ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფუსუსუნა
ჟანრი: პოეზია
23 თებერვალი, 2010


...

ეს იყო მაშინ,
ველად ვიყავით ორივე როცა,
უსამოსლო და ფეხშიშველები,
მზისგან გარუჯულ კანზე
ბალახის და ერთმანეთის სუნმოხვეულნი.
არ გვქონდა სახლი,
ავდრისას ქვაბულს ვეკვროდით გულში.
არ გვქონდა სახლი
და კერია ღუოდა გულში...

ეს იყო მაშინ,
სულ ნორჩი როცა
გამოგეცალე მოსიყვარულე ხელებიდან,
გულზე მიკრული.
შემომრჩა ვალად
ბაგეებზე ბოლო ამბორი...
და ამ გულიდან ამონახეთქი
ათასწლეულებს გაუხმიანდა:
-ძევახ, სიცოცხლეო ჩემო!

ეს იყო მაშინ,
ორივე როცა ნილოსის პირას
მემილიარდედ
მივაცილებით მთვარეს გრძელ გზაზე,
ორნივ მდუმარედ.
შენი ფრესკები
ამკობდა ტაძრებს
და მერე ხალხი ქალღმერთ ისიდას
ხედავდა თვალებს,
მთვარით სავსეს,
თვალებს უძიროს...

ეს იყო მაშინ,
ცხენი იყო ჩვენ სახლ-კარი,
ტრამალ და ტრამალ მიმომქროლი.
ვიწრო თვალისჭრილს
სახე შენი მივსებდა მუდამ,
მაღალ ყვრიმალებს შეეჩვია თითები როცა...
ერთხელაც იყო, ცეცხლისა და ისრის წვიმაში
შენ დაგინახე, გეყინებოდა მწველი თვალები,
პატარა ხანჯლით გავიღე გული
და სისხლი ჩემი
შენს ხორცარეულ სისხლში ავგლისე
ბოლო ამბორით...

ეს იყო მაშინ,
ბნელ ორღობეში მაკოცე როცა...
რა შანთი იყო ასეთი ტკბილი...
გახსოვს, როგორი გამგელებით
იმუქრებოდი, გამოგფატრავთო
შენც და იმასაც,
მამაშენი რომ გიპირებს მიგვრას...
რა ტკბილი იყო...

ეს იყო მაშინ,
დაღლილი როცა
ყოველდღიური რუტინისაგან
მოისწრაფოდი სარეცლისაკენ,
სადაც მუდმივად მიმაჯაჭვეს
მე მოირებმა*...
კართან დაფერთხილ სინაცრისფრისგან
თავისუფალი,
რომ მიყვებოდი მთისას, ბარისას,
მეც ვიღიმოდი...
მიჭირდა როგორ...
მაგრამ გიყვარდა
ფერმკრთალ ლოყაზე ფოსოს დანახვა...

ეს არის დღესაც,
ამ ცხოვრების ორომტრიალში ჩაფერფლილები
ერთმანეთისგან უკვდავების
ჰაერს ვისუნთქავთ,
ეს მერამდენედ ფენიქსივით
მოვფრინდით ქვეყნად
ერთმანეთისგან ერთმანეთისთვის...
ვიქნებით მერეც...
შენი მკლავების ციხე-სიმაგრეს
შელეწავს ვერვინ
სანამ მე ვდგავარ საძირკველად
და დედაბოძად...
ვიქნებით მუდამ...


*მოირები - ბედისწერის ქალღმერთები ბერძ. მითოლოგიაში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები