ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
13 აპრილი, 2010


თავის გასაგონად უფლისათვის ნათქვამი...

სულ მეგონა იქით რაღაც იყო,
ჰორიზონტზე წლების კვამლი იწვა.
მივედი და თვალს შემესო ხიწვად,
სადღაც ფეხქვეშ აცდენილი მიწა...
და მაქვს სულზე დამჩნეული დაღად,

თავისუფლად უფლისა რომ ვერ ვთქვი...
წლებს მოათრევს წატეხილი ფეხი.
თუმცა, უკვე ხანდაზმული მეთქმის,
ხე დაურგავს და თავადაც ხედ ქმნილს,
მიცხოვრია რაღაც დრომდე აღარ...

ახლა თვალებს მიწვავს მძიმე კვამლი,
სულზე ჭვარტლად შეზელილი ცოდვის,
ვიცი, გვიან სინანულიც მოდის,
იმ მთავარის, მარტივად რომ ვთმობდი,
ალბათ, დროა მომეკითხოს ვალი,

ხე კეთილზე შეუმჩნევი მორჩის...
ნაღორალი მარგალიტთა ასხმით,
უმარხულო, უზიარებ სახით,
ყელზე ჯვარით, სულ შემთხვევით ნაყიდ,
მომთხოვს უფალს სულნაკეპი ხორცი...

თუმცა, აქ, ამ ამბის თხრობას მოვრჩი...


ძმის სულმა მომითხროს...

დღეა გასხლული და მომწარო გემო აქვს,
მომყვება ლანდივით დარდის სილუეტი.
ვიცი, რომ დამყურებს სადღაცა ზემოდან,
სულ სხვა ცხოვრებიდან ძმა და მით უმეტეს,
ხშირად ვიხედები ცისკენ და ხედები
ჩვენი ირეკლება სხვადასხვა ფორმით, რომ
ცაში დავინახო, რასაც აქ ვერ ვხვდები,
ან ჩემი ძმის სულმა ნიშნებით მომითხროს...
დღეა გასხლული და მომწარო გემო აქვს,
ზის ჩემს ფანჯარასთან მტრედი, მონაცრისფრო.
ისევ ამოგხედე ზემოთმყოფს ქვემოდან
და შენი თვალებით მიმზერდა ცა თითქოს...
რამდენი მარცვალიც მტრედებს დავუფშვენი,
იმდენ მონატრების ცრემლები გადამცდა.
მართალი რომ გითხრა, ზოგჯერ კი მშურს შენი,
მე მაღლის შიში მაქვს, შენ შესძელ ცად ასვლა...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები