ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფუსუსუნა
ჟანრი: პროზა
13 აპრილი, 2010


...

                                                                                                                                            "რატომ არა ვართ ჩვენ ჩიტუნები,
                                                                                                                                              რომ ცაში გვეფრინა ლაღად..."

ჩიტის თვალით დანახული სამყარო.
ზემოდან. ძალიან ზემოდან. ჩვენ რომ ვერც ავაწვდენთ თვალს, იქიდან.
ფუსფუსებენ დედამიწელები. მიდიან. მოდიან. ან გარბიან და გამორბიან. საქმიანი სახეები აქვთ და კიდევ უფრო ისერიოზულებენ გამომეტყველებას. ეს გონებას ახსოვს, თორემ ასე ზემოდან არ გამოჩნდებოდა. ზემოდან მხოლოდ ის ჩანს, რომ ვფუთფუთებთ მიწაზე, როგორც ჭიები, პატარები და უმწეოები. უჰ, სიცილი შეეძლოთ ჩიტებს, როგორ იცინებდნენ... რა სანახავი იქნება ზემოდან ამაყი ჭია, თავზე ბუზს არ ისვამსო, აი, ისეთი. ან საქმიანი ჭია, რომ მიიჩქარის საითმე...
"თქვენ სწორედ ისეთი ადამიანი ბრძანდებით, როგორიც, მე ვფიქრობ, რომ ადამიანი უნდა ბრძანდებოდეს..."
ან ნეტა როგორი იქნება ზემოდან პატარ-პატარა ფერადტანსაცმლიანი პეპლებივით არსებები, ქვიშასა და ყავილებს რომ ეტანებიან და მზეს ასციცინებენ ხშირად... ალბათ ისინი ყველაზე ლამაზად და ჭკვიანად გამოიყურებიან. ჭიებისგან განსხვავებით, პეპელამ იცის, რომ ორი დღითაა ქვეყნად და ყვავილებს კი არ ისაკუთრებს, ტკბება მათით, საკუთარ ცხოვრებასაც ილამაზებს და - სხვებისასაც...
ჭიები კი ფუთფუთებენ. ადამიანებში სხვანაირადაა ეს ყველაფერი - ჯერ პეპლებად იბადებიან და მერე იქცევიან ხოლმე ჭიებად. ზოგი ახერხებს, არ იცვალოს სახე, მაგრამ ასეთი ცოტაა... და ეს ცოტაც ისე ეჩხირება თვალში უკვე ჭიადქცეულ არსებებს, არც თვითონ ისვენებნ, არც პეპლებს ასევენებენ. საქმიანი ჭიებისთვის ხომ ფარფატა პეპელა მოცლილია და თავცარიელი...
პეპლები დაფრინავენ, ლამაზობენ და ალამაზებენ...
ჭიები დაფუთფუთებენ, მძიმდებიან და ამძიმებენ...
გაუთავებლად დადიან ბანკეტებზე, შეხვედრებზე და "ცისფერი მთები" მათთვის მხოლოდ ფურცელზე დაწერილი სიტყვებია...
ყველაზე საზარელი მაინც პატარა, პაწია ჭიებია, პეპლობა რომ არ აცადეს...
პატარა ჭიები.
პეპლადვერქცეულები.
აქედანვე სწავლობენ ფუთფუთს თავად ჭიებისვე დადგენილი "წესრიგის" მიხედვით...
პეპლები კი ორიოდე დღით არიან...
"მე თქვენსავით მარადიული არა ვარ!!!"
და თუ რომელიმეს ფრთა მოსტყდა...
" მე ტალახში ვეგდე, პატარა, საწყალი, და თქვენ და თქვენნაირებმა გადამიარეთ!"
თავიანთი საქმეები აქვთ ჭიებს, ვერ ამჩნევენ ფრთებდალეწილ პეპელას, ტალახი რომ უხუთავს სულს...
და კვდება პეპელა.
"თვენ და თქვენნაირებმა გადამიარეთ!"
"არა, არა, მე არც არაფერი გამიგონია და არც არაფერი დამინახავს!"
"თქვენც რა კარგი ვინმე ბრძანდებით..."
მოკვდა პეპელა. ტალახმა მოკლა, ჭიების ფეხით აგლესილმა ტალახმა. ვერ მოუსწრეს სხვა პეპლებმა, ან ვერ მოაგნეს... მარტოსულობა კი, თუნდაც ორიოდე დღით, ისე ძნელია...
მოკვდა პეპელა. და ცოტამ თუ იცის, რომ სწორედ მის სიფრიფანა ფრთებზე დგას დედამიწა, მისი ფერები ასულდგმულებს სიცოცხლეს, სილამაზეს...
და სანამ ხრიოკ მინდორზე გახუნებულ საფლავის ქვას ცოცხალი ვარდები აწყვია, სანამ ოცნებადქცეული გრძნობა ჩიტად აქცევს ადამიანს და ააფრენს მაღლა-მაღლა, იქამდე იტრიალებს დედამიწა, მძიმე, წარმოუდგენლად მძიმე, მაგრამ გამსუბუქებულ-გაბავშვებული პეპელას ფრთების ფრიალში...
"თქვენ გჯერათ ჩვენი იდეის?!"
ჰოდა, ჩვენ გავფრინდებით!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები