ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფუსუსუნა
ჟანრი: პოეზია
9 აპრილი, 2010


...

ქალი ვარ,
ტანით დამაქვს შენი მხურვალე მზერა,
ჩამოქნილ მკლავებს
მიწვავს ცხელი ნათითურები,
დატალღულ თმაში
გამბნევია მღელვარე სუნთქვა
და ფიქრად მოსულს
სურვილისფრად გაგიყუჩდები...

სხვამ ვინ რა იცის,
როგორ უნდა მიაგნოს სულის
ღრმა უფსკრულებში
მიძინებულ-მიმალულ ჭინკებს,
როგორ აშალოს
და უკანვე როგორ შერეკოს
მოთენთილები
გაურჩებულ პატრონის ჯიბრზე.

ან შენ რა იცი,
დაბმულია რომ შენს მაჯაზე
ჩემი ღრუბლებში
მოფარფატე ჯიუტი გრძნობა,
რომ გაოჩნებულ
ოცნებებსაც ვერ ვიმორჩილებ,
რომ შენკენ მოდის
უკითხავად ჩემი ქალობა...

ჰო, ქალი ვხდები
შენს სუნთქვასთან გაყუჩებული,
ათვინიერებ
ცხრა მთას იქით მიმომქროლ ფიქრებს...
მოვდივარ შენგან...
მომაქვს თმაში შემძვრალი სუნთქვა,
ვატარებ ტანით
შენი მზერით მოსეულ ჭინკებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები