ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
25 იანვარი, 2010


გზა მომავლისა

ახლა მარტო ვარ და გულმა ლოდინის შხამი დალია,
სულს სიმარტოვე სწყურია,ჩემს ირგვლივ სიმწუხარეა,
კიდევ გავტეხე ეს ღამე,დღეც დადგა,თუმცა ბინდია,
ჩემი მტანჯველი ფიქრები ამ ფურცლებისთვის მინდვია,
რაც მიხაროდა დავკარგე,ლოდინსა სცვლიდა ლოდინი,
მომბეზრდა წუთისოფელის ძილი,სიზმარი,ლოგინი.
ახლა მივდივარ სხვა მხარეს,იქ მოიისფრო ნისლია,
იქ არის დიდი სიმშვიდე,ყველგან სიკეთეს ისვრიან,
არვინ არ სთელავს იმედებს,გულს არ ჩაგცემენ დანასა,
დედამიწაზე ვერ ნახავთ სიმშვიდეს ამისთანასა,
წავალ,თქვენ ჯვარი გეწეროთ,იქნებ გავფანტო ჯავრები,
იქ კომეტებით დაქრიან ანგელოზების ჯარები,
იქ ყველაფერი მოძრაობს,ცა დოლაბივით ტრიალებს,
მრავლად შეხვდებით ჩემნაირ პოეტებს მოხეტიალეთ.
ვზივარ ფიქრებით მოცული,დღეს მზე დაჩაგრა მთვარემა,
ვარსკვლავმა ზეცა დახია,ზღვა ააგორეს ქარებმა,
მეც დავიღალე ლოდინით,დამეხა გულის პერანგი,
უნდა წავიდე,მომგვარეთ ჩემი მუზების მერანი.
მე გავქროლდები იქ,სადაც ფერად ოცნების ნისლია,
იქ სადაც მუზის რაშები ერთ წამში გადამისვრიან,
იქ სადაც ვარსკვლავთ მჭედელი სჭედავს ოქროსფერ იმედებს,
სიბნელე გულში ჩამიკრავს,სიჩუმე დამაიმედებს..
ჩავწვები ლექსის კუბოში,მჭიდროდ შემბოჭავს მუზები,
ხან ფრთაშესხმული რაშები,ხან უმძიმესი ღუზები.
თქვენ თუ გგონიათ იქ ბნელა,აქ დღე დამდგარა ნათელი,
აქაურ დღეთა სინათლე_იქაურია სანთელი,
ასე რომ ნუ შეწუხდებით,არ დამიტიროთ პოეტი,
ამ სიმრავლიდან მივდივარ უნათლეს სიმარტოვეში,
მინდა შევერწყა სამყაროს,დავლანდო მზეთა ლანდები,
მინდა ვიხილო ახლოდან ვარსკვლავნი დარდიმანდები.
კოსმოსის მტვერში ჩაფლულა რომელიღაც მზის ნესტარი,
გავგზავნე ციურ სამეფოს ჩემი ლექსების დესპანი,
მეც მივალ,იმ გზას მივყვები,ჩემი ფიქრების ამარა
და თან მიმყვება ერთგული მუზების მცირე ამალა,
გეტყვით სუყველას:_მშვიდობით,თქვენ რა ვქნა ჯვარი გეწეროთ,
ეს ლექსი გზაზე მიმავალს შემთხვევით შემომეწერა...
მივალ ფიქრებით მოცული,გზა გამინათა მთვარემა,
ვარსკვლავმა ზეცა დახია,დამტოვა სიმწუხარემა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები