ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ყირამალა
ჟანრი: პროზა
10 იანვარი, 2010


  ჩამოტვირთვა

ფინალი შესავლის გარეშე (წერილი რომელიც არავის ჭირდება)

  ღამეს ისევ ქუთუთოზე დავეკიდე. გათენებისას, როცა თვალს აახამხამებს, მორიგ დაღლად ჩამოვწყდები და სხეულიც მოეშვება...
  არადა როგორ ველოდი რომ თოვლი მოვიდოდა... სულ ორიოდე ფიფქი მაინც აეკვრებოდა სახით ჩემს ფანჯრებს.

* * *

  იცი? უამრავი კითხვა დამიგროვდა რომელზეც პასუხი არ გამაჩნია... მეკი გამუდმებით ვეძებ პასუხებს და ვერსად ვპოულობ, მგონი მემალებიან ან გამირბიან. ყველას უყვარს დაჭერობანას თამაში. რა კარგია როცა გარბიხარ და იცი რომ ვიღაცას შენი დაჭერა უნდა, იმიტომ რომ აუცილებელია მისთვის და ესაჭიროები...
ჰმ... ესაჭირო... ესაჭირო... ესაჭირო...
მაგრამ რომ იცოდე რა ცუდია, როცა რაღაცეებს უაზროდ ეპოტინები, ეძებ, თითქოს პოულობ, აი სადაცაა ხელი უნდა ჩასჭიდო რომ... გაგირბის, მისდევ... ეწევი, თითქმის დაეწიე და გისხლტება... ხელებში არაფერი გრჩება და მერე ისევ თავიდან იწყებ...
ამ დროს უამრავი კითხვა დამიგროვდა. მოთმინება კიდევ ხომ იცი არასდროს მყოფნიდა...


საათი

უფრო საათს ვგავარ. კედელზე ერთ ადგილას რომ არის ჩამოკიდებული, ზურგით გაკრული და მარტო თვალებს ატრიალებს ციფერბლატებად. დღე და ღამე, დღე და ღამე... სულ და სულ, სულ და სულ... სანამ შეუძლია... ჩემი გონება გამუდმებით ატრიალებს ფიქრებს ხმაურით
ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ
ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ
ჩემი პულსაცია წამში, ვერ დაითვლი... დიაგნოზი ალბათ ისევ არითმიაა.
არ ვიკურნები


ვთამაშობთ

  მე თეთრი ხალათი მაცვია და გამუდმებით გიჟის როლს ვთამაშობ, რომელიც სულ იცინის. ის ჩემი მკურნალია და ლექსებით მმკურნალობს. მერე ჩვენ ვსაუბრობთ...
მე ისევ ვიცინი
ის ისევ მმკურნალობს
მერე ისევ ვსაუბრობთ
ჩვენი სამყარო ჩაკეტილია საგიჟეთივით. აქ არც სარკმლებია და ისეთი კარი, რომელსაც როცა გინდა გააღებ ან დახურავ. არადა ბევრი კარია... ჩიხია რომელსაც თავს ვეღარ აღწევ და მერე რატომღაც
იცინი
ტირი
იცინი
რთულდები
მარტივდები
ისევ რთულდები
-როდის დამშვიდდები?
-როცა კარს ვიპოვი
-აქ ბევრი კარია
-საქმეც მაგაშია რომ ბევრი კარია
-მარტივად
-რთული ვარ
-სულელი ხარ
-არა, გიჟი ვარ
  ყველაზე საყვარელი ადგილი ჩემივე გამოგონილი თავსატეხებით სავსე საგიჟეთია. სადაც სხვა ვერავინ შემოაღწევს, სადაც მხოლოდ მე და მე ვართ და ჩვენი სამყარო სხვისთვის მიუწვდომელია.
მიყვარს აქ თამაში
ცხოვრება თამაშია
ესეიგი მიყვარს თამაში.

ფინალი

ჩემს ციფერბლატიან საათს მობეზრდა და    გულისცემა შეწყვიტა.
ღამე ჩემს თვალწინ იცვამს განთიადს შიშველ სხეულზე და მტოვებს...
სადაცაა მოვწყდები ღამეს ცვრიანი ქუთუთოდან მორიგ დაღლად და მე-ს ყირამალას გავაყოლებ სათამაშოდ გამარტივებამდე...

* * *
არადა როგორ ველოდი რომ თოვლი მოვიდოდა...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები