ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანანია ბროველი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
1 თებერვალი, 2010


დათა თუთაშხიას პიროვნული ზრდა, როგორც საფრთხე იმპერიული სახელმწიფოსათვის

                                       
 
                   


    თბილისში, ადვოკატ ირაკლი ხურციძის ბინაში, დათა თუთაშხიასა და მისი მეგობრების წრეში გრაფი სეგედის სტუმრობის დაუფარავი მიზანი იყო იმის გარკვევა, იქნება სამომავლოდ მანამდე მოუხელთებელი აბრაგი უფრო საშიში სახელმწიფოსათვის თუ არ იქნება. ეს იყო გრაფი სეგედის და მუშნი ზარანდიას ერთობლივი სურვილი ეხილათ აბრაგი მისი ცხოვრების ამ ეტაპზე უშუალოდ და ,,შიგნიდან”.
    რატომ ჩააბარა ჟანდარმთა შეფმა დათა თუთაშხიას ამ შეხვედრის დასასრულს პატიების სიგელი? თუთაშხიას და მის მეგობრებს ხომ რაიმე პირობა აბრაგის მომავალი ცხოვრების შესახებ მისთვის არ მიუციათ? ხომ არ იყო ეს ყველაფერი სეგედი-ზარანდიას სახნოვთან ,,ომის“ ერთი ფრაგმენტი, რისი წყალობითაც (შემორიგება) მათ დროებით ,,განაიარაღეს“ თავიანთი პეტერბურგელი მოქიშპე? ეს და სხვა კითხვები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ამ საკითხთან დაკავშირებით, მოცემულ წერილში ჩვენთვის ნაკლებ საინტერესოა. ამჟამად ჩვენს მიზანს წარმოადგენს იმის გარკვევა, თუ პიროვნული ზრდის რა გზები გაიარა დათა თუთაშხიამ და ვინ მოკლა იგი – ალალმა მამიდაშვილმა თუ სახელმწიფომ? ვინ არის დათა თუთაშხია – სოციალური თუ ეროვნული გმირი? 
    ნაწარმოებიდან ცნობილია, რომ თუთაშხიას, როგორც ახალგაზრდა კაცის პიროვნული ზნე (აბრაგად 19 წლის ასაკში გავიდა) ყოფითი ხასიათის უსამართლობებთან შეჯახებების ფონზე ირკვევა. ყოველი ასეთი შეჯახება ღრმა ფიქრისა და განსჯისაკენ უბიძგებს მას. ბუნებით მინიჭებული უნაკლო თვისებების და აღმზრდელი ოჯახის (უპირველეს ყოვლისა - მამის) მიერ გადაცემული ცოდნის წყალობით იგი ადვილად უმკლავდება მრავალ დაბრკოლებას. პირველ გააბრაგებამდე და შემდგომ პერიოდშიც, ამგვარი დაბრკოლებების გადალახვისას იგი ეყრდნობა არა რაიმე სახის მარტივ ეშმაკობებს, ფანდებს ან სხვა რამ ხერხებს, არამედ უპირველეს ყოვლისა, გონებას. სხვათა ნამოქმედარის შეფასებისას იგი ასევე ამოდის გონივრულობიდან. ერთი სიტყვით, თუთაშხია ადამიანებს, მათ ქცევებს აფასებს გარკვეული, მხოლოდ მისთვის ცნობილი მსოფლმხედველობითი პოზიციებიდან (არა ჩვეულებრივი, ან უბრალო). შესაბამისად, უმრავლეს შემთხვევებში, მოვლენების მისეული ხედვა, ახსნა, მეტად დამაჯერებელია, საუბარი ლოგიკური. ერთ ან რამდენიმე ადამიანს (თუნდაც შეიარაღებულს) იგი არა მარტო იარაღის მოხმარა-გასროლით, ჩუბინობით ჯობნის, არამედ გონებით. იგი ტყეში გაჭრილი ყაჩაღი კი არაა, არამედ სამართლიანი აბრაგი. მისი მიზანი პირადულს კი არ ემსახურება, არამედ ზოგადს - ადამიანებს შორის სამართლიანობის აღდგენა-დამკვიდრებას, მის ბატონობას. იგივეს ცდილობს თუთაშხია სახელმწიფოსა და ცალკეულ ადამიანებს შორის წარმოქმნილი ურთიერთობების გარკვევისას. სწორედ ამიტომ გაიზარდა მისი სახელი ხალხში სწრაფად, სწორედ ამიტომ გახდა იგი მისაბაძი აბრაგობის პირველ ეტაპზე. და სწორედ ამიტომ შეიქმნა იგი საშიში სახელმწიფოსათვის, ვინაიდან მისი სახით არსებობდა არა მხოლოდ კანონგარეშე პიროვნება, არამედ ისეთი, რომელიც საზოგადოებაში სამართლიანობის განსხვავებულ (სახელმწიფოსაგან) ნორმებს  ნერგავდა და ზოგჯერ პრაქტიკულად აღასრულებდა კიდეც. შესაბამისად, იმპერიის მოცემულ, ტერიტორიულად მცირე მონაკვეთზე თავისი მოქმედებით იგი აუქმებდა სახელმწიფოს შესაბამის ფუნქციებს. აღსანიშნავია ასევე ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც გვიხასიათებს თუთაშხიას არა მხოლოდ პირველ ეტაპს, არამედ მთელ პერიოდს, - მისი მოუხელთებლობა, რაც კიდევ უფრო აძლიერებდა იმას, რასაც მაგალითის ძალა ჰქვია.
      ამრიგად, დათა თუთაშხია თავისი აბრაგული ცხოვრების პირველ ეტაპზე იმდენად იყო საშიში იმპერიული სახელმწიფოსათვის, რამდენადაც იგი იყო მოუხელთებელი, რამდენადაც იგი კანონგარეშე ცხოვრებას ეწეოდა, რამდენადაც იგი იყო არა ერთი ჩვეულებრივი, რიგითი (თუნდაც ძალიან ეშმაკი, სასტიკი და ა.შ.) აბრაგი, არამედ სამართლიანი და საბოლოო ჯამში, იგი იმდენად იყო საშიში იმპერიისათვის, რამდენადაც მის საქციელს მაგალითის ძალა, გადამდები ხასიათი ჰქონდა. სხვა რამ საშიშროება იმპერიის ერთ-ერთი განაპირა რეგიონის რომელიღაც ტყეში მყოფი მარტოხელა აბრაგისაგან სახელმწიფოს არ მოელოდა. უფრო დიდი საშიშროება (თანამდებობრივი პასუხისმგებლობა) ალბათ მოელოდათ იმათ, ვინც მოცემული რეგიონის ჟანდარმერიის სამმართველოს წარმოადგენდა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ამ ეტაპზე თამაშში ჯერ კიდევ არაა შემოსული მუშნი ზარანდია.
        დათა თუთაშხიას პიროვნული ზრდა სამი ძირითადი მიმართულებითაა
გასარკვევი: ა) სიკეთის ქმნის ბუნებრივი, შეიძლება ითქვას, რამდენადმე გულუბრყვილო გაგებიდან, მოყვასის გულისათვის მსხვერპლად მისვლის იდეის გაცნობიერება-განხორციელებამდე; ბ) ცალკეული პიროვნებების ფსიქოლოგიის ღრმა ცოდნიდან ადამიანთა ფართო მასების ფსიქოლოგიის შეცნობა-გაგებამდე; გ) სამართლიანი აბრაგის ამპლუადან ერისკაცობამდე.
        აღსანიშნავია, რომ პირველი მიმართულება, ანუ სიკეთე-ბოროტების ურთიერთდამოკიდებულებებში გარკვევა, არის საძირკველი დათა თუთაშხიას სხვა მიმართულებებით პიროვნული ზრდისა. ამდენად, იგი არის ამოზრდილი პიროვნება და არა ნაპირების მძებნელი. სწორედ ამ სამი მიმართულებით ზრდამ აქცია აბრაგი იმპერიისათვის ჭეშმარიტად საშიშ პიროვნებად.
        ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ დათა თუთაშხიას გააბრაგება ცხრამეტი წლის ასაკში მოხდა. მას ამ პერიოდში სიკეთის ქმნის, გაღების, ადამიანებზე დახმარების უკიდეგანო სურვილი ამოძრავებდა. შეიძლება ითქვას, რომ სიკეთის ქმნის გარეშე მას არ შეეძლო, ანუ ,,სხვარიგად არ ძალუძდა”. სწორედ ეს შეიცნო ჟანდარმერიაში გადაბარგებულმა ზარანდიამ და სწორედ ამ საკითხში ,,გამოიჭირა” მან თუთაშხია - ,,წაართვა” აბრაგს სიკეთის ქმნის საგანი - ხალხი. ობიექტურობისთვის საჭიროა იმის აღნიშვნაც, რომ თუთაშხიას ტრაგიზმი ზარანდიას ,,დაუხმარებლადაც” არსებობდა, უბრალოდ ამ უკანასკნელმა უფრო გაამწვავა და გაუსაძლისი გახადა იგი, რასაც აბრაგის მხრიდან პირობითი ადგილსამყოფელის იძულებით (და დროებით) დატოვება მოჰყვა (თბილისში გამგზავრება). შევნიშნავთ, რომ მრავალი წლის შემდეგ, თუთაშხია დაუბრუნებს ვალს ზარანდიას, როცა ,,ნაპარავ” ულამაზესს ცხენს მიართმევს ძღვნად, რითაც აბრაგი მიანიშნებს აღზევებულ ჟანდარმს მაღალი თანამდებობის აქილევსის ქუსლს - პიროვნული თავისუფლების შეზღუდვის მაღალ ხარისხს.
        პირველად დათა თუთაშხიამ თავისი ,,მუდმივი ადგილსამყოფელი” იმიტომ მიატოვა (ჩრდილო კავკასიაში გადასვლა), რომ პოლიციასთან თამაში მობეზრდა (სეგედის დასკვნით). მეორე შემთხვევაში მაიძულებელი ზარანდიაა. რაც შეეხება მესამე შემთხვევას - ციხეში ნებაყოფლობით ჩაჯდომა - მას შეიძლება გაეცნოთ წერილში ,, დათა თუთაშხიას ციხეში ნებაყოფლობით ჩაჯდომისა და გაქცევის მიზეზების გამო.”
          როგორც უკვე აღვნიშნეთ, თავისი ცხოვრების პირველ ეტაპზე თუთაშხიას სიკეთის ქმნის, გაცემა-გაღების რამდენადმე გულუბრყვილო გაგება ჰქონდა. მრავალთაგან ბუდარა-ბუდარიხისათვის გაწეული დახმარების გახსენებაც კმარა. ამ ეტაპზე იგი სიკეთის, თუ შეიძლება ასე ითქვას, თვითნაბად, აბსოლუტურ რესურსს ფლობდა, განკარგავდა (სიკეთის გაგება ცოცხლობდა მასში), რისმა გრძნობისმიერმა (გონების, განსჯის, რაციოს შედარებით დაბალი დონე) გამოყენებამ იგი სხვა უკიდურესობამდე მიიყვანა:  ,,ვისაც ჩავაცვი მან გამხადა სწორედ, მე თუ არა სხვას გახადა მაინც”. თუთაშხია უნებლიეთ, ცხოვრებისეული დინებებით ჩათრეული აღმოჩნდა იმ პროცესებში, რაც კაცთა მოდგმისათვის საერთოდაა დამახასიათებელი და რასაც ჩაცმა-გახდა ჰქვია, სადაც ჩაცმა (ამ შემთხვევაში შეშველება, ხელის გაწვდენა) სიკეთე კი არაა (ასე კი არ ესმით), არამედ ჩვეულებრივი, ყოფითი, ყოველდღიური მოთხოვნილება. მაშ რა არის სიკეთე? ადამიანთა საზოგადოების ცალკეული წევრის და წევრების, როგორც ერთობლიობის ზნეობრივი განვითარების შედეგი, ობიექტურად წარმოქმნილი ყველა ადამიანური გასაჭირის, როგორც გამოწვევის საპასუხო ქმედება, რომლის მეშვეობითაც დაიძლევა-გადაილახება აღნიშნული გასაჭირი. სწორედ ამ გასაჭირის გადალახვას (თავიდან მარტო) შეეცადა თუთაშხია, რაც ერთი ადამიანის შესაძლებლობებს ცხადია აღემატება, და რაც, საბოლოო ჯამში, მარცხით უნდა დამთავრებულიყო, ზარანდიას დაუხმარებლადაც კი.
        პრობლემის გაცნობიერებამ, გამოსავლის უქონლობამ და ამ ფონზე ზარანდიას გამოჩენა-ჩარევამ (აქტიურმა) აბრაგის მსოფლმხედველობისათვის კიდევ უფრო მძიმე შედეგები მოიტანა: ,,გული მოუვიდა ყველა ძე-ხორციელი ჩემისთანა და ჩემზე უკეთესი რატომ არ არისო” და ზურგი შეაქცია ყველას და ყველაფერს - ,,სამურზაყანოსკენ მიმავალი კაცი ფოთისკენ რომ შებრუნდეს, ისე შებრუნდა დათაც.” მის ამ საქციელს ლოგიკური გაგრძელება მოჰყვა: ,,ნახა ხალხმა, დათა თუთაშხიამ ფეხებზე რომ დაიკიდა ყველა უსამართლობა და ადამიანის გასაჭირი. მაშინ თვითონ ხალხმაც აიყარა გული დათაზე,” რადგანაც სიკეთე საზოგადოებაში ყოველდღიური მოთხოვნილების ,,საქონელი” იყო. თავად თუთაშხია მისი ცხოვრების ამ პერიოდს ასეთ შეფასებას აძლევს: ,,დავრჩი მარტოდმარტო და მივხვდი არ მოვიქეცი სწორად, მაგრამ მომავალში რა მეკეთებინა და როგორ მეცხოვრა, ვერც ამის გავიგე რამე.” ამ მდგომარეობაში იგი სიკეთის (ზოგადად - ცხოვრების) რამდენადმე გულუბრყვილო გაგებამ მიიყვანა, გაღება-გაცემის მძლავრმა მუხტმა, რომელიც იმ პერიოდში ცოცხლობდა მასში, და მისმა შეუსაბამო გამოყენებამ. ასე შეჰკრა წრე დათა თუთაშხიას ადრინდელმა გაგებამ, ასე მოექცა იგი მსოფლმხედველობრივ ჩიხში და უნდა ითქვას, რომ ამ საკითხში აბრაგის მოუმზადებლობა-უცოდინარობის ბრალი უფრო მეტია, ვიდრე ზარანდიას გამიზნული ქმედებებისა. ამიტომ მივიდა თუთაშხია იმ დასკვნამდე, რომ გარკვეული დროით, სხვა საზოგადოებაში, სხვაგვარ ორომტრიალში იყო მისთვის ყოფნა საჭირო, თანაც ინტელექტუალურად გაცილებით მაღალ დონეზე მყოფში, ვიდრე იგი მაშინ იმყოფებოდა. საინტერესოა, რომ სულიერი შეჭირვების ჟამს აბრაგი არ მიდის ჭკუის საკითხად აღმზრდელ მამასთან, როგორც მოიქცა იგი ციხეში ჩაჯდომის წინ. თბილისში ჩასული თუთაშხია ადვოკატ ირაკლი ხურციძეს გამოეცხადა არა კონსულტაციების მისაღებად, როგორც ეს გააკეთა ნანო თავყელიშვილ-შირერისამ, არამედ სიკეთე-ბოროტების ურთიერთდამოკიდებულებების სხვა გადმოსახედიდან ხილვისათვის, მსოფლმხედველობრივი ჩიხიდან გამოსავალი გზების ძიებისათვის, კონკრეტული ცხოვრებისეული გამოცდილების განზოგადებული ხედვისათვის და ა. შ. თუთაშხიას სურდა დამოუკიდებლად, სხვებისთვის უკითხავად (პირდაპირი გაგებით) გარკვეულიყო მის წინაშე მდგომ პრობლემებში.
        დათა თუთაშხიას თბილისში დაახლოებით ორთვიანი სტუმრობა-მოგზაურობის მთავარი შედეგი იყო არა მისი შემორიგება სახელმწიფოს მიერ, არამედ მასპინძელი გარემოს მხრიდან მრავალი სჯა-ბაასის თუ კამათის დროს იმ საკითხების (ცოდნის) წინა პლანზე ბუნებრივად წამოწევა, რომლის რწმენაც მას ოდესღაც გააჩნდა და რომლის გარეშეც იგი იმ მომენტში იმყოფებოდა - სიყვარულის და სიკეთის რწმენა. თუმცა თბილისური შეხვედრების შემდეგ, კიდევ დიდი ხნის მანძილზე იგი ვერ ახერხებს ამ რწმენასთან დაბრუნებას. როგორც თვითონ ამბობს: ,, ცოდნა (სიყვარულის, სიკეთის, გაღება-გაცემის - ა. ბ.) რაა თუ რწმენამდე არ მივიდა იგი.”
        პირველი ნიშნები ამ რწმენის დაბრუნებისა (თვისებრივად ახალ დონეზე) თუთაშხიამ აღმზრდელი მამის ოჯახში ზარანდიასთან შეხვედრის დროს გამოავლინა, როცა იგი საკუთარ მამიდაშვილს საჭურველის გარეშე, ნაგანში არსებული ერთადერთი ტყვიით გამოეცხადა, რაც ამ უკანასკნელმა სათანადოდ ,,ვერ შეაფასა” და გულჩვილობაში ჩამოართვა. დათა თუთაშხიას უფლება არ ჰქონდა უარი ეთქვა შეხვედრაზე და დათქმულ დროს არ გამოცხადებულიყო მამის ოჯახში, რაც თავის მხრივ, აბრაგობის ძირითად პრინციპს (უსაფრთხოება) ეწინააღმდეგებოდა. შესაძლო ხაფანგში მოხვედრის შემთხვევაში, იგი მზად იყო გაეწირა თავი ოჯახის და ძმის სახელის გადასარჩენად. სწორედ ამის გაგება ,,არ მოისურვა” ზარანდიამ, რომელიც მთელი შეხვედრის მანძილზე ცდილობდა დაეკნინებინა თუთაშხიას იმდროინდელი შესაძლებლობები და ცხოვრების წესი საერთოდ. თუმცა შეხვედრის ბოლოს თუთაშხიას მიერ ზარანდიას მისამართით წარმოთქმული სიტყვები - ,,შენს საკეთებელსაც და ჩემს საკეთებელსაც, ჩვენი ძმობის სიწმინდე ჯობია მუშნი” - იმაში გვარწმუნებს, რომ ამ უკანასკნელისთვის თავგანწირვის, მოყვასის გულისათვის მსხვერპლად მისვლის გაგება, სრულიად უცხო იყო, რაც იქიდან ჩანს, რომ წარმოთქმულმა სიტყვებმა ზარანდია გააოგნა: ,,სიჩუმე იყო, არაკაცს არ ამოუღია ხმა. რამდენი ხანი გავიდა, ვინ იცის, და მუშნიმ თქვა თავისთვის: - მართალია.” ეს იყო პირველი სერიოზული ზნეობრივი ,,დარტყმა”, რომელიც თუთაშხიამ ზარანდიას მიაყენა. აბრაგის ნათქვამი დიდხანს ეჯაჯგურა ჟანდარმის სულიერი სამყაროს დარაბებს და დიდი გაჭირვებით მოახერხა შიგნით შეღწევა. როგორც ნაწარმოებიდან ცნობილია, ისიც მოკლე დროით. ამ შეხვედრამ (თუ შემთხვევამ) ისევ აღამაღლა თუთაშხია და ძმობის (შესაბამისად სიყვარულის) არა მხოლოდ სიტყვიერი, არამედ პრაქტიკული, სამოქმედო ფორმულა გამოაყვანინა - მოყვასის სულიერი თუ ფიზიკური გადარჩენისთვის მუდმივი მზადყოფნის ფორმულა, თავის გაწირვის ფასადაც კი.
        ,,თავგანწირვის და მსხვერპლად მისვლის მაგალითებს თუთაშხია განსაკუთრებით ციხიდან გაქცევის შემდგომ პერიოდში გვიჩვენებს, როცა ცდილობს ძალის გამოყენებას უკლოს თავის ქმედებებში, შეგონებების და ახსნა-განმარტებების სასარგებლოდ. იგი აცნობიერებს, რომ მის წინააღმდეგ მოსყიდულ ადამიანებს ნაღმი (იგულისხმეთ - ტყვია, საწამლავი და სხვ.), ხატოვნად რომ ვთქვათ, სულში აქვთ ჩადებული. ნაღმის ასახსნელად კი, სამტროდ მომართულ ადამიანებთან ფიზიკური მიახლოება და მათ სულიერ სამყაროში გარკვევა-გაცნობიერებაა საჭირო, შესაბამისად საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება.” ასე მოიქცა იგი ძობა ძიგუასთან, მოსე ჯაგალიასთან, ბონია მეწისქვილესთან. ყველა ეს შემთხვევა იყო თავგანწირვის მაგალითი, რომლის მიზანი მოსყიდულთა სულების გადარჩენა, ხსნა იყო. მან ხომ მანამდე (ტყეში, მიმალვაში ყოფნა) ადამიანები ზარანდიას ამარა მიატოვა.
        შემდეგი მიმართულება, სადაც თუთაშხიას პიროვნული ზრდა დაფიქსირდა, როგორც აღვნიშნეთ, იყო ადამიანთა დიდი ჯგუფების ზნე-ხასიათის შეცნობა. საჭიროა იმის აღნიშვნა, რომ ცალკეული ადამიანების, ან მათი მცირე ჯგუფების ადვილად გამკლავება, მათთან ურთიერთობის ენა მას ოჯახში აქვს ნასწავლი - აღმზრდელი მამის მაგალი ზარანდიასაგან. სწორედ ამაზე მიუთითებს მუშნი ზარანდია გრაფ სეგედისთან ერთ-ერთი საუბრის დროს, რომ თუთაშხიას სწორი აღზრდა აქვსო მიღებული. ამიტომ უადვილდებოდა მას ურთიერთობა ცალკეულ პირებთან და ადამიანთა შედარებით მცირე ჯგუფებთან, მათ შორის პოლიციასთანაც, ვისთან ურთიერთობასაც იგი საუკეთესო გასართობს ეძახდა.
        მაგრამ დათა თუთაშხიას არაფერი გაეგებოდა ადამიანთა გაცილებით უფრო დიდი ჯგუფების - მასების ენისა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს საკითხი მისთვის არც აღმზრდელ მამას უსწავლებია, ვინაიდან მისი ცხოვრების ბოლო ეტაპამდე (ციხეში ყოფნა) თუთაშხია ამგვარ ცოდნას არ ამჟღავნებს. ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ ვერ გამოდგება თუთაშხიას მიერ ძალის გამოყენების ზოგიერთი ფაქტი ადამიანთა შედარებით დიდ ჯგუფებთან, მაგალითად, ჩრდილო კავკასიაში, ხლისტებთან, როცა თვალწამოგდებული მეგობრის მისაშველებლად ღრიალით გავარდნილს მოჩხუბარი ხლისტებიდან ადგილზე აღარავინ დახვდება. მხედველობაში გვაქვს აბრაგის პირველი დიდი შეხვედრა-შეჯახება და მისი მარცხი ადამიანთა შედარებით დიდ ჯგუფთან ბავშვების სახით (ორმოცი-ორმოცდაათი), რომელიც მას შეემთხვა აბრაგ მოსე ზამთარაძესთან ერთად, როცა ისინი სეთურს სტუმრობდნენ. საკუთარი მარცხი თუთაშხიამ ასე შეაფასა: ,,- წავიდეთ აქედან, მოსე-ბატონო, თვარა ასე ხუმრობა-ხუმრობაში იმ მიწასაც მოგვათხრევინებენ მაგენი.” გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება იგი მეორე დღეს, დილაუთენია, როცა საკუთარ მრევლთან მოქადაგე თაბაგარს სიტყვას წაართმევს და თავად მიმართავს ბრბოს (მათ მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე თვალის ახელის მიზნით), რაც აბრაგების ჩაქოლვით დასრულდება. საჭიროა იმის აღნიშვნა, რომ იმ დილით თუთაშხიამ ბრბოს ისე მიმართა, როგორც ცალკე აღებულ ადამიანს, პიროვნებას. სწორედ ეს იყო ბრბოს მიერ მისი მიმართვის ვერ აღქმის, ვერ გაგების მიზეზი, რასაც ჩაქოლვა მოჰყვა. სწორედ აქ ჩანს, რომ ადამიანთა დიდ ჯგუფებთან ურთიერთობის ენა იმ პერიოდში მას არ ესმოდა.
          ტყეში (მიმალვაში) მყოფი დათა თუთაშხია მიუხედავად იმისა, რომ იარაღს ეყრდნობა ურთიერთობების გარკვევისას, სიტყვის ძალაც კარგად აქვს განვითარებული და არა უბრალოდ აზრის გამოხატვის დონეზე, არამედ დასკვნების დონეზეც. მიუხედავად ამისა, სეთურის სამფლობელოში, ჯერ ბავშვებთან და შემდეგ იქაურ მაცხოვრებლებთან შეხვედრა-დაპირისპირებისას, სადაც იგი ვერანაირად ვერ შესძლებდა იარაღზე დაყრდნობას, მას არც  აზრები გამოუვიდა ძლიერი და მით უმეტეს, არც დასკვნის ხასიათი ჰქონიათ მათ.
          დათა თუთაშხიამ ცალკე აღებული ადამიანების, მათი ფსიქიკის,  ,,საქციელის ფილოსოფიის” ცოდნიდან ადამიანთა ფართო მასების ფსიქიკის ცოდნამდე არსებული პრაქტიკული გზა ორთაჭალის ციხეში მოწყობილი ამბოხების დროს გაიარა. როგორც ამ ამბების ერთ-ერთი თვითმხილველი და მთხრობელი შალვა თუხარელი გადმოგვცემს ,,ეს იყო ადამიანის, მასის ფსიქიკის შესწავლის განუმეორებელი სკოლა.”
          ციხეში საკუთარი ფეხით მისული თუთაშხია, ქურდებთან მომხდარი მასშტაბური ჩხუბის შემდეგ, სადაც იგი მარტო შეებმება რამდენიმე ათეულ ადამიანს, ასეთ დასკვნას აკეთებს: ,,საკუთარი კეთილდღეობისთვის ერთობაა ქურდების ერთობა. სხვისი კეთილდღეობისთვის ერთობა სხვაა კიდევ და ცოდნა უნდა ამას.”  ეს დასკვნა მან რევოლუციონერების ბანაკში გააკეთა, სადაც მას განდეგილობა დაუწუნეს და საკუთარ რიგებში გაერთიანება შესთავაზეს, რაზეც აბრაგმა ახალი დასკვნით უპასუხა: ,, ...მდინარეს წისქვილი როგორ უნდა დავატრიალებინო - ვიცი ეგ მე; ამ…ხალხის ძალა და ილაჯი, ასე უაზროდ რომ იხარჯება, მათივე სასარგებლოდ რომ დაიხარჯოს, ეს…როგორ უნდა გაკეთდეს, ამას ვისწავლი ჯერ და მოვალ მაშინ.” სწორედ აქ ჩანს, რომ დათა თუთაშხია იწყებს პიროვნული ზრდის ახალ ეტაპზე გადასვლას - ადამიანთა ფართო მასების ფსიქოლოგიის შეცნობა-შესწავლას.
          აუცილებელი აღნიშვნის ღირსია ის, რომ ამგვარი ცოდნამიღებული თუთაშხია, ცხადია რომელიმე რიგით ხელმძღვანელად არსად (და არავისთან) მივიდოდა და მისი აღზრდიდან და ცხოვრებისეული პოზიციიდან გამომდინარე  (,,ერის შვილი ვარ მე”) პროლეტარული მოძრაობის ბელადად ვერ გადაიქცეოდა. დათა თუთაშხიას ფიქრი ისაა, თუ როგორ ეშველოს ადამიანს, მოყვასს, საკუთარ ხალხს, საკუთარ ქვეყანას. თუთაშხია არასოდეს ყოფილა რევოლუციონერი ამ სიტყვის ნებისმიერი, მათ შორის, ბოლშევიკური გაგებითაც. მისი ცხოვრების გზა, ესაა ევოლუციის გზა - მრავალი წინააღმდეგობა-დაბრკოლების განსჯისმიერი ნაბიჯებით გადალახვის გზა (თუმცა დიდი ხნის მანძილზე, ახსნა-განმარტებების არასაკმარისობის შემთხვევაში, იგი ძალის გამოყენებაზეც არ ამბობს უარს). ასევე შეუძლებელია იმის თქმა, რომ ნაწარმოები, რაიმე კუთხით ბოლშევიკური რევოლუციის წინასწარმეტყველება იყოს, ან ამგვარი რევოლუციის აპოლოგია. ბოლშევიკური რევოლუციის თემას ნაწარმოებში დაახლოებით ისეთივე დატვირთვა აქვს, როგორც დავით კაკაბაძის ბრწყინვალე სურათში ,,მიტინგი იმერეთში.”
          ნაწარმოებში მოთხრობილია ორი ჟორას - კაშიას და ბადალიანცის ციხის ამბოხების დროს თავსგადამხდარი ისტორია, რომლის შემდეგაც ისინი ,,გულადობისა და ყოველნაირი შემართების მაგალითად იქცნენ” და რომლებმაც შემდგომში არმავირის ციხეში ანალოგიური ამბოხება თავად მოაწყვეს და წარმატებით უხელმძღვანელეს კიდეც. ასეთი შედეგი ჰქონდა ამბოხების გამოცდილებას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მანამდე არავითარი განსაკუთრებული უნარით და ქცევით არ გამოირჩეოდნენ. ამ ფონზე ადვილი წარმოსადგენია, თუ რა მნიშვნელობა ექნებოდა (და ჰქონდა) ამბოხების გამოცდილებას დათა თუთაშხიასთვის.
          მესამე გზა პიროვნული ზრდისა, რომელიც გაიარა დათა თუთაშხიამ იყო გზა სამართლიანი აბრაგის ამპლუადან ერისკაცობამდე. ტყეში
(მიმალვაში) მყოფი თუთაშხია სიკეთე-ბოროტების ურთიერთდამოკიდებულებების
შეცნობას და ანალიზს მის გარშემო მომხდარი კონკრეტული ფაქტების ანალიზით ცდილობს. ამ ეტაპზე იგი ებრძვის ძალმომრეობით ლელოს გამტან კაცებს და სახელმწიფოსთან კუკუმალულობანას თამაშშია ჩართული. მუშნი ზარანდიას სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსვლის შემდეგ ცალკეული ადამიანების მიერ მოტანილი ზიანი-ბოროტება  აბრაგისთვის მეორეხარისხოვანი ხდება და იგი ნათლად ხედავს იმ დიდ ბოროტებას, რომელიც მას დაუპირისპირდა სახელმწიფოს სახით. სწორედ ამიტომ დაემთხვა მისი აზრი ამ საკითხში იმათ აზრს, ვინც შემოხვდა მას თბილისის ინტელექტუალურ გარემოში. თუთაშხიასთვის და აღნიშნული გარემოს წევრებისთვის ყველა სახის ბოროტება სახელმწიფოდან (იმპერიული) მოდის. იგი მათთვის ბოროტების უნივერსალური ფორმაა, რაც კავკასიის ჟანდარმთა შეფსაც კი არ დაუმალეს. თუ დათა თუთაშხიამ თავისთავზე, პიროვნულად იწვნია ამ ბოროტების გემო, თბილისის ინტელექტუალურ გარემოში მოხვედრილს თეორიულად დაანახეს ბოროტების უფრო დიდი ობიექტი, ვიდრე ასეთი თვითონ იყო - საკუთარი ქვეყანა.
          როგორ შეიძლება გავიგოთ სახელმწიფო (იმპერიული) როგორც ბოროტი საწყისი?
          უპირველეს ყოვლისა, როგორც წესის და რიგის აღსრულება, გარკვეული გადახრებით, რასაც ხშირად ეწირება ესა თუ ის წესრიგის ,,დამრღვევი” (დაბალი მოქალაქეობრივი და სამართლებრივი პასუხისმგებლობის
მქონე პირი);
          მეორე, და ამის შესახებ ნაწარმოებში ვრცლად არის მოთხრობილი - სახელმწიფო არის ერთი მთლიანი ორგანიზმი, რომელსაც უჩნდება ზრდა-გაფართოების მოთხოვნილება, სხვა სახელმწიფოების ან მათი შემოსავლების (ხარკი) ხარჯზე (იმპერიული ზრახვები);       
          მესამე, იმპერიული სახელმწიფო გულისხმობს დაპყრობილი ხალხის, როგორც მთლიანი ორგანიზმის დაშლა-დანაწევრებას, რღვევას, როცა მისი ერთი ნაწილი საკუთარი ნებით დგება ასეთი სახელმწიფოს სამსახურში, მეორე დიდი ნაწილის საიმპერიო მიზნების შესაბამისად მოსამართად (მუშნი ზარანდია);
          მეოთხე, დამპყრობლის მიმართ გამოჩენილი ნებისმიერი წინააღმდეგობა, მშვიდობიანი დაუმორჩილებლობაც კი ისჯება (არა მხოლოდ უშუალო მონაწილეების დონეზე), რაც კიდევ უფრო ზრდის ამ წინააღმდეგობას, ანუ წარმოშობს ახალ ბოროტებას;
          მეხუთე, სახელმწიფო არის ძალის ინსტიტუტი, რომელშიაც რაღაც გზებით შეიძლება მოხვდნენ დაბალი ზნეობის და გონებრივი შესაძლებლობების მქონე ადამიანები, რომლებსაც სახელმწიფოზე და მისი სახელით ძალის გამოყენებაზე შეუსაბამო ცოდნა-წარმოდგენები გააჩნიათ (სახნოვი);
      მეექვსე, სახელმწიფო არის ძალის არა აბსტრაქტული, არამედ კონკრეტული - იერარქიული ინსტიტუტი, რომლის საფეხურებზე ასვლა-აღზევებას შეიძლება შეეწიროს ვიღაცის სიცოცხლე თუ არა, რაღაც ღირებული მაინც (ზარანდიას დაწინაურების სანაცვლოდ თუთაშხიას ციხეში ჩაჯდომა);
          მეშვიდე, სახელმწიფო არსებობს კანონთა იმ კრებულის საფუძველზე, რომელსაც იგი ისტორიული განვითარების კვალობაზე შეიმუშავებს. თუმცა ეს კანონები შეიძლება ვერ ასახავდნენ იმ ტრადიციულ ჩვევებს და ნორმებს, რომლის მეშვეობითაც არსებობს ამა თუ იმ სახელმწიფოს შემქნელი ხალხი. სახელმწიფო, როგორც კანონთა კრებულზე დაფუძნებული სისტემა-მანქანა მხოლოდ მაშინ იქნება ნაკლებად ბოროტი, თუ იგი ამა თუ იმ კონკრეტული ხალხის, მისი საზოგადოების ისტორიულად გამომუშავებულ ფასეულობათა სისტემაში ჯდება, თუ იგი ამ საზოგადოებაში არსებულ ქცევათა ნორმების განზოგადებას წარმოადგენს ან ყოველ შემთხვევაში არ ეწინააღმდეგება მათ. აქედან გამომდინარე, იმპერიული სახელმწიფოს კანონთა კრებული ვერასოდეს ვერ გადაიქცევა ისეთი სისტემა-მანქანის საფუძვლად, სადაც ერთდროულად შეიძლება იყოს ასახული ორი ან მეტი ხალხის ისტორიული ზნე-ჩვეულებანი და მათი სამომავლო მისწრაფებანი. შესაბამისად, იმპერია შეუთავსებადი სისტემების ხელოვნურად შეერწყმის მცდელობაა ძალის გამოყენების საფუძველზე, რაც ცხადია, ბოროტებაა.
          ნაწარმოების დასაწყისში, ახლადგააბრაგებული, უკანონო ცხოვრებით მცხოვრები თუთაშხიასაგან შეწუხებული ჟანდარმთა შეფი სეგედი, უწყებრივი მოკვლევის შემდეგ მიდის დასკვნამდე, რომ იმხანად ,, ...მოქმედების რაიმე პროგრამა, მით უმეტეს, გარკვეული პოლიტიკური მრწამსი, თუთაშხიას არ ჰქონდა.” მიუხედავად ამისა, ,,მისი პოპულარობა და გავლენა მოსახლეობაში უზომოდ დიდი იყო. ამ დონემდე ასული ავტორიტეტები სტიქიური არეულობის დროს ბრბოთა ბელადებად იქცევიან ხოლმე.” ყველაზე სახიფათო კი იმპერიისათვის ის იყო, რომ ,, ...ხალხი თავისი გადაკარგული კერპის დაბრუნებას ელოდა და მოლოდინს არც მალავდა.”
            გრაფი სეგედის აღნიშნული დასკვნები იმითაა საინტერესო, რომ გამოხატულია მისი, როგორც მსხვილი სახელმწიფო მოხელის შიში თვითმყრობელობის ფუძე-საძირკვლის შესაძლო რღვევისა და მინიშნებულია იმ საფრთხეზეც, რომელიც შეიძლება შექმნას ერთმა კონკრეტულმა პირმა - ამ შემთხვევაში დათა თუთაშხიამ - გარკვეული ცოდნა-გამოცდილების დაგროვების შემდეგ (ახლადგააბრაგებული თუთაშხია კი იმჟამად ოციოდე წლის ყმაწვილკაცი იყო და შეეძლო მხოლოდ ის, რომ ეჯობნა ვინმესთვის მხოლოდ პიროვნულ დონეზე, ან წინააღმდეგობა გაეწია გარკვეული, თუნდაც შეიარაღებული ჯგუფისათვის). ასევე აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ სეგედის შიში ახალგაზრდა თუთაშხიას არ ცნობით და შესაბამისად, მისი პიროვნების არცოდნითაა გამოწვეული (ცხადია, თუთაშხია იმ პერიოდში ბელადად ვერ გამოდგებოდა).
            რაც შეეხება თუთაშხიას პოლიტიკურ მრწამს, ან მოქმედების რაიმე კონკრეტულ პროგრამას (პოლიტიკურს) იგი მას არც ციხიდან გამოსვლის შემდეგ გასჩენია, ჰქონია. ჩვენი ვარაუდით, იმიტომ, რომ ერისკაცი აუცილებელი არაა იყოს პოლიტიკური პარტიის ერთი რომელიმე რიგითი წევრი ან მისი ლიდერი. და რომ ერისკაცისთვის პოლიტიკა საერთოდ არ წარმოადგენს აუცილებელ სარბიელს, თუმცა საერო საქმეების კეთება პოლიტიკოსებსაც ძალუძთ, ხელეწიფებათ. ერისკაცი, უპირველეს ყოვლისა, თავისი ერის ტკივილების მკურნალია, ერის ორგანიზმის, მისი გონის, მსოფლმხედველობის გამაჯანსაღებელი. იგი წაღმამხედველია. ერისკაცის ინტერესების საგანი პიროვნული ან პარტიული სფერო კი არაა, არამედ საეროვნო. ერისკაცი მხოლოდ ის შეიძლება იყოს, ვისთვისაც პიროვნული თვითრეალიზაციის პროცესი დასრულებულია, ვინც იწყებს ფიქრს, ზრუნვას სხვაზე და ზოგადზე.
            აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ციხიდან გაქცეული თუთაშხია უკვე აღარ იყენებს ტყეს ისეთ სამალავად, როგორც ადრე აკეთებდა ამას. პირიქით, იგი იწყებს მეობადაკარგული, ზნედაცემული, გადაბირებული ადამიანების ურჩხულისთვის (იგულისხმეთ - აღზევებული ჟანდარმი, ასევე იმპერია) წართმევას, გადაკეთებას, მკურნალობას. იგი იწყებს დანგრეული, განადგურებული, ნაწილობრივ მის მიერ მიტოვებული სამყაროს ხელახალ შენებას, სულიერ გაწონასწორებას ცალკეული პიროვნებების დონეზე: მოსე ჯაგალია, ძობა ძიგუა, ბონია მეწისქვილე და ა. შ. ეს იყო დათა თუთაშხიას ერისკაცური მოღვაწეობის პირველი ეტაპი განხორციელებული ცალკეული პიროვნებების დონეზე (გზა ერის შვილების მომრავლებისა), რომლის ლოგიკური გაგრძელებაც უნდა ყოფილიყო მეორე ეტაპი - ამ შვილების ერთობა სამშობლოს თავისუფლებისათვის, რაც მას არ დააცადა სახელმწიფომ მუშნი ზარანდიას სახით და მასთან ერთად.
          თუ საქართველოში მყოფი ზარანდია იმპერიის ერთ-ერთ მსახურად შეიძლება ჩაითვალოს, პეტერბურგში გადაბარგებული უკვე იმპერიის ერთ-ერთი პატრონთაგანია. შესაბამისად, პეტერბურგელი ზარანდია მომართული თუთაშხიას წინააღმდეგ, არა მხოლოდ პიროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ებრძვის საკუთარ ბიძაშვილს (თუნდაც ფენომენს), არამედ იმპერიის, როგორც საკუთარი სამფლობელოს ინტერესებიდან გამომდინარეც. ამიტომ, თუთაშხიას მიერ ზარანდიასთვის ცხენის ,,ჩუქების” წარმატებული ოპერაცია არა მხოლოდ პირველის პიროვნული ჯობნის გამოხატულება იყო მეორეზე, არამედ თუთაშხიას მიერ იმპერიული ძალების დამარცხებისაც, ვინაიდან ცხენის ,,მოპარვა” (ძმადნაფიცის ხელით) და ,,გადაცემა” აბრაგმა ზარანდიას მიერ ადრე მოსყიდული ადამიანების უკან ,,გამოსყიდვის” გზით მოახერხა. შესაბამისად, თუთაშხიას მკვლელი ზარანდიათი გაძლიერებული სახელმწიფოა. დათა თუთაშხია ცალკე აღებულ პიროვნებაში განსხეულებული საქართველოა, ზოგადკაცობრიულ ფასეულობებზე დაფუძნებული ეროვნული ძალა, მაშინ როცა ზარანდია ცალკე აღებულ პიროვნებაში განსხეულებული იმპერიული (გაუცხოებული) ძალაა.
          ,,დათა თუთაშხია” რომანია, სადაც ნაჩვენებია ეროვნული 
თავისუფლებისკენ მიმავალი გზა და ნაჩვენებია, თუ როგორ შეიძლება გაკვალოს ეს გზა ერთმა ადამიანმა, რომელმაც პიროვნული ზრდის ზემოაღნიშნულ ეტაპებს ოც წელიწადზე მეტი დრო მოანდომა. ამიტომ შესაძლებელია იმის მტკიცება, რომ დათა თუთაშხია არის არა მხოლოდ სოციალური, ან საზოგადოდ ზნეობრივი გმირი, არამედ იგი არის ეროვნული გმირი, ეროვნული ინტერესების გამომხატველი ზნეობრივი გმირი, რომელი ინტერესების სრულად გამოხატვაც მას არ დააცადა იმპერიულმა სახელმწიფომ მუშნი ზარანდიას სახით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები