ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმო ბაბუ
ჟანრი: საბავშვო
25 დეკემბერი, 2009


საახალწლო სიზმარი

/ პ ო ე მ ა - ზ ღ ა პ ა რ ი /

თაგუნია,  თაგუნაო,
შე  თხილ-კაკალ-ფხაკუნაო!
მგონი  ბედმა  გაგიღიმა  -
კარზეც  მოგიკაკუნაო!
ერთი  გარეთ  გამობრძანდი,
მანდ  ბნელში  ნუ  დახტუნავო!
ნახე,  ფისომ  საახალწლოდ
რა  ნუგბარი  გარგუნაო!

ტყის  თხილი  და  მიწის  თხილი,
დაკროლილი  კაკლებიო.
შენს  წრუწუნებს  -  საახალწლო
საჩუქრების  ნაკრებიო.
სურს  გაჩუქოთ  სრა-სასახლეც,
პრინცზე  არანაკლებიო...
თან  დღეიდან  არ  იქნება
სათაგვეთის  ამკლებიო!

ასე  აბმობს:  -  შემირიგდეს
გაბუტული  დობილიო!
საახალწლო  ფიცს  დავუდებ
ცისკენ  კუდაპყრობილიო,

რომ  მის  ჯილაგს  თათს  არ  ვახლებ,
გეფიცებით  კნუტებსაო
და  თვითონაც  ნუღარ  მეტყვის
მეტად  ,,ბუტე-ბუტესაო’’!

ნათლიდედად  მოვიკიდებ  -
მოვუნათლავ  წრუწუნასო,
სათაგურსაც  დავუმალავ
სახლის  პატრონს,  წუწურაქსო!

შერიგების  სუფრას  მე  ვშლი,
მან  გაშალოს  ნათლობისო!
ამიერით  მტერი  ვხდები
ყველა  უსამართლობისო!


დღეს  მეწვიოს  წრუწუნებით,
ხვალ  ვეწვევი  კნუტებითო,
მოვილხენთ  და  ერთმანეთსაც
ტკბილად  ჩავეხუტებითო!

ეს  ხურჯინი  ფეშქეშ  იყოს,
გაძეძგილი  ნუგბარითო
და  ეს  ჩემი  ფიცი-მტკიციც
სიტყვა-სიტყვით  უთხარითო!

გაიკვირვა  თაგუნიამ:
,,- ძილში  ვარ  თუ  ბურანშიო?!.
როდის  იყო  შემჩნეული
ფისო  ჩემზე  ზრუნვაშიო?..’’
მერე  ბრძანა:  ,, -  მე  მოგიკვდეთ,
ძმობას  მტრობა  თუ  ვარჩიო!
ან  რა  ყრია  მეზობლების
ერთმანეთთან  მდურვაშიო?!.

მაგრამ  ასე  ნაჩქარევად
როგორ  ვენდო  ჩხავანასო?..
ცრუპენტელა  მსუნაგების
ნამდვილ  ავან-ჩავანასო!
ვერ  გამოვალ,  კარგად  ვზივარ
ამ  ჩემ  სორო-სამალავსო!..
კაის  იზამთ,  მისაღებში
თუ  დატოვებთ  ამანათსო!..

გარეთ  ცხვირსაც  არ  გამოვყოფ,
ემანდ  ბევრიც  რომ  იყბედოთ!
მირჩევნია,  საახალწლოდ 
შინ  მივიხედ-მოვიხედო!
სადმე  ვინმე  თავქეიფამ
ცუდად  რომ  არ  მოგვიხელთოს,
ამ  ახალ  წელს  აქ  შევხვდებით,
უნათლიოდ  მოვილხენთო!

,,ნათლიას’’  კი  ბოდიშს  ვუხდით,
მასთან  ვალში  რო  ვრჩებითო!
რა  ვქნათ,  თუკი  ვერ  ვტყუვდებით
კამფეტების  ფოჩებითო?!.
სანამ  კარზე  მივადგები
მოსანათლი  ნორჩებითო,
ვიფიქრებთ  და  ვითათბირებთ,
როცა  ზეიმს  მოვრჩებითო!

რჩევა  ყველას  უნდა  ვკითხო:
ქმარს,  მაზლ-მულებს  და  და-ძმებსო,
დედამთილიც,  მამამთილიც,
ისე  შავ  დღეს  დამაწევსო!
თანაც,  ჩემის  მოკლე  ჭკუით,
ფისო  ახლაც  აქა  წევსო...
წაბრძანდეს  და  პასუხისთვის
ველით  ძველით  ახალ  წელსო!..’’

ფისომ  უცებ  ცქვიტა  ყური...
გაიზმორა,  გაიფხორა...
ტკბილმა  ძილმა  და  სიზმარმაც
კარი  უცებ  გაიხურა...
მიიხედა,  მოიხედა...
იყო  და  არა  იყო  რა!..
იმ  სიზმარმა  დამშეული
ფისოს  ნერწყვიც  გაიყოლა...

ერთხანს,  შემცბარ-დაბნეულმა,
ულვაშები  აცმაცუნა,
თუმც  ვერ  მიხვდა,  ასე  მწარედ
ვინ  და  როგორ  გააცურა...
,,არაფერი  მომხდარაო!’’
ვითომ  თავი  დაარწმუნა,
,,თუმც  მამაცი  განსაცდელშიც
იქცევაო  მამაცურად!..’’

მაგრამ  გულში  მაინც  მწარედ
განიცდიდა  გაწბილებას...
,, - რა  სიზმრები  სცოდნიაო
მშიერ  კუჭზე  დაძინებას!..

დამშეულმა  მთელი  დღე  რომ
უშედეგოდ  ვინადირე,
ამიტომაც  ამერია
სიზმარი  და  სინამდვილე...’’

მაგრამ  წყენის  დავიწყებაც
არ  ყოფილა  საადვილო...
და  როდესაც  უიმედოდ
კვლავ  გასწია  სანადიროდ,
საყვედური  ჰკადრა  გამჩენს:
,, -  ეს  რა  ბედი  მარგუნაო!..
სიზმარშიც  ვერ  მოვატყუე
ეს  ეშმაკი  თაგუნაო!..’’

2009 წ.

წინასწარ  ვულოცავ  ყველა  პატარას  ახალ  წელს!  მრავალს  შეესწრონ  ბედნიერად  ბედნიერ  საქართველოში!
ამინ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები