ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმო ბაბუ
ჟანრი: პოეზია
21 იანვარი, 2010


მესამოცე მარტის მოლოდინისა

ალიტერაციულ-არიტმიული  სონეტი

ერთი  მარტიც  და 
(მერამდენედ?!.)... 
გამოიდარებს
შენს  შუქუშურველ  ბავშვურ  თვალებშიც...
და  ამ  ერთხელაც 
(მერამდენედ...), 
ისე,  ვით  ადრე,
ბევრჯერ  ნააძარცვი  გულიც, 
შენით  მარად  მდიდარი,
მშვიდად  აიტანს  გაკოტრებას  კენტი  კაეშნით...

სიმშვიდეშივე  აბინავებს  თოვლი  იანვრის
ფიქრს...  და  ამშვიდებს 
(მერამდენედ...) 
მარტის  მოლოდინს,
ჟამთა  სიავემ  რომ  ვერ  ავნოს  და  ვერ  იავარ-
ქმნას  ყოველივე, 
ქარივით  რომ  თვითვე  მოჰქონდა...

და  გულთან  უფრო  ახლო  მოვლენ  ახლა  გორებიც...
ეჭვიც 
( ჯალათი...) 
თოთო  იმედს  ვერ  გამილახავს...
დღემდე  უხილავ 
ხიბლს  მოისხამს 
ხვალ  მოგონებაც...
რა  მრჯის  ამჯერად, 
რომ  დავუჯდე  ჯავრს  მეინახედ?!.

ცრემლიც, 
ჩემს  მკერდზე
დროზე  ადრე
დასაგორები,
ნუ  დაიზარებ 
(საგზლად  ბოლოგზის...), 
ერთხანს 
სამარხვო 
ხმიადივით 
შემომინახო...

21. 01. 2010 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები