ცრემლი
ვედრების...
ნაწვიმარ 
ღრუბელს
გაეკიდა
მზერა
ფრინველთა...

ეს  შემოდგომა  -
გაძარცვული  ჩემი  სახლია...
მალე  ზამთარი
ამ  ქოხმახსაც 
უხმოდ  გაფიფქავს...
ვუმზერ  ეზოში
ნაცნობ  ხეთა  მწირ  და  ნაღვლიან
და  მაინც  ასე  ძვირფას  გრაფიკას..

ვუმზერ  და  ვამჩნევ  - 
ამ  ორ  დღეში  როგორ  მობერდა
ირგვლივ  ყოველი...
ვნებაც  ჩაცხრა 
ჭკნობის  გზაწვრილთან...
თითქოს  ღრუბლებმა  ამოკენკეს 
ხმა  მგალობელთა
ამ  ბაღებიდან  -
დილამდე  რომ  უღვთოდ  აწვიმდათ...

გადაირეცხა 
უმოწყალოდ
კვალი  ზაფხულის  -
ფერთა  ხასხასი ...
მოლაჟვარდე  ზეცის  კრიალი...
და  მჭმუნვარება -
უხილავი  და  უსახური,
თითქოს  სხეულზე  დმეხვია 
როგორც  ხვიარა...

უხმოდ  გავყურებ  - 
არყოფნისკენ  როგორ  გარბიან
ჩემი  დღეებიც  -
დაჩხვლეტილი  სუსხის  ეკლებით...
ადევნებული  მათ  ნაკვალევს,
გული  ხარბია... 
-  თუკი  ხსნას  ვერა, 
აღსასრულს  ხომ  გადაეყრება?!.

რად  მომიზომე
საცხოვრისად
მიწის  კუნჭული...
ან  ძილგამფრთხალი  ღამეები  -
როგორც  სასჯელი?!.
აუყვავებლად  მოზრულ  კვირტთა  ბედზე  ჩურჩული  -
სევდაა  ჩემი  - 
მრავალთაგან  გამოსარჩევი...

ჭკნობათვის  დღეთა  მელოდია
ხმაშეუცვლელი
დაგუბებულა  ჩემს  სხეულში
და  ჩემს  გუგებში...
ნესტიან  ქარში  მოფარფატე
კენტი  ფურცელი
სულია  ჩემი  -
მხარქცეული  და  უნუგეშო...

იმედის  ხავსი  - 
ყველა  ხავსზე  თურმე  გამძლეა!..
-  ასე  ყოფილა...  - 
ეს  ამბავი  თვითვე  მაკვირვებს!..
ხავსს  ეჭიდება
ეჭვებისგან  ილაჯგაცლილი
სიცოცხლეც  ჩემი  - 
წყალჩამდგარი  ორმო  საკირე...

იმედის  ხავსიც  დღემდე  ბიბინებს
და  ხსოვნისმიღმა
დაკარგული  მიხმობს  სიმშვიდე...
წყაროს
საძებრად 
თითქოს
ფერდი
ჩამოვირბინე
და  უდაბნოსი  შემეფეთა  მზერა  ქვიშიდან...

ამ  დღის  ნარჩენსაც 
მიაცილებს
მზე
ნასამხრალი...
ჩერო 
მეჩხერი
უჩინმაჩინს
მაჩვევს
სიჩუმეს...
-  იმედის  სხივით  გამინათლე
ხვალის  ცარგვალიც
და  ამ  გაძარცვულ  დღეებს  მაინც 
ნუ  დაიშურებ!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები