ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოლიკო-ლიკო
ჟანრი: პროზა
12 მარტი, 2010


საზღაური

                                            ზღვას დავუჩოქე,ვუთხარი დარდი,
                                            ყური დამიგდო, ამიყოლია...

  ის ყოველ საღამოს იჯდა ნახევრად ცარიელ სანაპიროზე. ყოველთვის მზის ჩასვლის შემდეგ მოდიოდა და შუაღამემდე გარინდებული გაჰყურებდა ჩაბნელებულ სივრცეს! თითქოს არაფერს ხედავდა და არაფერი ესმოდა...მისი ფიქრი სადღაც სხვაგან იყო,იმ სამყაროში, მხოლოდ მისთვის რომ იყო ნაცნობი და ახლობელი...არავინ იცოდა მისი უჩვეულო ქცევის მიზეზი... სანაპირო კი ჩვეული რიტმით აგრძელებდა ცხოვრებას,მისთვის არაფერს ნიშნავდა ერთი უცნაური ბიჭი...
  მაგრამ მე საოცრად მიზიდავდა ეს საიდუმლო.გამოუსწორებელი რომანტიკოსი ვარ და ამ იდუმალ ადამიანზე უამრავი ისტორია შევთხზე,რომლებიც მერე ფურცლებზე გადამქონდა,ცხადია ეს ყველაფერი ჩემი ფანტაზია იყო...საათობით ვიჯექი სანაპიროზე, ვუმზერდი როგორ იძირებოდა მზე ზღვაში და ველოდი მას...მერე ისიც მოდიოდა, ჩამოჯდებოდა ჩვეულ ადგილას,უჩვეულოდ იდუმალი და ჩუმი და მიეცემოდა ფიქრს...
  ასე გაგრძელდა რამდენიმე დღე. მერე გაწვიმდა,აიქოჩრა და აბობოქრდა ზღვა,თითქოს მთელი სამყაროს ბრაზი და სიძულვილი ჰქონდა დაგროვილი  და მისი მოშორება სურდა... უზარმაზარი ზვირთები ხმაურით ეხეთქებოდნენ და გაცოფებით ლოკავდნენ ნაპირს,თითქოს თავისი ძლიერების დემონსტრირება სურდა. საოცარი სანახავია ამ დროს ზღვა...
  ცარიელ სანაპიროზე ვიდექი და მასზე ვფიქრობდი. არ ვიცი რა იყო ეს... თანაგრძნობა მარტოსული ადამიანის მიმართ თუ  უბრალო ქალური  ცნობისმოყვარეობა!
  ფრთხილი ნაბიჯების ხმამ ფიქრი შემაწყვეტინა. მივხვდი ის იყო. ჩუმად ამომიდგა გვერდით.მე თბილად გავუღიმე და ისევ ზღვას მივაჩერდი.არ ვიცი რამდენი დრო გავიდა ასე!
  -ეტყობა გიყვარს აქ ყოფნა!
  -კი მიყვარს!
  -შენც გიჟი გგონივარ?!
  -არა რატომ?! - დავიბენი.-უბრალოდ უცნაური ბიჭი ხარ...
  არაფერი მიპასუხა.
  -როგორ მიყვარდა ამ  დაუდგრომელ ტალღებთან გაჯიბრება,სანაპიროს  ხმაური და სიცოცხლე ზღვის სუნთქვით...
  -ახლა?!
  -ახლა?! ახლა აღარ ვიცი რა მიყვარს და რა მინდა...
  ასეთი სევდა ადამიანის თვალებში ჯერ არ მენახა!
  -ხანდახან მგონია ზღვა თავისი  ცოდვების გამო ბორგავს ასე...
  გაოცებით შევხედე.
  -დაუნდობელია და ქურდი,სიცოცხლის ქურდი... ახლა აღარ მიყვარს მზე, ტალღები, სიცოცხლე...ახლა ყველაფერს რუხი ფერი აქვს...არადა რამდენი ოცნება მქონდა!
  -ცხოვრება რთულია!
  უსიტყვოდ შემომხედა და სევდიანად გაიღიმა.
  -შენ ცხოვრების რა იცი...არც არის საჭირო რომ იცოდე! კარგი ვინმე ხარ შენ... - მითხრა და წავიდა.
  ასე გავიცანით ერთმანეთი...

  ......

  მერე ყოველ საღამოს ვისხედით სანაპიროზე და ერთმანეთის უკეთ გაცნობას ვცდილობდით.ის ოცდაერთი წლის იყო,ცხოვრობდა თბილისის ერთ-ერთ უბანში,ჩემთან ახლოს,საერთო ნაცნობებიც კი აღმოგვაჩნდა.ამჟამად სტუდენტი,ანუ მომავალი ჟურნალისტი, უსაზღვროდ თბილი, სიტყვაძუნწი  და გულჩათხრობილი,საინტერესო პიროვნებად მომეჩვენა! ჩემს მეგობრებს მაინცდამაინც არ ხიბლავდათ ჩემი ასეთი ურთიერთობა უცნობ ადამიანთან და ამ საქციელს მორიგ ახირებად მითვლიდნენ,თუმცა ასე სულაც არ იყო...არ ვიცი რა მინდოდა მის გვერდით,მაგრამ მომწონდა მასთან საუბარი ან უბრალოდ ჩუმად ჯდომა და ცეცხლისფერი ჰორიზონტის ცქერა! ისიც შემეჩვია და მარტოობისთვის ვეღარ ვიმეტებდი...
  ჩვენ დავმეგობრდით,დღეები კი უკანმოუხედავად გარბოდნენ და ჩემი წასვლის დრო ახლოვდებოდა.მე მისი საიდუმლო ისევ არ ვიცოდი,მაგრამ ახლა ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი თვითონ ის იყო...უკვე მივხვდი, რომ რაღაც დიდი ტკივილი აკავშირებდა ამ სანაპიროსთან,ტკივილი, რომელმაც აქ დაბრუნება აიძულა! არ ვიცი ამ საქციელით რაიმეს დამტკიცებას ცდილობდა საკუთარი თავისთვის თუ თვითგვემით რაღაც შეცდომის გამოსწორებას ცდილობდა...
  იმ საღამოს პირველად შევედით კაფეში. ის ჩვეულებრივზე მეტად სევდიანი იყო. რამდენიმე ჭიქა კონიაკი დალია,მე არ მინდოდა თავი ცუდად ეგრძნო და წამოსვლა შევთავაზე.ცოტა ხანს ჩუმად მიცქირა,მერე თავისებურად თბილად გამიღიმა და გამომყვა. ჩუმად მივყვებოდით სანაპიროს და ზღვის ტალღების ხმაურს ვუსმენდით. მოგისმენიათ ეს ხმა როდესმე?! მასში ერთად გესმის სირინოზების ტკბილი გალობა და სატანის ხარხარი,ბავშვური სიცელქე და ტანჯულის კვნესა...საოცარია ზღვის მელოდია!...
  -ჩემი ბრალია ყველაფერი!-დაიწყო უცებ.-მე საკუთარ თავზე შეყვარებული იდიოტი ვარ!
  -ასე ნუ ამბობ,შენ კარგი ადამიანი ხარ!-დამშვიდებას შევეცადე.
  -ისეთი კარგი ვარ,უსაყვარლესი ადამიანი ამ პირდაღებულ ურჩხულს ჩავაყლაპე...
  უცებ ვერაფერი ვუპასუხე.
  -შარშან აქ ვისვენებდით მთელი ჩემი ოჯახი,მე ჩამოვიყვანე ისინი აქ,ჩემს სურვილს დავუმორჩილე ყველა და დავისაჯე,ჩემი ცოდვების საზღაური მივიღე ,მაგრამ რატომ ის და არა მე?! ის ხომ სულ თხუთმეტი წლის იყო...ლამაზი და სიცოცხლით სავსე,ჩემი პატარა ფერია,ჩემთვის ცოცხლობდა,ჩემით სუნთქვდა,ჩემით ხარობდა,მე კი...ახლა ამაოდ ვეძებ ულამაზეს კენჭებში,გამორიყულ ნიჟარებში,ჩამავალი მზის სხივებში,ამაოდ ველი რომ დამიბრუნდება ჩემი პატარა ანგელოზი...ახლა ყველაფერი ამაოა!
  არ ვიცოდი რა მეთქვა,როგორ მენუგეშებინა.
  -სად ვიყავი მაშინ,რას ვაკეთებდი?! ექსტაზამდე ვერთობოდი!
  -შენ ხომ ეს არ გინდოდა?! ეს უბედური შემთხვევა იყო! ვინ იყო ის შენთვის?!
  ჩუმად შემომხედა,თვალებში ცრემლები უციმციმებდა და სახეზე  ყველა ნაკვთი უკრთოდა.
    -ჩემი და იყო! ეს იყო შეცდომა, რომელსაც ვერასოდეს ვაპატიებ თავს!
  -შეცდომებისგან დაზღვეული არავინაა,შენ ხომ ის გიყვარდა,მე მჯერა ის შენზე არ ბრაზობს!
  -ვიცი და ეს უფრო ძნელია ჩემთვის! მე რომ მისთვის დამეჯერებინა,სიცოცხლეში ერთხელ მაინც რომ გამეთვალისწინებინა მისი სურვილი,არაფერიც არ მოხდებოდა!
  -ეს არავინ იცის ჩემო მეგობარო,ჩვენი ბედი დაბადებისთანავე დაწერილია,ვის შეუძლია შეცვალოს ბედი?!
  -ნუ ცდილობ მანუგეშო,არ ვიმსახურებ!
  არაფერი აღარ ვუთხარი,თითისწვერებზე ავიწიე და ლოყაზე ვაკოცე.
  მთელი საღამო ხმა აღარ ამოგვიღია არცერთს,ჩუმად ვისხედით სანაპიროზე და ჩაფიქრებულები გავცქეროდით სივრცეს!
  მეორე დღეს ორივე წამოვედით.არც გზაში ამოგვიღია ხმა.მან სახლამდე მიმაცილა.
  -შენ დამნაშავე არ ხარ,თავს ნუ იტანჯავ!-ვუთხარი დამშვიდობებისას.-ცხოვრება ტრაგედიაა,უნდა გაუძლო მას!
  -არ მიმატოვო!- მთხოვა მან.-ძალიან მჭირდები!
  -დამიძახე როცა დაგჭირდები!

  ..........................

  ჩვენ დღემდე ვმეგობრობთ.ჩვენი მეგობრობის ბევრს არ სჯეროდა,სანამ საკუთარი ოჯახები არ შევქმენით.დღეს ჰყავს მეუღლე და ულამაზესი გოგონა,თუმცა ის სევდა და ტკივილი მის თვალებში დღემდე არ გამქრალა! დღემდე თვლის რომ ჩემი თავი თავისმა უსაყვარლესმა პატარა ფერიამ აპოვნინა იქ,სანაპიროზე და ასე ყველაფერი აპატია!
  რა არ ხდება ცხოვრებაში!





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები