ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფუსუსუნა
ჟანრი: პოეზია
19 თებერვალი, 2010


წამო (კიდევ ერთი სურვილი)

წამო, დავესახლოთ სამყაროს კიდეზე,
გრძნობას წავუშალოთ წესი და საზღვარი,
ცა პირველყოფილი ღრუბლებით მოვირთოთ,
თვალში გავიჩინოთ ვნებების ხანძარი...
წამო, დავესახლოთ შორ გამოქვაბულში,
ფოთოლს, შემოდგომის, ლოგინად დაგიგებ,
კენკრით დავიტვირთავ ორივე ხელისგულს,
შიმშილს მარცვალ-მარცვალ შენგან შორს წავიღებ...
წამო და ავანთოთ ჩხირებით კოცონი,
თბილ ხელისგულებით სამყარო დავიტკბოთ,
ფერიის ფრთებით და ელფების ყურებით
ისედაც ფერადი დღე გავიხალისოთ...
წამოდი, ვუყუროთ, მთიების* ლიცლიცში
როგორ გაიხუნებს ღამე თავსაბურავს,
როგორ მიიძინებს დილას ნაკადული,
გავიგოთ და მერე ერთბაშად ჩავუთქვათ,
შორს რომ მოვიტოვოთ ის ორომტრიალი,
ფერებს რომ უხუნებს სიცოცხლის ბილიკებს,
დრო რომ გავაქროთ და წამი შევაჩეროთ
ციმციმა თვალზე და ანთებულ ღიმილზე...

წამო, დავესახლოთ სამყაროს კიდეზე,
გრძნობას წავუშალოთ წესი და სამანი...
წამო, დაგაფიცე ფარფატა ფერია,
და მომაძებნინე სამყაროს საზღვარი...



* მთიები - ცისკრის ვარსკვლავი (რავი, იყოს მაინც განმარტებული:) )

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები