ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
4 ივნისი, 2008


შენ, მე და...

* * *

ცა მამყოფინე,
სიყვარულის ცა მამყოფინე!
მიწაზე ნუღარ დამაყოვნებ მზისკენ მიმავალს.
მე ისე მჯერა,
რომ შენც გინდა ჩემთან მოხვიდე,
როგორც ზღაპრების,
ბავშვობა რომ შემომინახა.
ახლა ქარია ავდარივით არეულ სულში,
დღეებს უფერო სამოსელი აცვიათ ყინვის,
და ის ჰაერი,
ერთად ყოფნით რაც შეგვისუნთქავს,
ახლაც სულში მაქვს გაჟღენთილი და აღარ მივლის...
ცა მამყოფინე სიყვარულის,
რომ მზეს შევეხო,
და მერე ლექსად დავეფერფლო შენიან თბილისს.



* * *

ივლისი ძარღვებში მივლის და ვინ იცის,
რამდენი ლექსია ახლა ჩვენს თვალებში,
ფერებით ზაფხულის ლაღი და მშვიდი ცის,
ღრუბლების, სიშორის, კაეშნის გარეშე.

წუხელ, ვარსკვლავები გგავდნენ შუაღამით,
რაღაც, შენეული მზერით, თუ მიმიკით,
მერე კი, ბავშვობის წლები გადათვალე,
კრძავით, ნოსტალგიით, ხალისით, ღიმილით.

გზებზე ალმაცერი ფიქრი შევაგროვე,
დროში გაბნეული, მანძილის სახელით,
ჩემივე სულისთვის შველა რომ მეთხოვა,
კვლავ ფურცელს მივვარდი, ჩვეულად თავხედი.

დღეს ეს სტიქონები მწვანეა ყველაზე,
რამდენი რამე აქვთ სათქმელი, ვინ იცის!
მაგრამ სიჩუმეა და ვხვდებით ყველაფერს,
ზაფხულის საღამო, შენ, მე და... თბილისი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები