ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰა-რა-ლე
ჟანრი: პროზა
16 აპრილი, 2010


მართალი (პირველი ნაწილის დასასრული)

***************
კლუბ-სამორინე " პარიზის სულს", გენერალ-გუბერნატორ ლანჟერონის ქუჩაზე რომ მდებარეობდა, არასდროს აკლდა მაყურებელი და მოთამაშე. ჩინებული წარმოდგენები იმართებოდა კაზინოში. სასმელ-საჭმელი? რა გინდა სულო და გულო! თამაში და მომსახურება? ოღონდ არ წასულიყავი, ოღონდ მსუქნად წაგეგო და გადაღლილს, მაგიდასთანვე მოგართმევდნენ ბალიშს და აბრეშუმის თეთრეულს.
იმ საღამოს ნემსიც არ ჩავარდებოდა "პარიზის სულში". ან სხვანაირად როგორ იქნებოდა? კლუბის სცენაზე შეუდარებელი ლილ არნე გამოდიოდა, სიმღერებს შორის პაუზების შევსება, ფრანგულ ვარიეტეს ევალებოდა, გამთენიისას კი რომელიღაც იღბლიანი მაყურებელი ან მოთამაშე კაზინოს პრიზით - 25 000 მანეთით უნდა დაბრუნებულიყო სახლში.

- ახლა კი ძვირფასო საზოგადოებავ!.. თქვენს წინაშე წარსდგება... განუმეურებელი... უმშვენიერესი... უბრწყინვალესი... ლილ არნე!!! - გამოაცხადა ექსტაზში შესულმა კონფერანსიემ, თავი დაუკრა მაყურებელს და აპლოდისმენტების აკომპანიმენტით დატოვა სცენა. თუმცა, გასული არ იყო, უკანვე რომ შემობრუნდა თუ შემოაბრუნეს სცენას.
ლილ არნეს ნაცვლად კი ლურჯად გადაწყვეტილმა რამპის შუქმა რევოლვერმომარჯვებული კაცი გაანათა.

- ქალბატონებო და ბატონებო! - ახლა უკვე მან მიმართა ხალხს - უძვირფასესი ლილ აუცილებლად დაატკბობს თქვენს სმენას, ოღონდ მოგვიანებით. არის მცირედი უხერხულობა. ძვირფასი თვლების ელვარება და ბინძური ასიგნაციების სუნი უარყოფითად მოქმედებს ჩვენი უსაყვარლესი მომღერლის მხედველობასა და ფილტვებზე. ახლა ჩემი ასისტენტები ჩამოივლიან და, დარწმუნებული ვარ, სიამოვნებით გადასცემთ მათ, დროებით შესანახად, აღნიშნულ ნივთებს! შემდეგ კი –კონცერტი ბატონებო!!!

დარბაზში ჩოჩქოლი ატყდა. ხალხი კარებებს მიაწყდა, მაგრამ ყველა გასასვლელთან ლიოხას ბიჭები იდგნენ იარაღით ხელში.
- წყნარად, წყნარად ბატონებო! ვერ გამიგეთ! თქვენ კი არ უნდა ჩააბაროთ, რომ არ შეწუხდეთ თავად მოვლენ და ისე ჩაიბარებენ ნივთებს ჩემი ასისტენტები! - "დაამშვიდა" ლიოხამ "გაუგებრობაში" აღმოჩენილი საზოგადოება.
- აი, ისინიც! მადმუაზელ არნეს ჯანმრთელობაზე უშურველად მოღვაწე პატიოსანი ადამიანები! გთხოვთ ღიმილით და ტაშით შევეგებოთ მათ!
ხუთმა -ექვსმა დაბნეული მაყურებელმა (ვერ ჩაწვდნენ გრაფის თავხედობანარევ იუმორს თუ "რა იცი რაში გამოგვადგებაო"-იფიქრეს), მართლაც შემოსცხო გაუბედავი ტაში.
კულისებიდან ის ბანდიტები გამობრძანდნენ სცენაზე, უკვე კაზინოს სალაროს და სეიფის გამოსუფთავება რომ მოესწროთ და ახლა მომღერლის "ჯანმრთელობაზე ზრუნვას" ესწრაფებოდნენ. ერთი მათგანი ქალი გახლდათ. დიახ, სწორედ ის, ფილკენშტეინის გაბაიბურებაში რომ მიიღო მონაწილეობა. მან გაუღო საიდუმლო გასასვლელის კარი ლიოხას ბიჭებს და სამორინეში ფარულად შემოაპარა.

ათ წუთში გათავისუფლდა "პარიზის სული" იმ ნივთებისგან, ლილ არნეს ჯანმრთელობას "საფრთხეს" რომ უქმნიდნენ.

*************

- ბრავო გრაფ! მშვენიერი "ვუაიაჟი" გამოგივიდათ - "პარიზის სულის" დატოვებისას, ჩაუფრანგულა სამორინეს პორტიემ ლიოხას, ფულით და ძვირფასეულობით სავსე ტომრით ხელში, მის გვერდით რომ ჩაიარა. - გული კი მწყდება, ბანქოს მაგიდასთან რომ ვერასდროს გიხილავთ. თქვენზე ამბობენ ვირტუოზულად თამაშობსო ტერცს და ახალ გასართობს - დებერცს.
ვერაფერს გეტყვით, ენამ უყივლა თუ იცოდა პორტიემ, პრისტავი, 10 ცხენოსანი ჟანდარმი და სამჯერ მეტი ქვეითი პოლიციელი, გარეთ რომ ჩასაფრებოდნენ გრაფის ბანდას.
მეეტლეების და "შუხერზე" მდგარი ორი "პოლიციის საიდუმლო აგენტის" უხმაუროდ აყვანა უკვე მოესწროთ ჟანდარმებს. სწორედ ისინი იცნო ქუჩაში მიმავალმა მოისეი ფილკენშტეინმა და დაუყოვნებლივ პრისტავს და ჟანდარმერიას შეატყობინა.
- დაყარეთ იარაღი! - გაისმა ქუჩაში პრისტავის მოადგილის, ზემელსკის მჭექარე ხმა, როგორც კი მძრცველებმა, ნადავლით ხელში, სამორინეს კარი გამოიხურეს.
ადრეც მოგახსენეთ, რომ ლიოხას და მისი ბანდის წევრებს, კაცის ცოდვა ჯერ არ ედოთ. კარგი ვექილის შემთხვევაში, მოახერხებდნენ კიდეც გასანთლული ყულფის კისრიდან აცილებას. მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 20- წლიან კატორღას კი ვერსად წაუვიდოდნენ, რაც, დამეთანხმებით და, ვერ იყო სასურველი პერსპექტივა. რა იცოდნენ მაშინ ალყაში მოქცეულმა ყაჩაღებმა, რომ რამდენიმე თვეში რევოლუცია შემოაბიჯებდა იმპერიაში და, მასობრივი ამნისტიის წყალობით, ისევ თავისუფალად დაუბრუნდებოდნენ დროებით შეწყვეტილ, საყვარელ საქმიანობას.
ოდესის პრისტავის მკვლელი მიხეილ ვინნიცკი, მიშკა "იაპონჩიკი" გაათავისუფლეს და ამათ ვინ დატოვებდა ციხესა და კატორღაში? "იაპონჩიკმა" მალე წარმატებით გაიმეორა "გრაფის" წარუმატებელი ძარცვა. ოღონდ ის რუმინულ კაზინოს დაესხა თავს და რევოლუციის სახელით 300 000-მდე ნაღდი ფული წამოიღო იქიდან. ვეებერთელა თანხი იყო მაშინ. ისე, არც ახლა ეთქმის ცოტა.

ბანდის წევრები მეთაურს შეაცქერდნენ. ყველას იარაღი ეკავა ხელში.
- თქვენი გადასაწყვეტია, ვისაც გსურთ დარჩით... - გამოსცრა, ლიოხა "შიკმა". - შენ კი აუცილებლად უნდა დანებდე. ფეხი არ მოიცვალო, გასაგებია? - გადაუჩურჩულა გვერდით მდგომ ქალს.
- ძვირფასო ოდესელებო! რას იტყვით, ჩინებული საღამოა, არა?! - ხმამაღლა მიმართა ირგვლივ თავმოყრილ ცნობისმოყვარეებს ლიოხამ და ორიოდ ნაბიჯით თანაბანდელებს მოშორდა.
- რას სჯობს ახლა, სანაპიროზე ან ბულვარებში ჩამოჯდომას და მეგობრებთან ერთად ორიოდ ჭიქის გამოცლას?! დამეთანხმებით - არაფერი! რას უცდით , ბატონებო?! გრაფი გეპატიჟებათ ყველას! - სამი-ოთხი ნაბიჯი ისევ გადადგა ლიოხამ.
- ნუ დამძრახავთ და ამ საღამოს თქვენთან ერთად ვერ მოვილხენ! სამაგიეროდ ვიტოვებ იმედს, რომ ერთ სადღეგრძელოს არ დაგვამადლით!!! - კვლავ გადადგა ორი ნაბიჯი, ასწია და ნაძარცვით სავსე ტომარა ხალხში მოიფრიალა.

პირველი ტყვია მაგ დროს მოხვდა იღლიაში ლიოხას, მაგრამ მაინც შესძლო გაქცევა. ხალხმა იხუვლა და ჰაერში თუ მიწაზე მოფენილი ფულის და ძვირფასეულობის შეგროვება იწყო. თან შეგნებულად უხერგავდნენ პოლიციელებს გზას.
დე რიბასის ქუჩამდე სდიეს დაჭრილ მძარცველს პოლიციელებმა და როდესაც "დენდისტრიტზე" მდგარ ეტლზე ახტომას ცდილობდა, ლამის სამშვიდობოს გასული, ორი ტყვია დააწიეს ზურგში.
" ძაღლივით ქუჩაში დაგდებული არ მოვკვდეო" - იფიქრა ალბათ სასიკვდილოდ დაჭრილმა, მთელი ძალ-ღონე მოიკრიფა, ეტლის სავარძელში ჩაეშვა და იქ დალია სული.
როდესაც მდევრები მოცვივდნენ და იქვე ეტლში დავარდნილი, ლიოხას რევოლვერი შეამოწმეს, ტყვია არ იდო ბარაბანში. „არა კაც კვლის“ მცნება არ დაურღვევია ლიოხა გრაფს, არასდროს უსვრია ადამიანისთვის.

მეთაური, გრიშკა ბენდერი და სანკა "პახანი" შეეწირნენ "პარიზის სულს". კოლკა "ტეატრმა" და სტენკა "სოლოვეიმ" გაქცევა მოახერხეს. ბანდის დანარჩენი წევრები კი შეიპყრეს პოლიციელებმა და ჟანდარმერიამ.

************
- თქვენი  გვარი, სახელი, მამის სახელი. დაბადების წელი და ადგილი. - საკმაოდ თავაზიანად ჰკითხეს ჟანდარმერიაში - დაკითხვაზე მყოფს. 
- სილივაშ, მარია იონას ასული. დაბადების ადგილი - ბუხარესტი. წელი -1878.
- ეს საბუთებით. ჩვენ კი რეალურად ვინ ბრძანდებით ის გვაინტერესებს, ქალბატონო?
- რას ბრძანებთ ბატონო ოფიცერო? რაც საბუთში სწერია, სწორედაც ის გახლავართ. და საერთოდ წარმოდგენაც არ მაქვს, რა მიზეზით დამაკავეთ? ნუთუ, სამორინეში სტუმრობა დანაშაულია?
- სტუმრობა არა, მაგრამ ""გრაფთან ერთად მისი გაძარცვა დანაშაულია ქალბატონო, თან საკმაოდ მძიმე და ეს, ჩემზე არანაკლებ მოგეხსენებათ.
- რას ბრძანებთ ვინ გრაფი? რა ძარცვა? " პარიზის სულში" ვაპირებდი შესვლას, კარში ვიღაცები რომ შემეჩეხენ და ამ დროს იღრიალეს კიდეც: ადგილიდან არ გაინძრეთო. სულ ეს გახლავთ ჩემი დანაშაული.
- ესე იგი თქვენ მარია იონას ასული სილივაში ბრძანდებით და წარმოდგენაც არ გაქვთ, ვინ არის ლიოხა გრაფი? - ღიმილით ჰკითხა ჟანდარმერიის გამომძიებელმა, დაკავებულს.
- სრულ სიმართლეს ბრძანებთ, ბატონო ოფიცერო. - ღიმილს, ღიმილი შეაგება ქალმა.
- სამწუხაროდ თქვენ არ ბრძანებთ სიმართლეს. რაც დამამძიმებელია თქვენს მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანისთვის. მაშ ასე! - სერიოზული სახე მიიღო ჟანდარმმა და მუყაოს საქაღალდედან ამოღებული ფურცლის, ხმამაღლა კითხვა დაიწყო.

- მარია იონას ასული სილივაში! იგივე ნინა თევდორეს ასული დგებუაძე! დაბადებული 1874 წელს. საგუბერნიო ქალაქ თბილისში. საოპერო თეატრის ყოფილი სოლისტი.
1899 წლის 8 თებერვალს, პეტროგრადიდან კიევში ჩასული დგებუაძე, გაძარცვეს.
უფულოდ და ბარგის გარეშე დარჩენილი ნინო თევდორეს ასული დგებუაძე შემთხვევით გაიცნო და მატერიალური დახმარებმა აღმოუჩინა ლიოხა "გრაფმა".

ლიოხა " გრაფი", იგივე ლიოხა "შიკი", იგივე - ლევან ილიას ძე ჩოფიკაშვილი. დაბადებული 1874 წელს. თბილისის
გუბერნიაში.
კიევის, წმიდა ვლადიმირის სახელობის, საიმპერატორო უნივერსტიტეტის, ფილოსოფიის ფაკულტეტის, მესამე კურსის ყოფილი სტუდენტი.

  დაუზუსტებული ინფორმაციით, 1897 წელს, არაფხიზელმდგომარეობაში მყოფმა ლევან ჩოფიკაშვილმა, ბანქოში,
ვინმე -  კნიაზევთან  დიდი რაოდენობის თანხა წააგო. წაგებული, ასევე დაუზუსტებული ინფორმაციით, მან  კიევში, ყვავილნარის 11-ში მცხოვრები მევახშის - იოჰიმ მენსერის ბინის გაქურდვის შედეგად გადაიხადა.
სავარაუდოდ ის, 1897-98 წლებში აყალიბებს თაღლითთა რაზმს, რომლის წევრიც შემდგომში, მისგან დავალებული ნინო დგებუაძეც ხდება.
1904- 1911 წლებში ლ.ი. ჩოფიკაშვილი ქურდობისა და თაღლითობისთვის მოსკოვის საგუბერნიო ციხეში იხდიდა სასჯელს.
1905-6 წლებში, ამავე ციხის პატიმარი იყო ნ.თ. დგებუაძეც.
1906 წელს მას შეეძინა ვაჟი - კონსტანტინე. რომელიც ამჟამად, არხანგელსკის გუბერნიაში, ფერიცვალების მამათა მონასტერში სწავლობს და გადის მორჩილებას.
კონსტანტინე დგებუაძის სავარაუდო მამად - ლევან ილიას ძე ჩოფიკაშვილი ითვლება. - გავაგრძელო კითხვა ნინა თეოდოროვნა, თუ საკმარისია?
თანაც თქვენი ნახვა მის ყოვლადმაღალ უსამღვდელოესობას, მეუფე სერაფიმეს სურს. ვალოდინოთ, თუ ხელს მოაწერთ აღიარებით ჩვენებას?
- ხელს მოვაწერ...
  რა, რა და მეუფე სერაფიმეს, ყულფის შიშითაც ვერ ალოდინებდა, ლიოხა "გრაფის" ჯვარდაუწერელი ქვრივი.
თუმცა გარდაცვლილი რომ იყო კოტეს მამა, ჯერ არ იცოდა ნინომ.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები