ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბელა
ჟანრი: პოეზია
27 ივნისი, 2008


                                    * * * * *
ყვითელი ავტობუსი ჭრიალით გაჩერდა.
-  "გააღე უკანა კარი"
-  "ჩაბრძანდებით?"
-  "ბიჭო, გააღე, რომ გეუბნებიან, მოგცემ ფულს"
-  "უჰ, დავიხრჩვი! რა უბედურებაა"
    მგზავრების წამოძახილები არაფრით განსხვავდებოდა სხვა ავტობუსებში მყოფი მგზავრების წამოძახილებებისგან.
    სალომემ გაჭირვებით გაიკვლია გზა ავტობუსის კარებში მყარად მდგარი თხუთმეტიოდე წლის ბიჭებს შორის, ხელჩანთიდან ოცთეთრიანი ამოიღო და მძღოლის თანაშემწეს მიაწოდა. შემდეგ ჩანთა მხარზე გადაიკიდა, დაძრულ ავტობუსს თვალი გააყოლა და ქუჩის მეორე მხარეს გადავიდა. თანამედროვე დიზაინის ლამაზი შენობის შუშის კართან დაცვის თანამშრომლებს მიესალმა, შენობაში შევიდა და თავის სამუშაო ადგილს მიუჯდა.
  დღის პირველი ნახევარი საკმაოდ დაძაბული იყო.
“ყველას ეხლა მოუნდა თანხების შეტანა-გამოტანა?!” - გაიფიქრა სხვადასხვა სახის კუპიურების თვლით უკვე თითქმის გასავათებულმა სალომემ და ტყვიაგაუმტარი მინის პატარა ფანჯარა დახურა.
  კედელზე დაკიდებული საათი შესვენების დაწყებას იუწყებოდა. სალომე სკამზე გადაწვა და ჭერს ახედა.
"წავიდე სახაჭაპურეში?" - დაუსვა საკუთარ თავს ასეთი დროისთვის ფრიად საჭირბოროტო შეკითხვა. "მეზარება" - მაშინვე წამოვიდა პასუხი. "ვინმე წავა და დავაბარებ", ოდნავ წინ გადმოიწია და ე.წ. "ფორთოჩკიდან" დერეფანს გახედა. აბსოლუტური სიცარიელე ხაჭაპურის მომტანის გამოჩენის იმედს ნელ-ნელა აქრობდა. ჩაფიქრდა. გასულ დღეს თვალი გადაავლო. არაფერი ახალი, დღე, როგორც დღე. იგივე ავტობუსი, იგივე მგზავრები, იგივე მეეზოვე, იგივე მათხოვარი, იგივე დაცვა და რაც ყველაზე საშინლად გამოჩნდა - იგივე კლიენტები (ვერ იტანდა სიტყვა კლიენტს, მაგრამ რას იზამდა). კინაღამ ცრემლი მოერია. კომპიუტერის თეთრი ეკრანიდან რაღაც ცხრილი შავად ანათებდა. ენა გამოუყო კომპიუტერს და სხვა მხარეს გაიხედა. სავარძელში საკმაოდ მოხერხებულად მოკალათდა და თავი სავარძლის საზურგეს დააყრდნო.

    ზღვის პირას მდგარი ვილის ვერანდაზე თეთრ ხალათში გახვეული სალომე გამოვიდა. ზღვიდან მონაბერი ნიავი მსუბუქად გაებნა თმებში. ჩამავალი მზე ზანტად გაწოლილიყო მშვიდ ზღვაზე. სალომემ თვალი მიადევნა მზის სხივებს და სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.
    ტალღების მშვიდმა ხმამ ბავშვობა გაახსენა.
  "რაც თავი მახსოვს, ყოველთვის ვიღაცას ვუყვარდი, მივლიდა  და მეფერებოდა. რაოდენ საოცარი არ უნდა იყოს, მამაჩემს ჩემი დაბადება უფრო გაეხარდა, ვიდრე ჩემი ძმის. პატარა რომ ვიყავი, ხშირად, ჩემი მშობლების ჩხუბის საბაბიც ვხდებოდი. მამა  მუდამ მანებივრებდა, ყველა კაპრიზს მისრულებდა  და ამის გამო დედა ხშირად ეჩხუბებოდა. მართალიც იყო.
    ბაღში რომ  მიმიყვანეს,  ძალიან გამეხარდა, მიყვარდა ბევრი ლაპარაკი და იქ ამას არავინ მიშლიდა. ვიგონებდი ათასნაირ ამბავს, ოღონდ კი ყურადღების ცენტრში ვყოფილიყავი.
    იგივე იყო სკოლაშიც. სწავლით კარგად ვსწავლობდი, არა მარტო ცოდნის მიღების მიზნით, არამედ ყველაფერში პირველი და საუკეთესო რომ ვყოფილიყავი. უამრავი თაყვანისმცემელი. რა თქმა უნდა, ცისფერი თვალები და სიფრიფანა სხეული ყველას ხიბლავდა. ვერ ბედავდნენ აშკარად სიყვარულის ახსნას. ვერც მე ვბედავდი.
    სტუდენტობა. ისევ ისეთი ლამაზი და საშინელი რამ (ამას ვერც ამბავს, ვერც რაიმე სხვა სახელს ვერ ვარქმევ), მიყვარდა, თუ მებრალებოდა. დღემდე ეგ კითხვა მაწვალებს. უფრო დედამისის თვალები მახსოვს. თვითონ ის აღარ. ალბათ მე შევქმენი მისგან რაღაც ხატი, რაღაც იდეალი, რომელსაც ფარად ვიყენებდი ყოველთვის. შემდეგ იყო დაცემა. თითქოს შურს ვიძიებდი. თეთრი ღამეები, გართობა, გართობა, გართობა, მორევი. შემდეგ გამოფხიზლება. შრომა. ესეც იმისთვის მჭირდებოდა, რომ შური მეძია. რისთვის, ან ვისზე?! =  აღარავინ აღარ იყო. მაგრამ დედამისის თვალები დარჩა. ახლა ისიც ქრება".
    სალომემ ზღვას გახედა. ზანტად მივიდა შეზლონგთან და წამოწვა.
"ეხლა ყველაფერი მაქვს. ყველაფერი რაც მჭირდება, მაგრამ მთავარი, რაც მინდა, კი არ მჭირდება, რაც მინდა, რაც ჰაერია, რაც წყალია, რაც საკვებია, რაც მთავარი ნაპერწკალია სულისთვის და არა სხეულისთვის - არაა!"
    ცრემლი მოაწვა. მარცხენა გვერდზე გადაბრუნდა და ხელი თავქვეშ ამოიდო. თითქოს შეეცადა გულის სიღრმიდან წამოსული ტკივილი დაეჭირა. უცებ მოუნდა ყველაფერი გულიდან ამოეღო და ზღვისთვის გაეტანებია. მოეცილებინა ერთხელ და სამუდამოდ. ღრმად ამოისუნთქა. გული წამით გაუჩერდა. მოეშვა. საოცრად დაღლილად იგრძნო თავი. გაუკვირდა. უცნაური, აქამდე უცნობი სიმსუბუქე მოვიდა სხეულში. მოეშვა. სადღაც შიგნით მიხვდა, რომ რაღაც დამთავრდა. რაღაც ტვირთი მოსცილდა, ნაცნობი, მტანჯველი, მაგრამ საოცრად ახლობელი. რაღაცნაირად გული დაწყდა კიდეც. მოულოდნელად ძაღლების ყეფა მოესმა. თავისდა გასაოცრად, სწრაფად წამოხტა შეზლონგიდან. ვერანდის კიდესთან მივიდა და მოაჯირს დაეყრდნო. ყვითელ ქვიშაზე საშუალოზე ოდნავ მაღალი (ასე 179-181 სმ სიმაღლის) მამაკაცი იდგა. საკმაოდ ძველი, ალაგ-ალაგ ჩამოხეული ტანსაცმლით მოსილი. ხელში ჯვალოს ტომარა ეჭირა და მასზე მისეულ სამ ძაღლს ტომრის ქნევით იგერიებდა. ძაღლები უნდილად, უფრო ზრდილობისთვის, ანუ თავიანთი ძაღლური ბუნებიდან გამომდინარე, რომ ყველა მაწანწალას უნდა შეუყეფონ (ნეტავ როგორ არჩევენ ძაღლები მაწანწალებს სხვებისგან. საოცარია.) ყეფდნენ. სალომემ ირგვლივ მიიხედ-მოიხედა, მაგრამ ვერაფერი დაინახა, რითაც უცნობს დაეხმარებოდა, ამიტომ საკმაოდ მხნედ შეუძახა: - აქვე ჭიშკარია და შემოდით.
    პასუხს არც დალოდებია, სირბილით ჩაირბინა მარმარილოს კიბეები, აუზის კიდეზე საკმაოდ სწრაფად გაირბინა და ჭიშკართან მივიდა. "რომ ჩავვარდნილიყავი რა მაგარი იქნებოდა" - გაიფიქრა და ჭიშკარი გააღო. ძაღლები მოშორებით იდგნენ, იღრინებოდნენ და ეჭვის თვალით უცქერდნენ მაწანწალას. ეტყობოდათ, ერთი სული ჰქონდათ, როდის შევიდოდა მათი მყუდროების დამრღვევი ჭიშკარში.
-  მობრძანდით, - სალომემ უცნობს ახედ - დახედა. უცებ გაახსენდა, რომ საკმაოდ შილიფად ეცვა და ოდნავ წამოწითლდა.
-  არა, რას ბრძანებთ, უხერხულია. ეგენი აღარ დამედევნებიან. აი წავიდნენ. დაინახეს, რომ პატრონი გამომიჩნდა, - უცნობმა რაღაცნაირი გულდაწყვეტილი ხმით წარმოსთქვა სიტყვა "პატრონი" და ძუნძულით მიმავალ ძაღლებს გახედა.
-  შემობრძანდით, დაისვენეთ. ალბათ დაიღალეთ მათთან ბრძოლით.
-  პრინციპში დავიღალე. - უცნობმა ეზოში შეიხედა. - აი იქ ჩამოვჯდები, ცოტახნით. - მან თავით ანიშნა პალმის ქვეშ მდგარ სკამზე და ჭიშკარში საკმაოდ ფრთხილად შეაბიჯა, - რაიმე ხომ არ გაქვთ დასალაგებელი, გასაწმენდი. მე შემიძლია, - ჩაილაპარაკა მან და ისევ ისეთი ფრთხილი ნაბიჯებით სკამს მიუახლოვდა. ხელი შარვალზე მოისვა და სკამის კუთხეში ჩამოჯდა.
სალომემ ირგვლივ მიმოიხედა.
-  არა, არაფერი. არც ვიცი, ამას უჩემოდაც აკეთებენ. მე აქ მხოლოდ შაბათობით ჩამოვდივარ. - გაეცინა სალომეს, - ალბათ მშიერი იქნებით?
-  არა გმადლობთ. ეხლახანს ვისადილე.
-  მე მაინც გამოვიტან, - სალომე სწრაფად შეტრიალდა და სახლში შევიდა.
"რას ვაკეთებ, ვინაა ეს მათხოვარი, რა ქველმოქმედება ამიტყდა," გაუელვა თავში, "მერე რა. ძალიანაც კარგი", სწრაფადვე გაეცა პასუხი კითხვას.
  მან მცირე სინზე ერთი ბოთლი კონიაკი, ორი ჭიქა, წვენი და ყველაფერი, რაც მაცივარში ნახა, დააწყო და ბაღში გავიდა.
  ერთხანს ჩუმად ისხდნენ. სალომე ნება-ნება წრუპავდა კონიაკს და უცნობს დაჟინებით უყურებდა. ე.წ. სტუმარს მაშინვე შეეტყო, რომ "ეხლახანს სადილობის" თაობაზე საკმაოდ მტკიცე ტყუილი თქვა, მაგრამ მისი მანერები (ჩანგალის დაჭერა, წვენის მოსმა), რაღაც იდუმალი ელფერის მატარებელი ჩანდნენ.
-  თქვენ ალბათ არ მუშაობთ? - გაწელილი სიჩუმის დასარღვევად თქვა სალომემ.
-  ეხლა უკვე აღარ. ისე ჟურნალისტი ვიყავი, - უცნობი ჩაფიქრდა, - ოდესღაც. ჰო, ვიყავი.
-  მერე რა დაგემართათ, - სალომემ საკმაოდ მოურიდებლად შეათვალიერა ნაჟურნალისტარი.
-  ისეთი არაფერი, არც ღირს მოყოლად, - უცნობი ჩაფიქრდა და კონიაკის სირჩას დასწვდა. ხელისგული მაგრად მოუჭირა, თითქოს ათბობსო, შემდეგ შეანჯღრია, სინათლეზე გახედა და ცხვირთან მიიტანა. სასიამოვნო არომატმა ჟრუანტელად დაუარა სხეულში. - კარგი კონიაკია, დიდ ხანია არ დამილევია, - თქვა და სირჩა ბაგესთან ისე მიიტანა, თითქოს კოცნას უპირებდა. მოულოდნელად სირჩა ხელიდან გაუსხლტა და ქვის ფილაქანზე დაიმსხვრა.
    მსხვრევის ხმამ სალომე გამოაფხიზლა. ძილში შემთხვევით იდაყვი სტეპლერისთვის გამოედო და მისი ხმაური გრგვინვასავით გაისმა ტყვიაგაუმტარი შუშებით შემინულ ოთახში.
    სალომემ საათს ახედა. შესვენება უკვე მთავრდებოდა. სწრაფად შესწორდა სკამზე და სამუშაო პოზიცია დაიკავა. მაგიდაზე არეული ფურცლების გასწორება ჯერ არ დაესრულებინა, რომ ფანჯარაზე კაკუნი გაისმა. მან სწრაფად აიხედა და გაშეშდა. ფანჯრის მეორე მხრიდან ნაჟურნალისტარი მათხოვარი იდგა, რომლის ხელშიაც მოლივლივე მწვანე კუპიურების საკმაოდ სქელი დასტა აბსოლუტურად არ შეეფერებოდა მისავე გაცრეცილ პიჯაკს. იგი უხერხულად იღიმებოდა, რადგანაც თავადაც კარგად გრძნობდა ამ დისონანსს.
-  ჰონორარი ავიღე, ჩემი პიესა დაიდგა სახელმწიფო დრამატულ თეატრში, - რატომღაც თქვა მან. შესაძლებელია სალომეს გაოგნებული მზერა ზემოთ ნახსენები დისონანსისგან გამოწვეულად ჩათვალა.
  სალომეს არც გაუგია, როგორ გადათვალა ფული, როგორ გამოუწერა ჩეკი და როგორ ჩაამთავრა სამუშაო დღე.
  დაბნეული გამოვიდა ბანკის შენობიდან. ქარმა თვალებში მტვერი შეაყარა. ჩანთაში ცხვირსახოცს დაუწყო ძებნა. მოულოდნელად თვალი მისთვის უცნობ ყვავილს მოჰკრა. მან ნელ-ნელა აიხედა მაღლა. მის წინ ნაჟურნალისტარი იდგა. ხელში ერთი ცალი ყვავილი ეჭირა.
-  მაპატიეთ, გავბედე და დაგელოდეთ. მე თითქმის არავის არ ვიცნობ ამ ქალაქში და მინდოდა დღევანდელი ჩემი ბედნიერება, ვიღაცისთვის გამეზიარებინა. თუ შეიძლება ყავაზე დაგპატიჟებთ, - საკმაოდ მორიდებით თქვა მან და სალომეს ყვავილი გაუწოდა.
  სალომემ თვალები ააფახულა, ყვავილი ჩამოართვა, ხელკავი გამოსდო და მის მხარს თავი მიაყრდნო. შემდეგ ზეცას ახედა და ბედნიერი ღიმილით გაიღიმა.

       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები