ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მოდა-არა
ჟანრი: პროზა
12 იანვარი, 2010


გავიზარდე და...

    დღეს ოცდასამი წელი შემისრულდა..
    ბევრი მიოცნებია, როდის გავხდებოდი დიდი. უფროსების საუბრისას კარებთან ავიტუზებოდი ხოლმე და ვნატრობდი, როდის ვისაუბრებდი მათთან თანაბარი უფლებებით. ისინი ყურადღებით მომისმენდნენ და გაიზიარებდნენ ჩემს მოსაზრებებს.. ვიცხოვრებდი დამოუკიდებლად, მეყოლებოდა ქმარი და ჩვენ ერთად გავუძღვებოდით ოჯახს. ვფიქრობდი ამ ყველაფერზე და სიხარულისგან და სიამოვნებისგან ჩაძინებულს სიზმრებშიც ჩემი "დიდობის ამბები" მელანდებოდა. მართლა ერთი სული მქონდა, როდის გავიზრდებოდი.
    მერე ნელ-ნელა,საათ-საათ, დღითი დღე შემომეპარა ის სანატრელი დიდობა. ჯერ სტუდენტი  გამხადა, 
"დამოუკიდებელ" გოგოს ლექტორებთან კამათიც შემაძლებინა საკუთარი აზრის დასაცავად.  სახლში გვაინ დაბრუნების საშუალებაც მომცა... მომეწონა, მართლა კარგი ყოფილამეთქი.
    მუშაობა დავიწყე - სტუდენტი ხარ და უკვე მუშაობ, ყოჩაღ შვილო შენო! - ჩავუფიქრდი და გამიხარდა. სიამაყეც ვისწავლე...
    ნელ-ნელა მრავალფეროვან საზოგადოებასთან ურთიერთობამ შემაჩვია იმას, რომ ხდება ძალიან ბევრი ისეთი რაღაც, რაც არ უნდა ხდებოდეს და მეც მივხვდი, რომ არ უნდა ვენდო იმიტომ რომ არ ინდობა და უემოციოდ, უმოქმედოდ უნდა შევხვდე ყველა უსამართლო, უტაქტო, ზომბირებულ დამოკიდებულებებს და ჟესტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ათობით "მრეცხავი", თითოეული ათ-ათი თითით ჩაგებღაუჭება, ჩამოგათრევს სამართლიანობის, გრძნობიერების, ემოციურობის, ტაქტიანობის და სხვა მსგავსი "გამოუსადეგარი" იდეალების სამყაროდან; საგულდაგულოდ ჩამოგრეცხავენ "დამღუპველ" აზრებს; გაგიკეთებენ შენთვის გამზადებულ ნაცრისფერ ბაფთას  და ჩაგსვამენ მილიონ შენნაირ ნაცრისფერბაფთიანში - "მოგიყვანენ ჭკუაზე".
    ამ ყველაფერმა მასწავლა პროტესტი - კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემი დიდობისკენ. პროტესტსაც თავისი სტადიები აღმოაჩნდა. ჯერ ძალიან პირდაპირი სახით იწყებ და თანდათან უფრო "ჭკვიანურად" აგრძელებ. ესაა, რომ ის არ მთავრდება...
    ბევრი რომ არ გავაგრძელო ზუსტად ოცდაორიდან ოცდასამ წლამდე ასაკში მივხვდი, რომ დიდი ვერაფერი, უფრო სწორად თითქმის ვერაფერი ბედენა ყოფილა ეს ჩემი დიდობა..
 
    ამ დილით ჩემი "დიდი გოგოს" ჩანაწერების შავ "ბლოკნოტს" დიდის ამბით დავაკარი მწვანე გვირილა ყვითელი გულით (ზუსტად ასეთი მოვძებნე).
    ვიწყებ ახალ სტადიას...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები