ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაილო
ჟანრი: პროზა
8 აპრილი, 2010


მე და ლილი


-მეორედ სახეში აღარ გამარტყამ გაიგე?!
-შენი ხმა არ გავიგო, ჩუმად ეგდე!
-შე ლოთო, ცხოველო!!!
-გაწიე ეგ დაგრეხილი ხელები, ნუ მიტრიალებ თვალებთან, გაეთრიე-მეთქი რამდენჯერ გითხარი?! ნუ დამასისხლიანებინებ თავს!
-ნუ ღრიალებ, ბავშვებს ესმით.
-ფეხებზე მკიდია რა ესმით. გამეცალე, თორე ერთხელაც იქნება მართლა ყელს გამოგჭრი!



-ჟან, ძალიან ნუ მიჭერ ამ ყურსასმენს, რბილი კია, მაგრამ მაინც მტკენს ყურებს.
ლილის თვალები აქვს დახუჭული და მაქსიმალურ ხმაზე უსმენს "You don't fool me"-ს. ხელებით უჭირავს ჩემი ხელები ყურსასმენის გარედან და ცდილობს გამაშვებინოს. მე კი პირიქით, რაც შემიძლია მაგრად ვუჭერ, რომ ოთახიდან ხმა არ შემოვიდეს. ხელისგულები ოფლიანი მაქვს, თანაც ლილის პატარა ხელები უფრო მხუთავს და ერთი სული მაქვს მამა გინებას მორჩეს, დედა-წიკვინს. რით ვერ შეიგნო, რომ როცა მამა ნასვამია არ უნდა ეჩხუბოს. ისევ თვითონ რჩება ნაცემი და გალანძღული. მებრალება დედა, მაგრამ მაინც ვბრაზობ მასზე. ამას წინათ ვცადე ჩარევა, მაგრამ მამამ ისე მწყვიტა ერთი კვირა სახლიდან ვერ გავდიოდი. დედამ კი მთხოვა არ ჩაერიო უბრალოდ, ლილის მიხედე ამ დროსო. ჰოდა, აჰა, მეც ვდგავარ დაძაბულ-დაჭიმული, ჩემ დის თავს ჩაფრენილი და მიჭირავს დიდი ლურჯი ყურსასმენი, რომელიც სულ ნაფოტებიდან აღვადგინე წინა ჩხუბის დროს.

ლილის მოეწონა სიმღერა და მთხოვს თავიდან ჩავრთო, მეც ისევ ვურთავ. მე ცხრა წლის ვხდები, ლილი ოთხი წლისაა. სულ შავი კულულები აქვს წელამდე და ისეთი ლამაზი ღიმილი, როგორიც არავის სახეზე არ მინახავს. ის ძალიან კარგად მღერის.მე ვუსმენ ხოლმე. ახლაც ამ სიმღერას თავისებურ ენაზე ისწავლის (მან ხომ ინგლისური არ იცის) და შემდეგ მიმღერებს ხოლმე.

  უეცრად ლილი მაგრად დახუჭულ თვალებს ახელს და გრძელი წამწამების ქვეშიდან მეუბნება:
- ჟან, კიდევ ჩხუბობენ?
გაოცებული ვუყურებ ლილის. მე ხომ ასე გულმოდგინედ ვცდილობდი მას არ გაეგონა.
- არა, აღარ. - ვპასუხობ ჩუმად.
-კარგი, მაშინ მომხსენი ეს, აღარ მინდა- მეუბნება და ცდილობს პატარა თავი გაითავისუფლოს მავთულხლართებისგან.
-უბრალოდ დიდი გაქვს ლილ და იმიტომ გიჭერდი, ძალიან გეტკინა? მოდი გაკოცებ და გაგივლის - თმაზე ვკოცნი ყურებთან.
- ჰო, დიდი მაქვს, მაგრამ ძალიან ნუ მიჭერ, უბრალოდ ისე მომიჭირე, რომ მათი ყვირილი ვერ გავიგო.
ლილი ჩუმდება და ძირს იყურება. ფუმფულა ფეხებს აკვირდება და ჩუსტებში თითებს ამოძრავებს.
-რა მოხდა ლილ?
- არაფერი ჟან, მეშინია მამასი რომ მოგვკლავს- ტირის და წელზე მეხვევა. არც მე ვარ მაღალი, მაგრამ ლილი სულ ცეროდენაა. რაც შემიძლია მაგრად ვიხუტებ და ვეუბნები:
- არა ლილ, მამას ჩვენ ვუყვარვართ, უბრალოდ ხანდახან სვამს და დედას ეს არ მოსწონს, მერე მამა ეუბნება რატომ არ მოგწონს ის, რაც მე მომწონსო და ასე. მაგრამ მამას ვუყვარვართ, გაიგე?
(ასე ლილის ვეუბნები, თორემ ერთი სული მაქვს მალე გავიზარდო სიმაღლეში და დედასთვის მოქნეული ხელი დავუჭირო).
- ჟან...
-ჰო ლილ?..
- მე რომ დიდი გოგო გავიზრდები ცოლად გამოგყვები რა...
მეცინება.
- არა ლილ. შენ მე ცოლად ვერ გამომყვები, ჩვენ და-ძმა ვართ, ერთი დედა და მამა გვყავს, არ შეიძლება.
- ჟან მე ის მამა არ მინდა, შენი იყოს, ჰოდა, მე შენ გამოგყვები ცოლად - იმედით შემომცინის.
- არა ლილი, ხომ გითხარი უკვე, არ შეიძლება და მამაზე ასე ნუ ლაპარაკობ.
- კარგი ჰო, გავიგე - ბრაზობს და ფანჯრისკენ მიდის. მალე ავიწყდება რაზე ვსაუბრობდით და მეძახის- ჟაააააან... ნახე პერის რა ლამაზი ბურთი აქვს, წამო რა ვითამაშოთ...
- ახლა არ გაგვიშვებენ ლილი, მე გაკვეთილები უნდა მოვამზადო, თან მალე დაღამდება.
- ოოოო, წამო რა ჟან, სულ, სულ ცოტა ხნით, ვერ გაიგებენ, უკანა კარიდან გავძვრეთ.
თვალები უციმციმებს სურვილისგან. ჭკვიანი და ცოცხალი არსებაა. ვერ ვეწინააღმდეგები, მართლა ვერ გაიგებენ, თანაც მალე დავბრუნდებით და პერის მართლა ლამაზი ბურთი აქვს.
-ჰო, კარგი ლილი, ოღონდ ტირილის გარეშე წამომყვები სახლში,  გასაგებია?
არ მპასუხობს, მხოლოდ თავს მიქნევს მთელი ძალით და შავი კულულები უხტიან.
- მომეცი ხელი, ჩუმად უნდა გადავძვრეთ.
მორჩილად მომყვება და თავისთვის ბუტბუტებს:
-მაშინ პერის გავყვები ცოლად...
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები