ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფუსუსუნა
ჟანრი: პოეზია
15 თებერვალი, 2010


...

ბედობას გნახე,
ღელავდა ლურჯად თვალებში ტალღა,
იანვრის დილას
განაცრისფრებულ გარემოს ვთხოვდით,
გათოვებოდა
ჩვენამდე დასულ, დაბურულ ზეცას
გულზე აკრული
ნაქსოვი ღრუბლად ფაფუკი თოვლი...
ცივი თითები
არ შემალულა სახელოებში,
თბილი კონტური,
ნაცნობი სახის, უხმოდ მონახეს,
ცას აჩერებულ
თვალებში სხივმა გაიციმციმა,
ვარსკვლავებივით
კოცნებმა ტუჩი უცებ მოქარგეს...
გაჰხუნებოდა
თავშალი ზამთარს, შემოდგომური,
უკანასკნელი
ფოთლები ძლივსღა ეკიდნენ ხეზე...
გაყინულ მიწას
შეულღვა გული, ორთქლებად აჩნდა
ღიმილიანი
თვალების სითბო ბედობის დღეზე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები