ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ემმა
ჟანრი: პოეზია
25 აპრილი, 2010


მეშვიდე სეზონი

მაშინ,
ჯერ კიდევ ფუნჯების გარეშე ვხატავდით დროს,
ყოველ დღე ყუას ვატეხავდით შემოთენებას
და ვანაყრებდით თვალებს,
როცა ვიღაც დილიდან საღამომდე, ღია სარკმელთან,
მოლბერტზე ქმნიდა პეიზაჟებს,
სეზონები კი
ერთიმეორის მიყოლებით იცვლიდა სამოსს.
ვინაწილებდით ოთხ სტიქიას,
მორიგეობით გვიყვარდა ცეცხლი,
ვთამაშობდით ჭიაკოკონას.
შენ ხმაურობდი,
როცა მე თმებზე გამობმული მყავდა სიჩუმე
და ალმოდებულ კოჭებიდან მცვიოდა ფერფლი,
(ან პირიქით),
მერე ერთ-ერთი ჩვენ ორიდან, როგორც მეხანძრე,
წყალს უსხამდა მიწაში ნერგებს.
გვიყვარდა...
გვწყინდა როცა უმიზეზოდ, თუნდაც მიზეზით,
ქარი აცლიდა ახლადშობილ კვირტებს და
ხეებს ტოვებდა შიშვლად.
მერე გვციოდა მორიგეობით,
მორიგეობით ვშორდებოდით
და ჩვენს შორის ვიგონებდით არარსებულ დროს,
სადაც მოლბერტი იყო სამყარო,
სეზონი-შვიდი.
მახსოვს, გიყვარდა რიცხვი შვიდი ამოჩემებით,
მიმეორებდი რომ ყველაზე უჩვეულო ამინდებია
და რომ გვგავს, ამ დროს.
ჯერ კიდევ მაშინ,
ჩვენს ბავშვობაში არ გვჯეროდა ჩვენი სიტყვების,
მთავრდებოდა გზა,
ვიწყებოდით ან ვგრძელდებოდით.

ახლა ჩვენ შორის მეშვიდე სეზონია:
ჩამოშლილი ცა,
დაბრმავებული მზე,
მშრალი წვიმა,
ყრუ ხმაური.
მორიგეობით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები