ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სანათა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
9 ნოემბერი, 2009


გილოცავთ!  ვულოცავ ყველა ხევსურსა და ფშაველს, ვულოცავ მთლად საქართველოს! კიდევ მოხდა ისე, რომ პური მეპურემ დააკრა და მთელი საუკუნის მერე ხევსურებს ძეგლი კვლავ ფშაველმა კაცმა, ბრწყინვალე პოეტმა,  ბატონმა ბესიკ ხარანაულმა  დაუდგა!
იბეჭდება და ძალიან მალე იხილავს მზის სინათლეს ბესიკ ხარანაულის ახალი წიგნი - "სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი ანუ წიგნი ჰიპერბოლებისა და მეტაფორებისა"

ამონარიდი წიგინიდან

                        ა თ ი მცნება დიდი ქვეყნები ს თ ვ ი ს

გენია, მოგეხსენებათ პატარა ერის და უფრო პაწაწკინტელა კუთხის  შვილი იყო.
ბავშვობაში ეგონა, რომ მარტო მის ხალხს ესხმოდნენ დიდი ქვეყნები,
მაგრამ მერე ეს რუკა გაფართოვდა და მთელი დედამიწა მოიცვა. აღმოჩნდა, რომ ყველა პატარას ერთნაირად ხოცავდნენ, ძარცვავდნენ, ვენახებს უჩეხავდნენ, მარილს თესავდნენ, ნახირს, ტყვეს ერეკებოდნენ... წვავდნენ ტყეებს და ბუჩქს არ ტოვებდნენ, რომ ვინმეს ზედ ქნარი დაეკიდა.
მისი სამშობლოს მიწას ჯერაც არა აქვს სისხლი შეშრობილი, როგორც კი წვიმით გაჯერდება, ზევით ამოაქვს...
მოდიოდნენ პატარებზე დიდები და მოიგინებოდნენ, პირით ცეცხლსა ყრიდნენ. მიწა დამძიმდა, ჰაერი დაბნელდა... თავი უნდა დაუხარო, მაგრამ არც ლაჯებში უნდა გაიყარო. უხამსად არ უნდა დაიმდაბლო თავი, არც ბეწვისოდენზე აიწიო. იცოდნენ ეს პატარა ხალხებმა, მაგრამ როგორც შუბის წვერს რკინა აცხია, ისე მათ გულებს ეცხო ფორიაქი.

გენიას ეჯავრებოდა არათუ ომი, არამედ რისხვით გაღებული პირიც და ინსტინქტურად უნდებოდა, ხახაში ჩაეფსა.
თავის “ათ მცნებას” მან ეპიგრაფად წაუმძღვარა ჩემს მიერ ადრე დაწერილი ერთი სტრიქონი: “ დიდო ქვეყნებო, ნუ გადაყლაპავთ პატარებს, ვაითუ, რომელიმე აღმოჩნდეს ალმასისა”...
სისულელეა ასეთი ნათქვამის არგუმენტად გამოყენება, მით უფრო, რომ ყველა მცირე ხალხი უკვე გადაყლაპულია და მონელებულიც... ვგრძნობ, ამ სიტყვებზე როგორ შემომიღრენდა გენია: - აბა მუცელი რატომ გვრემთო?

არ არის გასაკვირი, რომ სწორედ ამ მცირეთაყლაპია ქვეყნებმა გაუთქვეს გენიას სახელი. ამაზე თქვა გენიამ: “კიდევ კარგი, რომ ქართველებმა არ იციან წერა-კითხვა, თორემ აქამდის მომკლავდნენო...” “კარგია, ეხლა გასაქცევი მაქვსო”...
მიუხედავად ამისა, არც ერთ დიდ ქვეყანაში არ წასულა გენია ჯილდოს მისაღებად:  - აქ მომართვითო! - მისწერდა და თან ცოდვებს ჩამოუთვლიდა, ანუ იმას, თუ რით გამდიდრდნენ და რატომა აქვთ ლამაზი ქალაქები.
ჩემის აზრით, ამჟამად, გენია, რომელთანაც კონსპირაციულად დადიან არა მარტო კავკასიის - “ორმოცდაათი ენის მთის” შვილები, - არამედ აღმოსავლეთ ციმბირის ეთნო-წარმომადგენლებიც, ამზადებს “ მცირე ხალხების გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნას და  “წრფელ-წმინდათა ლაშქრობას” მთელ დედამიწაზე.
ჩემთვის უცნობია, რას წარმოადგენს, რა შინაარსისაა ეს “ათი მცნება”. შესაძლოა, რაც ვთქვი, ისიც არ უნდა მეთქვა,  რომ არ იფიქრონ, მტრებს ჩვენს გულის ნადებს აგებინებსო!..
მოკლედ, ღმერთმა ქნას, რომ როგორც “სისულელის დრეკადობის თეორიამ” გაითქვა სახელი, გენიას ეს ახალი ქმნილებაც ისევე სინტაქსურად გამართული და ციფრივით ზუსტი იყოს!

ამის შემდეგ გენია თეორიების თხზვას შეეშვა: პრაქტიკულმა რაინდობამ გაიტაცა.
“სამწუხაროდ შეუძლებლის თეორია, ანუ ის რაც დღევანდელობისთვის არის - ადრე”
ეს იყო გენიას ბოლო თეორია: “მეჯავრება გამოჩენილადამიანობა, მეჯავრება “ცნობა”... მომაკვდავ კაცს ხელში ქნარს ვინ შეაჩეჩებს? მკვდარს ვინ გაუღებს პირს სასიმღეროს... მეჯავრება კოლექტიური შთაეჭდილებები, მეჯავრება ათი კაცის ტბაში ყურება... ამ თეორიის გამოძახილივით, იუბილე მოუწყეს:

“იუბილეზე”, სხვადასხვა, შესაბამისი კურიოზიც მოხდა: ვიღაც უცნობი “ფანი” გენიას საჭმელებს სთავაზობდა საკუთარ გემოთი... ლობიოზეც კი ჰკითხა იმ ვირიშვილმა: - ვი ლუბიწე ლობიი? ამან აღაშფოთა გენია, რომელსაც “სიყვარული” მხოლოდ ქალისა გაეგონა და შესძახა ამაყად, - რაკი შეძახილები გამოსდიოდა: - ია ლუბლიუ ჟენშჩინ!..
შემდგომში, ეს “შეძახილი” იუბილის მხატვრული აპოთეოზად ჩაითვალა...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები