ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოლიკო-ლიკო
ჟანრი: პროზა
17 აპრილი, 2010


მიწის ძახილი

                                                                                                                                                                                                          მოგონებების რვეულიდან                                                       
                                                                                             
                              ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველმა არ გაიარე რა მამული...

მთელი დღე ფაციფუცობს,ერთ ადგილას ვერ ისვენებს,დადის ოთახიდან ოთახში და ღიღინებს თავისი ტკბილი ხმით,ემზადება,ხუმრობა ხომ არ არის სოფელში ბრუნდება...
მე ღიმილით ვუმზერ ამ სამზადისს  და ცოტა არ იყოს მიკვირს ასე რატომ ჩქარობს!
ყოველ საღამოს ვსეირნობთ პარკში,ახლა რაც ხეებმა კვირტი გამოიღეს და ბალახიც ამობიბინდა საერთოდ ვეღარ ვაჩერებ სახლში! ღრმად ისუნთქავს გაზაფხულის სურნელს და ცელქი ბავშვივით ჭინკები უსახლდება თვალებში,ვგრძნობ ერთი სული აქვს აქედან როდის გაიქცევა,ამ კოლოფების ქალაქს უბრალოდ ვერ იტანს!
აბა აქ როგორ გავაჩერებ,ბუნების შვილს მიწის მადლი და ძალა ექაჩება,ეძახის,მიწის სურნელი ისე იზიდავს,როგორც ფუტკარს ყვავილების ნექტარი!
რამდენიმე დღის წინ ეზოში შემთხვევით ამოსულ იას ისეთი სიყვარულით ეფერებოდა და ეჩურჩულებოდა,შემრცხვა!  ფანჯრის რაფაზე შემოსკუპებულ ბეღურებს საკენკს რომ უყრის, ისე ესაუბრება თითქოს მისი ესმოდეთ,ისინიც თავის ენაზე ეჟღურტულებიან რაღაცას.
ამ დილით ბილეთი რომ მოვუტანე, თვალები იმ ბავშვივით გაუბრწყინდა, დიდი ხნის ნანატრ საჩუქარს მოულოდნელად რომ მოართმევენ! არადა რა ხანია მევედრება გამიშვი პატიმარივით ვარ ამ ქალაქშიო! მე კი არ მეთმობა,თან მეშინია,ძლივს გამოვაკეთე და ახლა ისევ ცუდად რომ გამიხდეს?! 
-დე ნუ წახვალ,,სანამ კარგად არ დათბება რა გეჩქარება! - ვეფერები ჭაღარა თმებზე,თან ვიცი რომ ტყუილად ვირჯები.
-ვერა,ვეღარ დავრჩები დედიკო,ახლა იქ იმდენი საქმეა...– თან ეშმაკურად იღიმება,დარწმუნებული ვარ წარმოიდგინა,როგორ ფუსფუსებს თავის ეზოში.- ხალხიც შეწუხდა დედა,ვის გაუგია ამდენი ხანი ოჯახის სხვის იმედზე მიტოვება...
-კარგი რა დედა,შენც ხომ იცი რომ ეგ უბრალოდ მიზეზია!
-კაი ახლა ნუღარ მელაპარაკები,აქ ვეღარ გამაჩერებ! - ცოტა გამიბრაზდა.
ისე მართალია,ვერ გაამტყუნებ,რა სჯობია ახლა აყვავებულ სოფელს,აკაციის სურნელებას,ალუბლების თეთრი და ატმის ვარდისფერი ყვავილების თოვას, შაშვების გალობას და  მთის კალთებიდან მონაქროლ ნიავს, ყვავილების შერეული სურნელი რომ მოჰყვება თან და სულს და გულს ელამუნება! მიწასთან შეჭიდებულს უსაქმური გუგული რომ შემოგიძახებს "კაფე-თესე,კაფე-თესეო!"გორებს შეფენილი ყოჩივარდები ღირს მარტო ერთ ქალაქად!
ჰოდა ვჩუმდები!
საღამოს ორი საათით ადრე მიმარბენინებს რკინიგზის სადგურში. მე ვბუზღუნებ,მაგრამ ის ისეთი ბედნიერია,ყურადღებას არ მაქცევს! თავის სამყაროშია,საკუთარ კერასთან დაბრუნების სიხარულს ვერაფერი ჩრდილავს!
-ჩავალ ახლა,მივხედავ ეზო-კარს,სანთელს დავუნთებ ფუძის ანგელოზს,მშვიდობით რომ დამაბრუნა სახლში და კერა შემინახა! თორემ ხომ იცი,უპატრონო ეკლესიას ეშმაკები ეპატრონებიანო!...
-კარგი დედიკო,კარგი! - ვიცი თხოვნა ამაოა,ასეთია:ჯიუტი,მოუსვენარი,ფუტკარივით გამრჯე და მზესავით თბილი...
-მალე ჩემი მერცხლებიც მოფრინდებიან!
მეღიმება,მერცხლებზე ფიქრობს,თითქოს გაუწყრებიან სახლში რომ არ დახვდეს!
ჩავა,შემოირბენს ყველას,მოეფერება სულიერს და უსულოს,მერე დაწვრილებით მომიყვება ყველა წვრილმანს!
მატარებელი დაიძრა,ის გაბრწყინებული სახით მიქნევს ხელს,მე ჰაეროვნ კოცნას ვუგზავნი და სევდიანი ვბრუნდები სახლში.
მიწის ძახილი სისხლის ყივილს ჰგავს...ისე მოგწყურდება,როგორც მწყურვალს წყალი,ისე აგტკივდება,როგორც დაჭრილს იარა,ისე მოგენატრება,როგორც მერცხალს საკუთარი ბუდე! ის შენზე ძლიერია და გიმორჩილებს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები