ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დედე
ჟანრი: პროზა
3 ივნისი, 2008


მოსახვევი

  ღამე, სიჩქარე, ალკოჰოლი, მანქანა, მუსიკა . . . მუსიკა, რომელსაც ცხელი უდაბნოს ენით აუწერელ ოაზისში გადავყავარ და იქ მოსეირნე ნიავი ჩემი სულის ყველა სიმს მონაცვლეობით ელამუნება. ექსტაზი, ჟინი, ნდომა აფეთქებული ცხოვრების, რომელიც უსასრულობაში ყველა მხარეს გასხივოსნებისთვის არის მზად.
  ღამე, სიჩქარე, ალკოჰოლი, მანქანა, მუსიკა . . . ზაფხულის ცხელი ჰაერი, რომელიც ცდილობს გაუმკლავდეს სიგარეტის კვამლს და ვულკანიდან ამოფრქვეული კვამლივით ეზიდება გარეთ, თავისუფლებისკენ. სახე დაცვარული მაქვს, როგორც ჩანს, დღეს ძალიან ცხელა . . .
  სიჩქარე! სიჩქარე! სიჩქარე! მოსახვევი! მუხრუჭი! სიჩუმე . . .
  ალკოჰოლის, ნიკოტინისა და გაურკვევლობის მწკლარტე გემო ერთად მერევა პირში. სიჩუმე . . .
  _ ხომ არ დაშავდი, ძმაო?!
  თვალი გავახილე, საჭეს ჩამოვეყრდენი და თავი ავწიე. საქარე მინასთან შუატანის, ახალგაზრდა კაცი, აფორიაქებული სახით დახრილიყო.
  _ როგორ გრძნობთ თავს?
  _ არაჩვეულებრივად . . .
  _ ხომ არაფერი იტკინეთ?
  _ მე მგონი, გადავრჩი.
  _ მოგეხმარებით!
  _ არა, არაა საჭირო.
  კარი მაინც გამომიღო. გადმოვედი . . . მგონი, მართლა გადავრჩი.
  _ ნამდვილად არაფერი გიტკენიათ?
  _ არა, არა, კარგად ვარ.
  ღამე . . . ვარსკვლავებით მოჭედილი ცა . . . სიჩუმე . . . სულიერი არ ჭაჭანებს. ან ეს ღვთისნიერი კაცი საიდან გაჩნდა აქ?
  _ როგორ შეგაწუხეთ.
  _ არა, რას ბრძანებთ, რა შეწუხებაა?! მთავარია ყველაფერი კარგადაა, მანქანას ეშველება, ვნახოთ! აუფ . . . ეტყობა ჩქარა მოდიოდით.
  _ ხო . . . ალბათ . . . ცოტა ნასვამი ვარ და . . .
  _ სახლში როგორ უნდა წახვიდეთ?
  _ ტაქსს გავაჩერებ.
  _ კეთილი, თუ ყველაფერი კარგადაა, უნდა დაგტოვოთ, ძალიან მეჩქარება.
  _ ტაქსით მიგიყვანთ.
  _ არა, არაა საჭირო, აქვე მივდივარ.
  _ მაშინ, თუ ჩემი ძმა ხარ, ცოტა ხნით შეჩერდი, მანქანაში კონიაკი მაქვს და ერთი ყლუპი ჩემი გადარჩენის დავლიოთ.
  კაცი თავისი მოძრავი სხეულით სხარტად შემოტრიალდა, თვალებში ჩამაშტერდა და მშვიდი ხმით მითხრა:
  _ კარგი, თუ ესე გულით გინდა, შევჩერდები, ოღონდ, ცოტა ხნით . . . და ისიც შენთვის.
  სიჩუმე ჩამოწვა. თითქოს დრო გაიყინაო. ყურებში მხოლოდ გაურკვეველი წუილი ჩამესმის . . .
  გონს მოვეგე, მანქანისკენ შევტრიალდი და სასმელის ასაღებად წავედი. რაღაც უცნაური კაცია, საიდან გაჩნდა ამ შუაღამისას? ან ასე სად ეჩქარება?
  სიჩუმე . . . ღამე . . . ვარსკვლავები . . . ბოძს მინარცხებული მანქანა.
  ცოტა აგრილდა, ნიავმაც დაუბერა. ორნი, ბავშვობის მეგობრებივით, ბორდიურზე ვისხედით გვერდიგვერდ. იდაყვები მუხლებზე მედო, ცალ ხელში კონიაკის ბოთლი მეჭირა, მეორეში სიგარეტი. ვიჯექი ასე თავჩაქინდრული, ახლად დატუქსული ბავშვივით, რომელიც თითქოს იმისთვის დატუქსეს, რომ ბავშვი იყო!


  _ სახელი რა გქვია?
  _ სახელი? სახელს, თუ წინააღმდეგი არ ხარ, წასვლისას გეტყვი.
  ძალიან გამაკვირვა მისმა პასუხმა, არ მოველოდი, სახელს რატომ უნდა მიმალავდეს? თავი წამოვწიე და დავაკვირდი. ისევ ისე მშვიდად მიყურებდა. თითქოს მეცნო კიდეც, მაგრამ ვერ გავიხსენე საიდან და ისევ უსუსურად ჩავუშვი თავი მუხლებში.
  _ კი მაგრამ, ასე სად გეჩქარებოდა, თავი რომ გაიმეტე?
  მისი შეკითხვა ღამით გაჯერებულ სივრცეში ისე გაისმა, როგორც დიდ და ცარიელ ოთახში ხელიდან გავარდნილი ჭიქის მსხვრევის ხმა.
  _ სიმართლე გითხრა, კონკრეტულად არსად, მაგრამ მთელი ცხოვრება სადღაც მეჩქარება, სულ გადარბენაზე ვარ, თითქოს რაღაცას ვერ ვასწრებ, თითქოს რაღაც გამომრჩა, თითქოს ამ ქვეყნად ცხოვრებისთვის ბოლო დღე მაქვს დარჩენილი და ყველას ნახვა უნდა მოვასწრო. მინდა, ყოველი წუთი, ყოველი წამი სიცოცხლით სავსე იყოს და ერთ ადგილას ვერ ვისვენებ. ვბორგავ მაშინაც კი, როცა მშვიდად ვარ და ამით ბედნიერი ვარ, რადგან სულ ვეძებ. ვეძებ იმას, რაც უკვე დიდი ხანია ჩემშივე ვიპოვე, მაგრამ სხვისგან მინდა მივიღო, თუ ერთიანად არა, ნაწილ-ნაწილ მაინც, იმდენი, რამდენიც მას შეუძლია გასცეს, რადგან მივხვდი, რომ სამყარო უსასრულო, ცოცხალი ორგანიზმია, რომლის ყველა ნაწილაკი ერთმანეთთან პირდაპირი და ირიბი ხაზებით არის დაკავშირებული, რათა ერთმანეთს ის ელემენტები აჩუქონ, რომელიც მათ სიცოცხლისთვის ასე სჭირდებათ. ამიტომაც, თითოეული ნაწილაკის გათიშვა ასე მტკივნეულად აღიქმება ამხელა, უსასრულო სამყაროში და მისი მთლიანობის ჰარმონიას არღვევს . . . მინდა, ყველა დროის სიყვარულისა და რაინდობის ამბები მოვისმინო და თავად გავხდე მათი მონაწილე, მაგრამ არა იმიტომ, რომ ქარის წისქვილები დევებში მერევა, არამედ იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, ადამიანები მათ ქარის წისქვილებად აღიქვამენ . . . მინდა, ვიცოდე, რას მეუბნება ჩემ აივანზე აჟღურტულებული ჩიტი. მინდა, მთვარის სპექტაკლზე ღრუბლების ცეკვას ვუცქირო და შეერთებულ ხელის გულებზე დამეტიოს მეწამულისფერი მზე, რომელსაც ფრთხილად მივუტან თვალებს, თვალებს რომელიც გულში მოქმედ ვულკანს აბობოქრებს და კლდეზე შენარცხებული ტალღებივით მირევს გონებას! ვჩქარობ . . . რადგან ეს ყველაფერი ერთიანად მინდა შევიგრძნო და მეც ამ მთლიანის განუყოფელი ნაწილი გავხდე. რომ იალბუზზე მზის ბრწყინვალებამ არ ჩამასწროს და მწყურვალ ნერგს დროზე მივუტანო წყალი, ის ხომ მელოდება . . . ამით სამყაროს გაუმარჯოს! _ კონიაკი მოვსვი და ბოთლი ახლადგაცნობილს გადავაწოდე, რომელიც გაღიმებული მისმენდა და მის ღიმილში არაფერი იკითხებოდა.
_ გაუმარჯოს! _ თქვა მან, კონიაკი მოსვა და ბოთლი გახურებულ ასფალტზე დადო.
_ ვჩქარობ, რადგან ნათქვამია: ,,დრო არ ითმენსო”! . . .
_ ეგ კი მართალია _ თქვა მან და წამოდგა _ უნდა წავიდე!
_ შენ სადღა გეჩქარება ამ შუაღამისას?
_ სამსახური მაქვს ასეთი.
_ კი მაგრამ, ასე გვიან?
_ მე არასოდეს ვისვენებ. _ მომიგო ღიმილით.
_ კეთილი, რადგან არ იშლი, სახელი მაინც მითხარი.
_ სახელი?! . . . დრო! _ ქალის შეკივლებასავით გაირბინა ამ სიტყვამ გონებაში, სხეულში ცივად გამცრა და გულში ღრმად შეჩერდა, ძალადაკარგული ისარივით. უნებურად საათზე დავიხედე, გაჩერებულიყო. თითქოს მისი ისრები ციფერბლატს შეჰყინვოდა და სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა. ფოთოლიც აღარ სუნთქავდა, ვარსკვლავები დადუმებულიყვნენ და მხოლოდ ჩემი აჩქარებული და მკაფიო გულისცემა მესმოდა. _ ჩვენ ბევრჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს, მაგრამ შენ არასოდეს შეგიმჩნევივარ და სწრაფად ჩაგივლია გვერდი ახალი თავგადასავლის ძიებაში გართულს, თითქოს იცოდი, რომ დღეს პირისპირ შევხვდებოდით ერთმანეთს და ახსარებას მეტყოდი შენი ცხოვრების იმ ნაბიჯებზე, რომლებიც თვითონაც კარგად ვიცი . . . და მეც შენთვის შევჩერდი, შენს მოსასმენად, ცოტა ხნით; შენ ხომ ეს თავად მთხოვე . . . ახლა  უნდა წავიდე, მეჩქარება. ხომ იცი, ჩემი გაჩერება არ შეიძლება, უკან დაბრუნებაც არ შემიძლია, ამას ბევრი მეცნიერი ცდილობს, მაგრამ შეუძლებელია, რადგან წინ დიდი რბოლა მელის და ცხოვრების უშრეტი ჟინიც ხომ წინსწრაფვაშია! ახლა კი, ჩემებურად, დროებით გემშვიდობები. ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს, მაგრამ როდის?! ეს, მხოლოდ და მხოლოდ, მე ვიცი და თავად გიჩვენებ ჩემ სახეს, როცა მოვალ.
  სახეზე ავხედე, თვალებში მინდოდა ჩამეხედა, მაგრამ ნაკვთები არეოდა და ვეღარაფერს ვარჩევდი გარდა ღიმილისა, რომელიც უსახურ გამომეტყველებაზე დათამაშებდა. მერე, უეცრად, სხეული გაუბრწყინდა, გაიელვა და უამრავ ნაწილაკებად გაიბნა სივრცეში.
  სიჩუმე . . . გაფართოებული თვალები . . . შიში . . . ასეთი უცნაური შიში არასოდეს მიგრძვნია. ეს რაღაცის დაკარგვის შიში იყო, რომელიც ვერც კი ვიგრძენი, როდის გამომეცალა ხელიდან.
  მინდოდა, სხარტად წამოვმდგარიყავი და იქაურობას გავცლოდი, მაგრამ მუხლებში მძიმე ტკივილი ვიგრძენი და ისინიც აღარ დამემორჩილნენ, შემდეგ ხელის გულები დავაყრდენი და ნელ_ნელა წამოვიწიე. უცნაურად ვგრძნობდი თავს, დანამულ სახეზე ხელი გადავისვი და . . . ღმერთო, რამდენი ნაოჭი, ბებერი მუხის ფესვებივით ჩადგმულიყვნენ ნაკვთებში. მანქანას მივვარდი და მძღოლის სარკეში ჩავიხედე _ ნუთუ ეს მე ვარ?! _ გაჭაღარავებული თმები, შეცვლილი იერი, ალაგ ალაგ ნაიარევი, დანაოჭებული სახე, ბევრის მნახველი და დასევდიანებული თვალები _ როგორ დავბერებულვარ! კი მაგრამ, როდის?! ჩვენ ხომ სულ რაღაც, რამოდენიმე წუთით ვისაუბრეთ! . . . რამოდენიმე წუთით?! _ გამეცინა. თითქოს ვიღაც მესაუბრებოდა შიგნიდან _ ადამიანის ცხოვრება ხომ ვარსკვლავს ჰგავს, რომელიც მხოლოდ მაშინ გაიხედავს უკან, როცა ადგილიდან მოწყდება და უსასრულობისკენ აჩქარებას დაიწყებს. მას დიდხანს უნდა იბრწყინოს, რათა კიდევ უფრო ღრმად შევიდეს სამყაროს თბილ ტალღებში და ამით ჟინი დაიკმაყოფილოს _ ჟინი, რომელიც წინსწრაფვაა და არასოდეს კვდება!
  შევეცადე, გონება მომეკრიბა, მანქანიდან გადმოვედი, გასაღებით ჩავკეტე. მივიხედ-მოვიხედე, სულიერი არ ჩანდა, მხოლოდ შორიდან გაავებული ძაღლის ყეფა მესმოდა ყრუდ. ნაბიჯი ავაწყე და ჩაბნელებულ ქუჩას გავუყევი, რომელსაც მხოლოდ ვარსკვლავების კიაფი ანათებდა. ვფიქრობდი, ოღონდ, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რაზე, ალბათ არაფერზე, ან ყველაფერზე ერთად; ის კი მახსოვს, რომ ფიქრები გონებაში აღარ ეტეოდნენ და თავი გასკდომას ლამობდა, რათა გაეთავისუფლებინა ისინი.
  არასოდეს მიგრძვნია თავი ასე უმწეოდ, მოტყუებულად და გაბითურებულად. თითქოს მახეში გავებიო, თავს ვერ ვიძვრენდი და რაც უფრო მეტად ვცდილობდი ამას, მით უფრო ვიძირებოდი მის სამფლობელოში. საათის პატარა ისარი კი ხუთს უახლოვდებოდა, მალე გათენდება და აფეთქდება კიდევ ერთი მშვენიერი, მაგრამ ულმობლად ხანმოკლე დღე . . .
  ღამე . . . ნაბიჯი . . . შორეული ძაღლის ყეფა . . . ბნელი ქუჩა . . . სუნთქვა . . . გულისცემა . . . სიჩქარე . . . დრო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები