ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰა-რა-ლე
ჟანრი: პროზა
6 მარტი, 2010


მართალი (გაგრძელება)

                                                                      *  *  *




  გაზაფხულის მიუხედავად, საკმაოდ ციოდა 1905 წლის 25 აპრილის დილას მოსკოვში. კრემლის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მაინც უამრავ ხალხს მოეყარა თავი. მოსკოვისა და კოლომენსკის მიტროპოლიტი ვლადიმირი სწირავდა იმ დღეს. თანამწირველები მოსკოვის ეპარქიის ეპისკოპოსი ტრიფონი და მოჟაისკელი ეპისკოპოსი სერაფიმე გახლდნენ. თუმცა მრევლის სიმრავლე, მხოლოდ ლოცვის და მეუფეთა ქადაგების მოსმენის სურვილით არ იყო გამოწვეული. წმიდა ღირსი მამის, იოანე კრონშტატდელის სულიერი შვილი, მოსკოვის ეპარქიის, ახლი იერუსალიმის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი სერაფიმე, ეპისკოპოსის ხარისხში უნდა აეყვანათ იმ დღეს. არქიმანდრიტს კი არც მრევლი აკლდა და არც ერისკაცობის დროინდელი ნაცნობ-მეგობრები.
  არქიმანდრიტი სერაფიმე, ერისკაცობაში - ლეონიდ მიხეილის ძე ჩიჩაგოვი, გამოჩინებული გვარის კაცი გახლდათ და კოსტრომელი თავად-აზნაურების იმ შტოს ეკუთვნოდა, ოდითგანვე წმიდად რომ ემსახურებოდნენ სამშობლოს დიდებას და მეფე-იმპერატორებს. მარტო ორი ადმირალი რად ღირდა, ამ გვარიდან რომ იყო წარმოშობით.
  კვიცი, რომ გვარზე ხტის, კარგად მოგეხსენებათ და ვერც ლეონიდ მიხაილოვიჩმა აუქცია გვერდი სამხედრო კარიერას.    პაჟთა კორპუსიდან დაიწყო, ჩინებული განათლება მიიღო და მისი უდიდებულესობის გვარდიის საცხენოსნო არტილერიის ბატარეაში ჩაირიცხა, პოდპორუჩკის ჩინით. შემდეგ იყო რუსეთ-თურქეთის ომი, ბალყარეთი, საბრძოლო მამაცობისთვის მიღებული ორდენები და მედლები.
  1878 წელს, 22 წლის შტაბის კაპიტანი ლეონიდ ჩიჩაგოვი სანკტ-პეტერბურგში ჩამოდის და "სრულიად შემთხვევით", უფლის ხელი რომ ურევია, რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მნათობს და სიწმიდეს, წმიდა მწყემსმთავარ იოანე კრონშტადტელს გაიცნობს.
  რა იცოდა მაშინ, მისი უდიდებულესობის საიმპერატორო კარის კამერგერის ქალიშვილზე დანიშნულმა ახალგაზრდამ, რომ მის წინ მდგარი სათნო დეკანოზი მისი მოძღვარი შეიქმნებოდა და საბრძოლო დამსახურებების გამო - კაპიტნიდან პოლკოვნიკობამდე აღზევებულ, თავმომწონე სამხედრო ოფიცრის ნაცვლად, წმიდამოწამე მიტროპოლიტ სერაფიმეს მოუვლენდა მართლმადიდებელ სამყაროს?!.
თუმცა, მოწამეობრივ აღსასრულამდე ჯერ დიდი დროა და ისევ მოსკოვის კრემლის მიძინების ტაძარში გადავინაცვლოთ, არქიმანდრიტ სერაფიმეს ქიროტონია რომ მიმდინარეობს.
- ... არქიმანდრიტი სერაფიმე ჩვენ მიერ ხელდასხმულიქნა ეპისკოპოსად! საეპისკოპოსო კათედრა დაედგინა ივერიის მიწაზე და მას სერაფიმე, სუხუმის ეპისკოპოსი ეწოდა! აქსიოს! - ამბიონიდან ამცნო საზოგადოებას მიტროპოლიტმა ვლადიმირმა.
- აქსიოს! ღირსია!- შესძახა ეკლესიაში თავმოყრილმა ხალხმა.
  რამოდენიმე წუთში საზეიმო ზარების ხმამ კრემლს გადაუარა.
  დამთავრდა ღვთისმსახურება ტაძარში. მილოცვისა და კურთხევის მოსურნე მრევლის გარკვეულმა ნაწილმა ეკლესიის გარეთ, ეზოში გადაინაცვლა და თავდახრილი ელოდა სასულიერო პირთა გამობრძანებას.
- გილოცავთ, თქვენო მეუფებავ! ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამიხარდა და სოხუმის ეპისკოპოსი რომ გახდით, ამაზე ხომ საერთოდ...
- დიდება უფალს, შვილო ჩემო! რა დაგიმალო და, ჩემთვისაც დიდი სიხარულია, ღვთის განგებით, ყოვლადწმიდა დედოფლის წილხვედრ ქვეყანაში რომ დამედგინა მღვდელმთავრობა. იმედი მაქვს, პეტრე-პავლობას შენს სამშობლოში შევხვდებით.
- ამინ და დიდება უფალს, თქვენო მეუფებავ! დიდება უფალს!
- ერთი ეს მითხარი, შვილო, ნინა: რატომაა, დიდმარხვიდან მოყოლებული, აღდგომის ტაძარში რომ ვეღარ გხედავ? წირვა-ლოცვას არ ესწრები, არც აღსარება ჩაგიბარებია, არ მიზიარებიხარ... დედა პრასკოვიაც ერთობ განიცდის, შემომჩივლა კიდეც: წახდება ის გოგო, მამაო, დროზე თუ არ მიხედეო. რა დაგიმალო და, მეც ცუდს მიგრძნობს გული. პაშას სიტყვებმა კი ჩემი ეჭვი გააძლიერეს. რას მეტყვი, შვილო ჩემო? მოხვალ შაბათს ტაძარში?
- არ ვარ ღირსი, მამ... მეუფე სერაფიმე.
- შენზე უღირსს დღეს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და ახლა შენ წინ დგას, შვილო.
  ხოლო თუ ფიქრი, სიტყვა და საქმე შენი ცოდვას მოუცავს, სულის ხსნა რომ სინანულსა და აღსარებაზე გადის, არ უნდა იყოს შენთვის ახალი. ასე რომ შაბათს, აღსარებისთვის გამზადებულს, აღდგომის ტაძარში გელი.
  რა ცოდვების მიტევება შესთხოვა შაბათს ტაძრად მისულმა ნინო დგებუაძემ სულიერ მამას, ვერაფერს გეტყვით. ლამის ორმოც წუთს რომ გასტანა აღსარებამ და ეკლესიიდან გამოსული ახალგაზრდა ქალის ცრემლებს ვუალიც რომ ვერ ფარავდა, ეს კი მრავალმა შენიშნა.

  ახლა კი დროა, შვიდი წლით აქეთ, 1912 წელში გადმოვინაცვლოთ და არხანგელსკის გუბერნიის ვიელსკის მაზრას ვესტუმროთ, სადაც ექვსი წლის კონსტანტინე დგებუაძემ, პატიმარყოფილი დედა უნდა გაიცნოს.

შეიძლება, მეოცე საუკუნის დასაწყისის ცარისტული იმპერია ბევრი რამით სჯობდა კიდეც კომუნისტურ ან დღევანდელ რუსეთს, მაგრამ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გამეფებული სიმკაცრით, წესებით თუ განუკითხაობით, არაფრით რომ ჩამოუვარდებოდა სტალინისდროინდელ "გულაგებს" და დღეს არსებულ "დემოკრატიულ" ციხე-კოლონიებს, ბევრი მტკიცება არ სჭირდება.
  განსაკუთრებით მძიმე, არარუსთათვის იყო ციხე-კატორღა.
  კავკასიელ პატიმრებს, სასჯელის მოსახდელად, სპეციალურად ისეთ რაიონებში გზავნიდნენ, წელიწადში 11-12 თვე ზამთარი რომ იყო და მათი უმეტესი ნაწილი იქ ჰპოვებდა კიდეც სამუდამო განსასვენებელს.
  გამოსასწორებელ დაწესებულებებში მოხვედრილი ებრაელი აუცილებლად უნდა გაეროზგათ. მხოლოდ ამ ეთნოსის წარმომადგენელ ქალს ეკრძალებოდა გადასახლებაში შვილის წაყვანა. თუ ქმარი ებრაელი ჰყავდა, მასაც უკრძალავდა კანონი, გადასახლებაში ცოლის გვერდით ყოფნას, სხვა ერის წარმომადგენლებს ჰქონდათ ამის უფლება.
  ქალებისთვისაც აუტანელი იყო პატიმრობა. თითქმის არავითარი შეღავათი არ ვრცელდებოდა მათზე. ერთი ეგ იყო, რომ 1893 წლის 28 მარტს გამოსული ბრძანებით, ქალი პატიმრების გაროზგვა აიკრძალა.
  ხშირად მსმენია - სიკვდილით არ სჯიდნენ მეფის რუსეთში ქალებსო. არ არის მართალი. ეს შეღავათი ორსულებზე ვრცელდებოდა მხოლოდ და მათაც მოლოგინებამდე გადაუვადდებოდათ ხოლმე სასიკვდილო განაჩენი.
  იმ დროს ქალები და მამაკაცები, უმეტესად, ერთ ჭერქვეშ იხდიდნენ სასჯელს და ერთმანეთისგან მხოლოდ ციხის საკნებით ან მეზობლად განლაგებული საძინებელი შენობებით იყვნენ გამოყოფილნი. ამიტომ იყო რომ ქალები ხშირად ხდებოდნენ მათ ბედქვეშ მყოფი მამაკაცი ტუსაღების ან ადმინისტრაციის და ზედამხედველების ძალადობის მსხვერპლნი.
ასეთ ვითარებაში მოვლენილი პატარები კი, უმეტესად, დედასთან ერთად იხდიდნენ სასჯელს.
  თუმცა მცირეწლოვანთა სიმრავლე იმ დროინდელ სასჯელ- სააღსრულებლო ადგილებში მხოლოდ მათი იქ დაბადებით არ იყო გამოწვეული.
  რუსეთის იმპერიაში, ვთქვათ 1896-1900 წლებში, ყოველწლიურად 7-8 ათას, ათიდან - ჩვიდმეტ წლამდე არასრულწლოვანს ასამართლებდნენ და მათი თითქმის 85 პროცენტი, უფროსებთან ერთად იხდიდა სასჯელს. რა მაგალითის მიმცემები და მასწავლებლები იქნებოდნენ „ჟიგანები“, „ივანები“, „კაციჭამიები“ და ათასი სხვა ჯურის დამნაშავენი მათთვის, არ უნდა იყოს ძნელი მისახვედრი.

- შე დალოცვილო, ზემოთ წერ, პატიმრების გასამხიარულებლად ციხეში შალიაპინს კონცერტი გაამართინეს, ახლა მიმდგარხარ და მაინც იმდროინდელ ციხეებს ლანძღავ, როგორაა შენი საქმეო? - მკითხავთ ალბათ.

კი, ბატონო, ასეც ხდებოდა. ის კი არა, მსოფლიოში ყველაზე უფრო ცნობილი, დღემდე ამოუცნობ ფენომენად აღიარებული ილუზიონისტი - ჰარი გუდინიც კი მიიწვიეს 1908 წელს მოსკოვში და "ბუტირკის" ციხეში საღამო გაამართვინეს.
პატიმრების აღტაცება უნდა გენახათ: ბორკილებდადებულმა და რკინის ჩაკეტილ ყუთში, რომელიც რკინისავე კონტეინერში იყო მოთავსებული და კარით კედელს მიბჯენილი, - მოთავსებულმა არტისტმა, 28 წუთში თავი რომ გაითავისუფლა და მაყურებლის წინაშე წარსდგა.
ეს ამბავიც მართალია, შალიაპინის კონცერტის არ იყოს, მაგრამ ციხეებსა და კატორღებში, ცემით, ძალადობით, შიმშილ-სიცივით და ეპიდემიით ბუზებივით რომ იხოცებოდა ხალხი, ამასაც წყალი არ გაუვა და ზემოთმოხსენიებულ საღამოებს, დღევანდელი ტერმინი რომ ვიხმაროთ, მაშინდელი PR-ის სახე დაჰკრავდა.

კონსტანტინე დგებუაძეს გაუმართლა, 6 წელი დედასთან ერთად რომ არ გაატარა ციმბირში. თუმცა, რომ გითხრათ არხანგელსკის გუბერნიაში მისი ყოფა და ციხე, ცა და დედამიწასავით განსხვავდებოდა ერთმანეთისგანო, არ იქნება მართალი.

შეძლებისდაგვარად გაუმართლა ნინო დგებუაძესაც, ბაიკალს მიღმა, ზერენტუის ადმინისტრაციული ცენტრის შედარებით ლიბერალურ, მალცევკას ქალთა კატორღაში რომ იხდიდა სასჯელს.
იმ დროს ციხის უფროსი გახლდათ ვინმე პავლოვსკი, ცოტა უცნაური, მაგრამ საკმაოდ ღვთისნიერი კაცი.
პატიმართა შრომაზე არც ის ამბობდა უარს და მათი ოფლით საკმაო ქონებაც დააგროვა, მაგრამ როდესაც ჩასახლებამისჯილ და იქიდან გაქცეულ ორ ქალს შემთხვევით მატარებელში გადააწყდა, ვითომ ვერ იცნო და სასწრაფოდ მოარიდა თვალი.
1911 წელს მალცევკას ქალთა კატორღის ციხე ინვალიდ კაცთა ციხედ გადააკეთეს. იქ მყოფმა ტუსაღებმა კი ოთხდღიანი ეტაპირების შემდეგ აკატუიას ციხეში ამოჰყვეს თავი.
საბედნიეროდ მხოლოდ 10 თვე მოუწია ნინოს აქაურ მკაცრ პირობებში ყოფნა.

1912 წლის თებერვლის 25-ს მისი პატიმრობის ვადა ამოიწურა და თითქმის ერთთვიანი, მომქანცველი მგზავრობის შემდეგ, ვიელსკში 6 წლის უნახავი ვაჟი ჩაიკრა გულში.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები